"არ მინდა, ჩვენ ამ ცხვრის პოზიციაში ვიყოთ. სიტყვა "ლიდერი" არის ყველაზე ცუდი, რაც კი ჩემი ბაგიდან წამოსულა. უსაზიზღრესი სიტყვა" - კვირის პალიტრა

"არ მინდა, ჩვენ ამ ცხვრის პოზიციაში ვიყოთ. სიტყვა "ლიდერი" არის ყველაზე ცუდი, რაც კი ჩემი ბაგიდან წამოსულა. უსაზიზღრესი სიტყვა"

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს ხვალინდელ დღეზე "კვირის პალიტრას" ყველასათვის საყვარელი პოეტი ტარიელ ხარხელაური ესაუბრება.

- დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენი გამოგონილია, ჩვენ შევქმენით ეს დრო... ჩვენი ხასიათის გამო ვერასოდეს მოვერგეთ დროის მოთხოვნებს. დროს ვერ მივდევთ, რასაც ითხოვს, იმის შესრულება გვიჭირს, იმიტომ, რომ მზად არა ვართ და არც სურვილი გვქონია, მზად ვყოფილიყავით. ვიღაცისთვის ქაოსი მომგებიანია და სასარგებლო. ისინი არ ფიქრობენ არც ქვეყნის, არც შვილიშვილების მომავალზე, ისინი მხოლოდ დღევანდელი დღით კმაყოფილდებიან. ნგრევა არასოდეს ქმნის მყარ მომავალს. ყველანაირი ნგრევა ჩემთვის მიუღებელია. რაც არ მოგწონს, უნდა შეცვალო, კი არ უნდა დაანგრიო! ჩვენ კიდევ, ნგრევა გვსიამოვნებს - ვანგრევთ და მერე თავიდან ვიწყებთ მშენებლობას, ამ მშენებლობის დროს კი საგრძნობლად ჩამოვრჩებით და გვიჩნდება უკმაყოფილების განცდა... ამიტომ ვფიქრობ, რომ, როგორც ილია ბრძანებს ,,მგზავრის წერილებში", სანამ ჩვენი თავის ბატონ-პატრონები არ ვიქნებით, არაფერი შეიცვლება... ყველამ ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ. მეც რაღაცა შეცდომას ვუშვებ, შენც, მაგრამ ჩვენი შეცდომების გამოსწორებას ცალ-ცალკე ვერასოდეს შევძლებთ, ერთად უნდა ვიდგეთ, ჩვენ კი ერთად დგომა არ გვინდა. ყველაზე საშინელება ის არის, რომ რასაც მე ვფიქრობ, რასაც ვამბობ, ის მიმაჩნია ჭეშმარიტებად. თითქოს ჭეშმარიტების ძიებაში ვართ, მაგრამ ჭეშმარიტება რა არის, წარმოდგენა არ გვაქვს. ჭეშმარიტება არ არის საკუთარი ცხოვრების მოწყობა, ჭეშმარიტებაა ის, როცა შენი გაკეთებული სხვას გამოადგება, სხვისთვის იქნება სარგო. ამისთვის უნდა გაიღო ყველაფერი...

- დეპოლარიზაციაზე რომ გკითხეთ, წუხდით, ერთ ენაზე ლაპარაკი ვერ ვისწავლეთო...

- დღესაც იმ აზრზე ვარ... მე რომ შენ გელაპარაკები, ზურგით დგები, ჩემი ნათქვამი არ გსიამოვნებს. შენ რომ მე მელაპარაკები, მეც ასეთ მდგომარეობაში ვარ - ზურგით ვდგები, შუაში კი ჩვენი ქვეყანა და ჩემი შვილებისა და შვილიშვილების თაობაა და ის ამ ზურგებს შორის ისე გაგეპარება, ვერ გაიგებ, სად გაქრა, მერე კი საყვედურით უნდა აიკლო, არ ჩანს ღირსეული თაობა, რომელიც ჩვენ ჩაგვანაცვლებსო. ღმერთმა დაიფაროს, ჩვენი ჩამნაცვლებელი იყოს ეს თაობა, რომელიც დღეს მოდის. არა, ეს არ უშველის ქვეყანას. მათ თავიდან უნდა დაიწყონ ყველაფერი, პირისპირ უნდა დადგნენ და ისე ესაუბრონ ერთმანეთს, სიძულვილზეც უარი უნდა თქვან. აქვს ამის უნარი ახალ თაობას. ისინი ჩვენი ყურის მგდებლები ნაკლებად უნდა იყვნენ. ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ჩვენი საუბრის ანალიზი უნდა ისწავლონ, გაარკვიონ, რა არის გამოსადეგი ან უსარგებლო ჩემგან თუ სხვისგან და აიღონ ის, რაც ქვეყანას გამოადგება! როგორ უნდა მოექცე შენს ქვეყანას ისე, რომ ვიღაცამ საყვედური გითხრას?! არ იმსახურებს ეს ქვეყანა ამას. არ იმსახურებს ის მიწა, სადაც ცხოვრობ, ასეთ საქციელს...

- რომელ საქციელს გულისხმობთ?

- პოლიტიკოსებისას... დავიჯერო, ხალხი აღარ არის ქვეყანაში, რომლის ყურისგდებაც შეიძლება?! ჩვენ რამდენიმე ათეულ კაცს გამოვარჩევთ ხოლმე, ან ასეულს და იმათი ყურისმგდებლები ვართ, იმათი გვჯერა... მე ხომ ცხვარში გავატარე ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი და როცა გინდა ცხვარი გარეკო, აიმძღვარებ წინ რამდენიმე თხას, ის უბედური ცხვარი კი მისდევს, გინდაც კლდეზე გადაიჩეხოს... არ მინდა, ჩვენ ამ ცხვრის პოზიციაში ვიყოთ. სიტყვა "ლიდერი" არის ყველაზე ცუდი, რაც კი ჩემი ბაგიდან წამოსულა. უსაზიზღრესი სიტყვა. ლიდე­რი არ გვინდა. რა აუცილებელია? ლიდერი სრულყოფილია? ლიდერი­ ღმერთია. არაფერს ისეთს არ გთხოვს­ უფალი, რომ შესრულება არ შეგეძლოს. 10 მცნება გაქვს, მეტი ხომ არა...

- ევროპა და რუსეთი - იმავე დილემის წინაშე ვდგავართ, რომლის წინაშეც საუკუნეების წინ ვიდექით... როგორ უნდა მოვიქცეთ? როგორ მივიღოთ ერისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება ისე, რომ არც მწვადი დავწვათ, არც - შამფური.

- თუ მე ხმის ამოღებისა და ჩემი აზრის გამოთქმის უფლება არა მაქვს, არც ერთი მინდა და არც - მეორე. ევროპა კარგია, მაგრამ ადრეც ვთქვი, რომ ის 13 ლუდოვიკო ისევ ევროპის კედლებიდან იყურება. ხელი თუ თავად არ გაანძრიე, მუდამ სხვისი ხელის შემყურე იქნები. ვერასოდეს შეძლებ, ვინმეს თანასწორად იგრძნო თავი. როგორ შეიძლება მე ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში ვინმე მასწავლიდეს და ვინმე მირჩევდეს, როგორ ვემსახურო ან ხალხს, ან ქვეყანას?! მე ხომ სხვანაირად ვფიქრობ, სხვანაირი ტრადიციების ქვეყანა ვარ, სხვანაირი სიყვარული შემიძლია... იმათი სიყვარული ცივია... მე რომ გავდივარ ქუჩაში, ვხედავ, ჩემი შვილიშვილების თაობას მზეზე მეტი სითბო და სიყვარული მოაქვს. აი, ასეთი სიყვარული შეგვიძლია, ამიტომ გადმოვიღოთ ევროპიდან, რაც უკეთესია, მაგრამ არა ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია. სრულყოფილი ხომ არც ერთი ქვეყანა, არც ერთი სისტემა არ არის! მაგრამ ყველაზე ადვილი ცუდის გადმოღებაა. მიბაძვაა საშინელი სენი ჩვენი დღევანდელობისა...

- ევროპა და 13 ლუდოვიკო ვახსენეთ... რუსეთზე რას იტყვით?

- რუსეთი ისევე გვიყურებს, როგორც სხვა ქვეყნები გვიყურებენ. შენ იმათ რაღაცის გამო სჭირდები. მეგობარი სახელმწიფო არ არსებობს. ის დროის გარკვეულ მონაკვეთშია შენ გვერდით, წამქეზებელიც კია... და მარტო ჩვენ არ ვართ ამ მდგომარეობაში, უკრაინაც ამ დღეშია. ილია ჭავჭავაძის "ბედნიერი ერი" გავიხსენოთ... აბა, ჩამოვუყვეთ ყველა იმ სიმახინჯეს, რაზეც ილია ლაპარაკობს. რომელიმე გვაკლია? რომელიმე არ გვაქვს? ყველა გვაქვს, შვილო. ეს ხომ არც დღეს შეძენილია, არც - ილიას დროინდელი, ჩვენი მადევარია. სულ გვგონია, რომ ყველაზე კარგები ვართ და ყველა ჩვენ უნდა გვემსახურებოდეს... არ არის ასე... არ მინდა, ჩემი ხალხი ვიღაცის - პოლიტიკოსების ან რომელიმე ქვეყნის გამოსაყენებელ იარაღაც იქცეს.

- ჰარცელი, დეგნანი... როგორც ვექცევით? ერთი პირი რატომ ვერ შევკარით?

- ელჩები გექცევიან ისე, როგორც იმსახურებ. შენ აძლევ ამის უფლებას შენი საქციელით. როგორ შეიძლება, როცა მომეპრიანება მაშინ ვაგინო რომელიმე ქვეყნის ელჩს?! ან რა წესია, ის ხომ შენი სტუმარია და განა გაქვს უფლება, ასეთი სიტყვებით მოიხსენიო? შეურაცხყოფა მიაყენო? დაუშვა რომელიმე ქვეყნის ელჩმა შეცდომა? ესე იგი შენ გამოიწვიე შენი საქციელით. ეს რაზე მიანიშნებს? რომ შენ ყვირი, საუბარი კი არ შეგიძლია, სახელმწიფოებრივი აზროვნება არ შეგიძლია...ჩვენ არ გვინდა, საზოგადოება გავზარდოთ, არადა, თუ საზოგადოება გაიზრდება, პოლიტიკურ პარტიებს ფეხქვეშ ნიადაგი გამოეცლებათ. ისინი ფუნქციას დაკარგავენ, ამიტომ სხვადასხვა გზით ცდილობენ, საზოგადოება ქვეყნის გვერდით კი არა, მათ გვერდით იყოს! ძილშიც სამშობლო უნდა გელანდებოდეს, მის და ხალხის სიკეთეზე უნდა ფიქრობდე და არა - საკუთარი თავის კეთილდღეობაზე. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პოლიტიკოსს, რომელიც ჩემზე ფიქრობს, ჩემს კეთილდღეობაზე...

- სხვადასხვა პოზიციას რა ეშველება?

- ეს ქართული ბაბილონის გოდოლია. რაღაცას ვაშენებთ, მაგრამ ერთმანეთის არ გვესმის, რადგან ყველას ჩვენი თავი გვგონია ყველაზე მართალი და ჭკვიანი. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა...

- როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე?

- მოდის ის თაობა, რომელიც ჩვენ ღირსეულად შეგვცვლის, მაგრამ თუ ასე ცალ-ცალკე გავიწიეთ, არაფერი გამოვა. თუ ეს ევროპის გზაა ჩვენი გადამრჩენი, რატომ არ უნდა შეთანხმდნენ? როდესაც უღელში შეაბამ ხარებს, ერთად უნდა იარონ, ერთად უნდა გასწიონ უღელი. ერთი თუ ეწევა და მეორეს უჭირს, უნდა დაეხმარო, უღელი გაუსწორო. ჩვენ ერთმანეთს არ ვეხმარებით. რაღაცას დაიწყებს ხელისუფლება, ოპოზიცია ამბობს უარს, მერე ოპოზიცია შესთავაზებს თავისას და - ხელისუფლება დადგება უარზე... რატომ მე არ მეკითხებიან - საზოგადოებას, ჩვენთვის რა არის მისაღები?!

- ანუ ამ უღელში სამი ხარი ვართ: ხელისუფლება, ოპოზიცია და საზოგადოება?

- საზოგადოება, საქართველო ურემია. მე და თქვენ ხომ საქართველოს შემადგენელი ნაწილი ვართ. ქვეყანა არის ურემი, პოლიტიკოსები - გამწევი ძალა, რომლებიც სხვადასხვა მხარეს ეწევიან ამ ურემს და ამიტომ დგას უძრავად. ამათი წინდაუხედაობით ქვაზე გორდება ურმის თვალი და ბრუნდება. არც ერთი ქვეყანა არ შეგაშველებს ხელს, თუ შენ თვითონ სწორად არ მოიქცევი... გადაბრუნების პროცესი სასიამოვნოა საყურებლად. თუ ურემი გადაბრუნდა, ამ მიწას პატრონი გამოუჩნდება - უამრავი თვალია აქეთ მოპყრობილი და სანამ ჩვენ ჯიუტი თხებივით ერთმანეთს ვასკდებით, ეს ქვეყანა სხვას დარჩება. თავში ქვა უნდა იხალოს ერთმაც და მეორემაც, შეთანხმდნენ და სწორი გეზი აიღონ, რომ მერე შვილებისა და შვილიშვილების თაობას არ გაუჭირდეს. საყრდენი უნდა დავუტოვოთ, რომ მერე ზედ მომავალი დააშენონ...