"იმისთვის, რომ გადავრჩეთ, რაღაც უნდა შევცვალოთ“ - კვირის პალიტრა

"იმისთვის, რომ გადავრჩეთ, რაღაც უნდა შევცვალოთ“

„რა საზოგადოებაც გვყავს, ისეთი პოლიტიკური სპექტრი გვყავს. საზოგადოებაც არათანამიმდევრულია, გავიღვიძებთ, მერე ისევ მიგვეძინება, ეს კი შემდეგ ძალიან ძვირი გვიჯდება“

"კინო ყაზბეგი" ჩემი ჩანაწერების წიგნია და არა მემუარების. მემუარები გახსენებაა,­ სადაც კარგიც არის და ცუდიც. ჩემთან შეეშალათ და მეც შემეშალა, შეცდომებისას კი გულწრფელები ვიყავით. ვწერდი და მიყვარდით", - ამ სიტყვებით გვაცნობს პოეტი გაგა ნახუცრიშვილი თავის კიდევ ერთ წიგნს. მისი შემოქმედების გაცნობისას არ გტოვებს განცდა, რომ მის ლექსებსა და პოემებში ამოკითხული ყველა სიტყვა მართალია, ყველა ემოცია გულწრფელი...

მას ქვეყანაში მიმდინარე საზოგადო­ებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე ვესაუბრეთ.

- იმედგაცრუებითა და ტკივილით ვისწავლეთ ან გვასწავლეს. ამას ბევრი რამ განაპირობებს. ერთადერთ იმედს ახალ თაობაში ვხედავთ. თუმცა მათი მხრების ძველი პრობლემებით დამძიმება არ შეიძლება. საკმარისია, რაც წინა თაობებმა გავაკეთეთ. თუმცა იმისთვის, რომ გადავრჩეთ, რაღაც უნდა შევცვალოთ, წინ უნდა წავიდეთ. ჯერ ამის წინა პირობები არ ჩანს. ამის ერთ-ერთი მიზეზი განათლების პრობლემაა. როდესაც ახალგაზრდების კარგზე ან ცუდზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გვახსოვდეს, როგორი განათლება აქვთ. ხშირად განათლების საფუძველიც არა აქვთ. ეს საზოგადოების, სისტემის ბრალია. თუ ეს არ შეიცვალა, უკუსვლა გვექნება, რადგან სამყარო არასდროს დგას ერთ ადგილას. ახალგაზრდები, ის თაობა, რომელიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის, ყველაზე ნაკლებად არიან დამნაშავე იმაში, რომ ასეთ მოცემულობაში აღმოჩნდნენ. ამ საზოგადოებასა და სისტემაშიც იბადება პერსპექტიული ახალი თაობა, ოღონდ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი დამსახურებაა, მათ შეძლეს სწორად გაეაზრებინათ არსებული რეალობა და სწორი გზით წავიდნენ­. მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მათგან კი არა, ბავშვისგანაც სწავლობს ადამიანი და ეს არ არის ნათქვამი ნათქვამისთვის. ნებისმიერი ასაკის ბავშვისგან შეიძლება რაღაცის სწავლა. რამდენჯერ მომისმენია როგორ გონებამახვილურად უთქვამთ­ რაღაც და მიფიქრია, ამას მე როგორ ვერ ვხვდებოდი-მეთქი. მთავარია, შევამჩნიოთ, გულისყურით მოვუსმინოთ, რათა ახლებურად ხედვა შევძლოთ. ახალ თაობას ხომ ყოველთვის სიახლეები მოაქვს. ამიტომ, გვინდა თუ არა, წინსვლაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, თორემ ერთ ადგილას დგომამ შეიძლება ისე დაგვხიოს უკან, საიდანაც შეიძლება ვეღარც დავბრუნდეთ. ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს, ახალი თაობა მოდის, ეს კი უკვე იმედია. როდესაც განათლებაზე, საზოგადოებაში მის დეფიციტზე ვსაუბრობთ, სამოქალაქო განათლებასაც ვგულისხმობ, სპორტიც განათლებაზე დგას, ხელოვნებაც...

- პოლიტიკაც, არა?

- რასაკვირველია, პოლიტიკაც, რომელიც ჩვენი ყოფიდან გამომდინარეობს. ისეთი­ ფონი შექმნეს, ნორმალური ადამიანი, რომელიც აზროვნებს და პროგრესს ხედავს, ამ ჭაობში შეტოპვას ერიდება, რადგან იქ ნორმალურ ადამიანებს, პროფესიონალებს ვერ ხედავს, ან თავადაც ისეთი უნდა გახდეს, ან თავი შორს დაიჭიროს. ამიტომ მეორე ვარიანტს ამჯობინებს. შესაბამისად, პოლიტიკაში, კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი, ამ დონეზე ვართ...

- ახლა ძალზე აქტუალურია კითხვა საით მიდის ქვეყანა?

- შთაბეჭდილება მრჩება, რომ საგარეო კურსის შეცვლა სურთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვერ შეცვლიან, რადგან ეს მათზე არ არის დამოკიდებული. თუ ამის უფლებას მივცემთ, ახიც იქნება ჩვენზე, მაგრამ ქვის ხანაში არ ვცხოვრობთ და ხალხი ყველაფერს ხედავს. ვიღაცები ნამდვილად არიან, ვისაც ეს სინათლე ბოროტება ჰგონია, მაგრამ ისინი უმრავლესობაში არ არიან. თუ ჩვენს მოსახლეობაში ისეთებმა იმძლავრეს, ვისაც ევროპა მართლა გარყვნილებად და სიბნელედ მიაჩნიათ, პროგრესის, განვითარების მსურველები უმცირესობაში აღმოვჩნდით, მაშინ დამთავრებულა ყველაფერი, არაფრის პრეტენზია არ უნდა გვქონდეს და იმასაც შევეგუოთ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც დასრულებულია. რუსეთის გუბერნიას სახელმწიფოს ვერ ვუწოდებთ... წარსულის შეცდომებმა რაღაცები გვასწავლა, ნაწილობრივ მაინც. ვინ მტერია და ვინ მოყვარე, ვიცით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სანამ სრულად არ გავიაზრებთ, რაც გვჭირს, ერთმანეთთან საუბარსაც ვერ შევძლებთ, დეპოლარიზაციას რომ ვეძახით, სულ ასე ვიქნებით, განხეთქილებაში მოგვიწევს ცხოვრება. განსხვავებული აზრი სხვა არის და განხეთქილება, რომელიც ლამის შთამომავლობას გადაეცეს, სხვა. ზოგად ღირებულებებზე შეთანხმებაც კი არ შეგვიძლია და სანამ ასეთ მარტივ, მაგრამ ხელოვნურად გამწვავებულ გაუგებრობებს ვერ მოვაგვარებთ, წინ ვერ წავალთ. თუ წავალთ, კუს ნაბიჯებით... თუმცა წარსულის შეცდომებიდან სულ არაფერი რომ არ გაგვეაზრებინა, ისიც არ გვექნებოდა მოპოვებული, რაც გვაქვს. ევროპის გზაზეც არ ვიქნებოდით შემდგარი. რახან შევდექით, ბოლომდე უნდა მივყვეთ. საუკუნეებია ვამბობთ, რომ ჩვენი გადარჩენის გზა ევროპაშია და ამას თუ არ გავიაზრებთ, არც ის გვეცოდინება, ოდესმე ცივილიზებულ სამყაროს ნაწილად ვიქცევით თუ არა. არჩევანი ჩვენზეა და ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ. ამისთვის, ადრე დაშვებული შეცდომები უნდა გავიაზროთ. თუ ვერ შევძელით, მტერსაც წამოვიკიდებთ, იქით კი უკვე უფსკრულია. იმის იმედზე ნუ ვიქნებით, რომ ქართველ ხალხს უარესი გადაუტანია, მაშინ სხვა დრო იყო, ახლა სხვა რეალობაა, სხვა საფრთხეები. იმაზე საუბარი, რომ ცუდი ან კარგი ეპოქაა, არაფრის მომცემია, მცირე ერების წინაშე ყოველთვის არსებობდა გადარჩენის მოცემულობა. ყოველთვის ასე იყო - რაღაც რაღაცის ხარჯზე ხდებოდა. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ძალიან სწრაფად იცვლება რეალობა და ჩვენი ქვეყანა მის მიღმა არ უნდა დარჩეს. არ მიყვარს, როდესაც ქართველ ერს პატარას უწოდებენ, მცირერიცხოვანი ვართ და არა პატარა... პატარა რომ ყოფილიყო, ასეთი გეოგრაფიული მდებარეობით, ამდენი პრობლემით ვერ გადარჩებოდა. არც ახლაა საქართველოსთვის დალხენილი დრო, რეგიონში ვითარებას არეულიც აღარ ჰქვია, კატაკლიზმებით აღსავსე დროა. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ რაღაცებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ფიქრი ბევრს არ უყვარს.

- რუსეთ-უკრაინის ომზეც გკითხავთ. თითქმის ნახევარი წელია სტატისტიკად ქცეულ სიკვდილს ვუყურებთ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი იცვლება. XXI საუკუნეში მსოფლიო საზოგადოებრიობამ ომი ვერ აირიდა, რატომ?

- ამაზე პასუხი რომ გვქონდეს, ავირიდებდით კიდეც. ან როდის აურიდებია რუსეთს?.. ხანდახან არიდება კი არა, პირდაპირ პროვოცირებასაც კი ახდენს მის დასაწყებად და ისტორიას თუ გადავხედავთ, არც არასდროს აურიდებია. ასე რომ, ახალი არაფერი მომხდარა. მე უფრო ის მიკვირს, გაბოროტებულ, დაკომპლექსებულ რუსეთის რეჟიმს თავზე ხელს რომ უსვამდნენ, ეგონათ, ომის დაწყებას ვერ გაბედავდა. რუსეთისგან ომი არ მიკვირს, მაგრამ ის არის გამაოგნებელი, ცივილიზებული საზოგადოება რატომ ვერ შეხვდა ამ მოცემულობას მზად, ყველა გზა ომისკენ მიჰყავდა რუსეთს, მაგრამ მაინც არ სჯეროდათ. არადა, ამ ქვეყნის მმართველობას სხვა გზა არც ჰქონდა, ასეთი მახინჯი, სხვაზე კი არა, საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადე წარმონაქმნი, სახელმწიფოსაც რომ ვერ უწოდებ, იმპერიის ნარჩენად რომ შემორჩა თანამედროვეობას, სისხლი თუ არ დალია, ისე ვერ იარსებებს. ცივილიზებული სამყარო ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო, მით უფრო, რომ არაერთი მაგალითი ჰქონდათ წინ - 2008 წელს საქართველოსთან ომი, 2014 წელს უკრაინაზე თავდასხმა... შესაბამისად, კაცობრიობა ისევ ამ რეალობის წინაშე დადგა, ახალი, ბევრად მასშტაბური გრძელვადიანი ომი დაიწყო, რომელმაც დიახ, სიკვდილი სტატისტიკად აქცია. უკრაინელების კვალდაკვალ, უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი იღუპება, მათ შორის მცირერიცხოვანი ქართველი ერისაც. მსოფლიოს ძლიერ მოთამაშეებს, თუნდაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, სირაქლემას პოზა რომ არ მიეღოთ, ამ უმძიმესი რეალობის წინაშე არ დავდგებოდით. მაგრამ იმდენად არ უნდოდათ ეს მომხდარიყო, ვერც წარმოიდგინეს. წლების განმავლობაში ემზადებოდა რუსეთი ამ ან სხვა ომისთვის, მაგრამ ცივილიზებულ სამყაროს გულუბრყვილოდ ეგონა, რომ პირველ, მეორე ან მესამე შემთხვევაზე გაჩერდებოდა. ძალადობა არ იზომება. სამყარო ასეა მოწყობილი - სადაც ვიღაცას თუ "ცოტა ძალადობას" ჰპატიობ, იქ უფრო დიდი ძალადობის საფრთხეც გარდაუვალია.

- ახლა ბევრს საუბრობენ მეორე ფრონტის გახსნაზე. საქართველო სად არის ამ რეალობაში?

- თუკი სისულელე აბსურდული უნდა იყოს, სწორედ ასეთია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის იდეაც და სურვილიც. ერთადერთი, ვისაც ეს აწყობს, ჩვენი დამპყრობელი რუსეთია, რომელიც, მძიმე მდგომარეობაში ყოფნის მიუხედავად, სიამოვნებით გახსნიდა მეორე ფრონტს. დასავლეთს არასდროს უბიძგებია ამისკენ. რაც თავი მახსოვს, ჩემი ადრეული ახალგაზრდობიდან, სულ მესმოდა, ომში არ ჩაებათო, იმდენად ხშირად, რომ მათი სიფრთხილე ზოგჯერ გამაღიზიანებელიც კი იყო. ახლა კი მათ ვწამებთ ცილს, ამისკენ გვიბიძგებენო. ეს ხომ გაუგონარი რამეა.საქმე ის არის, რომ ამ პოლიტიკურ დავიდარაბაში, ურთიერთბრალდებებში, ვისი ბრალია კანდიდატობის წევრის სტატუსის მიღების გადადება, საზოგადოებამ ქვეყანა წავაგეთ. თუმცა, რა საზოგადოებაც გვყავს, ისეთი პოლიტიკური სპექტრი გვყავს. საზოგადოებაც არათანამიმდევრულია, გავიღვიძებთ, მერე ისევ მიგვეძინება, ეს კი შემდეგ ძალიან ძვირი გვიჯდება. ასეთი ტემპით ამ შედეგების გამოსწორება ძნელია, მით უფრო ამ რეალობაში, როდესაც ასეთი სისწრაფით იცვლება მსოფლიოში პროცესები. ხანგრძლივ მიძინებებზე ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე ჩიოდა, "როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძებაო..." ეს ლექსი თითქმის ყველამ ზეპირად კი ვიცით, მაგრამ რამდენი დრო გავიდა მისი დაწერის შემდეგ, მაგრამ მაინც იგივე გვემართება, რაზეც საუკუნეზე მეტი დროის წინ წუხდა დიდი ილია. ამიტომ ვთქვი, დაფიქრება, გააზრება და მოქმედებაა მთავარი. ხშირად ისე ჩანს, რომ ა წერტილიდან ბ წერტილამდე მისასვლელი გონივრული გეგმაც კი არ ჩანს. შესაძლოა არ გამართლდეს, ვერ შეასრულო, მაგრამ შენ მაინც უნდა გქონდეს. გეგმა საზოგადოების აზროვნების, ფიქრის შედეგად იქმნება. მას გონიერი, განსწავლული ადამიანები საქმეზე მსჯელობის ფონზე აყალიბებენ და არა უსაგნო ჩხუბის, ყაყანის, ურთიერთბრალდებების ფონზე. საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა ზღაპრის სფერო გახდა. ხელისუფლებაში მყოფ გუნდებს შექმნა არც აწყობთ, რადგან მღვრიე წყალში თევზაობის გემო გაიგეს და მარადიულად ასე გაგრძელება უნდათ...ხელისუფლება იმით სარგებლობს, რომ ოპოზიციის ავტორიტეტი ნულია, რადგან მთლიანად პოლიტიკური სპექტრია მანკიერი. სისტემათა ინსტიტუტების არარსებობაც ხელს უწყობს, რომ ოპოზიცია სუსტი და უვარგისია. ქვეყანაში, სადაც ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებია, თამაშის წესები სხვაგვარია. ჩვენი ხელისუფლება და ოპოზიცია კი წლებია ისეთ მტრებად ჩამოყალიბდნენ, რომელთაც ერთმანეთის არსებობა აწყობთ. ქვეყანაში რაღაცის სასიკეთოდ შეცვლას ერთმანეთთან მტრობა ურჩევნიათ, რადგან ხვდებიან, რომ ნებისმიერი კარგი ცვლილება მათ პოლიტიკური ველიდან გააქრობს.

- ევროკავშირმა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ვადა 2023 წლის ბოლომდე გაგვიგრძელა. საზოგადოებას აქვს ბერკეტი პოლიტიკურ სპექტრს ამ ვადის გამოყენება აიძულოს?

- არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვან, რადგან მერე შანსი ან იქნება, ან არა... მხოლოდ სტატუსი არაფერია, მისი მიღების შემდეგაც დიდი პასუხისმგებლობა და უამრავი­ ვალდებულებაა, რომელთა შესრულება აუცილებელია, თუ გვინდა განვითარება. ხალხს დიდი ძალა აქვს როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციაზე და არ უნდა დავუშვათ, რომ ვიღაცებმა პოლიტიკურ კინკლაობას გადააყოლონ ქვეყნის მომავალი. ახლა კიდევ ვერ ვგრძნობთ, რა ცუდი შედეგის მოტანა შეუძლია ამ შანსის დაკარგვას. ღმერთმა ნუ ქნას, არ მოხდეს, მაგრამ წლები გავა და გავიაზრებთ, რაც ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს დავმართეთ... ეს "წერილებით მანიპულირება" სპეციალური მავნებლობა და უგუნურებაა. ჰგონიათ, ამით თავს გადაირჩენენ, სინამდვილეში კი პირიქითაა, ოღონდ მხოლოდ თავიანთ თავს კი არა, ჩვენც გვაზიანებენ.