„ამ ხელისუფლების მთავარი პრობლემა მეტისმეტი სიხისტეა ევროპელი პოლიტიკოსებისადმი“ - კვირის პალიტრა

„ამ ხელისუფლების მთავარი პრობლემა მეტისმეტი სიხისტეა ევროპელი პოლიტიკოსებისადმი“

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას დასავლელი ელჩების პატივისცემისკენ მოუწოდებენ. "საქართველოში ამერიკის ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები კელი დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა. თავის მხრივ, ელჩი დეგნანი აღაშფოთა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და შემდგომ მმართველი გუნდის რამდენიმე წევრის კომენტარებმა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის შესახებ: "შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას. ისეთი უპატივცემულობაა ადამიანის მიმართ, რომელიც ბეჯითად მუშაობდა 4 წლის განმავლობაში­ საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ძნელი წარმოსადგენია ვინმე, ვინც მეტი გააკეთა­ საქართველოს დასახმარებლად მის ევროპულ გზაზე აქ მუშაობის პერიოდში. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ელჩის ძალიან კარგი მუშაობა. მან შესანიშნავი მესიჯი დაუტოვა საქართველოს მოსახლეობას და ისიც თქვა, თუ რამდენად სასიამოვნო იყო მისთვის საქართველოში ყოფნა". შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის საქართველოში მუშაობა ნეგატიურად შეაფასა და განაცხადა, რომ ბატონი ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაში. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს. "კარლ ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო", - ეს კი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებაა. შეეძლოთ თუ არა დასავლელ დიპლომატებს საქართველოში უკეთ მუშაობა და რით არის განპირობებული "ქართული ოცნების" სიხისტე, ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს:

areshidze.jpg

- ინფორმაცია, რომელიც ჩემამდე ღია არხებისა თუ კულუარული ინფორმაციის სახით მოდის, იმის ფიქრის საფუძველს მაძლევს, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლური დიპლომატიური კორპუსის ნაწილს შორის დაძაბულობა ჯერ კიდევ მარტის დამდეგს დაიწყო. მიზეზი ის გახლავთ, რომ ზოგიერთმა დასავლელმა­ პოლიტიკოსმა საკუთარ თავს ზედმეტის უფლება მისცა, განსაკუთრებით უკრაინის ომის დაწყების პირველ დღეებში. ვგულისხმობ საქართველოს სამხედრო აქტიურობას.

- თქვენი ინფორმაციით, რომელი ელჩი ცდილობდა, საქართველოს ომში ჩართვას და იყო თუ არა მათ შორის ჰარცელი ან დეგნანი?

- არც ერთი და არც მეორე, ელჩები საერთოდ არ ყოფილან ამ საქმეში ჩართული, თუმცა ნამდვილად იყვნენ დასავლელი­ პოლიტიკოსები. მე მათი ვინაობის გამხელის უფლება არა მაქვს. მხოლოდ თარიღის­ დასახელება შემიძლია - 4 მარტი.

- რას ითხოვდნენ ჩვენგან, რა სახით უნდა ჩართულიყო ომში საქართველო?

- ზოგიერთი სახელმწიფო მოღვაწისგან­ განსხვავებით, თავს ამაზე საუბრის უფლებას­ არ მივცემ, მაგრამ გავიხსენოთ მოვლენათა­ განვითარება: მაგალითად, ომის დაწყების პირველივე დღეებში სოცქსელში გაჩნდა ვიდეო, რომელშიც სამხედროფორმიანი რამდენიმე ქართულენოვანი პირი აფხაზეთში სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე საუბრობდა. შემდეგ გავრცელდა­ ხმა, თითქოს რუსულმა არმიამ დატოვა­ აფხაზეთი. აფხაზეთიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქუჩაში ერთი რუსი ჯარისკაციც აღარ დადიოდა. ასეთი ინფორმაცია რუსულ სოცმედიაშიც ვრცელდებოდა. ობიექტურობისთვის გეტყვით, რომ ერთხანს სოხუმში მართლაც ვერ ნახავდით რუს ჯარისკაცს და ეს იყო კლასიკური სახის ხაფანგი. ალბათ, გახსოვთ, იმ პერიოდში გამართული რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა, ნარიშკინის დაბნეული საუბარი, პატრუშევის უცნაური განცხადებები. ჩემამდეც მოვიდა ინფორმაცია, რომ პატრუშევის გუნდი ყველანაირად ცდილობდა მოსკოვის დარწმუნებას­, უკრაინაში სპეციალური ოპერაციის პარალელურად დანარჩენი პოსტსაბჭოთა ველიც მოესუფთავებინათ. საუბარი იყო საქართველოზე, მოლდოვასა და ყაზახეთზე. ამის მერე დაიწყეს საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე უკრაინის მთავრობის წევრებმა. დანილოვმა დაიწყო­ და აღარ დარჩა უკრაინაში პოლიტიკური ფიგურა, მსგავსი განცხადება რომ არ გაეკეთებინოს. მერე იყო საქართველოში უკრაინის ელჩთან პრობლემები, შემდეგ ჩარტერული რეისით საქართველოდან უკრაინაში მიმავალ მოხალისეებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი. ეს სპექტაკლი იყო - ძალიან მალე ცნობილი გახდა, რომ სინამდვილეში ჩარტერული რეისი არ ყოფილა გამოგზავნილი. მე კარგად ვიცოდი იმ მოხალისეების მარშრუტი, რომლებიც ყოველგვარი სპექტაკლის გარეშე თურქეთის­ გავლით გადავიდნენ პოლონეთში და უპრობლემოდ ჩავიდნენ უკრაინაში. ბოლოს ერთი ძალიან საგულისხმო ამბავიც - უკრაინის ერთ-ერთმა ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა (პროფესიით ხელოვანია და ადრინდელი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან ახლო კავშირი ჰქონდა საქართველოსთან) შაბათ დილით დამირეკა და მითხრა, იქნებ მოვახერხოთ და სიტუაციის განსამუხტავად უკრაინაში საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები ჩამოვიყვანოთო, კვირას კი გამოვიდა და დანილოვის ტექსტი გაიმეორა. ცხადია, ეს სხვისი დავალებით გააკეთა.

- რა გამოდის, უკრაინელები, ამერიკელები,­ ევროპელები რუსეთის სასარგებლოდ შეთქმულებას აწყობდნენ საქართველოს ომში ჩასათრევად?­

- მე იმის თქმა მინდა, რომ როგორც ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი, ასევე ზოგიერთი რუსი და ზოგიერთიც უკრაინელი პოლიტიკოსი თავ-თავისი მიზნის მისაღწევად ცდილობდნენ საქართველოსა­ და მოლდოვის ომში ჩართვას. ამ სქემამ არ იმუშავა, რადგან დასავლეთში და სხვაგანაც სხვა ტიპის პოლიტიკური ძალებიც იყვნენ, რომლებიც ამ აზრს არ ეთანხმებოდნენ. ამის დამალვა არ შეიძლება. მე მყავს მეგობრები სხვადასხვა ძალის პოლიტიკურ ცენტრებში და კარგად ვიცი, ვინ რომელი გადაწყვეტილების მომხრე იყო.

- ეს პირები, რომლებიც, თქვენი თქმით, საქართველოსა და მოლდოვის ომში ჩართვას ცდილობდნენ, ოპოზიციურ ჯგუფებს წარმოადგენენ თუ ხელისუფლებაში არიან?

- ხელისუფლებაში არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ხელისუფლება მათ პოზიციას იზიარებს. ასეთი ჯგუფები­ ევროპარლამენტშიც არიან, მაგრამ უმცირესობაში.

- ეს ჯგუფები ვის სასარგებლოდ მოქმედებენ, ევროპელი, ამერიკელი,­ უკრაინელი და რუსი პოლიტიკოსების თუნდაც მცირე ნაწილს რა საერთო მიზანი უნდა ჰქონდეს?

- ყველას თავ-თავისი მიზანი აქვს. პატრუშევს პოსტსაბჭოთა სივრცის "ბარემ მოსუფთავება" სურდა, ოღონდ ეს მაშინ იყო, როცა რუსები უკრაინაში ბლიცკრიგის წარმატებაში დარწმუნებული იყვნენ. დასავლელ პოლიტიკოსებს ფრონტის ხაზის გაშლა და რუსული სამხედრო ძალის გაფანტვა სურდათ. კი, გასაგებია, რომ საქართველოსა და მოლდოვისგან რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევის იმედი არ ჰქონდათ, მაგრამ პროპაგანდისტული თვალსაზრისით იქნებოდა ძალიან საინტერესო - რუსეთის აგრესიული სახე კიდევ უფრო თვალნათლად წარმოჩნდებოდა, თუ გარშემო მყოფ ყველა მეზობელს დაესხმებოდა თავს. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა - შეცდომაა სურათის ისე დახატვა, თითქოს მთელი ევროპა ჩვენი მტერია.

- მთელ ამ ამბავში რა შეცდომას უშვებს ხელისუფლება?

- ამ ხელისუფლების მთავარი პრობლემა მეტისმეტი სიხისტეა ევროპელი პოლიტიკოსებისადმი. ყველაზე უკეთესი გამოსავალი იქნებოდა კულუარული მუშაობა­ როგორც ევროპარლამენტში, ისე სხვაგან, თანაც სისტემატური და დაუღალავი. "ნაციონალების" მსგავსად მათაც რატომ არ აუტალახეს კარი დასავლელ გავლენიან პოლიტიკოსებს? თავიდანვე საჭირო იყო ლობისტური ჯგუფების შექმნა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მუშაობის პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია პირადი კავშირები, რაც ამათგან განსხვავებით, "ნაციონალებს" წლების განმავლობაში აქვთ დალაგებული.

- თქვენი შეფასებით, ევროპარლამენტის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთა თუ არა ყველაფერი, რათა საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მიეღო?

- მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - როცა ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში მყარად დგას ევროინტეგრაციის გზაზე და მაინც ისჯება, ეს ელჩის მუშაობის ხარისხს აჩვენებს. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვუსწრებდით ყველა პარამეტრით უკრაინასაც და მოლდოვასაც. უკრაინის საკითხი გასაგებია, მაგრამ მოლდოვა? თქვენ რომ საერთაშორისო ანტიკორუფციული დასკვნა წაიკითხოთ უკრაინისა და მოლდოვის შესახებ თმა ყალყზე დაგიდგებათ. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რადგან სტატუსი ვერ მივიღეთ, გაჩნდა განწყობა, რომ ელჩმა ვერ იმუშავა.

- დიპლომატიურ მუშაობასთან ერთად, საგარეო პოლიტიკაში პროდასავლური სახის უფრო გამოკვეთა ხომ არ არის საჭირო, თუნდაც იმიტომ, რომ თუ ადრე ოპოზიცია შეფარვით ადანაშაულებდა "ქართულ ოცნებას" პრორუსული პოლიტიკის გატარებაში, ახლა ამაზე ღიად საუბრობს. თავად პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც კი გააკეთა ამაზე მინიშნებები.

- მოდი, ამ ყველაფერს მოსკოვის პოზიციიდან შევხედოთ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ რუსეთისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველო არ გაწევრდეს ნატოში. ვინმეს შეუძლია თქვას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების გზაზე რაიმე შეფერხებაა ერთობლივი წვრთნების ან საშტაბო მუშაობის თვალსაზრისით? მე ისეთივე კავშირები მაქვს ნატოს სტრუქტურებში, როგორც ევროკავშირში და ვიცი, როგორი დადებითი განწყობაა იქ ჩვენ მიმართ. რაც შეეხება კრემლის განწყობას, კრემლისთვის სულერთია საქართველო ორ სკამზე დაჯდება თუ პირდაპირ ნატოში შევა. მათ უპირობო მორჩილება სჭირდებათ.

- მაშინ არამეგობრული ქვეყნების სიიდან რატომ ამოგვიღეს ან რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტების საქართველოს ხელისუფლების შესახებ პოზიტიური განცხადებები რას ნიშნავს?

- ეს პროპაგანდაა. ოდნავ მაინც შეცვალა კრემლმა აგრესიული პოლიტიკა?! რუსები ისე იქცევიან ცხინვალსა და აფხაზეთში, რომ იმ ადამიანებსაც კი არა აქვთ რუსული­ პოლიტიკის სასარგებლო არგუმენტები, რომლებიც პრორუსულ ხაზს ატარებენ. ახლა რა დროს ბიჭვინთის ანექსია იყო? შესაბამისად, თუ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია, მაშინ გამოდის, საკუთარი ხელით ისვამს დანას ყელში. გახსოვთ, ალბათ, შს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რომ თქვა, რუსულ ფულს სუნი არ აქვსო. ის არ გახსოვთ, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის მოქალაქე რომ იყო? რუსეთის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელს "ნაციონალების" მმართველობის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში კაბინეტი რომ ჰქონდა გამოყოფილი, ესეც ხომ იცით? ესე იგი, სააკაშვილის ხელისუფლება პრორუსული იყო?

- სააკაშვილზე მსგავსი ეჭვი ნამდვილად გამოთქმულა.

- საქმეც ეგ არის, რომ ეჭვი იყო და არა კონკრეტული ფაქტები, ისევე როგორც ახლა. ჩემი შეხედულებით, სააკაშვილის ხელისუფლება პრორუსული კი არ იყო, სიტუაციის გამოყენებას ცდილობდა, კონიუნქტურული მიდგომა ჰქონდა პოლიტიკის მიმართ. ისევეა ახლაც, სიტუაციას სჭირდება და ასე ამიტომ იქცევიან, ბეწვის ხიდზე გადიან, ბოლო სამი თვის განმავლობაში განსაკუთრებით. თუმცა ხშირად არასწორად მოქმედებენ. განსაკუთრებით გაუმართლებელია მათი დამოკიდებულება დიპლომატებთან. ზოგჯერ მგონია, დიპლომატიის ანაბანა დაავიწყდათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, გარდა ამისა, თუ რამეა სათქმელი, ბარემ ბოლომდე თქვი. დიპლომატიის, განსაკუთრებით აღმოსავლური დიპლომატიის პრინციპია, რომ ყველაფერზე ღიად არ უნდა ილაპარაკო. როდესაც მე კონკრეტული დავალებებით ვიგზავნებოდი კონკრეტულ ქვეყნებში, საუბრის თემა სააშკარაოზე, საზოგადოების განსასჯელად არ გამომქონდა, რა თქმა უნდა, თუ საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას არ შეეხებოდა. მთელ ამ ამბავში ყველაზე მთავარი ის არის, ამ გაუთავებელ იწილო-ბიწილოსა და ჭიდაობაში საქართველო სუსტდება, და ეს მხოლოდ იმიტომ კი არ ხდება, რომ ქვეყანაში საშინელი ფსიქოლოგიური ფონია და ხალხი მუდმივად პოლიტიკურ დაპირისპირებაშია, სხვა უამრავი პოლიტიკური გამოწვევებიც არის. იხსნება შესაძლებლობათა ფანჯრები, მაგრამ ჩვენ ვერაფერზე ვერ ვახდენთ დროულ რეაგირებას. ახლახან, როცა რუსეთმა ბიჭვინთის ანექსია დაიწყო, უზარმაზარი შესაძლებლობა გაჩნდა სოხუმში. ჩვენებმა ისიც კი არ იციან, ჩვენთვის როგორი დადებითი განწყობაა აფხაზეთში. რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში აფხაზი საზოგადოება დარწმუნებული იყო, რომ ქართული არმია სოხუმში შეიჭრებოდა. ეს რომ არ მოხდა, ამის გამო ძალიან მადლიერები არიან. უკვე სოცქსელებშიც წერენ, ხომ არ გადაგვეხედა ქართველებთან ურთიერთობისთვისო. ბიჭვინთაში მომხდარი ამბის შემდეგ კი ასეთი ფრაზებიც გაჩნდა, ასეთი რამ ჩვენთვის ქართველებსაც კი არ გაუბედავთო. ნახეთ, რა მაგარი ამბავია, მაგრამ არავის სცალია ამ გახსნილი შესაძლებლობის ფანჯრისთვის, რომელიც შესაძლოა სულ მალე დაიხუროს. ახლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის შესახებ გეტყვით - დღეს ძალიან აქტიური მუშაობაა დაწყებული ერთ-ერთ ქართულ ეთნოჯგუფში სეპარატიზმის გასაღვივებლად, მაგრამ პასუხის გამცემი კაციშვილი არ არის.

- რომელ ეთნოჯგუფს ეხება საქმე?

- საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯერ ვერაფერს გეტყვით. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას.

ხათუნა ბახტურიძე