"რაო, რა არის დეპოლარიზაცია, ოპოზიციის გაჩუმებაო, არა?!“ - კვირის პალიტრა

"რაო, რა არის დეპოლარიზაცია, ოპოზიციის გაჩუმებაო, არა?!“

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისა და შესაბამისი კანონპროექტების მომზადების მიზნით ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს, მაგრამ ოპოზიციის ნაწილი მაინც ალტერნატიული სამუშაო ფორმატების შექმნას გეგმავს. ამ გადაწყვეტილების თაობაზე პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, "ეს ყავის სმის პარალელური პროცესი იქნება, რომელიც შალვა პაპუაშვილმა გააჩაღა". ვაშაძის თქმით, დაიდება ერთმანეთის ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტები, რომლებზეც დაყრდნობით ევროპელებს ექნებათ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა, თუ ვინ გაითვალისწინა მათი რეკომენდაციები... "საქართველოს დევიზია "ძალა ერთობაშია" - სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობის და არც ძალის დემონსტრირებას არ ახდენს. ევროკავშირის კანდიდატობა არა ერთი პარტიის, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ მიიღწევა. ყველას შეაქვს წვლილი", - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ოპოზიციის ერთი ნაწილის გადაწყვეტილებას ალტერნატიული სამუშაო პროცესის შექმნის შესახებ. შეცვლის თუ არა ოპოზიცია თავის გადაწყვეტილებას, ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გვესაუბრა:

- ქალბატონ ვიოლას აუცილებლად უნდა დაველაპარაკო, როგორც ჩანს, ვერ გაიგო, როგორ წარმოუდგენია ოპოზიციას­ სამუშაო პროცესი. საქართველოს დევიზი­ ნამდვილად არის "ძალა ერთობაშია", მაგრამ ერთიანობა პრორუსულ ძალასთან წარმოუდგენელია. "ოცნება" პრორუსული ძალაა, რომელიც თავს ესხმის დასავლელ პარტნიორებს, როდესაც ისინი ევროინტეგრაციისკენ გვიკვალავენ გზას, და ხმას არ იღებს, როცა რუსები ბიჭვინთის ანექსიას ახდენენ. ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მოსწონს რუსეთს და არ მოსწონს დასავლეთს.

- ფიქრობთ, "ოცნება" პრორუსული ძალაა და ეს არ იცის ევროპარლამენტარმა კრამონმა?

- კი, მაგრამ, ალბათ, მან კარგად უნდა გაიაზროს, რომ სანამ საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული­ ძალაა, მანამდე ამ ქვეყანას პერსპექტივა არა აქვს. როგორც დეოლიგარქიზაციაზე ავალაპარაკეთ საჯაროდ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, დღეს იმდენი მტკიცებულებაა, რომ "ოცნება" პრორუსული ძალაა, ევროპარლამენტარების დარწმუნება არც ამაში გაგვიჭირდება. თქვენ ნახავთ, სექტემბერში ევროპარლამენტის რეზოლუციაში ამ საკითხზეც იქნება საუბარი. მე აბსურდი მგონია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის, როგორიც რეკომენდაციის 12 პუნქტია, იმ დონემდე დაყვანა, რომ ის ვარჩიოთ, ვინ რომელ სამუშაო ჯგუფშია. ვისაც სურს მთავრობის სამუშაო ჯგუფში შესვლა, იმუშაოს. თუ ისეთ კანონს შეიმუშავებენ, რომელიც შეესაბამება 12 პუნქტიდან რომელიმეს, ყველა მხარს დავუჭერთ, გიჟები კი არა ვართ. უბრალოდ, ჩემი და ჩემი პარტიის დროს ფუჭად, არაფრის კეთებაში არ გავფლანგავ, იცით, რამდენი სამუშაოა? ხომ არ გგონიათ, ყველამ იცის, რას გულისხმობს ეს რეკომენდაციები.

- ვის გულისხმობთ, ვინ არ იცის?

- არავინ, მათ შორის არც მე, იმიტომ, რომ მთელ რიგ საკითხებზე განმარტებებია საჭირო. მაგალითად, 12 პუნქტს შორის არის ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული პუნქტი, რომელიც ბოლომდე გარკვეული არ არის. მთელი შაბათ-კვირა ვიმუშავე ჩემს გუნდთან ერთად ზოგიერთი საკითხის დასაზუსტებლად და იმის გასარკვევად, ევროკავშირში ვისთვის რა უნდა მეკითხა, ან რომელ ენჯეოს უნდა დავლაპარაკებოდი. სასამართლოს საკითხი მეტ-ნაკლებად ნათელია, მაგრამ ორგანიზებულ დანაშაულთან ასე არ არის. ჩემი კოლეგების ნაწილს ჰგონია, ჰაერიდან ცვივა საკანონმდებლო აქტები. ჩვენ უნდა გავიაზროთ ყველაფერი და გადავიტანოთ ფურცელზე... ძალიან რთული სამუშაოა, რომლისთვისაც ჩვენ ძალიან მოკლე დრო ავიღეთ - სექტემბრამდე. ჩვენ სამოქალაქო სექტორთან კონკრეტულ სამუშაო პროცესზე შევთანხმდით. პარლამენტში სამუშაო­ ჯგუფების სისტემური შეხვედრები გაიმართება. გვექნება ხელდაკაპიწებული მუშაობა, რათა შევიმუშა­ოთ კანონპროექტები, რომელთა მიღებაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს მოუტანს.­.. რაც შეეხება მთავრობის სამუშაო ჯგუფს, პარლამენტში ხომ უნდა მოიტანონ საკითხი, კომიტეტებს ხომ ვერ ასცდებიან? ჩვენ მზად ვართ საკომიტეტო მოსმენებზე დასასწრებად. სექტემბერშიც ყველა კომიტეტის სხდომასა და ყველა სესიაზე შევალთ. სხვაგვარად არ გამოვა. აბა, სად არის დესტრუქცია?! ხალხმა ვერ გაიგო, რაზე ვლაპარაკობ.

- მმართველ გუნდთან შეთანხების გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ 12 პუნქტის შესრულება?

- ვინმეს გაქვთ ილუ­ზია, რომ "ოცნება" რეალურად მოახდენს დეოლიგარქიზაციას ან დეპოლარიზაციას, სასამართლოს გაათავისუფლებს კლანისგან?! რაო, რა არის დეპოლარიზაცია, ოპოზიციის გაჩუმებაო, არა?!

- მაშინ გამოსავალს რაში ხედავთ?

- დაიდება ჩვენი პაკეტები, არა მგონია­ ხელისუფლებამ დადოს, მაგრამ თუ ასე მოხდება, ყველაფერს გადავგზავნით ევროპულ მისიებში ექსპერტიზისთვის. ახლა ვმუშაობთ­, რათა გავარკვიოთ, რა მექანიზმებით შეიძლება ხალხს გავაგებინოთ, რომელი პოლიტიკური ჯგუფის კანონპროექტები შეესაბამება 12 პუნქტს. როგორც კი დაიდე­ბა დასკვნა, რომ ჩვენი კანონპროექტები სტა­ტუსის მიღების საშუალებას მოგვცემს, ჩვენ მათ გატარ­ებას მოვითხოვთ, ხოლო თუ "ოცნება" უარს იტყვის, იძულებული გავხდებით რიგგარეშე არჩევნები­ მოვი­თხოვოთ. თუ "ოცნება" კონსტიტუ­ციით გათვალისწინებულ ევროატლანტი­კურ მისწრაფებაში ხელს შეგვიშლის, ეს დასტური იქნება, რომ კონსტიტუციას არღვევს, ეს კი რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის უფლებას გვაძლევს. ამასთან, ჩვენ მეორე არგუმენტიც გვაქვს - სოსო გოგაშვილის გამოქვეყნებული მტკიცებულებები, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2018 წლის შემდეგ ყველა არჩევნები ძალადობით, დაშინებითა და მასობრივი მოსყიდვით ჩატარდა. ხმა უნდა ამოვიღოთ! თუ ქუჩაში არ გამოვალთ და ჩვენს მძაფრ პროტესტს არ დავაფიქსირებთ, "ოცნება" ისე მოაწერს ხელს ჩვენს ევრაზიულ კავშირში შეყვანას, რომ აზრზე მოსვლასაც ვერ მოვასწრებთ.

- მაგრამ რა შედეგს მიიღებთ, თუ ვადამდელ არჩევნებს ამ სისტემით ჩაატარებთ?

- ეს მეორე ამოცანაა. ჩვენს პროტესტს ექნება მოთხოვნები, თუ რა პირობებში უნდა ჩატარდეს... დიახ, ამოცანები ურთულესია, მაგრამ აუცილებლად უნდა ამოვხსნათ. მე ხელის ჩაქნევას არ ვაპირებ. თუ არაფერი გამომივა, დავიხურავ ქუდს და წავალ პოლიტიკიდან.

ხათუნა ბახტურიძემ