"სწორად არ მიმაჩნია, როდესაც ჯერ ოთახშიც კი არ შესულხარ და გაიძახი, არაფერი გამოვაო“ - კვირის პალიტრა

"სწორად არ მიმაჩნია, როდესაც ჯერ ოთახშიც კი არ შესულხარ და გაიძახი, არაფერი გამოვაო“

"არ ვიქნები მართალი, რომ ვთქვა, "ქართული ოცნების" არ მჯერა-მეთქი, სახლში წავიდე და ამ ზაფხულს კარგად დავისვენო. ყველამ თავი უნდა დაანებოს ბუტიაობას, საკუთარი დღის წესრიგით ხელმძღვანელობას და პროცესში ჩაერთოს", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ოპოზიციის ნაწილის ინიციატივას ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ. იოსელიანის თქმით, ყველა ვალდებულია ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობდეს. ენდობა თუ არა პარტია "მოქალაქეები" "ქართულ ოცნებას" და რა მოლოდინითა და გეგმით ერთვებიან მმართველი გუნდის სამუშაო ჯგუფებში, ამის შესახებ ლევან იოსელიანი­ გვიამბობს:

- როდესაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა 12-პუნქტიანი რეკომენდაცია გამოგვიგზავნეს და მიგვითითეს, რომ ეს პუნქტები უნდა შესრულდეს, რომ პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. ამას გარდა, სწორად არ მიმაჩნია, როდესაც ჯერ ოთახშიც კი არ შესულხარ და გაიძახი, არაფერი გამოვაო. ოპოზიცია ერთმანეთთან ლაპარაკით რომ ვერაფერს შევცვლით, ამას რა თქმა უნდა?! ძალიან ტრივიალურ საკითხებზე მიწევს საუბარი, მაგრამ სამწუხარო მოცემულობა ამას მოითხოვს. ჩემი პოზიცია ასეთია - უნდა დავსხდეთ და დავიწყოთ მუშაობა. "ქართული ოცნების" გარეშე მაინც ვერაფერს გავაკეთებთ, ეს კანონი ხომ საბოლოოდ მისი მისაღებია?! ბავშვურ პოლემიკაში გადავიდა ეს ამბავი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, ვინ არის ამ საქმეში მართალი და ვინ მტყუანი, არის თუ არა "ქართული ოცნება" მზად რეფორმების გატარებისთვის. ხალხი რომ მკითხავს, რა გავაკეთე 12 პუნქტის შესასრულებლად, პასუხი ხომ უნდა მქონდეს, სად რა საკითხი დავაყენე, გავიტანე თუ არა - მთავარია, ჩემი მანდატის ფარგლებში ვიმუშაო. თუ ვინმე თვლის, რომ მანდატი უნდა ჰქონდეს, უნდა ისარგებლოს პრივილეგიით, მაგრამ პარლამენტში არ შევიდეს, კარგად უნდა დაისვენოს, ეს მისი არჩევანია, მაგრამ ევროკომისიის რეკომენდაციები ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის განმსაზღვრელია. მე მაინც მგონია, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ახლა ალტერნატიული ჯგუფების შექმნაზე ლაპარაკობს, მოვა და მმართველი გუნდის მუშაობაში ჩაერთვება. ყოველთვის ასე ხდება - თავიდან ყველაფერზე უარს ამბობენ, ისევე როგორც უარს ამბობდნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესვლაზე, ჩვენ ამ ნაბიჯის გამო მოღალატეებად გამოგვაცხადეს და შემდეგ თავადაც შემოვიდნენ. მგონი, ახლაც ასე მოხდება.

- თქვენი აზრით, 12 პუნქტიდან, რომელ საკითხებზე შეძლებთ შეთანხმებას?

- წინასწარ ყველაფერი ვანგამ იცოდა, მე არ ვიცი, ყველაფერი მუშაობისას­ გამოჩნდება. ჯერ ვნახოთ, როგორ კანონს წარმოადგენენ. თუმცა გეტყვით, რომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია დეოლიგარქიზაციის საკითხი. კანონში სახელს და გვარს ვერ ჩავწერთ და ფორმალურად ბიძინა ივანიშვილი ისედაც არაფერში არ არის ჩართული. ვერც ვფიქრობ, როგორ შეიძლება კანონი პერსონალიებს დაუკავშირო. შესაბამისად, ვფიქრობ და ევროპარლამენტარებმაც თქვეს, რომ დეოლიგარქიზაცია მიზნად ისახავს ზოგადად ოლიგარქების სისტემურ ჩარჩოში მოქცევას. ის არ არის პერსონიფიცირებული. ასევე, ჩემი აზრით, რთული იქნება სასამართლოს საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. სიმართლე გითხრათ, არც მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება რამეს შეცვლის. ვფიქრობ, გენდერულ საკითხებსა და მსგავს პუნქტებზე უფრო ადვილად შევთანხმდებით.

- ეს საკმარისი იქნება, რომ 2023 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ?

- რა თქმა უნდა, არა, მაგრამ მუშაობა აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ სათქმელად გვქონდეს, რისი გაკეთება ვცადეთ, რა გავაკეთეთ და რისი გაკეთების საშუალება არ მოგვცა "ქართულმა ოცნებამ".

ხათუნა ბახტურიძემ