"ვაი მას, ვისაც ქართველობის რცხვენია“ - კვირის პალიტრა

"ვაი მას, ვისაც ქართველობის რცხვენია“

ვფიქრობ, რომ ჩვენმა მღელვარე ეპოქამ გლობალურ პრობლემებთან ერთად, ქართველებს საჩუქარიც მოგვიძღვნა: საუკუნეთა განმავლობაში დაკარგული ქართველობა დაგვიბრუნა. ორჰან ბერიძემ­ თავისი ქართული გვარი დაიბრუნა და ახლა თურქეთში მისი შთამომავლობაც ამ გვარით გაგრძელდება. თურქეთელი ქართველები დღეს ქართულს სწორედ ორჰან ბერიძის ნათარგმნი "დედაენით" სწავლობენ. ბატონ ორჰანს ვესაუბრე სამშობლოზე, მის ტკივილსა და ბედნიერებაზე და ფრაზაზე: "ქართველობის მრცხვენია"...

- თქვენი წინაპრები თურქეთში საქართველოში ბოლშევიკური რუსეთის შემოჭრის გამო გადაიხვეწნენ, თუმცა ისტორიული სამშობლო მათმა შთამომავალმა მაინც იპოვეთ. ეს სისხლის ყივილს ადასტურებს...

- სისხლის ყივილს დასადასტურებელი არაფერი აქვს, ის სულ არის, ჩემი წინაპრების თურქეთში გადასახლებაზე კი ბევრი რამ, ასე თუ ისე, ცნობილია, ამიტომ ამ თემაზე ბევრს არ ვისაუბრებ. ვიტყვი, რომ ჩემი წინაპრები უსაშველო ტკივილით­ განიცდიდნენ სამშობლოსთან დაშორებას. მე მათი მეოთხე თაობა ვარ. მამაჩემი სუფთა­ ქართველი იყო, რომელმაც 15 წლის ასაკამდე თურქულიც კი არ იცოდა. იგი დარდით მიყვებოდა საქართველოზე და მის ტკივილს თითქოს მეც ვგრძნობდი. ეს ხალხი თურქეთში ჩამოსვლისთანავე მთებში დასახლდა. იქ თავიანთი სოფელი დააარსეს, რომელსაც დღეს დამუდერე ჰქვია, თუმცა ადრე წონიარისი რქმევია, აჭარის იმ სოფლის სახელი, საიდანაც წამოვიდნენ. ეს სოფელი თავად მაქვს მოვლილი და როდესაც ვნახე, მაშინვე ვიგრძენი, როგორ ჰგავს მას თურქეთის წონიარისი.

- თურქეთში ქართველობამ მართლაც ისეთი ადგილები აირჩია საცხოვრებლად, რომლებიც საქართველოში მათ კუთხეებს ჰგავდა...

- ასე იყო, თუმცა მათ მთებში ასვლას თურქეთში გავრცელებულმა ინფექციამაც შეუწყო ხელი. მამაჩემი სუფთა ქართველი იყო, წვეთი სისხლიც არ ჰქონდა არაქართული, მე კი თურქი დედა მყავდა, რომელმაც ექვსი და-ძმა გაგვზარდა. და-ძმებში ყველაზე უფროსი ვიყავი, ამიტომ ყველაზე კარგად მახსოვს მამის ნაამბობი. გვეუბნებოდა, რომ საქართველოში ნათესავები გვყავდა. ხშირად…უსმენდა რადიოს, იმ იმედით, იქნებ ქართული სიტყვები დავიჭიროო­. ამ დროს ბავშვები თუ ავხმაურდებოდით, მაშინვე გაგვაჩუმებდა, მოსმენა დამაცადეთო, Aარადა, ამ რადიოში, ძირითადად, რუსული ხმები ისმოდა, რადგან სხვას იქ ხმის სპეციალური ჩამხშობებით ახშობდნენ. აი, ეს ყველაფერი ჩემმა ცნობიერებამ შეინახა, ამიტომაც თურქეთელი ქართველობიდან ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც თავისი საკუთარი გვარი არქივებში მოძებნა და დაიბრუნა. სხვათა შორის, უფრო მეტმა ქართველმა მითხრა, რად გინდოდა, გვარი რომ შეიცვალეო, ვიდრე თურქმა, მაგრამ მე ვუპასუხე, რომ კი არ შევიცვალე, დავიბრუნე. Aახლა მთელი ჩემი ოჯახი ბერიძეა და ასე იქნება ჩემი ვაჟის შთამომავლობაც. ქართულიც ერთ-ერთმა პირველმა ვისწავლე 2006 წელს თურქეთში გახსნილ ქართული ენის კურსებზე. 45 წლის ვიყავი და ქართული სიტყვებიდან მხოლოდ რამდენიმე მახსოვდა, ამიტომ ქართულის შესწავლა არც ისე ადვილი იყო, თუმცა ისე შევცქეროდი ქართულ ანბანს და ქართულის მასწავლებელს, როგორც ტყვეობიდან გამოშვებული ბულბული. ვაკვირდებოდი მასწავლებელ მანანა გურგენიძის სახის ნაკვთებს და გულში ვამბობდი, როგორ ჰგავს მისი ცხვირი, თვალი თუ ნიკაპი ჩვენი ქართველებისას-მეთქი.

- ნეტავ რას იტყოდა თქვენი ამ საუბრის მოსმენისას ის ქართველი, რომელიც ამბობს, ქართველობის მრცხვენიაო...

- წესით, იმის უნდა შერცხვეს, რომ აზრად მოუვიდა და ეს ამოთქვა. რა აქვს სასირცხვილო ჩვენს ხალხს?! თუნდაც იმიტომ, რომ "ვეფხისტყაოსანი"­ გვაქვს შექმნილი, ჩვენი ისტორია ოქროს ასოებით უნდა იწერებოდეს. რაც "ვეფხისტყაოსანი" ამიხსნეს, მოსვენება დავკარგე, სანამ ამ წიგნის უმეტესი ადგილები არ ვისწავლე. ჩემს ვაჟსაც ვასწავლე და დღეს მანაც იცის.

- ალბათ, გაგიჭირდათ სწავლა, თუმცა, ალბათ, თქვენი ნიჭიერება დაგეხმარათ...

- ნიჭიერება არა, სისხლი დამეხმარა! სისხლია მთავარი, ის მართავს ყველაფერს. რომელ სირცხვილზეა საუბარი! გავოცდი, როდესაც ქართული ანბანის სილამაზე ვნახე. ისე მინდოდა, სწრაფად მესწავლა, რომ წინასწარ ვსწავლობდი და მასწავლებელი მიჯავრდებოდა. თუ რამე გამიჭირდებოდა, ინტერნეტით ვწერდი ქართველებს, ეს რას ნიშნავს-მეთქი. ხშირი შეწუხებაც მერიდებოდა და ყველას ვიმახსოვრებდი, ვისაც რას ვეკითხებოდი. საკუთარი ლექსიკონიც კი შევადგინე ქართული სიტყვებით. სისხლი, იცით, როგორ მოქმედებს ქართულის სწავლისას? მახსოვს, ერთხელ სიზმარში ისე ვიტანჯებოდი ერთ-ერთი ქართული სიტყვის გასახსენებლად, რომ ტანჯვისაგან გამეღვიძა. მერე ავდექი, ქართულის წიგნში ის სიტყვა ვნახე, დავმშვიდდი და დავწექი. წარმოიდგინეთ, რომ ჩამეძინა და სიზმარიც იქვე გაგრძელდა, სადაც შევწყვიტე. ის ქართული სიტყვა უკვე ვიცოდი და აღარ ვწვალობდი...

ერთხელ დედაენის სიტყვა "თოხზე" ისე ავტირდი, ცრემლები ნიკაპზე მესკვნებოდა. გულჩვილი კაცი არ ვარ, დედ-მამის გარდაცვალებისასაც კი შევიკავე ცრემლი, მაგრამ "თოხზე" ავტირდი - გამახსენდა, ჩვენს სოფელში ხალხი ერთმანეთს რომ ეუბნებოდა, თოხი მოიტანეო. მერე წავედი მამა-ბაბუის საფლავზე და ვუთხარი, თქვენ რომ ქართულს ლაპარაკობდით, მაშინ ვერაფერს ვიგებდი, ახლა ლაპარაკიც ვისწავლე და წერა-კითხვაც, ერთი საათით წამოდექით, რომ ქართულად ვილაპარაკოთ, მერე მეც თქვენთან ერთად დავწვები მანდ-მეთქი... ჩემი ვაჟი 9 წლის იყო, პირველად ქედაში, სოფელ წონიარისში რომ წავიყვანე. მეორედ ისევ წავიყვანე ქედაში, ოღონდ ამჯერად სოფელში აღარ ავსულვართ. მე და ჩემი მასპინძელი ქალბატონი ერთ ქართულ პროექტზე ვმუშაობდით. ბავშვმა მკითხა, მამა, რას აკეთებო. ვუპასუხე, პროექტს ვაკეთებ-მეთქი. მერე, ჩემს სოფელში არ მივდივართო? ვუთხარი, შვილო, ვერ მივდივართ, რადგან საქმე მაქვს-მეთქი. ამის გაგონებაზე ატირდა, რა საჭირო იყო თვითმფრინავში ჩაჯდომა და აქ ჩამოსვლა, თუ ჩემს სოფელში არ წავიდოდითო! მისი ცრემლების შემხედვარე მასპინძელი ჩამეკითხა, რა უნდაო. არ მინდოდა, შეწუხებულიყო­ და ვუთხარი, ისე ტირის, ბავშვია-მეთქი. მან კი დამიჟინა, მითხარი, ვხვდები, რომ რაღაცას გთხოვსო. როდესაც ვუთხარი, მან თქვა, მორჩა, დღეს არაფერს ვაკეთებთ,­ სოფელში წასვლის გარდაო და ბიძაშვილს დაუძახა საჭესთან დასაჯდომად. ავედით სოფელში, სადაც ჩემი შვილი სიხარულით ფრინავდა... როდესაც მოგვიანებით თურქეთის ძველ წონიარისში ანუ დამუდერეში სახლის აშენება გადავწყვიტე, ბავშვმა ისევ მკითხა, მამა, აქ რა გვინდა, რატომ საქართველოში, ჩვენს სოფელში არ ვაშენებთ სახლსო. ვუთხარი, შვილო, იქ სხვა წესებია, სახლის დადგმა ძნელი იქნება, მაგრამ მე იმდენი მოვახერხე, საქართველო გაგაცანი, ახლა შენ სცადე, იქნებ შენ ააშენო საქართველოში სახლი-მეთქი...

კი არიან თურქეთში ისეთი ქართველები,­ ვისაც თავისი ქართველობა არც კი ახსოვთ, მაგრამ უფრო ბევრი ჩვენნაირია, ჩვენსავით საქართველოს სიყვარულით სავსენი. თურქეთში საკუთარი სახსრებით დაარსებული უამრავი ქართული ასოციაცია გვაქვს. 2016 წელს მე და თურქეთელმა ქართველმა სალომე ბარამიძემ სახელმწიფოს ნებართვით დავაარსეთ რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი. შემდეგ ბათუმის უნივერსიტეტში რუსთაველის სახელობის საერთაშორისო ფესტივალიც მოვაწყვეთ. მასში უამრავი ქვეყნისა და სხვადასხვა სარწმუნოების ქართველი მონაწილეობდა. ამით ვაჩვენეთ, რომ სადაც უნდა იყოს, ქართველი ყველგან ქართველია, დედასაქართველო კი ყველა ქართველის ქოლგაა. რაც მთავარია, ბათუმის ფესტივალზე თურქეთელი ქართველები ვიყავით მასპინძლები და ეს გვახარებდა. ბათუმის უნივერსიტეტმა ის წიგნიც მოგვიმზადა, რომლის ფურცლები ცარიელია და რომელშიც თურქეთელი ქართველობა საკუთარი ხელით წერს "ვეფხისტყაოსანს". ასეთივე სხვა წიგნი ჰერეთში უკვე შევავსეთ. იქ სტაბოლიდან ჩავედით "ვეფხისტყაონის" ხელით შესავსებად, არადა, იცით, როგორ დროში გავიზარდეთ? ბავშვებს შინ გვეუბნებოდნენ, თურქული უფრო გულმოდგინედ გვესწავლა და ქართულის დავიწყებასაც არ გვსაყვედურობდნენ, მაგრამ ეს პოლიტიკა იყო... ხომ ნახეთ, როგორც კი საქართველოს კარი გაიღო, ბევრი ჩვენი ქართველი იქ ისე შევიდა, როგორც ღმერთთან.

- როდესაც თურქეთელი ქართველები საქართველოს თურქეთიდან უყურებთ, რას ფიქრობთ, რა გააჩერებს ერთმანეთის მიმართ ქართველების აგრესიას?

- ეს უნდა შეჩერდეს! ამით ჩვენი, ყველას დედასამშობლო დაზიანდება, ქართველებიც დავზიანდებით, რადგან სადაც უნდა ვცხოვრობდეთ, მხოლოდ საქართველოა ჩვენი ქოლგა და ის ძლიერი უნდა იყოს. მას ვერ უნდა შევკადროთ, ვთქვათ, ქართველობის გვრცხვენიაო... ასეთი ქართველებისთვის მე ერთი პასუხი მაქვს: "მადლობა ღმერთს, რომ ქართველები ვართ, გაუმარჯოს ჩვენს დედასავით ტკბილ დედასამშობლოს, გაუმარჯოს ჩვენს ჯიშს, ჩვენს განსაკუთრებულ მოდგმას! ვაი მას, ვისაც ქართველობის რცხვენია. ვინც საქართველოს ებრძვის, მან არც კი იცის, რომ დამარცხებულია.

- დიახ, თუ საქართველო ათასობით წლის მანძილზე ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ დაამარცხა, არც ახლა დამარცხდება. თქვენ რომ პოლიტიკოსი იყოთ, რას იზამდით უკეთესი მომავლისთვის?

- მე პოლიტიკოსი არ ვარ, ვარ ის ქართველი, რომელიც, მართალია, ვერ ჩაერევა პოლიტიკაში, მაგრამ საქართველოს მომავალზე იფიქრებს, ეს მომავალი კი მაშინ იქნება კარგი, როდესაც, სიმბოლურად რომ ვთქვათ, სააკაშვილი და ივანიშვილი ყავას ერთად დალევენ და იმაზე შეთანხმდებიან, რომ ქვეყანას სიკეთე გაუკეთონ. სხვანაირად არაფერი გამოვა... იგივე იყო 40 წლის წინ თურქეთშიც, მაგრამ მოვილიეთ ეს პერიოდი. და კიდევ: საქართველომ უნდა დაუძახოს ყველა ქართველს, გინდაც აფრიკაში ცხოვრობდეს და უთხრას, რომ მათი ქოლგაა, მათი სამშობლოა, მოქალაქეობაც მისცეს, ოღონდ - შეზღუდვებით. ამით ის ყევლა ქართველის დადებით ენერგიას თავისკენ მიმართავს. საქართველოს მტერია ის, ვინც ქართველებს რელიგიის მიხედვით დაყოფს. მართლმადიდებლურმა რწმენამ უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს გადარჩენაში, ვიცნობ პატრიარქს, უამრავი მეგობარი მყავს სამღვდელოებაში, სანთელს ვანთებ ქართულ ეკლესიაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მუსლიმურ სამყაროში გაზრდილი მუსლიმი ვარ და ეს საქართველოს სიყვარულში ხელს ვერ მიშლის. არც არასოდეს დამიშლის და ეს უნდა იცოდეს საქართველომ. ამაზე უფრო მეტი საუბარია საჭირო, ვიდრე იმაზე, რომ ვინმეს ქართველობის რცხვენია. ქართველობა სირცხვილი კი არა, ჯილდოა. დაე, თავს პატივი დავდოთ და უკეთესად მოვუაროთ ამ ჯილდოს, რომლის შესაფერი შეიძლება არც კი ვართ.