"რუსეთი მმართველობის საბჭოთა სტილს უბრუნდება" - კვირის პალიტრა

"რუსეთი მმართველობის საბჭოთა სტილს უბრუნდება"

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთი­ ათიათასობით კაცმა დატოვა. როგორც ამბ­ობენ, გაუმართლა მათ, ვინც ქვეყნიდან ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში გავიდა, სანამ ომი მასშტაბური გახდებოდა და მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო რუსეთს "არამეგობრული ქვეყნების" სიაში შეიყვანდა... ქართველების ნაწილი, რომლებიც იქ წლების განმავლობაში ცხოვრობენ, ამბობს, რომ კიდევ უამრავი მოქალაქე ცდილობს პუტინის რეჟიმს გაექცეს. ისინი სხვადასხვა წყაროთი ან პირადი კონტაქტებით წინასწარ არკვევენ ამა თუ იმ ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის პირობებს, შემდეგ კი ზოგჯერ არახელსაყრელ ფასადაც ყიდიან ბიზნესს და ცდილობენ ინვესტიცია სხვა ქვეყანაში დააბანდონ ან იქ გადაიტანონ, სადაც საცხოვრებლად გადადიან. ეს განსაკუთრებით სამშენებლო ბიზნესს ეხება...

"ახლა რუსეთში სკინჰედებზე უფრო საშიში მოძრაობა იწყება"

რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული კახა დარჩიაშვილი ამბობს, რომ რაც დრო გადის რუსეთში ცხოვრება სულ უფრო იცვლება...

- ზოგისთვის მიუღებელია რაც ხდება­ და გაქცევას ცდილობს, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც სჯერა, რომ ყოველივე დასავლურისგან, ამერიკულისგან გათავისუფლება ძალიან კარგია და ქვეყანაში ჯანსაღი პროცესები დაიწყო. მასებში ევროპა ისევ გეებსა და ლესბოსელებთან ასოცირდება, ამერიკა კი სახელმწიფოსთან, რომელსაც დიდი ხანია რუსეთის განადგურება­ სურს, რადგან ვერ იტანს, რომ პირველობაში ეცილება. დახურული­ დასავლური ბრენდების კვალდაკვალ ადგილობრივი­ წარმოებები იხსნება, მაგრამ მათ "მაკდონა­ლდსის", "ქეი-ეფ-სის", "კოკა-კოლასა" და მსგავსი ობიექტების ადგილის დაკავება ვერ შეძლეს. უფროსი თაობა, რომელსაც ძალიან ენატრება საბჭოთა­ დრო, ამბობს, რომ ასე ჯობია, რადგან დასავლურმა პროდუქტებმა გადააგვარა­ რუსები. ისინი ყველაზე საშიში არიან, რადგან თუ დასავლეთზე, ევროპულ ღირებულებებზე რამე კარგი წამოგცდა, მაშინვე დაგასმენენ, რასაც მოჰყვება შინ ეფ-ეს-ბეს ვიზიტი, ჩხრეკა, დაკითხვები, პოლიციის განყოფილებაში დაბარება.

არ იფიქროთ, რომ ევროპული ღირებულებების გამზიარებლებს ლიბერასტებს მხოლოდ რუსები უწოდებენ, პროპაგანდა მუშაობს და ამასვე ფიქრობს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბევრი მოქალაქე, ქართველი, სომეხი, უკრაინელიც კი, რომელიც თავისი ქვეყნიდან სწორედ რუსულ ბომბებს გამოექცა. ამბობენ, ძალიან კარგია, თუ ქვეყანა დაიცლება ბუნტისთავებისგან, შეწყდება აქციები, მშვიდად ვიცხოვრებთო... დარწმუნებული არიან, რომ ამერიკასა და ევროპას ყველაფრის გადაგვარება სურთ, რომ მათ უკან, ვინც რუსეთში უკრაინის ომს აპროტესტებს, ამერიკა დგას ან ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებენ. თავის დროზე ჟირინოვსკიმ წააქეზა სკინჰედების მოძრაობა, თინეიჯერების დაჯგუფებები, რომლებიც კავკასიური გარეგნობის ადამიანებს სადარბაზოებსა და მიყრუებულ ქუჩებში ხვდებოდნენ და ხოცავდნენ. ბოლო წლებში ეს მოძრაობა გაქრა. ითქვა, რომ საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდები ჩაერივნენ, სწორედ კავკასიელები - ჟირინოვსკის შეუთვალეს, თუ ეს არ შეწყდება, ერთ დღეს ჰაერში აგწევთო და მუქარამ გაჭრა. ახლა რუსეთში უფრო საშიში მოძრაობა იწყება - განსხვავებულად მოაზროვნეებს მოღალატეებს უწოდებენ და მათზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. ასეთების სამაგალითოდ დასჯას უმრავლესობა ემხრობა, ალბათ, მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი.

"ძალიან პოპულარულია ბაიდენზე, ბორის ჯონსონსა და სხვა გავლენიან ლიდერებზე ქილიკი - როგორ გარყვნილად ერთობიან, კაცებს კაბებს აცმევენო..."

ზვიადი, 42 წლის, ემიგრანტი: - ოც წელზე მეტია რუსეთში ვცხოვრობ. პეტერბურგში პატარა ბიზნესი მაქვს, ავტომანქანების პროფილაქტიკა. პირველ თვეებში, როდესაც სანქციების ამოქმედების შემდეგ გიგანტმა კომპანიებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, კლიენტები ჩვენ მოგვაწყდნენ, რაც ძალიან მომგებიანი იყო, მაგრამ პარალელურად, პოლიციასთან შეკრული მოკრიმინალო პირებიც გამოჩნდნენ. დიდ კომპანიებს ვერ უბედავდნენ წილში ჩაჯდომას, ჩვენ კი დაბალ ღობედ გვნახეს და მოგვადგნენ. წილის დასათრევად ხშირად ერთმანეთს უპირისპირდებიან, იარაღით, ჩასაფრებით. ხშირია ბიზნესობიექტის განადგურებაც. მოკლედ, დარჩენა არ ღირს... მაფიოზების დაპირისპირებას ფიზიკურად თუ გადაურჩი, ეკონომიკურად ვერ გასწვდები, მათთვის უნდა იმუშაო. ასეთი უკანონობის მიუხედავად, ვიღაცებისთვის პუტინი მაინც გმირია, რომლის წინააღმდეგ გარყვნილი ამერიკა და ევროპა არიან დარაზმული. ასეთი აზროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი უჭირავს ეკლესიას, სასულიერო პირების დიდი ნაწილი ქადაგებს, რომ ევროპა და ამერიკა სულის წაწყმედაა და "სწორედ ამისგან იცავენ რუსული ჯარები უკრაინას". თუმცა არიან პროგრესულად მოაზროვნე მღვდლები, რომლებიც უშიშრად ამბობენ სიმართლეს. არაერთი დააპატიმრეს "ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდისთვის".

ეს რუსეთში სასჯელს ითვალისწინებს, 15-წლიან პატიმრობას. შევსწრებივარ, როგორ კამათობენ ქართველი და რუსი, რომელიც ქვეყნიდან გასვლას ცდილობს, რადგან არ სურს შვილები ამ ჭაობში გაზარდოს, ქართველი კი ეუბნება, რომ ყველა ომის უკან მასონები დგანან, ამერიკას მსოფლიოს გაკონტროლება სურს, ევროპა კი გარყვნილების ბუდეა. იგივე მომისმენია უკრაინელებისგანაც, სომხებზე რომ არაფერი ვთქვა. უკრაინელები ომში თავიანთ მთავრობას ადანაშაულებენ, ამერიკისა და ევროპის წაქეზებით მოქმედებენ, რომელთაც რუსეთის დასუსტება სურთ და ამდენი ადამიანის სიკვდილი არ ადარდებთო. ხერსონელი მასწავლებელი ქალი, რომლის სახლი აღარ არსებობს, რადგან მთლიანად ქალაქი მიწასთან არის გასწორებული, ამტკიცებდა, ომი ბაიდენმა დაიწყო. რუსეთს სხვა გზა არ დაუტოვეს, მისი ხელისუფლება და სამხედროები რუსეთს აღიზიანებდნენ, რომ ომი ატეხილიყოო. ყველაფერი დაკარგა, სამსახური, შვილების მომავალი, მოსკოვის ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში დამლაგებლად მუშაობს, შვილებს იქიდან წამოღებულ მორჩენილ საჭმელს აჭმევს, მაგრამ მაინც ამერიკას და ევროპას აძაგებს. პროპაგანდის მსხვერპლის კლასიკური ნიმუშია. რამდენჯერმე ვკითხე, რატომ არ ბრუნდებით უკრაინის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა რუსები აკონტროლებენ-მეთქი, და "განმიმარტა", ამბობენ, ზელენსკი აგვისტოს შუა რიცხვებიდან ამერიკისა და ევროპის წაქეზებით ისევ აპირებს შეტევაზე გადასვლას. ამიტომ არ აკეთებენ არაფერს დიდ თუ პატარა ქალაქებში, დასახლებაში. ეს საფრთხე რომ არ არსებობდეს, ახლა ყველაფერი აღდგენილი იქნებოდა და ხალხიც ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებოდაო. ასეთებს რუსები უბამენ მხარს, ნუ გეშინიათ, ჩვენ თქვენთან ვართ, აქედანაც იგზავნება ახალი ძალები და არ მიგატოვებთო. ძალიან პოპულარულია ბაიდენზე, ბორის ჯონსონსა და სხვა გავლენიან ლიდერებზე ქილიკი - როგორ გარყვნილად ერთობიან, კაცებს კაბებს აცმევენო... მსგავსი პრიმიტიული პროპაგანდა ძალიან კარგად მუშაობს. რუსები, რომლებიც რეჟიმის მარწუხებს გრძნობენ, ამბობენ, რომ თუ უახლოეს ხანებში არაფერი შეიცვალა - და ამის წინა პირობები არ ჩანს - ათ წელიწადში რუსეთში საბჭოთა კავშირის ახალი ვარიანტი ჩამოყალიბდება. ამიტომ ცდილობენ ქვეყნიდან გაქცევას. ასეთ არეულობაში კურიოზიც ბევრია - თუ აქამდე ქართველი კაცები ფიქციურად აწერდნენ ხელს რუს ქალებთან და დიდ ფულსაც უხდიდნენ (ჩემს ახლობელს 5 წლის წინ 20 ათასი დოლარი გადაახდევინეს), ახლა რუსი ქალები სთხოვენ ქართველ კაცებს ხელის მოწერას და მათ გვარზე გადასვლას, რათა ნაკლები პრობლემით გადავიდნენ სასურველ ქვეყანაში. უამრავი საქართველოში დასარჩენად მოდის, აქ იწყებენ ბიზნესს და ბინებს ყიდულობენ.

"სხვა არჩევანი­ არ არსებობს - ან ეგუები, ან ციხეში მიდიხარ, ან ქვეყანას ტოვებ"

ანა დევდარიანი: - რუსები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ რუსეთის ახლანდელი ხელისუფლების ქმედება ძალიან ჰგავს საბჭოთა რეჟიმისას. რუსეთში ახლა ყველაზე მარტივია ადამიანზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და მოღალატედ გამოცხადება. ამისთვის საკმარისია ვინმემ თქვას, რომ რუსეთი უკრაინაში დანაშაულებრივად მოქმედებს. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ყველა საეჭვო პირზე აქვთ ინფორმაცია, სად იყო, რა წრეში ტრიალებს, ვის ემხრობა, ვისთან რა თქვა. პოლიციის თანამშრომელმა ჩემს მეგობარ რუსს, რომელმაც საბავშვო ბაღის შესასვლელში, ძ-ის ნიშანი ჩამოგლიჯა, სახლში მიაკითხა და უთხრა, ვიცით, რომ ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე დადიხარ, ეფ-ეს-ბე შენს საქმეზე მუშაობს და თუ "გმირობანას თამაშს" არ შეწყვეტ, იზოლატორი არ აგცდება, შენ კი არა, ცნობილ ადამიანებს არ ინდობენო. მოკლედ, სხვა არჩევანი­ არ არსებობს - ან ეგუები, ან ციხეში მიდიხარ, ან ქვეყანას ტოვებ.