"გველეშაპთან მეომარი "ოცნება" თავად გახდა გველეშაპი" - კვირის პალიტრა

"გველეშაპთან მეომარი "ოცნება" თავად გახდა გველეშაპი"

პოლიტიკური კულტურის დეფიციტი, თავდასხმები უცხოელ დიპლომატებზე, საქართველოდან უცხოური აზარტული თამაშების ვებგვერდებზე გადარიცხული კოლოსალური თანხები - ეს არის საკითხები, რომლებზეც იურისტი, კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი გვესაუბრა.

- სახელისუფლებო და პოლიტიკურ კრიზისს უკვე ძალიან ღრმა ფესვები აქვს. გარდამავალი, მყიფე დემოკრატიის ქვეყანაში, სადაც საზოგადოებას მაღალი სამოქალაქო კულტურა არა აქვს, ერთი და იმავე პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში ყოფნა სახიფათოა. საქართველოში კი არა, განვითარებულ ქვეყნებში ორ საპარლამენტო ვადაზე მეტხანს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ჩერდება, ამომრჩეველი არჩევნების გზით ცვლის. ჩვენ ეს ტრადიცია ვერ დავამკვიდრეთ. ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა, ცდილობდა ისეთი რეგულაციების შექმნას, რაც მის ხელისუფლებაში ყოფნის ვადას გაახანგრძლივებდა. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ბოლო პერიოდში მიღებული კონსტიტუციური ცვლილების მთავარი აზრიც ამ მიზანს ემსახურებოდა. არავინ იცის, მესამე ვადა იქნებოდა თუ მეტი, მაგრამ ამას ხელი შეუშალა საგარეო და საშინაო ძალების გაერთიანებამ, ცვლილებების მოთხოვნამ და უცხოეთის აქტიურობამ... დღევანდელი ხელისუფლება 2019 წლის შემდეგ სწორედ ისე იქცევა, როგორც "ნაცმოძრაობა" მმართველობის ბოლო წლებში. ეს მხოლოდ დიპლომატების კრიტიკაზე არ ითქმის, ყველა გზით ცდილობენ ხელისუფლების შენარჩუნებას. ამომრჩეველს საარჩევნო სისტემის შეცვლას შეჰპირდნენ, მაგრამ პირობა არ შეუსრულებიათ. არც ევროპული მედიაციით წარმართულ პროცესებს მოჰყოლია ინსტიტუციური ცვლილებები. 2018 წლის არჩევნები კარგი მაგალითია მსჯელობისთვის - საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს "ოცნებაში" განხეთქილება დაიწყო, ახალი თაობა მოვიდა და პარტია ორად გაიყო. პროცესს ახალი "მეოცნებეები" წარმართავდნენ, ისინი, ვინც ახლა ხელმძღვანელობაში არიან. ისეთი სასტარტო პირობები შეიქმნა, რომ რადიკალური ცვლილებების გარეშე დამარცხდებოდნენ და ეს ცხადი შეიქნა პირველ ტურში. მეორე ტურში წკიპზე მოიგეს - ანუ მმართველ პოლიტიკურ ძალას უკვე მაშინ ძალიან უჭირდა და ახლაც ასეა. ყველაზე ცუდი, რაც სჭირს "ოცნებას", ის არის, რომ იცის, რას აკეთებდა მისი წინამორბედი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და თავადაც იმავეს აკეთებს - გველეშაპთან მეომარი თავად გახდა გველეშაპი. კონსტიტუციის ჯერ ინიცირებით, შემდეგ კი თაროზე შემოდებით, სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

- ამჯერად 2012 წლისგან განსხვავებული რეალობა გვაქვს. მაშინ "ქართული­ ოცნების" სახით არსებობდა პოლიტიკური ძალა, რომელიც ძველ ხელისუფლებას შეცვლიდა. ახლა საზოგადოებისგან გვესმის, "ოცნება" იმიტომ იმარჯვებს, რომ "ნაციონალები" არ დაბრუნდნენო.

- 1995 წლიდან მოსახლეობა ორ უარესს შორის შედარებით ნაკლებად უარესს ირჩევს. კარგსა და ნაკლებად კარგს, ან რამდენიმე კარგს შორის არჩევანის ფუფუნება არ გვქონია. ჩვენი სახელმწიფოებრიობა, უახლოეს პერიოდს ვგულისხმობ, სულ რაღაც ოცდაათი წლის არის. პოლიტიკური კულტურა არა გვაქვს, პარტიების კულტურაც არ გვქონია. კლასიკური გაგებით, პოლიტიკური პარტია არც გვყავს, რადგან ის დემოკრატიული მოწყობის გარეშე არ არსებობს. არადემოკრატიულია პარტია, როდესაც გამჭვირვალობა არ არის, წევრებს არაფერს ეკითხება. ყველა პარტიაში ასეა, მათ შორის მმართველ გუნდში. "ნაცმოძრაობის" დროსაც ასე იყო და ახლაც ასეა. თვითმმართველობის არჩევნების დროს კანდიდატების ბანერებს გამოკიდებდნენ და პარტიის სხვა წევრებმა მათზე არაფერი იცოდნენ. "ოცნებაც" ამას აკეთებს. გაუმჭვირვალე პოლიტიკური სისტემა ძალაუფლების არადემოკრატიულად მოპოვების ინსტრუმენტია. პოლიტიკურ პარტიებში დემოკრატიული პროცესები რომ მიდიოდეს, ბევრი რამ მმართველ ძალაშიც სხვანაირად იქნებოდა და ოპოზიციაშიც. პოლიტიკური ტრაგედიაა, რომ პარტიები გვპირდებიან დემოკრატიის გაუმჯობესებას და მათივე გუნდში რა ხდება, თავადაც არ იციან. დაახლოებით ისეა, ადამიანს ოჯახი თავად არეული რომ ჰქონდეს და სხვას ეუბნებოდეს, ოჯახში ურთიერთობის დალაგებაში დაგეხმარებიო. სამოქალაქო კულტურის უქონლობას ყველაფერზე დიდი გავლენა აქვს. ჩემი და წინა თაობაც ბევრ საკითხში საბჭოური მენტალიტეტის მატარებელი ვართ. ასეა პოლიტიკაშიც. ჯერჯერობით ახალი თაობა ვერ შემოვიდა, თუმცა აუცილებლად მოვა.

kacunebi-1658667024.jpg

- გააჩნია როდის, დრო ძალიან მნიშვნელოვანია.

- დიახ, მაგრამ ამისთვის ქვეყანაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესები უნდა მომწიფდეს. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ქართველი ხალხი ეძებდა ლიდერს, რომელსაც სახელად დავარქმევდით "ძლიერს", ამ სტატუსის ადამიანი გვჭირდებოდა, გავაღმერთებდით. არადა, ისინიც ხომ ამ საზოგადოების წევრები იყვნენ. ზოგიერთი ამბობდა კიდეც, არა ვარ ისეთი ძლიერი, როგორადაც თქვენ მაქციეთო, მაგრამ ჩვენ მაინც ცაში აგვყავდა. ეკუთვნოდა თუ არა, სრულ ძალაუფლებას ვაძლევდით, შემდეგ კი აღმოვაჩენდით, რომ თურმე ისეთი არ ყოფილა, როგორიც გვინდოდა ყოფილიყო - ანუ არ მოვიდა, ჩვენი საქმეები არ გააკეთა, სახლი არ დაგვილაგა... ისე, რომ პასუხი არც იმას მოვთხოვეთ და არც ჩვენს თავს, რატომ მოვიქეცით ასე, ახალი ლიდერის ძიება დავიწყეთ და მას დავარქვით "ძლიერი". შემდეგ ისინი ერთმანეთს დავაჭიდეთ და ვინც მოიგო, ის დავსვით. ოცდაათი წელია ჩვენი პრობლემა კერპების და არა ინსტიტუციურად ჯანსაღი, ჩვენს ღირებულებებთან ახლოს მდგომი სუბიექტების ძიებაა.

ქართველი საზოგადოების უმთავრესი მოთხოვნა მაქსიმალურად გამჭვირვალე საარჩევნო სისტემა უნდა ყოფილიყო, ასეთივე ხმების დათვლის პროცესითა და სხვა პროცედურებით, დემოკრატიული მოწყობის მქონე პარტიები უნდა მოგვეთხოვა, გამჭვირვალე დაფინანსებითა და შიდამმართველობით. დიდ ფინანსურ ჯგუფებს ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის დაფინანსების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს. ორი საარჩევნო ციკლი მაინც ბიუჯეტიდან გადაიხადონ. ეს პოლიტიკაში შავი ფულის შემოდინებას თუ არ გააქრობს, შეამცირებს მაინც. მაშინ, როდესაც ასეთი პოლიტიკური ვითარებაა, წამყვან პოლიტიკურ ძალებს შორის ასეთი გადათამაშება, მესამე ძალა ვერ შემოვა, რადგან პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნის.

- რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ევროპელ დიპლომატებზე მმართველი გუნდის წევრების თავდასხმას?

- ქრონოლოგიურად მივყვეთ, პრემიერის წერილით დავიწყოთ, რომლითაც მან აღიარებითი ჩვენება მისცა ევროკავშირის 27 სახელმწიფოს და ევროპის ინსტიტუტებს. არც ერთ ევროპულ ინსტიტუტს ყოფილი პრემიერის, ივანიშვილის გვარ-სახელი არც ერთ დოკუმენტში არ ჩაუწერია, ზოგადად ეწერა, დეოლიგარქიზაცია. პრემიერი კი, არაიდენტიფიცირებულის იდენტიფიცირებას ახდენს, ოლიგარქის ვინაობას აკონკრეტებს. ეს ხომ შეიძლება ევროპულმა ინსტიტუტებმა აღიარებად გამოიყენონ - სხვებს რატომ არ იცავენ, ესე იგი, ის არის ოლიგარქი, თორემ თავის მართლება ხომ არ დასჭირდებოდათო. ამის შემდგომ ირაკლი კობახიძის ჰარცელზე თავდასხმა რატომ უნდა გაგვიკვირდეს. შეიძლება მან არ იცის, მაგრამ ელჩი პერსონა კი არა, კონკრეტული სახელმწიფოს ან სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელია და მის მიმართ ასეთი დამოკიდებულების გამოხატვა ყეყეჩობაა. მით უფრო, რომ ჰარცელი მართლაც თავგადადებული ქართველია, ისეთი პროექტები აქვს განხორციელებული ევროკავშირის მხარდაჭერით. სინამდვილეში "ოცნებაც" და "ნაციონალებიც" იმას ვერ იტანენ, რომ ევროპელი პარტნიორები ამა თუ იმ ქვეყნისთვის საზიანო ქმედების დროს აკრიტიკებენ, რადგან ამას ერთი მეორის წინააღმდეგ იყენებს. სახელმწიფო ვის დაჰკარგვია, მთავარია, ერთმანეთი ჩაძირონ. 2013 წელს საქართველოში ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, პოლონეთის მაშინდელი­ საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ჩამოვიდა. ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო, მაგრამ ორივე პოლიტიკურ ძალას ეტყობოდა, რაზე იყვნენ წამსვლელი. პოლონელმა პოლიტიკოსმა მათ უთხრა, ქართველებს დიდხანს გქონდათ კავკასიური ვენდეტა და დაასრულეთ, საკმარისია, თქვენს დაპირისპირებას ქვეყნის მომავალს ნუ გადააყოლებთ, რეფორმებს მიხედეთო. მას შემდეგ ათი წელი გავიდა, ჩვენ კი ისევ იქ ვართ, ან შეიძლება უფრო უკანაც.

- სხვა თემაზეც გკითხავთ, შესაძლოა­ 2022 წლის ბოლოს საქართველოდან უცხო­ური აზარტული თამაშების საიტებზე გადარიცხულმა თანხამ 2 მილიარდს მიაღწიოს. ეს ნიშნავს, რომ აზარტული თამაშების ონლაინგვერდზე მოქალაქეები ისევ თამაშობენ; არსებული ინფორმაციით, საქართველოში­ მოქმედი 133 უცხოური სათამაშო ინტერნეტგვერდი ქართულად თარგმნეს. სამართლებრივად არსებობს (ან უნდა არსებობდეს)­ რაიმე რეგულაცია ამის შესაზღუდად?

- ლუდომანია ჩვენი საზოგადოების ძალიან მძიმე სენია. ეს განვითარებადი ქვეყნის მოსახლეობისთვის დამახასიათებელია. ფსიქოლოგიურად არამდგრად გარემოში საზოგადოების დიდი ნაწილი ცდუნებას ვერ უძლებს, ორი ლარით ათასი ლარის მოგების იმედი აქვს. აზარტული თამაშებით განადგურებულმა არაერთმა ჩვენმა მოქალაქემ მოიკლა თავი, მაგრამ მთავრობისთვის ეს ფისკალური, საშემოსავლო საკითხია. ონლაინკაზინოები და ონლაინთამაშები აკრძალა, მაგრამ ინტერნეტის ეპოქაში ფეიკექაუნთის გაკეთება პრობლემას არ წარმოადგენს. არც ქართული აზარტული საიტის გათიშვაა გამოსავალი, რადგან არსებობს უამრავი აზარტული საიტი, რომლებზეც ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება. იმ ორი მილიარდი ლარით, რომელიც საქართველოდან გავიდა, თავად ლუდომანებისთვის შეიძლებოდა ეფექტური სოციალური პროექტის გაკეთება. თავად შემითავაზებია (ოღონდ უცხოეთში) ლუდომანისთვის სტაბილური საქმე, თუ უკვე გონება არ ჰქონდა დაბინდული, და მას გადარჩენისთვის ბრძოლის მოტივაცია გასჩენია. ამხელა ფული ქვეყნის გარეთ გაედინება, სხვას ხმარდება, ჩვენი გაუბედურებული, თამაშდამოკიდებული, ფსიქიკადაზიანებული მოქალაქეები კი, უმეტესად ახალგაზრდები­ და მათი ოჯახები, ისევ ჭაობში არიან. მხოლოდ სამართლებრივი აკრძალვებით ლუდომანიის პრობლემა არც ერთ ქვეყანაში არ გადაწყვეტილა. სხვადასხვა ქვეყანა­ ამას კომპლექსურად მიუდგა - რთულად ხელმისაწვდომი გახადეს, ამ ბიზნესს მაღალი გადასახადი დაუწესეს და მისგან მიღებული შემოსავლები თამაშდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციას მოახმარეს. ჩვენმა ხელისუფლებამ კი ქვეყნიდან გაუშვა ეს თანხა. ამ პრობლემის მოგვარებაში მედიამ წვლილი უნდა შეიტანოს. უნდა აქტიურობდეს ოპოზიციაც, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, დაბალი პოლიტიკური კულტურა გვაქვს და პრიორიტეტებს ვერ ვალაგებთ. ამიტომ არ გამიკვირდება, თუ მომავალ წელს ეს თანხა გაორმაგდება.