"ჭუჭყიანი ბომბი" - რადიოლოგიური იარაღი, რომლის საშიშ ზემოქმედებას ადამიანი მხოლოდ თვეების შემდეგ იგრძნობს... - კვირის პალიტრა

"ჭუჭყიანი ბომბი" - რადიოლოგიური იარაღი, რომლის საშიშ ზემოქმედებას ადამიანი მხოლოდ თვეების შემდეგ იგრძნობს...

რედაქციაში უამრავი თხოვნა შემოდის, მეტი ყურადღება დავუთმოთ საკითხს, როგორ მოიქცნენ მოქალაქეები ექსტრემალურ ვითარებაში. როგორც ყოველთვის, ვითვალისწინებთ მკითხველის თხოვნას და ახალ რუბრიკაში მარტივად და გასაგებადა ვხსნით, როგორ უნდა იმოქმედონ მოქალაქეებმა არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ, უპირველესად, მშვიდობიანობის დროს, ნებისმიერ მძიმე ვითარებასთან გასამკლავებლად, იქნება­ ეს წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი,­ ზვავი, ავტოკატასტროფა,­ ხანძარი, მიწისძვრა თუ სხვა. ვუსუ­რვებთ ჩვენს მკითხველს, ამ რჩევ­ების პრაქტიკულად გამოყენება არასოდეს დასჭირდეთ.­ რუბრიკაში„"სამოქალაქო თავ­დ­­­აცვა"­­ სიამოვნებით ვუპ­ასუ­ხე­ბთ­ ამ საჭირბოროტო­ თემ­ე­ბთან­ დაკავშირებულ­ კითხვ­ე­­ბსაც­, რომელთა გამოგზავნა შეიძლება "კვირის პალიტრის" საიტზე: www.kvirispalitra.ge გამოქვ­ეყნებული სტატიების კომენტარებში.

ომის დროს მოწინააღმდეგემ კიდევ ერთი ბომბი ააფეთქა ისედაც უმოწყალოდ დაბომბილ ქალაქში, მაგრამ მანამდე დაბომბვებს გადარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს შეუმჩნეველი დარჩა, რადგან არც არავინ დაღუპულა და არც დაშავებულა, თუმცა გადის დღეები, კვირები, თვეები, ომი დიდი ხანია დამთავრდა, იმ ქალაქში კი სხვადასხვა რთული დაავადებით ერთიმეორის მიყოლებით იღუპებიან ადამიანები - მათ მძიმე სხივური ავადმყოფობა აღმოაჩნდათ, რადგან თავის დროზე მაღალი იონიზირებადი დასხივების ქვეშ მოყვნენ. ეს უხილავი ტრაგედია სწორედ იმ პატარა "ჭუჭყიანმა" ბომბმა გამოიწვია, რომელსაც თავის დროზე ყურადღება არავინ მიაქცია, არადა, ის დიდ ფუგასურ ბომბებზე უფრო საშიში აღმოჩნდა.

რა არის "ჭუჭყიანი" ბომბი?

ჩვეულებრივ კონტეინერს, რომელშიც მოთავსებულია მაღალრადიოაქტიური იზოტოპები, დამონტაჟებული აქვს მცირე სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა მხოლოდ იმიტომ, რომ აფეთქების ძალამ კონტეინერის კონსტრუქცია დაშალოს და იზოტოპები რამდენიმე ათეულ ან ასეულ მეტრში მიმოფანტოს, მერე კი ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეების ტრაგედიას უხილავი რადიაცია გააგრძელებს.

გასაგებია, რომ ამ დროს არ იწყება ჯაჭვური რეაქცია და არ ხდება ბირთვული აფეთქება.

"ჭუჭყიანი" ბომბის განმარტებაც პირობითია და ის მსოფლიოში, ძირითადად, ჰოლივუდურმა მძაფრსიუჟეტიანმა მხატვრულმა ფილმებმა გაავრცელეს. შვარცენეგერისა თუ სტალონეს კინოგმირები წარმატებით ანადგურებენ საერთაშორისო ტერორისტებს, რომელთაც "ჭუჭყიანი" რადიოაქტიური ბომბის აფეთქება ნიუ-იორკის ცათამბჯენზე ან ვაშინგტონის მეტროში სურდათ, მამაცი და ძლიერი პერსონაჟები კი ამერიკელ მოქალაქეებს დიდ განსაცდელს არიდებენ. სინამდვილეში "ჭუჭყიანი" ბომბის კუსტარულად დამზადება, სამწუხაროდ, არცთუ ძნელია - მთავარია მაღალრადიოაქტიური იზოტოპების შოვნა.

იონიზირებადი გამოსხივების გამოყენებით შექმნილ ასაფეთქებელ მოწყობილობას რადიოლოგიურ იარაღსაც უწოდებენ და სანამ ათასი ჯურის პოტენციური თუ რეალური ტერორისტი მისი საშუალებით ქალაქების "გაჭუჭყიანებას" მოიფიქრებდა, დიდი სახელმწიფოები მის შეიარაღებაში მიღებაზეც კი ფიქრობდნენ.

საბჭოთა კავშირში სტალინის დროს, გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში, ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით მუშავდებოდა ორი საიდუმლო პროექტი, სახელწოდებით "გერანი" და "გენერატორი", რომლებიც ბალისტიკური რაკეტის (სხვათა შორის, ჰიტლერისგან ნაალაფარი "ფაუ-2"-ის საბჭოთა მოდერნიზებული კლონის) საბრძოლო ქობინში მაღალრადიოაქტიური ნივთიერების განთავსებას ითვალისწინებდა.

samx3-1658668647.jpg
კუსტარული "ჭუჭყიანი" ბომბის საილუსტრაციო ნახატი, თუმცა ნამდვილ "ჭუჭყიან" ბომბს სავარაუდო ტერორისტები, ალბათ, ისე შენიღბავენ, რომ მისი გარჩევა, მაგალითად, სარეცხი მანქანის ან მტვერსასრუტისგან შეუძლებელი იქნება

1957 წელს, უკვე სტალინის გარდაცვალებისა და ბერიას დახვრეტის შემდეგ, ხრუშჩოვმა საბჭოთა სამხედროებს სამი რაკეტა გამოაცდევინა, რომლებსაც საბრძოლო ქობინებში პროექტ "გენერატორი-5"-ით შექმნილი "ჭუჭყიანი" ბომბები ჰქონდა. მეტიც - იმავე პერიოდში ჯერ ყირიმის ნახევარკუნძულზე, მერე კი სემიპალატინსკის ატომურ პოლიგონზე საბჭოთა საბრძოლო ავიაცია ცდიდა სავარაუდო მოწინააღმდეგის პოზიციებზე თვითმფრინავზე ჩამოკიდებული საავიაციო ბაკებიდან თხევადი რადიოაქტიური ნივთიერების ჩამოღვრას. ეს თხევადი მასა ატომური რეაქტორების მუშაობის შედეგად გამოყოფილი რადიოაქტიური ნივთიერებების ნარჩენების მჟავებში გახსნით მზადდებოდა, ლენინგრადთან, ლადოგის ტბაზე კი უკვე საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტი არკვევდა წყალში "ჭუჭყიანი" ბომბების საბრძოლო ეფექტიანობას.

როგორც ახლა ირკვევა, აკადემიკოსი სახაროვი, რომელმაც შემდგომში თავი სამშვიდობო ინიციატივებით გაითქვა, თუმცა საბჭოთა ბირთვული ბომბის შექმნის პროცესის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ, თურმე პირველი ცივი ომის დროს ხრუშჩოვს სთავაზობდა, აშშ-ის სანაპიროსკენ სავაჭრო გემი მიემართათ, რომლის ტრიუმში ფარულად მძლავრი ბირთვული ბომბი იქნებოდა დამონტაჟებული, ხოლო გემის კორპუსის კედლები - რადიოაქტიური "კობალტი-60"-ით დაფარული. ერთი თერმობირთვული აფეთქება ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს მთლიანად ვერ გაანადგურებდა, მაგრამ "კობალტი-60"-ის ატმოსფეროში გაფანტვა ყველა ცოცხალ არსებას რამდენიმე თვეში მოკლავდა.

samx2-1658668647.jpg
უსუნო "ჭუჭყიანი" ბომბის გამოვლენის ერთადერთი ეფექტიანი საშუალება პროფესიონალური მაღალმგრძნობიარე დოზიმეტრია, ისიც მაშინ, თუ პოტენციურმა ტერორისტებმა "ჭუჭყიანი" ბომბი ტყვიის სქელკედლიან კონტეინერში არ მოათავსეს, რომელიც მეტწილად აკავებს იზოტოპების იონიზირებად გამოსხივებას... აფეთქებამდე

საბედნიეროდ, არც რუსებისა და არც ამერიკელების (პირველი ცივი ომის დროს მათაც "აწუხებდათ" აზრი საბჭოთა კავშირის ტერიტორიისა და, ბუნებრივია, მასში იძულებით შემავალი საქართველოს მძლავრი "ჭუჭყიანი" ბომბებით დაფარვის შესახებ). საშიში ჩანაფიქრი "ჭუჭყიანი" ბომბების სამხედრო დანიშნულებით გამოყენების თაობაზე არ განხორციელდა და ის შეიარაღებაში არ მიიღეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება ძალიან განიცდიდა მშვიდობიანი მოსახლეობის შემდგომ ტრაგიკულ ბედს, არამედ იმის გამო, რომ "ჭუჭყიანი" ბომბების ექსპლუატაცია ძალიან ძვირი და, ამასთან, საშიში იქნებოდა თავად სამხედროებისთვის.

რა არის იონიზირებადი გამოსხივება?

იონიზირებადი გამოსხივების წყაროები შეიძლება იყოს ბუნებრივი (მზეზე თერმობირთვული რეაქცია, რადიონუკლიდების სპონტანური რადიოაქტიური დაშლა, კოსმოსური სხივები) და ხელოვნური (ბირთვული რეაქტორები, ელემენტარული ნაწილაკების ამაჩქარებლები, რენტგენის აპარატები და, რა თქმა უნდა, ბირთვული იარაღის აფეთქებები).

იონიზირებადი გამოსხივება­ ცოცხალ ორგანიზმებზე და, უპირველესად, ადამიანზე დამღუპველად მოქმედებს და დამოკი­­დებულია გამოსხივების ტიპსა და ზემოქმედების დროზე. მაგალითად, თუ ადამიანს ალფა-ნაწილაკებისგან თავდაცვა ქაღალდის აფარებითაც შეუძლია (მთავარია, ისინი ორგანიზმში არ მოხვდეს), გამა-გამოსხივებისგან შეიძლება ტანკის სქელმა ჯავშანმაც ვერ დაგიფაროთ.

ადამიანის ორგანიზმზე რადიოაქტიური იზოტოპებით დას­ხივების დოზა იზომება ზივერტებით და ითვლება, რომ თუკი ადამიანმა მთელ სხეულზე მიიღო 1-2 ზივერტი დასხივება, მას მწვავე სხივური ავადმყოფობა განუვითარდება. შედარებისთვის: ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ამერიკული ატომური დაბომბვების შედეგად იქაურებმა (ვინც დაბომბვებს მაშინ გადაურჩა), 230 მილიზივერტი დოზის დასხივება მიიღეს.

სად გამოიყენება იონიზირებადი გამოსხივების ტექნიკური საშუალებები?

იონიზირებადი გამოსხივების სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობა, რომლებთან შეხება ხშირად აქვს მოსახლეობას, გამოიყენება ინტროსკოპიაში (მაგალითად, ადამიანებისა და ტვირთის შემოწმებისას აეროპორტებში), სტერილიზაციაში (სამედიცინო ხელსაწყოებისა და საკვები პროდუქტების), საათებისა და ხელსაწყოების ციფერბლატებზე დატანებულ მუდმივად მანათობელ რადიოაქტიურ ნაერთებში, ხანძრის დეტექტორებში, გაყინვის მაჩვენებელ რადიოიზოტოპურ სიგნალიზატორებში ("კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს, ალბათ, ახსოვს, თავის დროზე რამდენი ვიბრძოლეთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩამოწერილი შვეულმფრენებიდან ამოეღოთ "რიო-3" ტიპის რადიოაქტიური სიგნალიზატორები), რენტგენოგრაფებში, რენტგენოსკოპებში, კომპიუტერულ ტომოგრაფებში.

სპეციალური ინსტრუქციის თანახმად, როდესაც მათი მოქმედების ვადა გადის, ყველა ამ ხელსაწყოდან აუცილებელია იონიზირებადი გამოსხივების წყაროების ამოღება და სპეციალური წესით უტილიზება (რაც მკაცრად კონტროლდება). მართალია, ისინი შეიძლება ამ ხელსაწყოებში გამოსაყენებლად აღარ გამოდგეს, მაგრამ "ჭუჭყიან" ბომბში საშიში ფუნქციის შესრულებას კიდევ შეძლებს.

„ალაზნით“ ნიუ-იორკში „ჭუჭყიანი“ ბომბის აფეთქებას გეგმავდნენ?!

2003 წელს ამერიკულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოლდოვის პრორუსულ სეპარატისტულ დნესტრისპირეთში დაიკარგა 38 სარაკეტო დანადგარი, რომლებსაც სეტყვის საწინააღმდეგო "ალაზანს" ტიპის რაკეტის გაშვება 12 კმ-მდე შეეძლოთ. ამერიკულ სპეცსამსახურებს ეშინოდათ, რომ ამ "ალაზნების" საერთაშორისო ტერორისტების ხელში აღმოჩენის შემთხვევაში ადვილი იქნებოდა მათი რადიოაქტიურ "ჭუჭყიან" ბომბებად გადაკეთება და რომელიმე ცათამბჯენის სახურავიდან ნიუ-იორკისა თუ ვაშინგტონის ცენტრისკენ გაშვება. საბედნიეროდ, ეს შიში არ გამართლდა და მას შემდეგ "ალაზანი" და "ჭუჭყიანი" ბომბი ერთად აღარავის უხსენებია, თუმცა ტექნიკურად ეს შესაძლებელია და ასეთი ჩანაფიქრის განხორციელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის რადიოაქტიურ დაბინძურებაზე საშიში საყოველთაო პანიკა იქნება.