"მინდა ისე დავასრულო კარიერა, ერთი რაუნდიც არ წავაგო!“ - კვირის პალიტრა

"მინდა ისე დავასრულო კარიერა, ერთი რაუნდიც არ წავაგო!“

რამდენიმე კვირის წინ ჩვენს გაზეთში "ქართველ ხართან" - კონსტანტინე ჯანაშიასთან ინტერვიუ დაიბეჭდა, დღეს კი მის მეგობარზე და მსოფლიოში­ ყველაზე მაგარი მკლავის პატრონზე ვწერთ: ლევან საგინაშვილზე!­ დუბაიში გამართულ პრესტიჟულ ტურნირ King of the table 4-ზე, "ქართველმა ჰალკმა" კანადელი დევონ ლარატი გაანადგურა (6:0) და ისევ დაამტკიცა, რომ მისი დამმარცხებელი კიდევ კარგა ხანს არ გამოჩნდება. ორთაბრძოლამდე ორი დღით ადრე ლევანი ავად გახდა (მაღალი ტემპერატურა, სურდო და სახსრების ტკივილი აწუხებდა), თუმცა მედიკამენტებისა და გადასხმების დიდმა დოზებმა კანადელი მეტოქის იმედი ფუჭად აქცია და საგინაშვილმა გამოჯანმრთელება მოასწრო! ლარატი უძლიერესი მკლავჭიდელია, თუმცა კარგად ხვდებოდა, რომ ლევანთან გამარჯვების შანსი არ ჰქონდა და შეურაცხმყოფელი განცხადებებით ცდილობდა ქართველი გოლიათის წონასწორობიდან გამოყვანას. საბოლოოდ კი, როგორც მოსალოდნელი იყო, თვითონ დარჩა წაგებულიც და ტრავმირებულიც. "ლეგენდა ხარ. ტიტანი. საქართველოს და მკლავჭიდის მეფე" - წაგების შემდეგ სოციალური ქსელით მიმართა კანადელმა ლევან საგინაშვილს. ჩვენც ვეთანხმებით და "ჰალკთან" ინტერვიუც ლარატთან შეხვედრით დავიწყეთ:

- მატჩამდე დიდ გულზე კი იყო, მაგრამ როცა მეორედ დავადებინე ხელი მაგიდაზე, ორივე მივხვდით, რომ კანადელი წინააღმდეგობას ვერ გამიწევდა.

- ლარატი მისთვის სასურველი წესებით დაგეჭიდა. ამერიკული ლიგის წესებით პირველად გადავწიე ხელიო, თქვი. რით განსხვავდება ეს წესები კლასიკური მკლავჭიდისგან?

- განსხვავება ბევრია: მაგალითად, შეიძლება ჯარიმა აიღო, მაგრამ ორთაბრძოლა მაინც გააგრძელო, დამარცხებულად, ორის ნაცვლად, სამი ჯარიმის შემდეგ ითვლები, არბიტრი სხვანაირად გაკიდებინებს ხელს, იდაყვის დგომიც განსხვავებულია... მოკლედ, ამერიკული ლიგის წესები უფრო მეტად ჰგავს "ბინძურ მკლავჭიდს", კლასიკურთან შედარებით შეზღუდვაც ნაკლებია.

- ლარატთან შეხვედრაში მოტივაცია არ გაკლდა, რადგან კანადელის არაერთი გამაღიზიანებელი და შეურაცხმყოფელი განცხადების ადრესატი გახდი... კრივსა და UFC-ში ორთაბრძოლამდე მეტოქის გაღიზიანება ჩვეულებრივი ამბავია, მკლავჭიდში კი იშვიათი.

- აქამდე მკლავჭიდელები ყოველთვის თავშეკავებით, პატივისცემით ეკიდებოდნენ მოწინააღმდეგეს, ლარატმა კი მოკრივეებს მიჰბაძა და ყველანაირად ცდილობდა ჩემს გაღიზიანებას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მისი შეურაცხმყოფელი სიტყვები და ქცევა მაყურებელზეც იყო გათვლილი და ჩემი წონასწორობის დაკარგვასაც ისახავდა მიზნად. შესაძლოა ეს ერთგვარი მარკეტინგული ხრიკიც იყო - რაც მეტია აჟიოტაჟი, მეტია ინტერესიც, მაყურებელიც და ფულიც.

halk2-1658669801.jpg

- მიაღწია საწადელს, შეძლო შენი გაბრაზება?

- გამაბრაზა, მაგრამ მთავარ მიზანს - შეცდომები დამეშვა შეხვედრის დროს - ვერ მიაღწია! ლარატის შეურაცხმყოფელი კამპანია რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა: სპეციალურ ვიდეოებს წერდა, ქართული სიმღერაც კი გადააკეთა და შეურაცხმყოფელი სიტყვები ჩაამატა. ბოლოს შევუთვალე, ხელს მოგტეხ-მეთქი და... თითქმის შევუსრულე კიდეც - მკლავის მყესები გაუწყდა, მთელ მკლავზე სისხლჩაქცევები ჰქონდა...

- შენთან შეხვედრამდე ლარატს ზედიზედ 10 შეხვედრა ჰქონდა მოგებული. შარშან ჯონ ბრზენკსაც აჯობა. ლეგენდარული ამერიკელი უკვე ვეტერანია (15 ივლისს ბრზენკი 58 წლის გახდა. - რ.შ.), მაგრამ მკლავში ძალა თითქმის ძველებურად ერჩის და ლარატისთვის სამჯერ ჰქონდა მოგებული. შენ რას იტყვი ბრზენკზე, რომელიც, "გინესის რეკორდების წიგნის" თანახმად, "ყველა დროის უდიდეს მკლავჭიდელად" არის დასახელებული?

- ბრზენკი მართლაც არის მკლავჭიდის ლეგენდა. 19 წლისა გახდა მსოფლიო ჩემპიონი და მას შემდეგ არ გაჩერებულა - ყველაფერი მოგებული აქვს. ბოლო ოთხი ათეული წლის განმავლობაში თუ ვინმე გამოჩნდა მკლავჭიდში, ყველასთვის აქვს მკლავი გადაწეული.

- შენ გარდა! სამწუხაროდ, არ მოგეცა ბრზენკთან შეხვედრის შესაძლებლობა, რომ გეჩვენებინა, ვინ არის "ყველა დროის უდიდესი მკლავჭიდელი"!

- ჯონ ბრზენკი მართლაც ლეგენდარული მკლავჭიდელია. 100 კილოგრამამდე წონის იყო ხოლმე და 150-კილოგრამიან მეტოქეებს ამარცხებდა. ბრზენკის გარდა, მომწონდა ვოევოდა, პუშკარი... სხვათა შორის, ლარატიც.

- სანამ ღირსეულად იქცეოდა! დამარცხების შემდეგ ლარატმა გაჩუქა თავისი მოგებული ურო, ე.წ. "თორის ჩაქუჩი". მარცხს წინასწარ იყო შეგუებული თუ დუბაიში რისთვის წამოიღო?

- მითხრა, საჩუქრად წამოვიღე, რომც მომეგო, მაინც შენთვის უნდა მეჩუქებინაო. ისიც მითხრა, უროში სიურპრიზიც ინახებაო, მაგრამ მოვითმინე და საჩუქრის გახსნა იუთუბვიდეოს გადაღებამდე გადავდე.

- მეტოქეებს შენი დამარცხების თეორიული შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ გამძლეობაში გაჯობებენ და ხელს რამდენიმე წამის განმავლობაში მაინც გააჩერებენ ვერტიკალურად... მაგრამ ამის შესაძლებლობას არავის აძლევ!

- რამდენიმე წლის წინ გამძლეობა მართლაც იყო ჩემი სუსტი წერტილი, ახლა უკვე - აღარ. ყველა ცდილობს "დამღალოს", ჰგონიათ, გამძლეობა არა მაქვს... არადა, ეს ნაკლიც გამოვასწორე და საბოლოოდ თვითონ აღმოჩნდებიან ხოლმე "დაღლილი".

- ლარატი იმედიანად იყო, რადგან არ იცოდა, რასთან ჰქონდა საქმეო... შენს შემთხვევაში "რასთან გვაქვს საქმე"? რა არის ლევან საგინაშვილის უძლეველობის საიდუმლო: ბუნებრივი ძალა, უძლიერესი მაჯა თუ კიდევ სხვა რამ? რაც მთავარია, სად პოულობს მოტივაციას სპორტსმენი, რომელსაც ყველაფერი მოგებული აქვს, როცა ყველა კონკურენტი დამარცხებულია?

- საიდუმლო არაფერია - გენეტიკა, მონაცემები, შრომა და სურვილი, სულ მქონდეს პროგრესი... ვარჯიშიც არასდროს მეზარება და ყოველი შეჯიბრების წინ ვცდილობ უფრო მაგარი ვიყო, ვიდრე მანამდე. რაც შეეხება სტიმულს, მე თვითონ შევიქმენი მოტივაცია ჩემთვის - მინდა ისე დავასრულო კარიერა, პროფესიულ მკლავჭიდში ერთი რაუნდიც არ წავაგო! ამ ეტაპისთვის ეს მაჩვენებელია 36:0.

- მოქმედი მკლავჭიდელებიდან ვინ შეიძლება იყოს ისეთი, ვინც მომდევნო წლებში მაინც შეძლებს შენთვის კონკურენციის გაწევას?

- ძლიერი სპორტსმენები რუსებსაც ჰყავთ - ლალეტინი და ციპლენკოვი (თუ დაბრუნდა), ამერიკელებსაც (მაიკლ ტოდი) და საქართველოშიც არაერთია - გენადი კვიკვინია, რევაზ ლუტიძე და სხვები... სხვათა შორის, ტოდს მეც უნდა შევხვედროდი, მაგრამ ჩემამდე ლარატი შეხვდა და 6:0 დაამარცხა. ასე რომ, ბევრი ძლიერი მკლავჭიდელია და ყველა დიდი მონდომებით ვარჯიშობს. მას შემდეგ, რაც დუბაიში იმართება ტურნირები, მკლავჭიდში დიდი ფინანსები გამოჩნდა და მოტივაცია ყველას მოემატა. ვნახოთ... დეკემბრის ბოლოს კიდევ ვაპირებ დუბაიში ასპარეზობას. მანამდე კიდევ ორი ტურნირი უნდა გაიმართოს და იმედია, დეკემბრამდე გამოჩნდება საინტერესო მოწინააღმდეგე. რომ გითხრათ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ვის შევხვდები-მეთქი, მოგატყუებთ, რადგან ძალიან ბევრი მკლავჭიდელია დაახლოებით ერთ დონეზე.

- ბოლო წლებში დუბაი მასშტაბური სპორტული ღონისძიებების ერთგვარ "მექად" იქცა. არის სხვა ქალაქიც, სადაც კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით შეერკინებოდი ღირსეულ მოწინააღმდეგეს?

- ამაზე არ მიფიქრია. დუბაიში ასპარეზობა კი ძალიან მომწონს - საორგანიზაციო საკითხები ყოველთვის უმაღლეს დონეზეა, ხანგრძლივი მგზავრობაც არ მიწევს ხოლმე - სამ საათში ჩავდივარ. ასე რომ, ყველანაირად კომფორტულია. თბილისი? ალბათ, ამის დროც მოვა... ისე კი, გულშემატკივრის გარდა, ჩვენთან დიდად არავის აინტერესებს სპორტის ეს სახეობა. ვისაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და ევალება კიდეც, მათგან არაფერი ისმის. რაღაზეა ლაპარაკი, როცა ბათუმში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაც კი ვერ მოვახერხეთ? იმის ნაცვლად, მასშტაბური ტურნირის მასპინძლობით საქართველოში მკლავჭიდის განვითარებისთვის ხელი შეგვეწყო, დისკვალიფიკაცია დავიმსახურეთ!

- სამწუხაროა, რომ იმ დიდ წარმატებას, რითიც შენ და სხვა ქართველი მკლავჭიდელები პოპულარიზაციას უწევთ სპორტის ამ სახეობას და ჩვენს ქვეყანას, გაგრძელება და ხელშეწყობა არ მოჰყვება.

- ძალიან ბევრ ახალგაზრდას სურს მკლავჭიდში ვარჯიშის დაწყება - მწერენ, მეკითხებიან, მაგრამ მოქმედი სპორტსმენის რანგში სრულფასოვნად ვერ შევძლებ ორივე საქმის ერთდროულად კეთებას, სანახევროდ კი ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას. მით უმეტეს, რომ მკლავჭიდს თავისი დარბაზიც არა აქვს. ჩვენთან მხოლოდ ის უნდათ, რომ გაიმარჯვო. როგორ იგებ და რა გჭირდება, არავის აინტერესებს.

- მახსოვს შენი რამდენიმე წლის წინანდელი ინტერვიუ - ჩემგან დამარცხებულ ყაზახ მკლავჭიდელს სამშობლოში გმირივით დახვდნენ, 100-ათასიანი ავტომანქანა და ცხენი აჩუქეს, მე კი ძმაკაცმა შაურმაზე დამპატიჟაო!

- მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - ბინაც მაჩუქეს, სპონსორებიც გამოჩნდნენ და გაცილებით მეტ ყურადღებას ვგრძნობ კერძო სექტორისგან, სახელმწიფო კი ჩემს არსებობას ისევ არ იმჩნევს! როგორ არა - გამარჯვების შემდეგ შემხვდებიან ხოლმე, ფოტოებს გადაიღებენ, დამპირდებიან კიდეც რაღაცებს, მაგრამ ვიცი, რომ არაფრის მოლოდინი არ უნდა მქონდეს.

- არა უშავს - შაურმაზე მეგობრები მაინც ხომ გეპატიჟებიან? ისე, როცა "ქართველი ჰალკი" და "ქართველი ხარი" (ლევანის მეგობარი "სტრონგმენი" კონსტანტინე ჯანაშია. - რ.შ.) რესტორანს სტუმრობთ, 99 ხინკალს უკვეთთ ხოლმე?

- სხვათა შორის, ამ საქმეში კოტე ბევრად წინ არის - ჩემზე ორ-სამჯერ მეტი შეუძლია (იცინის)! ჭამა ნამდვილად არ არის ჩემი ძლიერი მხარე...

- აბა, რა არის? მკლავჭიდის გარდა, რა უყვარს ლევან საგინაშვილს, რას ეძახი განტვირთვას?

- კინოთეატრში წასვლას, ქალაქგარეთ გასეირნებას, მეგობრებთან ყოფნას... ძალიან მიყვარს ფეხბურთი და საავტომობილო სპორტი. ავტოსპორტის ყურებაც მიყვარს და სწრაფი ავტომანქანებიც. თავადაც ვმართავდი მძლავრ ავტომობილს, მაგრამ როცა გავაცნობიერე, რომ ძალიან შევეჩვიე სისწრაფეს, "ტრაქტორზე" გადავინაცვლე და ამჟამად Hummer H2-ით დავდივარ.

- სტალონეს პერსონაჟი მკლავჭიდელი გაჭირვების ჟამს კეპს შეიტრიალებდა ხოლმე... შენ თუ გქონია ან გაქვს "რიტუალი", რასაც ორთაბრძოლის წინ ასრულებ?

- თქვენი ნახსენები ფილმი ბავშვობაში მეც მაქვს ნანახი, თუმცა, როცა მკლავჭიდში დავიწყე ვარჯიში, უფრო ხშირად მოქმედი მკლავჭიდელების ვიდეოებს ვუყურებდი ყოუტუბე-ზე. რიტუალს რაც შეეხება, მსგავსი არაფერი. მხოლოდ მაგიდასთან დგომის ჩემებური, სახასიათო მანერა მაქვს და ეგაა.

- აქვს მკლავჭიდს პერსპექტივა, გახდეს ოლიმპიური სახეობა?

- რატომაც არა, თუ მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის ხელმძღვანელობა ოდესმე შეიცვლება. ამ ფედერაციის ხელში ეს გამორიცხულია!

- ხელისუფლების თუ არა, გულშემატკივრის ყურადღებას ხომ ყოველ ნაბიჯზე გრძნობ? რას ეტყვის "ქართველი ჰალკი" ქართველ ქომაგებს?

- გულშემატკივრები რომ არა, სპორტს დიდი ხნის წინ დავანებებდი თავს. სწორედ ისინი მაძლევენ ძალას და მოტივაციას, არ გავჩერდე! მადლობა ჩემს ქომაგებს იმ სიყვარულისთვის, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვხედავ. ვეცდები კიდევ არაერთხელ გავახარო.

- ...სპორტიდან დიდი ხნის წინ წავიდოდიო. ეს იმასაც ნიშნავს, რომ გიფიქრია - რას გააკეთებ, სად იქნები მკლავჭიდიდან წასვლის შემდეგ!

- ალბათ, კინოში... პირველი მცირე როლის შემდეგ (ლევანმა 2020 წელს ითამაშა ბრიტანულ-არაბულ ფილმში The Lady of Heaven. - რ.შ.), ბოროტი პერსონაჟიც განვასახიერე Netflix-ის ფილმ Extraction 2-ში, რომელიც 2023 წლის დამდეგს უნდა გამოვიდეს ტელეეკრანებზე. გადაღება ძალიან საინტერესო იყო და დიდი გამოცდილებაც მივიღე. რაც მთავარია, საყოველთაო შეფასებით, დავალებებს კარგად გავართვი თავი და გადამღები ჯგუფის შექებაც დავიმსახურე. მგონი, ვერც მიხვდნენ, პროფესიონალი მსახიობი რომ არ ვარ (იცინის).