მწერალი-მოახლე - ელისის ახალი „პროფესია“ - კვირის პალიტრა

მწერალი-მოახლე - ელისის ახალი „პროფესია“

„ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრის ნომრის დალაგება დამევალა და მეგობარი მეხუმრებოდა, ორი დღეა, აქ ხარ და უკვე დაგაწინაურესო“

ცოტა ხნის წინ სვანეთის ტურს ერთად ვგეგმავდით - ბეჩო, მესტია, ჰაწვალი, ჰეშკილი, უშგული, შდუგრა, მეზური უნდა მოგვევლო, უშბის ძირას გამოგვეძინა. უცებ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუშეთშია, ერთ-ერთ სასტუმროში დილით - დამლაგებლად, საღამოს კი მიმტანად იმუშავებს ერთი თვის განმავლობაში. მაინცდამაინც არ გამკვირვებია მისი, ერთი შეხედვით ავანტიურული გადაწყვეტილება და როგორც მის მეგობარ-ნაცნობთა­ უმრავლესობა, საინტერესო ამბების მოლოდინით სოცქსელში მის გვერდს ჩავუჯექი, მერე კი მომინდა, შთაბეჭდილებები ჩვენი მკითხველისთვისაც გამეზიარებინა. ზოგი ელოდება, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის "მოახლის" მთავარი პერსონაჟის, ჯენიფერ ლოპესის გმირის მსგავსად, სასტუმროში საბედისწერო პრინცს გაიცნობს, ზოგსაც ჰგონია, ელისს მალე მოსწყინდება დროებითი პროფესია და თბილისს დაუბრუნდება,­ მაგრამ მნიშვნელოვანია, თვითონ რას ფიქრობს.

ელის დოჯსონი: - მოგზაურობის­ დროს მძაფრი და სრულფასოვანი ემოციე­ბისთვის რამდენიმე დღე არ კმარა, უფრო ხანგრძლივად წასვლა კი ძვირი ჯდება. სვანეთში წასვლა რომ გადავიფიქრე, იმ საღამოს ინტერნეტში ინფორმაციებს ვათვალიერებდი და უცებ თვალში მომხვდა განცხადება - თუშეთში, სასტუმროში, დამლაგებელი სჭირდებოდათ. სასტუმროს გვერდიც დავათვალიერე და დილითვე დავრეკე.­ მწერალი ვარ,­ წიგნის დაწერა მსურს და მხოლოდ ერთი თვით თუ მამუშავებთ-მეთქი?­ რატომაც არაო?! ბარგი ჩავალაგე და სვანეთის­ ნაცვლად თუშეთის გზას დავადექი. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, იაფად­ და ხანგრძლივად გაატარო დრო იმ სივრცეში, რომელზეც სხვა დროს, შესაძლოა, არც გეფიქრა...

დილის 10-ის ნახევრიდან ვმუშაობთ. სანამ სამუშაო ფორმას ჩავიცვამ, 2 საათი­ დრო მაქვს ყავისთვის, გამოსაფხიზლებლად და დილის მზეზე მისაფიცხებლად. 2 საათამდე კერხერის და ტილოების დროა. დღეს 30 სტუმარი გადის, ე.ი. 30 ნომერია დასალაგებელი, 30 ხელი თეთრეული - გამოსაცვლელი, 30 ოთახის მტვერია გადასაწმენდი, 30 სველი წერტილიც - გასაწკრიალებელი. გააჩნია სტუმრების რაოდენობას - ზოგჯერ შეიძლება ღამის 2 საათამდეც ვიმუშაოთ. სხვებსაც ვეხმარები. არაჩვეულებრივი გუნდია, ოჯახივით. არ გამოდის,­ ჩემს საქმეს მოვრჩი, წამოვწვები, ან ტექსტს დავწერ-მეთქი, რომ ვთქვა. ყველა ყველას ეხმარება.­ სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამ გუნდის გამოც ღირს აქ ყოფნა. ცოტა ხნის წინ, მთის დღეები რომ იყო და ბევრი­ სტუმარი გვყავდა, მე პრემიერ-მინისტრის ნომრის დალაგება დამევალა და მეგობარი მეხუმრებოდა, ორი დღეა, აქ ხარ და უკვე დაგაწინაურესო. ჩემი თავისთვის ერთგვარი გამოცდაც გამომდის. იტყვი, რა არის დამლაგებლობა? არც არაფერი, სახლს ხომ ყველა ვალაგებთო? კი ბატონო, თუმცა სასტუმროს დალაგებას სხვა სპეციფიკა აქვს. უნდა მიეჩვიო სტუმრების ქვემოდან ცქერას. გახსოვდეს, რომ მათ წინ არ უნდა გაიარო, დისკომფორტი არავის უნდა შეუქმნა. დიახ, მომსახურე პერსონალი თითქოს ჩრდილები ვართ და სტუმრებსაც, ისევე, როგორც მე სასტუმროში სტუმრად ყოფნისას, წარმოდგენა არ აქვთ, ვისი შრომის ფასად პრიალებს ყველაფერი. ამ შრომის მნიშვნელობას ახლა მივხვდი და გავაცნობიერე.

თებჟორიკას და დორას მოლოდინში

შევეჩვიე აქაურ ცივ საღამოებს და სუსხიან დილას, მაგრამ ღამით უშუქოდ ძილს - ვერა. მთელი ღამე ბრა ანთია. სასტუმრო ყოფილი სალოცავის ადგილზეა აშენებული და აქაურობაზე ლეგენდები დადის, ნომრებში მოჩვენებები დაბორიალობენო. მეც ხან ძილის დროს მკლავზე­ ჭინკების თითების ნაკვალევი მელანდება, ხანაც - აქაურ მითიურ პერსონაჟებზე: თებჟორიკასა და ცალთვალა დორაზე ვფიქრობ. როდესაც ცოტა სტუმარია, თავისუფალი დროც გვაქვს. დღეს ცხენებით კესელოებზე­ ავალთ. ერთი კვირაა, რაც ჩამოვედი და ზემო ომალოში ჯერ ვერც ამიხედია. ყოველდღე ბოჭორნას გავყურებ, ისიც - შორიდან. სანამ აქ ამოვიდოდი, ძალიან მენატრებოდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. წასნეს მთის წინ (წასნე იმ ხატის სახელია, რომლის წინაც სასტუმროა) გავიშხლართე ბალახში გულაღმა და ყველა წამით ვტკბებოდი. ვითომ ხომ ჩვეული­, ყოველღამეული ამბავია ვარსკვლავებიანი ცა, რომელიც 40 წელია, თავზე დამყურებს, მაგრამ ისეთი განცდა მქონდა, თითქოს დიდი ხნის უნახავ სასწაულს ვუცქერდი. დიდი დათვის თანავარსკვლავედი ჩემი საყვარელი თანავარსკვლავედია (მარტო მაგას ვცნობ). ისე მიყვარს, მინატრია, ჰოროსკოპით რატომ დიდი დათვი არ ვარ-მეთქი. შეიძლება იმიტომ მიყვარს, რომ მარჯვენა მკლავზე ჩემი ხალების ხომლი ზუსტად ამ თანავარსკვლავედის განლაგებას იმეორებს. გული ვიჯერე ვარსკვლავების ცქერით (გვარიანადაც შემცივდა). წამოდგომას ვაპირებდი, რომ წამომადგა ერთი დამსვენებელი, აქ რას აკეთ­ებო? ცის გახსნას ველი-მეთქი. ჩამომიჯდა და თავადაც აიხედა ზემოთ - მალე იქნებაო? ამასობაში მთვარემაც ამოანათა და ამ დროს აქ ამბავი ხდებაა!.. თუ თუშებს დავუჯერებთ, თებჟორიკების ფერხული იწყება. თებჟორიკაზე ყველა თუში ერთ ამბავს მაინც მოგიყვება. მათი აღწერილობით, ხევსურული კოჭუკუღმართისნაირი ქალია, თეთრი, უშნო და ფეხები უკუღმა შებრუნებული აქვს. თუ თებჟორიკას დაიჭერ, როგორმე ფრჩხილი უნდა მოაცალო და მერე მსახურად დაგიდგება. რასაც ეტყვი, ყველაფერს გისრულებს, ოღონდ უკუღმა უნდა უთხრა. მაგალითად: "ჭურჭელი დამისვარე" - დარეცხავს; "სახლი ამირიე" - დაალაგებს... ვიფიქრე, ვიფიქრე და, მე არაფერში­ მჭირდება ეგ თებჟორიკა. იყოს თავისუფალი და ინავარდოს, როგორც უნდა. აქ კიდევ დორა ჰყავთ, ცალთვალა ციკლოპის ანალოგი, წითელი თვალით. დორაის ხარიც ჰყავთ, შუბლზე ერთთვალიანი ხარი. მწყემსების ღმერთის სახელი დამავიწყდა და იმედია, ვინმე გამახსენებს. ეს მითები რომ გავიგე, ცოტა კი დავფეთდი და იმ ღამით შუქი არ ჩამიქრია, ისე მეძინა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნომერი დაკავებული იყო და თვით პრემიერის დაცვაც კი გვიცავდა.

თუშურაები

თუ აქაურ ამბებს მოთხრობებად დავწერ, აუცილებლად მოვყვები თუში ნინოს ამბავს. აქ ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს. ჭრელი, ციმციმა თვალები აქვს და ოქროს საყურე უკეთია. ქმარმა ამით დამნიშნაო, ღიმილით მითხრა, როცა შეამჩნია რომ ვაკვირდებოდი. როცა ნერვიულობს, სიტყვები ავიწყდება. ვიტილიგოს გამო რეცხვით დაღლილ ხელებს უხერხულად მალავს. ქმარს გაშორებულა - მცემდაო. მეორე წელია, აქ მუშაობს, სეზონზე. გული მიკვდება, ჭურჭლის გროვაში ჩაფლულ ნინოს რომ ვხედავ. დილიდან გვიან ღამემდე დგას და რეცხავს. რომ დაინახავს, ჩემს ჭურჭელს თვითონ ვრეცხავ - ელისო, მაიტა, მე დავრეცხავო, ან დატოვე და მერე დავრეცხავო. ვიცი, ჩემი ჭურჭელი ზღვაში წვეთია, მაგრამ იმ წვეთისა დაისვენე-მეთქი, ვეუბნები. ხელს სხვა რამეებსაც წავკრავ. ხან - ცხელი წყალი მსიამოვნებს-მეთქი, ვატყუებ... ისე ვიღლებიო, გამომიტყდა, დღეს იდაყვზე დაყრდნობილი ვრეცხავდი, წელი ისე მეტკინა, ვერ ვგრძნობდიო. ფეხებიც მტკივდება და ხან ცალ ფეხზე ვდგავარ, ხან - მეორეზე, წეროსავითო. ერთი სული მაქვს, დავიძინო და ღამე ტკივილი მხრავს, ვერ ვიძინებო. მიყვარს ნინო, რომელსაც მღელვარებისგან სიტყვები ავიწყდება და თუშურ სევდიან სიმღერებს მღერის.

აქ კიდევ, ერთი საყვარელი გოგოა. ყოჩაღი, ლაღი, ცქრიალა - აი, 19 წლის გოგოები რომ არიან, თანდაყოლილი სიმარდე-სიყოჩაღით. ამ გოგოს მიმაბარეს სტაჟიორად და დალაგებას მასწავლიდა. ასეთი­ გულიანი თანამშრომელი უნდა ინატრო. ვერაფერს "გაახალტურებინებ". ერთი თუში ბიჭი მოსწონს. იმ დღეს მეუბნება, ნეტაი დავენახე ამ ბიჭს, რა ყოჩაღი ვარ, რამდენს ვშრომობ, ხო უფრო მოვეწონებოდიო და შევაჩერე! "შენ ფიქრობ, რომ ქალი ხეხვა-რეცხვით და დალაგებით ფასდება?" - ჩავრთე ფემინიზმი და თანასწორობა. ორდღიანი ლექციები ჩავუტარე ქალთა უფლებებზე და ახალი ტენდენციები გავაცანი. ამ ამბის გაგრძელება წიგნში იქნება, რომელსაც თუშეთში მოგზაურობის შემდეგ დავწერ.

ვინც ჯეილოს გმირის მსგავსად, ჩემ­განაც„პრინცთან შეხვედრას ელის, ჯერ იმედი­ უნდა გავუცრუო. ამ დრომდე ისეთი მომხიბლავი სტუმარიც არ გამიცნია, რომ გული შემვარდნოდა, ან კიდევ ვინ გაცდის რამეს? ერთ გიდს გამოველაპარაკე და ჩემმა­ ახალმა მეგობრებმა გამომძახეს, ელისოო­ (აქ ასე მეძახიან), რას უდგეხარ მანდა, მალე გამოადგი ფეხიო...