ამბავი "ხათრიანი დევისა“ - კვირის პალიტრა

ამბავი "ხათრიანი დევისა“

ხათრიანი კაცი ყველაფერში ხათრიანია. არც საკუთარ აზრს მოგახვევს თავს და არც - პრობლემას. პირიქით, ისეთი მორიდებულია, ყველას ეთანხმება. ხათრიანები ვერასოდეს აღწევენ მიზანს. სხვების აზრის მუდმივად გათვალისწინებას, უარის ვერთქმას ხშირად ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს. სხვა რომ არაფერი, მისი ცხოვრება უინტერესოდ მიედინება... ამ წერილში სწორედ ასეთ კაცზე უნდა გიამბოთ.

დევი დიდი ხნის ნანატრი შვილი იყო. ცოლ-ქმარს შვილის ყოლის იმედი რომ გადაეწურა, სწორედ მაშინ მოევლინა ბავშვი ქვეყანას. 12 წლის მერე ბიჭის დაბადება მშობლებმა უფლის წყალობად მიიჩნიეს და დიდი ნადიმიც გადაიხადეს. ბავშვს დევი დაარქვეს - 5.400 გრამი და 55 სმ დაიბადა. ჭირვეული სულ არ იყო, ჭამდა და ეძინა, ამიტომაც `ოქროს ბიჭი~ შეარქვეს. ბაღში რომ მიიყვანეს, ყველას ზემოდან დაჰყურებდა... ხომ ამხელა იყო, მაგრამ ვისაც მოეპრიანებოდა, ყველა მას ჩაგრავდა.­ ბავშვს გული სწყდებოდა და ტირილით გამოხატავდა წყენას. თუ დედამისის ყურამდე მიაღწევდა ეს ამბავი, ქარბორბალა დატრიალდებოდა ხოლმე - ზეიკო არც დიდს ინდობდა, არც - პატარას. მან კარგად იცოდა შვილის ხასიათი, არავის რომ არ აწყენინებდა, დარწმუნებული იყო. შვილზე გადაფოფრილ დედას ყველა ერიდებოდა, ამიტომ თუკი ინციდენტი მაინც მოხდებოდა, მასწავლებელი დევის ცალკე გაიყვანდა და არიგებდა: შენ ხომ ჭკვიანი ბიჭი ხარ, არ უთხრა დედიკოს, კახამ რომ გაწყენინა, თორემ დედას გული ეტკინება, გაბრაზდება და ყველას წაგვეჩხუბებაო, თუმცა დარიგება არც უნდოდა - ხუთი წლის ბავშვს უკვე ესმოდა, რომ დედისთვის ცუდი ამბავი არ უნდა ეთქვა, რადგან კონფლიქტი არ უყვარდა და არც ის უნდოდა, მშობელს ენერვიულა.

სკოლაში რომ მივიდა, სიმაღლით ერთიორად გაიზარდა. ახლობლებმა მშობლებს ურჩიეს, კალათბურთზე ან რაგბიზე მიიყვანეთო, მაგრამ ზეიკომ ხელები გაასავსავა, ისეთი სპორტი არ მინდა, სადაც შეიძლება ფეხი ან ხელი მოიტეხოსო და ცურვაზე მიიყვანა. სხვათა შორის, მეგობრებს ძალიან უყვარდათ დევი. შეძლებული ოჯახის შვილს ყოველთვის ჰქონდა ჯიბის ფული და ვინც სთხოვდა, ყველას აძლევდა. ამის გამო სკოლაში `კეთილი დევი~ შეარქვეს. ჩხუბისას დევი შესაშინებლად მიჰყავდათ. ამის ხელი მტერს მოხვდესო, იცინოდნენ ძმაკაცები და მართლაც, ისეთი მძიმე ხელი ჰქონდა, ერთს რომ დაარტყამდა მოწინააღმდეგეს, ფეხზე ვეღარ დგებოდა.

მეათე კლასში იყო, როცა კლასელმა­ სთხოვა, საქმის გასარჩევად გამომყევი, ერთი უბნელი გადამეკიდა, რამდენჯერმე­ დამხვდა და მცემაო. მიზეზი გოგონა აღმოჩნდა... აბა, კეთილი და ხათრიანი დევი უარს როგორ ეტყოდა და გაკვეთილების მერე გაჰყვა. იმ ვიღაცამ შორიდანვე დაინახა დიდი დევი. სხვა ბიჭიც ახლდა, მაგრამ მიხვდა, სამიც რომ ჰყოლოდა გვერდით, დევის ვერ მოერეოდნენ და იმ დღეს მათი წალაპარაკება ჩხუბში აღარ გადაზრდილა, ბიჭურად შეთანხმდნენ, ორი დღის შემდეგ კიდევ შევხვდეთ, თქვენც მოიყვანეთ თქვენი საძმო და ჩვენც მოვიყვანთო. ცხადი იყო, მოწინააღმდეგე დიდი ჩხუბისთვის ემზადებოდა. დაზარალებულმა კახამ დევისთან ერთად კიდევ სამი ბიჭი გაიყოლა. ისინი უკვე ელოდებოდნენ - რვანი იყვნენ... ატყდა ჩხუბი, მაგრამ დევიმ ადვილად მიაწვინა ყველა. ისინიც მალე მიხვდნენ, მხოლოდ მუშტით ვერ დაამარცხებდნენ და ვიღაცამ დანა ამოიღო, უკნიდან მიეპარა და ფერდთან ორჯერ ჩაარტყა. ტკივილი არც უგრძნია და გაუკვირდა, მოწინააღმდეგეები ფაცხაფუცხით რომ გაიქცნენ. მერე გვერდში სისველე იგრძნო და მიხვდა, დაჭრილი იყო... საავადმყოფოში წაიყვანეს... ელენთა ჰქონდა დაზიანებული და ოპერაცია დასჭირდა. მოკლედ, გადარჩა, მაგრამ დევის მშობლებს რა გააჩერებდა? ზეიკო ჯერ სკოლაში მივიდა, მერე იმ გადამალული ბიჭების ოჯახებშიც მივარდა და ქარიშხალი დაატრიალა, ბოლოს კი იჩივლა. ახლა იმ ბიჭების მშობლები გააქტიურდნენ, გამოძებნეს პოლიციის გავლენიანი თანამშრომელი და შუამავალი მიუგზავნეს დევის დედ-მამას, რად გინდათ, ბიჭებს შორის მტრობა ჩამოვარდეს, ახლა რომ ციხეში გაუშვან, 7-8 წლის მერე ხომ გამოვლენ უფრო გაბოროტებულები და მერე რას შვრებითო? ამ უტიფრობამ მთლად გააგიჟა ზეიკო, მაგრამ აქამდე მდუმარედ მყოფმა ხათრიანმა დევიმ დედას უთხრა, საჩივარს თუ არ გამოიტან, იცოდე, სახლიდან წავალო... სხვა გზა არ იყო, მშობლებმა იფიქრეს, მართლა უარესი არ მოხდესო და საჩივარი გამოიტანეს, შეთავაზებულ ფულზე კი კატეგორიული უარი თქვეს.

სკოლის დამთავრების შემდეგ აგრარულ უნივერსიტეტში ჩააბარა დევიმ. თავისი კურსელი გოგონა შეუყვარდა, მაგრამ ვერ უტყდებოდა სიყვარულში... ამ მდუმარებაში და შორით კვდომა-ტრფობაში გავიდა სამი წელი, მეოთხე კურსზე კი ანა გათხოვდა. დევიმ ძალიან იდარდა, მაგრამ რაღას უშველიდა? შვილის დარდი და ურვა არ გამოჰპარვია ზეიკოს, ჰოდა, გადაწყვიტა, დევისთვის კარგი გოგო მოეძებნა. ბევრი არჩია და ბოლოს აარჩია კიდეც - თავისი მულის მეზობლის შვილი, 20 წლის მაკა, რომელიც ილიაუნში სწავლობდა. იმდენი უჩიჩინა შვილს, რომ შეხვედრაზე დაიყოლია. წავიდა ხათრიანი დევიც და უნივერსიტეტთან დაუდარაჯდა გოგოს. აინტერესებდა, მართლაც ასეთი კარგი იყო, თუ დედა აჭარბებდა? გაცნობას რომ ვერ გაბედავდა, ისედაც ყველამ იცოდა. მაკა დანახვისთანავე მოეწონა და როცა დედას თავისი აზრი უთხრა, ზეიკოც დატრიალდა. სამ თვეში საქმე გაიჩარხა და იქორწინეს კიდეც. თაფლობის თვეც ბედნიერად გაატარეს საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე, მაგრამ იქიდან დაბრუნებულ მაკას, სულ რომ ვერ წარმოედგინა, ისეთი ოჯახური სიტუაციები ელოდა. ზეიკომ თანდათან უფრო კარგად მოირგო დედამთილის მანტია და ახალგაზრდების წვრილმან-მსხვილმანში ცხვირს ჰყოფდა. ბევრი ეჩიჩინა ქმარი, შეეშვი ახალგაზრდებს, როგორც უნდათ, ისე იცხოვრონო, მაგრამ ზეიკო იმ ქალების კატეგორიაში არ შედიოდა, ასე იოლად რომ იხევენ უკან. მოკლედ, საყვედურებს ბოლო არ უჩანდა. დევი ღიმილით იგერიებდა დედის უკმაყოფილების კასკადს, მაკას კი სწყინდა, თან ძალიან უკვირდა, რომ ამხელა კაცი სიტყვის შებრუნებასაც ვერ უბედავდა აქოთქოთებულ ქალს. მაკა ბავშვის დაბადების შემდეგ დედასთან გადავიდა და ახლა ამაზე აუშარდა შვილს: ჯერ ერთი, რა საჭირო იყო იმ მოცუცქნულ ბინაში რომ წავიდა, მეორეც, დედამისი რას გაუკეთებს ისეთს, რისი გაკეთებაც მე არ შემიძლიაო. იმდენი ქნა, დევიმ ორ კვირაში წამოიყვანა ცოლ-შვილი. ხვდებოდა მაკა, რატომაც იჩქარა ქმარმა, მაგრამ ხმას არ იღებდა. უყვარდა თავისი კეთილი მეუღლე, მეგობრებში კი ვერ მალავდა უკმაყოფილებას: თუ ოდესმე დავშორდით, იცოდეთ, რომ ზეიკოს ბრალი იქნებაო...

ზეიკო ვერც იმას ეგუებოდა, რომ მისი უსიტყვოდ მორჩილი შვილი მაკას მიმართაც ასეთივე იყო. დაიმარტოხელებდა ამხელა კაცს და ტვინს უბურღავდა, ხანდახან შენი ცოლის საქციელი გააპროტესტე, დავიჯერო, ყველაფერი მოგწონს? იცოდე, შენნაირ ქმრებს ცოლები რქებს ადგამენ და დროზე გაახილე თვალიო... დევი ცოლს ენდობოდა, მის საქციელში ვერც საეჭვოს ხედავდა რამეს და ვერც - მიუღებელს, მაგრამ დედას ვერაფერს ეუბნებოდა.

უსიამოვნებები გახშირდა და სამ წელიწადში პიკს მიაღწია. დევის მამა რომ გარდაიცვალა, ზეიკომ მთლად აიწყვიტა. თითქოს რძლის ბრალი იყო მეუღლის უეცარი სიკვდილი, ყველა პრობლემას, დარდსა თუ ტკივილს მაკას უკავშირებდა: რაც ეს გოგო შემოვიდა ჩემს ოჯახში, მას მერე ამერია ცხოვრებაო. ავიწყდებოდა, რომ სწორედ მისი არჩეული იყო მაკა. ერთ დღესაც მაკამ ჩაალაგა ტანსაცმელი, მოჰკიდა ხელი პატარა ნიკას და დედასთან წავიდა. ბრაზისა და რისხვის კოცონი კვლავ ააგიზგიზა გაავებულმა ქალმა, დაღონებულ შვილს კი აწყნარებდა, შენ არ ინერვიულო, მაკაზე უკეთეს გოგოს გიშოვიო, მაგრამ დევიმ ძლივს ამოიღო ხმა: მაკას გარდა არავინ მინდა, ბინას ვიქირავებთ და ცალკე გადავალთო. თქვა და გააკეთა კიდეც. სიტუაცია ისე დაიძაბა, დედამთილს მაკას ხმის გაგონება აღარ უნდოდა, რძალს - ზეიკოს დანახვა, ხათრიანი კაცის ცხოვრება კი ჩვეულ კალაპოტში მდორედ მიედინებოდა...

ერთ დღეს მეზობელმა თემომ, რომელიც დევის მალევე დაუმეგობრდა, სთხოვა, საჩქაროდ მომიწია რაიონში წასვლამ, გთხოვ, ჩემს მეგობარს ეს მიუტანეო და რაღაც შეფუთული გადასცა. მისამართიც დაუწერა. კი გაუკვირდა დევის, რაღა მაინცდამაინც მე მავალებს ამ საქმესო, მაგრამ უკვე ოჯახებით მეგობრობდნენ და უარს ვერ ეტყოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ახლა იმ ადრესატმა მოაკითხა დევის - თემო ისევ რაიონშია, მის ცოლს კი ამას ვერ გადავცემ, თემომ მითხრა, დევის დაუტოვეო. რაღაც ისევ არ მოეწონა დევის, მაგრამ უარის თქმა არ სჩვეოდა, ამიტომ დაიტოვა... გავიდა დრო და კარის მეზობელმა კვლავ მოწიწებით სთხოვა, ერთი კვირა არ ვიქნები, წასვლა არ დაგჭირდება, აქვე მოგაკითხავს ჩემი თანამშრომელი და ეს გადაეციო... სწორედ იმ ღამეს დევის კარზე ბრახუნი ატყდა. გულგახეთქილები წამოცვივდნენ დევი და მაკა. პოლიციის ანტინარკოტიკული სამსახურიდან იყვნენ, სპეცოპერაცია ტარდებოდა. გიჟებივით შეცვივდნენ დევის ბინაში და ჩხრეკა დაიწყეს. დიდხანს ძებნა არ დასჭირვებიათ - წიგნის კარადის ზედა თაროდან გამოიღეს პატარა ფუთა. გამოიძახეს სხვა მეზობლებიც და ყველას თანდასწრებით გახსნეს. მეზობლებზე მეტად დევი გაშტერდა. პირი დააღო, როცა შიგ ნარკოტიკი აღმოჩნდა... დევის იქვე დაადეს ბორკილი. დაკითხვისას ამოთქვა, რომ მეზობლის თხოვნას ასრულებდა. ბათუმში მყოფი მისი მეზობელი რომ დააკავეს, იმან აქეთ შეაწმინდა ხელი გულუბრყვილო დევის - მე მომხმარებელი ვარ, ის კი - გამსაღებელიო... დღეს ზეიკო ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი მიმნდობი შვილი გამოიხსნას, თან არც ის ავიწყდება, რომ რძალს გადასწვდეს: მაგის ბრალია ყველაფერი. ეგ რომ დედამისთან არ გაქცეულიყო, ჩემი შვილი ბინას არ იქირავებდა, იქ კი რაც მოხდა, ყველამ ნახეთ, უკვე ეჭვი მაქვს, იქნებ სულაც ჩემმა რძალმა მოაწყო ეს ყველაფერი, რომ თავიდან მოეშორებინაო... მაკა და მისი ახლობლებიც დარბიან, რომ დევის უდანაშაულობა დაამტკიცონ. ორი ადვოკატიც აიმედებთ. როგორ დასრულდება ხათრიანი კაცის ცხოვრების ეს რთული პერიოდი, უსათუოდ გაგაგებინებთ.

მარინა ბაბუნაშვილი