მოაღწევს თუ არა საქართველომდე გაუსაძლისი ცხელი კლიმატი, რომელსაც მთელი ევროპა ებრძვის - კვირის პალიტრა

მოაღწევს თუ არა საქართველომდე გაუსაძლისი ცხელი კლიმატი, რომელსაც მთელი ევროპა ებრძვის

„ბუნებრივი ბარიერების მეშვეობით საქართველოში შემოჭრილ ჰაერის მასებს ოთხივე მხრიდან ეშლება ხელი, რომ კრიზისული ტემპერატურა ჩვენთანაც დაფიქსირდეს“

ევროპაში რეკორდულ სიცხეს ებრძვიან. დიდ ბრიტანეთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა ზაფხულში საშუალოდ +25ოჩ-ს არ აღემატება, ახლა 40ოჩ-ია. პარალელურად გაჩნდა ხანძრის ზონებიც. უფრო რთული ვითარებაა საფრანგეთში, პორტუგალიასა­ და საბერძნეთში, სადაც ტემპერატურა 45 C-მდე აღწევს. სიცხისგან ადამიანები იღუპებიან, ან საცხოვრებლებს ტოვებენ. ამ დროს ჩვენთან, აღმოსავლეთ საქართველოში, შემაწუხებელი სიცხე აღარ არის, დასავლეთ საქართველოში კი, შეიძლება ითქვას, აცივდა კიდეც. მოსალოდნელია თუ არა უახლოეს ხანებში კრიტიკული ტემპერატურა საქართველოში?

ვესაუბრებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, კლიმატოლოგ ლამზირა ლაღიძეს.

- დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია და მეცნიერებიც ყველაფერს ზუსტად ვერ ვიწინასწარმეტყველებთ. სწორედ ამიტომ ტერმინი "გლობალური დათბობა" შეიცვალა "კლიმატური ცვლილებით". ვერც დათბობის პროცესი განვითარდება ყველგან ერთნაირად და ვერც კლიმატი შეიცვლება, რადგან ეს რელიეფზეა დამოკიდებული. ევროპის კლიმატიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ევროპის რელიეფზე. არსებობს ქვეყნები, რომლებსაც კრიზისული კლიმატისგან დამცავი ბუნებრივი ბარიერები აქვს. დიდი ბრიტანეთის ზომიერი კლიმატი ყალიბდება ოკეანისა და მისი დინების გავლენით, ამ ფონზე კლიმატს ბუნებრივი ცვლილებები ახასიათებს, რაც ზოგჯერ ძალიან ცხელი ზაფხულით ვლინდება. რაც შეეხება სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას (საფრანგეთი, ესპანეთი,­ პორტუგალია, იტალია), აქ კლიმატოლოგები დათბობასა და ცხელ ზაფხულს ადრეც ვარაუდობდნენ. ამ ქვეყნებს ნაკლებად აქვს ბუნებრივად დამცავი რელიეფური ბარიერები, საზრდოობენ ხმელთაშუა ზღვის კლიმატით, რაც ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით ხასიათდება.

- დიახ, 2003, 2006 წლებში ევროპას ცხელმა ტალღამ გადაუარა და ამ დროს, სამწუხაროდ, იყო მსხვერპლიც.

- დიახ, მაგრამ ევროპაში არის ქვეყნები, რომელთაც დათბობა ნაკლებად დააზარალებს. მაგალითად, შვეიცარიას კრიზისული ტემპერატურისგან ალპების ბუნებრივი ბარიერი იცავს, თუმცა საუკუნის ბოლოს მთელ დედამიწაზე მოსალოდნელია ტემპერატურის 3ოჩ -ით მატება, რაც მძიმე მოვლენებს გამოიწვევს. ნახევარი გრადუსით ტემპერატურის მატებაც კი გლობალური მასშტაბით დამაზიანებელ პროცესებს იწვევს­ - აორთქლების შემდგომ ნალექს, რომელიც ღვარცოფსა და მეწყერს წარმოქმნის, კარგი არაფერი მოაქვს. ამჟამად მაღალი ტემპერატურის ფონზე ევროპა, შესაძლოა, გაცილებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს - ასეთი მაღალი ტემპერატურა დიდ აორთქლებას იწვევს, რაც წყალდიდობებისა და მეწყერის სახით ბრუნდება უკან.

- მეცნიერთა ნაწილი გლობალურ დათბობას დედამიწის ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს და ირწმუნება, რომ ეს დედამიწას კრიზისს ვერ შეუქმნის.

- ზოგიერთი იმასაც მიიჩნევს, რომ კლიმატი და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები მხოლოდ ფულის საკეთებელი თემაა. ისინი უარყოფენ ანთროპოგენულ, ანუ ადამიანის გავლენას კლიმატის გაუარესებაზე, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რა სასტიკად ექცევა ადამიანი დედამიწას! ჩვენგან კოსმოსში გაშვებული გამონაბოლქვით ჰაერის მასების ბუნებრივი გადაადგილებაც კი ყოვნდება, რაც ტემპერატურის გაუარესებას განაპირობებს.

- კლიმატისგან ნაკლებად დაზარალებულ ადგილებს შორის ჩვენი ქვეყანაც იგულისხმება?

- 90-იანი წლების ბოლოს გაეროს კლიმატის ცვლილებების კონვენციის მოთხოვნით კლიმატის 20-წლიან პროგნოზზე ვმუშაობდით. აღმოჩნდა, რომ დასავლეთ საქართველოში აცივება გველოდა, აღმოსავლეთში კი ტემპერატურის მატება, რაც ახლა მართლდება. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო დღეების სიცხეები სწორედ იმ აცივებამ გაანეიტრალა, რომელიც დასავლეთ საქართველოდან წამოვიდა, დასავლეთ საქართველოში აცივებას კი შავი ზღვის ბუნებრივმა ბარიერმა შეუწყო ხელი. შავი ზღვა ევროპიდან წამოსულ სიცხეს ანეიტრალებს, რომელიც დღეს ნალექად მოგვევლინა. ამავე დროს, დასავლეთის ჰაერის მასები ვრცელდება აღმოსავლეთ საქართველოსკენ, მიუხედავად ლიხის ქედის ბარიერისა, და მაღალ ტემპერატურას ანეიტრალებს. ლიხის ქედზე, იგივე რიკოთზე, კონდენსირებული დასავლეთის ცივი ჰაერის მასები ხშირად წვიმად იქცევა, ამიტომაც როცა არც დასავლეთში წვიმს და არც - აღმოსავლეთში, რიკოთზე მაინც ნალექია. უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთიდან საქართველოში ჰაერის მასები წელიწადში 255-ჯერ შემოიჭრება, როცა აღმოსავლეთის მხრიდან ჰაერის შემოჭრა მხოლოდ 71-ჯერ ფიქსირდება. აღმოსავლეთიდან უმეტესად ცხელი ჰაერი ვრცელდება, თუმცა მანამდე მას ჩვენი კლიმატის აღმოსავლეთ დამცავი - კასპიის ზღვა ანეიტრალებს. რაც შეეხება ჩრდილოეთს, იქიდან უზარმაზარი ბუნებრივი კლიმატური ბარიერი - კავკასიონი გვიფარავს, ხოლო სამხრეთიდან - მცირე კავკასიონი.

- ანუ ოთხივე მხრიდან დაცული ვართ?!

- დიახ. ბუნებრივი ბარიერების მეშვეობით საქართველოში შემოჭრილ ჰაერის მასებს ოთხივე მხრიდან ეშლება ხელი, რომ კრიზისული ტემპერატურა ჩვენთანაც დაფიქსირდეს, თუმცა ბოლომდე ვერაფერს გამოვრიცხავთ, რადგან ბუნებაში სხვა ფაქტორებიც არსებობს...

- ამის მიუხედავად, მე მაინც ვთვლი, რომ სამოთხეში ვცხოვრობთ. სხვა რომელ ქვეყანას იცავს ოთხივ კუთხით ბუნება?

- ამ კითხვაზე მე მხოლოდ ის შემიძლია გიპასუხოთ, რომ დედამიწაზე არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც კლიმატის ისეთი მრავალფეროვნება ახასიათებდეს, როგორიც ჩვენ გვაქვს - ზომიერი ტემპერატურით დაწყებული, მაღალმთიანი სიცივით დამთავრებული. რაც შეეხება ბარიერებს, მათ მნიშვნელობას დაგიდასტურებთ თუნდაც იმ მაგალითით, რომ უახლოეს სამეზობლოში - აზერბაიჯანსა და სომხეთში ყოველთვის უფრო რადიკალური ტემპერატურაა, ვიდრე საქართველოში. მაგალითად, როდესაც სომხეთში -30ოჩ ყინვაა, ჩვენთან ამის ნახევარიც არ არის.

- საბედნიეროდ, არც ისეთი ხანძრები ჩნდება, რომლებიც მსხვერპლს იწვევს.

- საბედნიეროდ, თუმცა ხანძრები ჩვენთანაც ძლიერია. ისიც უნდა ითქვას, რომ, მათი უმრავლესობა თვითაალებადია, ეს კი ხდება მაშინ, როდესაც ჰაერის მაქსიმალური გამოშრობა ემთხვევა აალებად საგნებში ტენიანობის შემცირებას. ამ დროს ახლომახლო მინის ან კაჟის ნატეხიც საკმარისია, რომ ხანძარი გაჩნდეს. მინა ხომ მზის სხივებს შთანთქავს და საკმარისია, ეს შთანთქმული სითბო ისევ მზის სხივების საშუალებით გამხმარი ბალახისკენ მიიმართოს, რომ აუცილებლად აალდება...

მოკლედ, უკვე ვთქვით, რომ დედამიწაზე მიმდინარე ცოცხალი პროცესები ხანდახან მეცნიერულ პროგნოზებს ცვლის. ამიტომაც საჭიროა იმ ტემპერატურისთვის მომზადება, რომელიც შეიძლება დადგეს. სასიამოვნოდ გავოცდი, როდესაც დუბაიში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე კონდიციონერები ვნახე. ხალხი პაპანაქება სიცხეში მოსაცდელებშიც კი გრილად გრძნობს თავს.

- უახლოეს წლებში საქართველოში სად დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ტემპერატურა?

- სამტრედიაში - +43C, რაც ვერც კი დავიჯერე, მაგრამ ასე იყო და, სავარაუდოდ, შავი ზღვის ჰაერის მასებით განეიტრალდა. ყველაზე ცხელი სოფელი კი საქართველოში საქარაა, თუმცა ხალხი იქაც ჩვეულებრივად ცხოვრობს. ზოგადად, ადამიანს ყველაფრის დაძლევა შეუძლია, მით უფრო, თუკი ინდუსტრიის შემქმნელებს ეყოფათ ჭკუა დედამიწის გამონაბოლქვისგან გასასუფთავებლად.