„მე და ზურიკო კი ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ კარგად თუ დაგვაკვირდებით, მე უფრო სიმპათიური ვარ...“ - კვირის პალიტრა

„მე და ზურიკო კი ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ კარგად თუ დაგვაკვირდებით, მე უფრო სიმპათიური ვარ...“

"ხელოვნება სულის საზრდოა. ბედნიერი ვარ, რომ ამ საზრდოს ვქმნი და ღმერთმა დამაჯილდოვა უნარით, სიხარული მივანიჭო ადამიანებს",­ - ეს მხატვარ ზალიკო­ სულაკაურის სიტყვებია. ის 23 ივლისს 52 წლის გახდა. დაბადების დღე ტყუპისცალთან ერთად აღნიშნა და ტორტის სანთლებიც ერთად ჩააქრეს.

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. როგორ მიმდინარეობს დღეს ჩემი ცხოვრება? სამსახური - ლოგინი, სამსახური - ლოგინი... ხატვის მეტი არაფერი ვიცი... დილა რომ გათენდება, ბავშვების ჩახუტება, მოფერება, კოცნა, მერე - მამი, დამხატე, დამხატეო. დავხატავ და აფერადებენ,­ არიან ერთ ამბავში, მოკლედ, ვმხიარულობთ. მერე გარეთაც რომ გამოვალ, დღე არ გავა, ვიღაცა ბავშვს არ ჩავეხუტო.

- უცნობებსაც ეხუტებით?

- უცნობებსაც უნდათ ჩახუტება. ისინი ხომ ეკრანიდან მიცნობენ, ჟურნალისტების დამსახურებით. ნამდვილი ზალიკოო, წამოიძახებენ ხოლმე გაბრწყინებული თვალებით და მორბიან. მეც გავშლი ხელებს და ვეხუტები. ასე გადის ჩემი დღეები ხატვასა და ბავშვების მოფერებაში.

- ტყუპისცალიც ზალიკოობს ხოლმე?

- კი ვამბობ, ისეთი სწრაფი ვარ, ორად ვეჩვენები ხალხს-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვაგვარადაა საქმე... ჩემი ტყუპისცალი ხომ არ იტყვის, ზალიკო არ ვარო და ისიც ეხუტება შემხვედრებს. ამას წინათ ბაკურიანში იყო. ბატონო ზალიკო, შეიძლება თქვენთან სურათის გადაღებაო? უარს ხომ არ ეტყოდა?! მერე დამირეკა და მითხრა, თუ ვინმემ გკითხოს, იცოდე, ამა და ამ დროს ბაკურიანში იყავიო. ასე ხშირად ხდება. მოკლედ, ორეული მყავს.

- საქმეშიც ერთად ხართ?

- არა, თუმცა ერთნაირი საქმიანობა გვაქვს. მე რომ მჭირდება და ვთხოვ, მოდი, ერთი დღე იყავი ზალიკო-მეთქი, არა, ბავშვებს როგორ მოვატყუებო, მეუბნება, დაკვეთით ვერ ვიზალიკოებო. ტაქსიში რომ ჯდები და მძღოლი გეუბნება, ჩემს შვილს ისე უყვარხარ, შენ ფულს როგორ გამოგართმევო, მაშინ ხომ კარგია ზალიკოობა-მეთქი, ვეკითხები და პასუხად იცინის.

zaliko2-1658675166.jpg

- მშობლებს თუ ერევით ერთმანეთში?

- მამაჩემს დღემდე ვერევით, ბებიაჩემსაც ვერეოდით, დედაჩემს და ჩემს დას - არა. ერთადერთხელ მოატყუა ზურიკომ: დედა კრემს აკეთებდა და გამასინჯეო, სთხოვა, იმანაც გაასინჯა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ მიადგა, ზურიკოს რომ გაასინჯე, მეც გამასინჯეო, ვითომ ზალიკო იყო. გააბრიყვა, მაგრამ მერე დედა დააკვირდა და უ, შე ეშმაკოო... მეც ამრევია სხვა ტყუპი - კარგად უნდა დაკვირვება. მე და ზურიკო კი ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ კარგად თუ დაგვაკვირდებით, მე უფრო სიმპათიური ვარ... ზურიკოს ნიკაპის ქვეშ ჰქონდა ხალი და ახლა წვერი რომ მოუშვა, უკვე ვეღარ გვარჩევენ. მე კისერზე მაქვს ხალი, ამ სიბერეში კი ზურიკოსაც ზუსტად იმ ადგილას და ზუსტად ისეთივე ხალი ამოუვიდა...

zaliko3-1658675166.jpg

- ერთი ნახატი დამამახსოვრდა განსაკუთრებით თქვენს მშობლებთან სტუმრობისას. მამათქვენმა - ეს ზალიკოს ნახატია, დედაჩემის პორტრეტიაო.

- ჰო, ჩემი თუში ბებოს პორტრეტია. მატრონა ერქვა. როგორი კეთილი ადამიანი იყო!.. ალვანში ცხოვრობდა. ფირზე­ გადავიღე და იმ ფირიდან დავხატე ეს პორტრეტი. მუშტს მიღერებდა, ნუ მიღებ, რა გადასაღები მე ვარო... არდადეგებზე სულ მასთან გავრბოდით ხოლმე მე და ჩემი ძმა. ერთად ვთოხნიდით, ერთად ვუვლიდით კარ-მიდამოს. მისი გაკეთებული ყველაფერი­ გემრიელი იყო. ყოველთვის, როცა მწვანე ლობიოს ვჭამ, მატრონა მახსენდება. ერბოკვერცხს ნამდვილი ერბოთი წვავდა. იცით, როგორი გემრიელი იყო?! აბა, ბიჭებო, მოდ აქთ, აბა, პურ ვჭამოთ, - დაგვიძახებდა ხოლმე. არ არსებობს, მე და ზურიკო სუფრასთან დავსხდეთ და მატრონას ხსოვნის სადღეგრძელო არ დავლიოთ. სხვა სითბო ჰქონდა. მატრონას კი არ ვეძახდი, თუშ ბებოს ვეძახდი. ნამდვილი თუში ბებო იყო, ამოწეული ყვრიმალებით, კეთილი თვალებით. დილის 4 საათზე დგებოდა ხოლმე და საღამოს ადრე იძინებდა. ქალაქი ციხეაო, არ უყვარდა აქ ჩამოსვლა. ბატკნის ტყავისგან საძილე ტომარასავით რაღაც ჰქონდა შეკერილი, დურხუნას ეძახდა. იმაში ეძინა... წერა-კითხვა არ იცოდა. ხომ ბებიები უკითხავენ შვილიშვილებს ზღაპრებს? ჩვენთან პირიქით იყო - მე და ზურიკო ვუკითხავდით ბებიას. აბა, ბალღებო, ზღაპარ წავიკითხოთ... დავსხდებოდით და ვკითხულობდით. ისეთი ფერების შეხამება იცოდა, ისეთი გემოვნება ჰქონდა, ისეთ წინდებსა და ფარდაგებს ქსოვდა, თვალს ვერ მოსწყვეტდი. სულ ვამბობ, რომ ჩვენი მხატვრობის ნიჭი მატრონასგან მოდის. ამას წინათ ჩემი შვილი ეკითხება დედამისს, დე, ხატვა იციო? არაო, ჩემმა ცოლმა. მაშინ შენ ვერ გახდები სულაკაურიო, - დაასკვნა.

zaliko4-1658675166.jpg

...გაჩერება არ იცოდა ბებომ, დილიდან საღამომდე მუშაობდა, სულ რაღაცას აკეთებდა... 94 წელი იცოცხლა. სათვალე არ გაუკეთებია, ნემსში ძაფს პირველივე ცდაზე უყრიდა... ვფიქრობ, ჩემი შრომის სიყვარულის ლომის წილი თუშ ბებოდან მოდის. მხატვარი კაცის შრომა რა არის? უნდა ხატოს. ერთმა იკითხა, ზალიკო სადააო. მუშაობსო. რას აკეთებსო? ხატავსო. უჰ, ეგ რა მუშაობააო, უთქვამს...

- გურამ დოჩანაშვილთან მეგობრობის შესახებ მიამბეთ...

- დოჩანაშვილი და მამაჩემი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ, მაგრამ მე პირადად არ შევხვედროდი... ერთხელაც, 1995 წელი იყო, ერთ მხატვართან ვსაუბრობდი, რამხელა განძია ჩვენთვის გურამ დოჩანაშვილი, წამო, ახლა ავადგეთო, მითხრა. წამო-მეთქი. იოსებიძეზე ცხოვრობდა. მივადექით. მისი სახლის კარი არ იკეტებოდა. მეუღლე მოგვეგება, მიგვიღო. შევედით, დავსხედით. ბატონო გურამ, ჩვენ მხატვრები ვართ, თუ შეიძლება, დაგხატავთ-მეთქი (არ მითქვამს, რომ ვალიკო სულაკაურის შვილი ვიყავი). რატომაც არაო... სამი ნახატი დავხატე. ერთი ამ ბიჭს ვაჩუქე, ერთი - ბატონ გურამს, ერთიც ჩემთვის დავიტოვე. რა თქმა უნდა, მის ცალს ქვემოთ ხელი მოვაწერე. რომ დახედა, გაიოცა, ვალიკოს ბიჭი ხარო? მერე ცოლს გასძახა სიხარულით, ნახე, სტუმრად ვინ მყოლიაო. მას მერე დავმეგობრდით. ძალიან ვუყვარდი. შენ ჩემი პატარა ძმა ხარო, მეტყოდა ხოლმე. ის ჩემს ცხოვრებას ალამაზებდა.

კარიკატურა მომწონდა და მინდოდა, ამ საქმეს მივყოლოდი. ერთხელ თემურ წიკლაური დავხატე. აქცენტი ცხვირზე გავაკეთე - ნახატის 90% ცხვირზე მოდიოდა. დახედა და, უცხვირპირო კაცის დედა ვატირეო, სიცილით თქვა.

- მთავარი რა არის ცხოვრებაში?

- მთავარია, სიკეთე აკეთო...