"ყველაფერი იყო, რაც კი შეიძლებოდა სრულყოფილ ქორწილში ყოფილიყო!" - ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის დეტალები - კვირის პალიტრა

"ყველაფერი იყო, რაც კი შეიძლებოდა სრულყოფილ ქორწილში ყოფილიყო!" - ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის დეტალები

ტელეწამყვანის - ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას გამორჩეულმა წყვილმა 23 ივლისს იქორწინა, მანამდე ისინი ოფიციალურად დანიშნულები იყვნენ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებშიც ერთად ჩნდებოდნენ. ულამაზესი წყვილის ქორწილი იმდენად შთამბეჭდავი იყო, სოციალურ ქსელში წვეულებიდან ატვირთულ ვიდეოებს უამრავი კომენტარი და ერთ-ერთ ვიდეოს მილიონამდე ნახვაც კი აქვს...

ქორწილში მიწვეული სტუმრები თავიანთ დაუვიწყარ ემოციებს გვიზიარებენ...

დათო ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი:

- მინდა ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩაჩუას დიდი ბედნიერება ვუსურვო! მართლაც ულამაზესი წყვილია და სულ გახარებულები ყოფილიყვნენ!

ქორწილიდან შთაბეჭდილებები უდავოდ ძალიან დიდია, რადგან არაჩვეულებრივი წყვილია და ძალიან მოგვეფერნენ იქ შეკრებილ სტუმრებს. ყველამ დიდი სითბო ვიგრძენით, ვინც მიწვეული ვიყავით და მათთან ერთად მათი ეს დიდი ბედნიერება გავიზიარეთ... ბედნიერებას იმსახურებენ და საერთოდ, მსურს საქართველოში ყველა წყვილი ბედნიერი იყოს. როდესაც ახალი ოჯახი იქმნება, ეს ყოველთვის ახლის და კარგის მომტანია!

წარმოუდგენლად დიდი სილამაზე იყო, ულამაზესი გარემო... სიძემ, პატარძალმა, მათმა მეგობრებმა გვიცეკვეს, გვიმღერეს და იმდენად მომეწონა, ბედნიერი ადამიანი ვარ, ამ ქორწილში რომ მოვხვდი! ლიზა ჩვენი ძალიან ახლობელია. ჩემი უმცროსი ქალიშვილის მეგობარია, რადგან კლასელები იყვნენ მისი და - მაშო და ჩემი შვილი.

ძალიან დიდი სიხარულია ამ ოჯახში და ღმერთს ვთხოვ, სულ ასე იყოს!

- თქვენ გადაიღეთ ცეკვა, რომელმაც ნახვის რეკორდი მოხსნა...

- დიახ - ლაზური გადავიღე, რომელიც გიორგი გილიგაშვილმა და ქეთი ასათიანმა შეასრულეს... უამრავმა ადამიანმა გააზიარა, მოიწონა და დღეს დავწერე კიდეც პოსტი, რომ ნახვების რეკორდი მოხსნა, მილიონამდე ნახვა აქვს. ეს გამოხმაურება იმის დასტურია, რომ საქართველოში უხარიათ ახალი ოჯახებს შექმნა!

ვამაყობ, რომ ჩემმა გადაღებულმა ვიდეომ ასეთი მოწონება დაიმსახურა და დღესდღეობით ლიდერია!

ანდრია გველესიანი, მსახიობი, ტელეწამყვანი:

- ირაკლი ჩემი ძალიან ახლო და ძალიან საყვარელი მეგობარია და შესაბამისად, ძალიან ბედნიერი ვარ მათი ბედნიერებით! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისეთივე ქორწილი ჰქონდათ, როგორი ულამაზესი და მაგრებიც თვითონ არიან!

რაც კი შეიძლებოდა სრულყოფილ ქორწილში ყოფილიყო, ყველაფერი იყო! თან ყველაფერი ძალიან მაღალი ხარისხის, რადგან მიწვეული სტუმრების უმრავლესობა არტისტები იყვნენ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის სიყვარული იყო, რაც იქ სუფევდა და რადგანაც იდეალურები არიან, ზუსტად ისეთივე იყო ყველაფერი!

ქორწილს ესწრებოდნენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონი - ლადო ათანელი და მეუღლე, პიანისტი - მანანა ჩიქოვანი...

მანანა ჩიქოვანი:

- ლადო და მე ძალიან ახლოს ვართ ამ ლამაზი წყვილის ოჯახთან, ლიზას მამასთან - გიორგი ჩაჩუასთან... სიამოვნებით ვიყავით ამ დიდებულ ქორწილში, სადაც მთელი დარბაზი მონაწილეობას იღებდა მათ დიდ ბედნიერებაში და ულამაზეს ცეკვებში, რომელსაც საოცრად ლამაზი სიძე-პატარძალი ასრულებდა.

ბედნიერება და სიხარული ჰქონოდეთ მარად!

დალი ჩიტალაძე, მოდის ექსპერტი:

- ქორწილში არ გახლდით, მაგრამ შორიდან მეც ვგულშემატკივრობდი... ძალიან მომეწონა პატარძლის კაბა, ჯერ ისედაც სასწაულად ლამაზი წყვილია! დიდი ხანია პატარძალი ასე არ მომწონებია თავისი ულამაზესი კაბით! მან ქორწილზე რამდენჯერმე გამოიცვალა და ყველა სამოსი ძალიან კარგი იყო!

არაჩვეულებრივად იცეკვა ტანგო და ლამაზთან ერთად, უნიჭიერესიც არის... ძალიან გასახარია, როდესაც საქართველოში ასეთი ლამაზი და ნიჭიერი წყვილი ქორწინდება.

ირაკლის კარგად ვიცნობ და მისგან ასეთი ემოციები არასოდეს მინახავს. რომ შევხედე, დიდი ბედნიერებისგან როგორ ტიროდა, ლამის მეც ამეტირა...

- სტუმრებიდან კიდევ ვინ მოგხიბლათ დახვეწილი სამოსით?

- ნინო ნადირაძეს ეცვა - tadashi Shoji-ს ძალიან ლამაზი კაბა, ძალიან უხდებოდა... გიორგი გასვიანის მეუღლეს - მარიტას ბარბის თოჯინას ადარებდნენ, რომელსაც სხვათა შორის "სთაილინგი" მე შევურჩიე. ისედაც ბარბის თოჯინას ჰგავს და მოდელი ავურჩიე, ნანუკა გულუამ ძალიან კარგ ატელიე-სალონში შეიკერა კაბა... ძალიან მომეწონა ნინი ბადურაშვილის - Jasquemus-ს შავი კაბა, რომელიც ძალიან უხდებოდა.

(სპეციალურად საიტისთვის)