"თავიდან ბევრი სირთულე, ტკივილი, იმედგაცრუება იყო, მაგრამ არ ვნებდებოდი. ვცდილობდი, ვინმეს შევემჩნიე..." - კვირის პალიტრა

"თავიდან ბევრი სირთულე, ტკივილი, იმედგაცრუება იყო, მაგრამ არ ვნებდებოდი. ვცდილობდი, ვინმეს შევემჩნიე..."

შევეცადე ნიუ-იორკში მომეძებნა ბუნებით მსგავსი ადგილი, რომელიც იმ უდარდელ ბავშვობაში მამყოფებდა, სამაჩაბლოში რომ მქონდა...“დავით ოთინაშვილი,­ თავის მრავალფეროვან ცხოვრებაზე გვესაუბრება...

- ჩემი ბავშვობა სამ პერიოდად იყოფა, რადგან სამ ქვეყანას უკავშირდება... უკრაინაში დავიბადე, მაგრამ ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ ოჯახი იძულებული გახდა­ რუსეთში წასულიყო. საქართველოში ზაფხულობით ჩამოვდიოდით, 90-იან წლებში კი საცხოვრებლად ჩამოვედით. მართალია, უკრაინა ფრაგმენტულად მახსოვს, მაგრამ იქ დავიბადე და ჩემი ცხოვრების ნაწილია... ხუთი წლის ვიყავი, ისევ ნიჟნი ნოვგოროდში ვცხოვრობდით, რომ ჩემი ხელოვნებისადმი ინტერესი შეამჩნიეს. მამამ სამეჯლისო ცეკვის სტუდიაში წამიყვანა და სანამ პედაგოგს ესაუბრებოდა, მე უკვე ბავშვებთან ერთად ილეთებს ვიმეორებდი... სტუდიაში შვიდი წელი ვსწავლობდი და არ არსებობდა კონკურსი, საიდანაც სიგელის ან დიპლომის გარეშე დავბრუნებულიყავი.

- თუმცა დღეს თქვენ მუსიკოსი ხართ...

- 90-იანი წლების დასაწყისი იყო და ჩვენს საქართველოში ჩამოსვლას დაემთხვა­ ის უბედურება და კრიზისი, რაც ყველამ გამოვიარეთ. მახსოვს, ფილარმონიაში სამეჯლისო ცეკვების კონკურსი ტარდებოდა და მონაწილეობა მეც მივიღე; მშობლებმა "ბასტი ბუბუს" სტუდიაშიც მიმიყვანეს, მაგრამ ეს ხანმოკლე ბედნიერება აღმოჩნდა, რადგან შუქი ხშირად ქრებოდა, მეტრო ჩერდებოდა, ჩვენ კი გლდანში ვცხოვრობდით და სიარული ძალიან მიჭირდა.... ფაქტობრივად, ყველაფერი ჩაკვდა, თუმცა ჩემი მშობლები ხედავდნენ, რომ ხელოვნების მიმართ ძალიან დიდი ინტერესი მქონდა და ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. მუსიკალურ სასწავლებელში მიმიყვანეს, ფორტეპიანოს კლასში...

გავიდა დრო და საცხოვრებლად ისევ რუსეთში მომიხდა წასვლა, სადაც სწავლა გავაგრძელე მუსიკალურ კოლეჯში ესტრადისა და ჯაზის მიმართულებით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოსკოვის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში­ გავაგრძელე სწავლა იმავე სპეციალობით. ფაკულტეტის დეკანი და ჩემი ვოკალის პედაგოგი გახლდათ ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე. მას დიდი სიყვარულით და პატივისცემით მოვიკითხავ... მისი ლექციები, ფაქტობრივად, მასტერ-კლასი იყო, ისევე, როგორც ლევ ლეშჩენკოსი და სხვა პედაგოგებისა, რომლებიც მეტრები იყვნენ!

david-otti-1658675662.jpg

არ შემიძლია, არ გავიხსენო ოლიმპიადა სამარაში, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მომღერლები, მხატვრები, მოცეკვავეები. ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაზე ოთხი სტუდენტი მიგვიწვიეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ნანი ბრეგვაძის სტუდენტები ვიყავით და ამით ყველაფერი იყო ნათქვამი.

შემდეგ იყო 2008 წლის აგვისტო - ჩემთვის ძალიან მძიმე პერიოდი, რომელმაც­ წამართვა ძვირფასი ადგილები, სადაც ჩემი ცხოვრების ყველაზე ლაღი და ბედნიერი წლები გავატარე. რუსუთ-უკრაინის ომმა განმიახლა აგვისტოს ომის ჭრილობები...

- თქვენს შემოქმედებას დავუბრუნდეთ... გქონდათ უამრავი კონცერტი, მონაწილეობდით სხვადასხვა სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში, ძალიან წარმატებულ და პოპულარულ მიუზიკლებში... როგორ შეძელით ამდენის მიღწევა?

- უამრავი შრომა, წვალება და ნებისყოფა დამჭირდა. ჩემი რეჟისორი მეუბნებოდა, რომ რადგან სლავური წარმოშობის არ ვიყავი, მიუზიკლებში მთავარ როლებს ვერ მივიღებდი. როცა "ბრემენელი მუსიკოსები" დაიდგა, მართალია, პრინცის როლი არ მომცეს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი როლი მაინც შევასრულე... ამას მოჰყვა­ მიუზიკლი "განძთა კუნძული". პარალელურად იყო კონცერტები, სატელევიზიო პროექტები, კონკურსები, მათ შორის - "ევროვიზია". მერე კი დაიწყო ახალი ეტაპი - ამერიკაში ცხოვრება და საქმიანობა...

david-otti2-1658675662.jpg

- უკვე ცნობილი არტისტი უცხო ქვეყანაში წახვედით... როგორ გახდით დევიდ ოტი?

- დევიდ ოტი ფსევდონიმი კი არა, უფრო ტრანსფორმაციაა. თავიდან ბევრი სირთულე, ტკივილი, იმედგაცრუება იყო, მაგრამ არ ვნებდებოდი. ვცდილობდი, ვინმეს შევემჩნიე... მერე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დამიჯერეს. მთელი სიცოცხლე მათი მადლიერი ვიქნები... ეს ქვეყანა სულ სხვა შესაძლებლობებს გაძლევს. წარმოიდგინეთ, რა დამემართა, როდესაც "ნიუ-იორკ პოსტმა" რჩეულ მომღერლებს შორის დამასახელა. რაც შეეხება მიუზიკლებს, არ შემიძლია არ ვახსენო ბადრი ცხადაია, რომელიც მხარში ამომიდგა და რესტორან "პასაჟში" პირველი მიუზიკლი დავდგით, რომელიც კომერციულადაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ასე შემდეგ...მერე გაჩნდა იდეა: ვინაიდან რესტორნის მეპატრონეები ქართველები იყვნენ, შეგვექმნა მიუზიკლი, რომელშიც მოვიწვიეთ ნინი შერმადინი, სალომე ქათამაძე, თეონა კოროშინაძე და ნინი წიკლაური. ძალიან საინტერესო მიუზიკლი გამოვიდა. ამერიკელები აღფრთოვანებული დარჩენ. ძალიან საამაყო პროექტი იყო, პატრიოტული და განსაკუთრებულად ემოციური...

- თქვენ ხართ ბრუკლინის ერთ-ერთი ყველაზე ძველი რესტორნის, "ტატიანას", კრეატიული მენეჯერი. იმავდროულად, სულ კონცერტები გაქვთ.

- ეს არის რესტორანი, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. იშვიათად თუ სადმე ნახავთ მოძრავ სცენას, როგორიც აქ გვაქვს და უამრავ კონსტრუქციას, რაც ხელოვნების მიმართ პროფესიონალურ მიდგომას განაპირობებს. ეს არის ადგილი, სადაც უამრავი ვარსკვლავი მართავს კონცერტს და საღამოს... რაც შეეხება ჩემს კონცერტებს, ხელი არ მეშლება.