"ჩემი ყველაზე დიდი ნატვრაა, ჩემი საქართველო გაერთიანებული მენახოს “ - კვირის პალიტრა

"ჩემი ყველაზე დიდი ნატვრაა, ჩემი საქართველო გაერთიანებული მენახოს “

"მართლა სიმღერაა მთელი ჩემი ქონება, მაგრამ მაინც ყველაზე ბედნიერი და მდიდარი კაცი ვარ. აღიარება და გულწრფელი ტაში ხელოვანისთვის ხომ ყველაზე დიდი ქონებაა", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი. ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილისთვის ეს თვე საიუბილეოა - ის 86 წლის გახდა.

- რა მასწავლა წლებმა? სიკეთე უნდა აკეთო, ბოროტება - არა. არასდ­როს არ გადამიხდია არავისთვის სამაგიერო! ჩემი საქმე მქონდა და ვმუშაობდი. ახლაც კორონას მერე სიარული მიჭირს, სულ ვზივარ­ და ვმუშაობ. დაწერილი მაქვს­ ბალეტი "ხევისბერი", შვიდი ოპერეტა და შვიდივე დაიდგა ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალურ თეატრში. "მეჩექმე გაბო" დადგა გიგა ლორთქიფანიძემ.

- განსაკუთრებით მომწონს "სენტიმენტალური ტანგო", ფილმიდან "მზე შემოდგომისა"...

- ჩემს კურსზე სწავლობდა პიანისტი ნანა ავალიშვილი, მისი მეუღლე კი გახლდათ ბრწყინვალე ოპერატორი ლომერ ახვლედიანი. როგორც ჩანს, ნანამ ურჩია ლომერსა და თემურ ფალავანდიშვილს, ფილმის მუსიკის ავტორად მე ავეყვანე. მუშაობის პროცესში ეს სამეული ხშირად ვიკრიბებოდით რეზო თაბუკაშვილთან, ვინიშნავდით, სად უნდა გაჟღერდეს ტანგო, სად - ზღვის თემა, სიყვარულის თემა და ასე შემდეგ. ამ ფილმისთვის დავწერე თაბუკაშვილის ლექსზე სიმღერა "ყველასათვის ლეგენდავ და არაკო, გამარჯობა ჩემო თბილის-ქალაქო..." ფილმიდან კადრები მაჩვენეს და მელოდიაც უცებ მოვიდა გონებაში. რა მაგის პასუხია და, ამ ფილმზე მუშაობის დროს გავსინჯე პირველად რაჭული ლორი. მედეა ჯაფარიძე სადილის გარეშე არ გვისტუმრებდა ხოლმე შინ. ერთხელაც გაშალეს სუფრა და რეზო ამბობს, ეს რაჭული ლორიაო. ქონს დასანახავად ვერ ვიტან, მაგრამ მედეასი და რეზოსი მომერიდა და ნაძალადევად მოვიციცქნე­, ჰოდა, ისე მომეწონა და მერე იმდენი გეახელით, შემრცხვა...

ამ ფილმის რამდენიმე კადრში მეც ვჩანვარ, ვახტანგის გამოფენის მომენტში. მე რომ მკითხოთ, მარტო გუდიაშვილის ცეკვისთვის ღირდა ამ ფილმის გადაღება. მასში ასახული გამოფენისა და მოლხენის შემდეგ ტანგოს ეპიზოდია... მედეას გმირმა სტუმრები გააცილა და ამ დროს გაისმის "სენტიმენტალური ტანგო". ამ ტანგოს დღესაც უკრავენ კონცერტებსა თუ კონკურსზე, როგორც ჩვენთან, ისე - საზღვარგარეთ.

- თქვენს ბევრ სიმღერას ასრულებს ნანი ბრეგვაძე...

- ნანიც ჩემი კურსელია, ნამდვილად­ დედოფალი. მისთვის დავწერე: "ისევ წვიმს", "დღეები მიდიან", "გზები, გზები", "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება"... მიყვარს ასევე უდიდესი მომღერალი და პატრიოტი­ თამარ გვერდწითელი. მიატოვა ყველაფერი­ რუსეთში: დიდი ბინა, აგარაკი და აქ არის. ჩემი "მუსიკა" რომ იმღერა, მორის ფოცხი­შვილის სიტყვებზე დაწერილი, მორისმა მითხრა, ამ სიმღერას სამი ავტორი ჰყავს­ - შენ, მე და თამარ გვერდწითელიო. მართლაც ასეა, არანორმალურად კარგად ასრულებს.

- ცრურწმენები თუ გაქვთ?

- 13 რიცხვი ჩემთვის განსაკუთრებულია: 13-ში დავიბადე მე, 13-ში დაიბადა ჩემი შვილი ნათია, 1981 წელს, 13 მაისს, ვიყავი დიუსელდორფში, სადაც ჩვენმა "დინამომ" მოუგო იენის "კარლ ცაისს", ასე რომ, სულაც არ არის 13 თარსი.

- ფეხბურთიც თქვენი დიდი სიყვარულია.

- 1946 წლიდან დავდიოდი ფეხბურთზე. ჩემს ეზოში ცხოვრობდა კოტე მესხი, რომელმაც სხვადასხვა პრესიდან ამოჭრილი საფეხბურთო მომენტების ფოტოებით სავსე ალბომი მაჩუქა. მერე მეც გავაგრძელე, უამრავი ალბომი და ლიტერატურა მაქვს. მახსოვს ბორის პაიჭაძე, რომელიც მართლაც პირველი ნომერი იყო. გაიოზ ჯეჯელავა საოცრებებს აკეთებდა მოედანზე. ავთანდილ ღოღობერიძემაც დიდი სიტყვა თქვა ქართულ ფეხბურთში. მერე წამოვიდა ჩემი თაობა: მესხი, მეტრეველი, ბარქაია, კოტრიკაძე... როდესაც 1976 წელს მოსკოვში თბილისის "დინამომ" საბჭოთა კავშირის თასის ფინალში მოუგო ერევნის "არარატს", რა დამაძინებდა! გახარებულმა იმ ღამეს დავწერე "დინამო, დინამო", რომელსაც მერე სიტყვები დაუწერა მორის ფოცხიშვილმა და "ივერიამ" შეასრულა. გავიდა დრო და დიუსელდორფში ევროპის თასი 2:1 მოვიგეთ. ასათიანმა დელეგაციაში ოთხი კაცი შეიყვანა. მათ შორის ერთ-ერთი მე ვიყავი - კაცმა "დინამო, დინამო" დაგვიწერა და თამაშის სანახავადაც არ წავიყვანოთო?! თამაშის შემდეგ ნოდარ ახალკაცს რომ გადავეხვიე და მივულოცე, გათიშული იყო სიხარულით. ღამით სასტუმროში რომ დავბრუნდით, გვარიანად ვიქეიფეთ. თამადა გურამ ფანჯიკიძე იყო. ზურაბ რცხილაძემ წამოიწყო "მრავალჟამიერი", მე პირველი ხმა მივეცი... ეჰ, რა დრო იყო...

11 წელი ვიყავი კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. კომპოზიტორი არამ ხაჩატურიანი ხომ თბილისელი იყო! სომხეთში აღნიშნეს მისი 100 წლისთავი და ღონისძიებაზე მიმიწვიეს. ერევანში კარგი დახვედრა იციან. სტადიონ "რაზდანის" წინ იყო რესტორანი. მეშვიდე სართულზე გაიშალა სუფრა. სწორედ იქ დაიწყეს: პირველი თამაში "რაზდანზე" წავაგეთ თბილისის "დინამოსთან" 1:0, ბურთი მანუჩარ მაჩაიძემ შეაგდოო. მე ვუთხარი, მანუჩარი ჩემი მეგობარია-მეთქი. ისიც გვახსოვს, ამ სტად­იონზე ილია დათუნაშვილმა ხუთი ბურთი რომ გაგვიტანაო. მე დავუკონკრეტე, ერთ ტაიმში-მეთქი და თავმომწონედ ვთქვი, დათუნაშვილიც ჩემი მეგობარია-მეთქი. ნირი წაუხდათ... იმ საღამოს ფეხბურთზე აღარ გვისაუბრია, თორემ ისიც რომ მეთქვა, თბილისის "დინამომ" "არარატს" რომ მოუგო, "დინამო, დინამო" მაშინ დავწერე-მეთქი, ალბათ, მეშვიდე სართულიდან გადმოგვყრიდნენ... გავიდა ხანი. ბაქოში ვარ... იქაც კარგად იციან სტუმრის დახვედრა. "დინამო, დინამო" მოვასმენინე... როგორ წერთ ასეთ ნაწარმოებს და ამავე დროს, შლაგერებსო. მაშინ ვუთხარი, აი, ჩვენმა "დინამომ" ერევნის "არარატს" რომ მოუგო­ 3:0, ეს სიმღერა მაშინ დავწერე-მეთქი. მთელი ვიზიტის დროს ხელისგულზე მატარებდნენ... სომხებიც მიყვარს და აზერბაიჯანელებიც.

ჩემი ყველაზე დიდი ნატვრაა, მენახოს ჩემი საქართველო გაერთიანებული.