"ქოცი", "ნაცი" თუ "ბაცი" ჩემთვის ყველა ერთია... დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს უფრო მეტი ხელფასი რომ ექნება, ვიდრე მსახიობს, ეს კატასტროფაა“ - კვირის პალიტრა

"ქოცი", "ნაცი" თუ "ბაცი" ჩემთვის ყველა ერთია... დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს უფრო მეტი ხელფასი რომ ექნება, ვიდრე მსახიობს, ეს კატასტროფაა“

მსახიობმა დათო დარჩიამ არაერთი შთამბეჭდავი როლი შეასრულა რუსთაველის თეატრის სცენაზე,­ თუმცა, სცენა სხვაა, ცხოვრება კი - სულ სხვა. მსახიობი გვიამბობს, რა იმალება ლამაზი დეკორაციების, ტაშისა და ოვაციების მიღმა:

- მსახიობის მდგომარეობა თანამედროვე საქართველოში რთული კი არა, კატასტროფულია. ცხადია, ყველაფერი ფულით­ არ იზომება, მაგრამ ჩვენი ცხოვრება მარტო სცენაზე გამოსვლა ხომ არ არის? ოჯახები გვაქვს, მეგობრები და ნათესავები გვყავს... ადამიანი ამქვეყნად ერთხელ მოდის და მისი ცხოვრება არსებობას ხომ არ უნდა ჰგავდეს? მსახიობის შრომა ისედაც მძიმეა, რადგან უდიდეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას მოითხოვს. ჩემი მაგალითით გეტყვით: ერთ-ერთი სპექტაკლის დროს მიკროინფარქტი გადავიტანე, რადგან ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ურთულეს როლს ვასრულებდი. ამერიკასა და ევროპაში სულელები ხომ არ არიან, მსახიობებს ამხელა ჰონორარებს რომ უხდიან? მაგრამ მოწინავე ქვეყნებში სათანადოდ აფასებენ ამ პროფესიას. მსახიობი საშუალო ფენის წარმომადგენელი მაინც უნდა იყოს, რომ ყოფით პრობლემებზე არ იფიქროს და თავისი როლი სრულფასოვნად შეასრულოს.

- მიუხედავად ამისა, არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობი გვყავს...­

- ამ ახალგაზრდებზე ძალიან ვდარდობ:­ ოჯახები აქვთ, შვილები ჰყავთ და იძულებული არიან, 700-800 ლარად იცხოვრონ. ამ თანხით ოჯახიც უნდა არჩინო, თავიც, და სცენაზე არტისტული ნიჭიც გამოავლინო, ეს კი ურთულესი ამოცანაა, ამიტომ, ჩემს შვილს, რომელიც წელს ამთავრებს სამსახიობო ფაკულტეტს, ხშირად ვურჩევ, პროფესია შეიცვალოს. ბიჭი ჩემს გზას არ გაჰყვა და კიდევ კარგი, გოგონამ კი მსახიობობა მოინდომა და წინასწარ ვაფრთხილებ, რომ ძალიან გაუჭირდება.

- თქვენმა თაობამ გაცილებით რთული გზა არ გამოიარა?

- ჩვენი თაობა სულ სხვა იყო: 1990-იან წლებში გაჭირვებას ძალაუნებურად ყველანი შევეგუეთ. უფულობასაც ვიტანდით, შიმშილსაც და სიცივესაც, მხოლოდ ინიციატივით ვმუშაობდით და სიცხესა და სიცივეში ღამეებს ვათენებდით, რადგან ჩვენი საქმე გვიყვარდა. ახლა სულ სხვა დროა! მსახიობებს ხელფასი უნდა გაუზარდონ, რომ თავისუფლად ამოისუნთქონ და სცენაზე ბოლომდე დაიხარჯონ. ყველაზე სამწუხარო იცით, რა არის? ჯერჯერობით იმედიც არ ჩანს, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება. ყველა პროფესიას პატივს ვცემ, მაგრამ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს უფრო მეტი ხელფასი რომ ექნება, ვიდრე რუსთაველის თეატრის მსახიობს, ეს ქვეყნისთვის ნამდვილი კატასტროფაა.

- თქვენი აზრით, როდის იყო ქართველი მსახიობის შრომა ყველაზე დაფასებული?

- შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ საბჭოთა პერიოდში, როცა ჩვენს ქვეყანას ედუარდ შევარდნაძე მართავდა. ახლა თითქოს ყველას უყვარხარ, პატივსაც გცემენ, მაგრამ ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი: ოვაციები და ტაში რას მიშველის, როცა უამრავი პრობლემა მაქვს და ოჯახს ვერ ვუვლი?! ამის გამო ჩემი პროფესია უკვე აღარ მხიბლავს. როცა 30-40 წელი სცენაზე დგახარ, მეტი დაფასება გჭირდება და არა - ცარიელი ტაში, რომელიც ნებისმიერი მსახიობისთვის ძვირფასია, მაგრამ ჩვენს პრობლემებს ვერ აგვარებს.

- ამის ბრალია, რომ ბევრმა ნიჭიერმა ხელოვანმა ემიგრაციაში წასვლა არჩია?

- რა თქმა უნდა. ბევრს ურჩევნია უცხოეთში სულ სხვა საქმე აკეთოს, ვიდრე­ აქ თავი მოიკლას, იმუშაოს, ბოლოს კი გროშები გადმოუყარონ და თვითონ ჯიბეები გაისქელონ... დასავლეთში მსახიობებს ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ - რეჟისორზე, ოპერატორზე, თვით დირექტორზე მეტიც კი. ჩვენთან რა ხდება? ხდება ის, რომ ბევრ მსახიობს დამლაგებელზე დაბალი ხელფასი აქვს.

- თქვენ თუ გიფიქრიათ წასვლაზე?

- სამი წლის წინ მეც მივდიოდი, მაგრამ დედაჩემს ეს ამბავი არ მოეწონა და გადაწყვიტა, ჩემს ნაცვლად თვითონ წასულიყო. უკვე სამი წელი და ორი თვე გავიდა, რაც არ მინახავს. რა თქმა უნდა, უზომოდ მადლიერი ვარ, რომ მან ეს გმირობა ჩაიდინა და ბევრი რამ თავის მხრებზე იტვირთა. საზღვარგარეთ წასვლა ყოველთვის შემეძლო, მაგრამ ეს ქვეყანა ყველაზე მეტად მიყვარს, მინდა მისთვის ბოლომდე დავიხარჯო, მაგრამ ამ ქვეყანამაც ხომ უნდა გვაგრძნობინოს, რომ ეს სიყვარული ორმხრივია? რა მოხდება, თუნდაც სხვა სფეროებში გაწეული ხარჯები ოდნავ რომ შემცირდეს? ქართველ სამხედროებს ვენაცვალე, ყველას პატივს ვცემ და მიხარია, რომ ნორმალური ანაზღაურება აქვთ, მაგრამ მათი დაფინანსების ნაწილი - თუნდაც 1-2 მილიონი მსახიობებისთვის რომ დახარჯონ, ჩემი კოლეგები ამ მდგომარეობაში აღარ იქნებოდნენ. საქართველოსთვის კულტურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მას მსოფლიო სუხიშვილებით, რუსთაველის თეატრით, გია ყანჩელით, უნიკალური ფილმებით და პოეზიით იცნობს. ახლა ქართულ თეატრს და ჩვენს მსახიობებს ძალიან უჭირთ და იმედია, ამ გასაჭირს საზოგადოება გულთან ახლოს მიიტანს.

- იქნებ გამოსავალი იმიტომ არ ჩანს, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ხალხის პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად ერთმანეთთან კინკლაობას უნდებიან?

- პოლიტიკისგან შორს ვარ. "ქოცი", "ნაცი" თუ "ბაცი" ჩემთვის ყველა ერთია. რაც შეეხება კინკლაობას, მგონი, ეს ჩვენი ისტორიული ნაკლია. ამ ქვეყანას შადიმან ბარათაშვილები არასდროს მოჰკლებია. ეტყობა, ქართველებს ჩვევად გვექცა ჩხუბი და ერთმანეთის დაჩაგვრა. სამწუხაროდ, ბუნებამ, ნიჭიერებასთან ერთად, შური და გაუტანლობაც დაგვაბერტყა. გვიკვირს, როგორ დადიან მოწინავე ქვეყნებში პრემიერები, მინისტრები და თანამდებობის პირები ველოსიპედით, ავტობუსით, მეტროთი... ბორის ჯონსონი ავიღოთ - ყოველგვარი დავიდარაბის გარეშე გადადგა. ცოტა ხანში თავისი კაბინეტიდან გამოვა, ავტობუსში­ ჩაჯდება და ცხოვრებას განაგრძობს, როგორც რიგითი ბრიტანელი. საქართველოში ეს გამორიცხულია! რაც უნდა ვიძახოთ, რომ ევროპელები ვართ, ჩვენს თავისებურებებს მაინც არ ვკარგავთ...

ხათუნა ჩიგოგიძე