რა განაპირობებს მოზარდთა აგრესიულობას - კვირის პალიტრა

რა განაპირობებს მოზარდთა აგრესიულობას

ბოლო დროს სოციალურ ქსელში ხშირად ნახავთ ვანდალიზმის ამსახველ კადრებს. ცოტა ხნის წინ ქუჩაში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა, თუ როგორ არბევენ მოზარდები ახალგარემონტებულ სკვერს თბილისში. "ფეისბუკში" გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდები ძაღლს აწვალებენ და ამით ძალიან ხალისობენ. აღარაფერს ვამბობ ერთმანეთზე ძალადობასა და ბულინგზე. მოზარდების აგრესიულობაზე ბევრს საუბრობენ ფსიქოლოგები და ფსიქიატრებიც. მათი აზრით, ახალგაზრდების აგრესიულობა შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული. ერთი მეორეს ზიანს აყენებს საკუთარი იმიჯის დასაცავად ან იმისთვის, რომ საკუთარ უპირატესობას გაუსვას ხაზი. სხვებისათვის კი აგრესიულობა შეიძლება ფრუსტრაციისაგან განტვირთვის საშუალება იყოს. ერთი მოსაზრებით, ზოგჯერ მოზარდები აგრესიას ყურადღების მისაპყრობად მიმართავენ და მისი ფარული მოტივი შეიძლება დახმარების თხოვნა იყოს, რის უკანაც უსუსურობის განცდა, შიში ან საკუთარ თავში დაურწმუნებლობა იმალება. უფრო ვრცლად ამ პრობლემაზე ფსიქოლოგი ლალი ბადრიძე გვესაუბრება:

- მე მაინც მგონია, რომ აგრესია მოზარდებში და საზოგადოდ, საზოგადოების ყველა ჯგუფში ყოველთვის იყო, უბრალოდ, სოციალურმა მედიამ უფრო თვალნათელი გახადა, ისევე როგორც უბედური შემთხვევები. აგრესიის მიზეზი ისევ და ისევ აგრესიაა. როდესაც ადამიანს აბულინგებენ ოჯახში, ეზოში, სკოლაში და ის შესაბამისად ვერ პასუხობს, შემდეგ ჯავრს იყრის თავისზე სუსტ ადამიანებზე, ცხოველებზე, საგნებზე და ასე შემდეგ...

- სკოლაში, ეზოში ან ნებისმიერ გარემოში არსებულ ამ პრობლემას როგორ უნდა გაუმკლავდეს მოზარდი, თუ მის აღზრდაზე ოჯახმა არ იზრუნა?

- ოჯახი მთავარია. თქვენ ხშირად გსმენიათ გამოთქმა, ბავშვი ოჯახის სარკეაო. მშობლებს ხშირად მოჰყავთ ჩემთან შვილები ჩივილით, რომ ბავშვი აგრესიული გახდა. არადა, საკუთარ თავს არ უსვამენ შეკითხვას, რა გავაკეთე ისეთი, რომ ბავშვი აგრესიული გახდაო? ბავშვი უმიზეზოდ არ ხდება აგრესიული. ის ზუსტად ირეკლავს იმ განწყობას, რომელიც ჩვენ გვაქვს - ჩვენს შეცდომებს, ჩვენს პოზიტიურ ემოციებს. ამიტომაც ბავშვთან მშობლის გარეშე არ ვმუშაობ. ზოგჯერ მხოლოდ მშობელთან მუშაობაც საკმარისია, რომ ბავშვი უკეთესობისკენ შეიცვალოს.

- რა არის ის მთავარი შეცდომა, რომელსაც მშობლები ყველაზე ხშირად უშვებენ ბავშვის აღზრდაში?

- მშობლის აკვიატება, რომ "მან იცის"! ჰგონიათ, თავად არიან ყველაფერში კომპეტენტურები და აზრადაც არ მოსდით, რომ ზოგჯერ მაინც მოუსმინონ, რა უნდათ თავად ბავშვებს. სინამდვილეში ბავშვმა ჩვენზე უკეთ იცის, რა არის მისთვის კარგი. საბედნიეროდ, ახალგაზრდა თაობის დედები უფრო სხვაგვარად უდგებიან საკითხს, ცდილობენ მეტი ლიტერატურა წაიკითხონ და მეტად გაითვალისწინონ სპეციალისტების აზრი ბავშვის აღზრდის შესახებ. შვილებს უფრო მეტად უსმენენ. სამი რამ არის აუცილებელი, რომ მშობელმა შვილის სწორად აღზრდა მოახერხოს. ეს არის: შვილის უპირობო სიყვარული, მისთვის თავისუფლების მიცემა და ჩარჩოები.

- თავისუფლება ჩარჩოებით?

- დიახ, ბავშვს თავისუფლება უნდა ჰქონდეს, ოღონდ ჩარჩოებში. ეს მშობელმა უნდა განსაზღვროს. როდესაც სპეციალისტებმა ბავშვების თავისუფლებაზე დაიწყეს საუბარი, მშობლების ნაწილმა არასწორად გაიგო და მათ შვილებს აბსოლუტური თავისუფლება მისცეს. რა თქმა უნდა, ეს არასწორია, თავისუფლებასაც სჭირდება ჩარჩოები. შეზღუდვა აუცილებელია, მაგრამ შედეგს იძლევა მაშინ, როცა ამას ბავშვს ვუთანხმებთ. მაგალითად, როდესაც საქმე ეხება კომპიუტერს, ბავშვს უნდა ვკითხოთ, შევუთანხმდეთ, რამდენ ხანს სურს კომპიუტერთან ჯდომა, ერთი საათი თუ დღის განმავლობაში 15-15 წუთი ან ნახევარ-ნახევარი საათი. როდესაც ბავშვთან შეთანხმებული ხართ, 5 წუთით ადრე შეახსენებთ პირობას და ის აგრესიის გარეშე დახურავს კომპიუტერს.

- პირადი მაგალითით შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი შეთანხმების შემდეგ 10-15 წუთის დამატებას ყოველთვის მთხოვენ.

- 10-15 წუთის დამატება სჯობს ბავშვისთვის კომპიუტერის წართმევას და ამის გამო მის ისტერიკაში ჩავარდნას. შვილს დასჯის მეთოდზეც კი უნდა შეუთანხმდეთ. როდესაც ბავშვი არასწორად მოიქცევა, უნდა უთხრათ: "შენ ახლა არასწორად მოიქეცი და ამისთვის აუცილებლად უნდა აგო პასუხი. რა გირჩევნია, კომპიუტერთან არ დაჯდები მთელი დღის განმავლობაში, ეზოში არ ჩახვალ თუ ტკბილეულს არ შეჭამ?"

- საინტერესოა, რა გავლენას ახდენს მოზარდებზე მძიმე სოციალური გარემო და ომის საფრთხე?

- რა თქმა უნდა, სტრესული გარემო თრგუნავს და აღიზიანებს არა მარტო მოზარდს, არამედ ზრდასრულ ადამიანსაც. 90-იან წლებში პირადად მაქვს გამოცდილი სოციალური სიდუხჭირე და შემიძლია გითხრათ, რომ ასეთ დროს ძალიან რთულია ემოციების გაკონტროლება, მაღალ მატერიებზე ფიქრი.

- მაგრამ, ალბათ, ასეთ დროსაც არ უნდა იყოს რთული სხვის მიერ მოწესრიგებული გარემოს მოფრთხილება. მაშინ, როდესაც ძალიან მოგვწონს ევროპულ ქალაქებში არსებული სისუფთავე და წესრიგი, ჩვენ რატომ ვერ ვახერხებთ საკუთარი გარემოს მოწესრიგებას თუ არა, მოფრთხილებას მაინც. ნუთუ სისუფთავე და წესრიგი ჩვენი ხასიათისთვის არ არის დამახასიათებელი?

- ევროპაში ყველაზე მოწესრიგებული ქვეყანა გერმანიაა. იცით ამას როგორ მიაღწიეს გასულ საუკუნეში?

- დიახ, ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის ადამიანებს ადგილზე ხვრეტდნენ. რა თქმა უნდა, ახლა ეს წარმოუდგენელია. ფიქრობთ, რომ მკაცრი ჯარიმების გარეშე ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია?

- არა მარტო ხვრეტდნენ, დამრღვევის ქონებას გადასცემდნენ მას, ვინც ქუჩაში ნაგვის დამყრელს დააბეზღებდა. მერე ეს ყველაფერი ჩვევაში გადაიზარდა. თქვენ მართალი ხართ, ამ საუკუნეში, მით უფრო ქუჩების დანაგვიანებისთვის ან ახალგარემონტებული სკვერების დაზიანებისთვის დახვრეტა წარმოუდგენელია, მაგრამ უნდა გამოინახოს მექანიზმი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს წაახალისებს გარემოზე ზრუნვისთვის. მაგალითად, კარგი იქნება, ის მობინადრე, რომელიც თავისი სახლის ან სამსახურის წინ ტერიტორიას მოუვლის, ქვაფენილს დაგვის, მორეცხავს, დასუფთავების გადასახადისგან სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გათავისუფლდეს. კარგი იქნება, თუ კონკურსები ჩატარდება საუკეთესოდ მოვლილი ეზოსა და ქუჩისთვის და სიმბოლური პრიზები დაწესდება. დროთა განმავლობაში მოქალაქეებს თავიანთი გარემოს მოვლა ჩვევაში გადაეზრდებათ და შემდეგ აღარც სხვისას დააზიანებენ და დაანაგვიანებენ.

ხათუნა ბახტურიძე