"გაუგებარია, როგორ ვერ აღმოაჩინეს წლების მანძილზე მიმდინარე გაჟონვის პროცესი“ - კვირის პალიტრა

"გაუგებარია, როგორ ვერ აღმოაჩინეს წლების მანძილზე მიმდინარე გაჟონვის პროცესი“

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა და ახლა ის გამოძიების დასრულებას და სასამართლო პროცესების დაწყებას ელოდება. ისიც ითქვა, რომ მის ხელთ არსებული მასალები მალე გამოჩნდება საზოგადოებაში. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათაც აქვთ უამრავი ფაილი. დარგის ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ინფორმაციის გამოტანა ისეთი უწყებიდან, როგორიც სუს-ია, სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ აქტუალურ საკითხებზე ვესაუბრეთ უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტს, თანაავტორს წიგნებისა "კიბერთავდაცვა" და "ჰიბრიდული ომების ანატომია", ბატონ ანდრო გოცირიძეს.

- ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურში მომხდარა სკანდალი, რომელიც უფლებამოსილების გადამეტებას ან უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობას უკავშირდებოდა, თუმცა ამ რანგის მოხელისაგან პირადი მიზნებით უსაფრთხოების სამსახურის მასალებით მანიპულირება, რომელთაგან ბევრი პირადი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს მოიცავს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ზედა ეშელონების დემორალიზაციასა და არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს.

სპეცსამსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივი მის არქივებში დაცული ინფორმაციაა, რომელიც სადაზვერვო, ოპერატიული და ანალიტიკური საქმიანობის შედეგად გროვდება და რომლის მიხედვითაც მზადდება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები. ბუნებრივია, ასეთი ინფორმაცია სამიზნეა როგორც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების, ასევე სხვადასხვა ტერორისტული თუ ფინანსურად მოტივირებული კრიმინალური დაჯგუფებებისათვის. ცხადია, ამ პირობებში შიდა უსაფრთხოების დაცვა სპეცსამსახურის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა.

არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სპეცსამსახურების ისტორიაში არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც საიდუმლო მასალების გატანაში ამ რანგის მოხელეა მხილებული. მართალია, სასამართლოს ბრალდება ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა ფიგურანტი არ უარყოფს მასალების გატანას და ამას მამხილებლის მოტივაციით ხსნის, თუმცა, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება მამხილებელი იყოს ამ რანგის მოხელე, რომელიც, წლებია, თავად იყო პარტიის დასაყრდენი სპეცსამსახურში. სპეცსამსახურის მოქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, იქ დასაქმებული კადრებისა და სპეცკონტინგენტის პერსონალური უსაფრთხოება დამოკიდებულია ხელმძღვანელი რგოლის კეთილსინდისიერებასა და პატრიოტიზმზე, მათ პოლიტიკურ მიუკერძოებლობაზე, მათი მუშაობის სპეციფიკასა და მოპოვებული ინფორმაციის დაცულობაზე, რადგან გავრცელებული ინფორმაცია, მით უმეტეს - ციფრულ საუკუნეში, წარმოდგენას იძლევა მის მომპოვებელზე. ბევრ მათგანს მტრულ გარემოში, ტერორისტულ ორგანიზაციებსა თუ კრიმინალურ ჯგუფებთან უწევს სარისკო, გმირული მუშაობაც კი, რაც ყოველდღიურ საფრთხესთან არის დაკავშირებული. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მათ დემორალიზებას იწვევს. ამის გარდა, მოსახლეობაში ჩნდება ნიჰილიზმი სახელმწიფოს მიმართ: კიდევ რამდენი და რა ტიპის ინფორმაციაა გაჟონილი? და თუკი ეს შესაძლებელია, რა დაუდგება წინ რუსეთს, მოიპოვოს ქართული სახელმწიფოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მასალები? ცხადია, ეს რყევა ნეგატიურად აისახება სპეცკონტინგენტის შესაქმნელ სავარაუდო ბაზაზეც, ხოლო ამ აპარატის გარეშე საიდუმლო სამსახურის გამართული მუშაობა წარმოუდგენელია.

ცალკე პრობლემაა, რომ ამგვარი ფაქტები ამცირებს პარტნიორი სპეცსამსახურების ნდობას, რომელთა დაფინანსება და მხარდაჭერა გადამწყვეტია ქართული უსაფრთხოების სექტორისათვის.

- არის საშიშროება, რომ ამ უწყებიდან სხვადასხვა გზით გაედინებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციები?

- არსებობს განცდა, რომ საფრთხე რეალურია. ის, რაც მოახერხა საჯარო მოხელემ - მკაცრი შემოწმების გარეშე წაიწია წინ, უმაღლეს იერარქიულ საფეხურამდე, გვერდი აუარა კონტროლისა და დაცვის მექანიზმებს და გამოიტანა საიდუმლო მასალები, რატომ არის შეუძლებელი რუსული სპეცსამსახურის, ან კარგად ორგანიზებული ტერორისტული ორგანიზაციებისათვის? ხომ არ გვავიწყდება, რა ძალაა რუსეთის სათავეში და სადაზვერვო უწყებებში მუშაობის როგორი გამოცდილება აქვთ კრემლის დღევანდელ ბოსებს? ან რა მდიდარი მემკვიდრეობა აქვთ მათ საქართველოში საბჭოთა სუკის აგენტურის სახით. საქართველო რომ მათი ინტერესის ობიექტი და სამიზნეა, ამაზე არც ღირს მსჯელობა.

- სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადინება ხომ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ქვეყანას...

- სპეცსამსახურის მუშაობის ფორმები და მეთოდები, მათ შორის - საკუთარი უსაფრთხოების ღონისძიებები სახელმწიფო საიდუმლოებაა და ამაზე მსჯელობა მხოლოდ დახურულ ფორმატშია ნებადართული, ერთის თქმა კი შეიძლება: ქართულ უსაფრთხოების სამსახურებში არსებობს ყველა აპრობირებული მექანიზმი და ბაზა, რომელიც ამგვარი ქმედების პრევენციისთვის არის საჭირო, მაგრამ ეს მექანიზმები არ ამოქმედდა, რადგან არსებობდა ფიგურანტის იერარქიული ზრდით პოლიტიკური დაინტერესება.

- კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სუს-ი გაძლიერდეს?

- თავდაპირველად აუცილებელია, მკვეთრი ზღვარი გაივლოს მმართველ პარტიასა და სპეცსამსახურის ფუნქციურ დანაყოფებს შორის. ეს პრობლემა მხოლოდ ერთ უწყებას არ ეხება და საერთოა მთელი სისტემისათვის. თუ სპეცსამსახური სამინისტროს დონეზეა წარმოდგენილი, ხოლო სამინისტროს ხელმძღვანელობს პოლიტიკური თანამდებობის პირი, იგი პოლიტიკური გუნდის წევრია და არ უნდა ჰქონდეს უფლება, შეასრულოს ფუნქციური დავალება, უხელმძღვანელოს ოპერატიულ, პოლიციურ და სადაზვერვო ღონისძიებებს, ფარულ მოქმედებებს, დაგეგმოს, განახორციელოს მიყურადების ღონისძიებები, ან გაეცნოს მათ შედეგებს. თუკი სპეცსამსახური სააგენტოს, დეპარტამენტის სახით არის წარმოდგენილი, მაშინ მისი ხელმძღვანელობა პარლამენტის ნდობით უნდა სარგებლობდეს და კანონი მისი პოლიტიკური ზემოქმედებისგან დაცვას ითვალისწინებდეს. შემდგომი საკითხია მაკონტროლებელი ორგანოს, გენერალური ინსპექციის საკითხი. ცნობილია, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის ეს ამერიკული მექანიზმი სამი ასწლეულია წარმატებით მუშაობს შეერთებულ შტატებში. კორუფციული საქმეების, გადაცდომების, თანამშრომლის თუ მოქალაქის უფლებათა დარღვევისა და სხვა საკითხებთან ერთად ინსპექცია სპეცსამსახურის მოქმედების შესაბამის გეგმებთან თანხვედრასაც სწავლობს. საქართველომ ეს გამოცდილება 2000 წელს გაიზიარა და დანერგა, ოღონდ, "ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით", ეს უწყება მინისტრებს დაუქვემდებარა როგორც ფინანსურად, ასევე - ოპერატიულ საქმიანობასა თუ ინსპექტირებაში. გამოდის, რომ შიდა კონტროლის მექანიზმი, ერთი მხრივ, პოლიტიკურ პირს ექვემდებარება, მეორე მხრივ კი მინისტრს ნებისმიერი არასასურველი გამოძიების ბლოკირება შეუძლია პირდაპირი თუ ირიბი ბერკეტებით და ინსპექციის კეთილსინდისიერება დიდწილად არის დამოკიდებული მინისტრის - პოლიტიკური პირის კეთილსინდისიერებასა თუ შეხედულებებზე.

- როგორ ფიქრობთ, გოგაშვილი უწყებიდან წამოსვლის შემდეგაც მოახერხებდა იქიდან მსგავსი ინფორმაციის გატანას? ან, თქვენი აზრით, რისთვის დასჭირდა მას ეს ყველაფერი?

- სავარაუდოა, რომ მისთვის თანამდებობაზე ყოფნისას უფრო იქნებოდა მასალები ხელმისაწვდომი, ვიდრე - წამოსვლის შემდგომ. ვერც მოტივზე ვიტყვი რამეს, რის გამო გააკეთებდა გოგაშვილი ამას, თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საკუთრივ სპეცსამსახურისა და ათასობით პროფესიონალი და პატრიოტი თანამშრომლის იმიჯი საფრთხის ქვეშ პარტიული გარჩევების გამო დადგა. სწორედ ამიტომ მოეთხოვება სპეცსამსახურის თანამშრომელს პოლიტიკური ნეიტრალურობა და რაც უფრო მაღალი რანგისაა, მით უფრო მეტად, რადგან სპეციფიკიდან გამომდინარე, მაღალი რანგი დაშვების ფართო დიაპაზონს გულისხმობს.

სამწუხაროდ, საქართველოში რუსეთს ძალიან კარგი სადაზვერვო პოზიციები უნდა ჰქონდეს. ამას ბევრი მიზეზი აქვს, რომელთა შორისაც არის მიმდინარე ოკუპაცია, არ ან ვერჩატარებული ლუსტრაცია, მოქალაქეთა დიდი ნაკადები, რუსული პროპაგანდა, რომელიც მოსახლეობის ნაწილში საბჭოთა ნოსტალგიას აღრმავებს. ამ ყველაფრის და რუსეთის საქართველოთი მტრული დაინტერესების გამო რუსული საფრთხე სუს-ის ანგარიშებში მუდმივად განიხილება და ამის გათვალისწინებით უფრო გაუგებარია, როგორ ვერ აღმოაჩინეს წლების მანძილზე მიმდინარე გაჟონვის პროცესი.

soso2-1658677390.jpg

- თქვენი აზრით, ამდენი წელი რატომ ვერ მოხერხდა ამ სტრუქტურის ჩამოყალიბება?

- მიუხედავად მრავალი დასრულებული თუ შუა გზაზე მიტოვებული რეფორმისა, არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ მოინდომა სპეცსამსახურის სრული დეპოლიტიზაცია და მისი გათავისუფლება პარტიული კონტროლისაგან. დროთა განმავლობაში, პოლიტიკური წნეხის ქვეშ, თანამდებობის შესანარჩუნებლად სპეცსამსახური პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მხოლოდ მისთვის სასურველ ინფორმაციას აწვდის, სახეცვლილ, არასანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებები კი სახელმწიფოსათვის მეტად საზიანოა. სწორედ ამ ფენომენის მსხვერპლი გახდა რუსული პოლიტიკური ელიტა უკრაინაში შეჭრის წინ, როდესაც ეფ-ეს-ბე კრემლს არასწორ ინფორმაციას აწვდიდა უკრაინელი ხალხის პრორუსული განწყობის შესახებ, რეალობა კი, საბედნიეროდ, სულ სხვა აღმოჩნდა.

- როგორ გესახებათ სუს-ის გაძლიერება? რა უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანა მსგავსი ქმედებებისგან დაცული იყოს?

- სამწუხარო რეალობაა, რომ ახლო წარსულში, მიუხედავად რეფორმის მცდელობისა, მმართველ პარტიასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის წაშლილი ზღვრის გამო სპეცსამსახური მუდმივად ემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს, არადა, თანამედროვე სპეცსამსახურის ამოცანა უნდა იყოს არა რომელიმე პარტიისა თუ გაერთიანების ძალაუფლების, არამედ დემოკრატიის დაცვა, მოქალაქეთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრების წინააღმდეგ სხვადასხვა აქტორის მიერ განხორციელებული ქმედებების პრევენცია.

რეფორმა უნდა შეეხოს სპეცსამსახურის ობსერვაციის სეგმენტსაც. ახალი სამსახური უნდა აკვირდებოდეს მხოლოდ იმ ორგანიზაციებს თუ ჯგუფებს, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით საფრთხეს უქმნიან დემოკრატიულ საზოგადოებას, მოქალაქეთა უფლებების დაცვას თუ თავისუფლებებით სარგებლობას.

უკიდურესად მნიშვნელოვანია პოლიციური და საგამოძიებო ფუნქციების საკითხი. პოლიციურ ფუნქციებთან დაკავშირებით საკითხი მარტივია - იგი სპეცსამსახურს არ უნდა ჰქონდეს, თუმცა ასევე მსჯელობის საგანი უნდა გახდეს საგამოძიებო უფლებების შენარჩუნება. დაკითხვა, ჩხრეკა, დაკავება, ანტიკორუფციული ღონისძიებები - ეს ის ფუნქციებია, რომლებიც სპეცსამსახურს, ყოველ შემთხვევაში - ქართულ რეალობაში, ხშირად პოლიტიკურ იარაღად აქცევს და ძირითად თემებზე კონცენტრირებაში ხელს უშლის. ნაცვლად განუსაზღვრელი ძალაუფლებისა, სპეცსამსახურს ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი უნდა დაევალოს, მისი ძირითადი ფუნქცია კი კონსტიტუციური წყობისათვის სახიფათო პროცესებზე, დასჯად ქმედებებზე დაკვირვება უნდა იყოს და მას არამც და არამც არ უნდა ჰქონდეს იძულების უფლება.

სპეცსამსახური თავად უნდა დაექვემდებაროს კონტროლს, მექანიზმები კი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული. ეს შეიძლება იყოს პარლამენტი, გენერალური ინსპექცია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები, აუდიტის სამსახური თუ სხვა. თანამედროვე სპეცსამსახური უნდა იყოს მკაფიოდ გამოხატული კონტრდაზვერვითი ფუნქციის მქონე, ძირითად ამოცანებად კი უნდა განისაზღვროს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობისა თუ საიდუმლო ოპერაციების კონტროლი, მათი განეიტრალებისკენ მიმართული სპეციალური ოპერაციების ჩატარება, კონსტიტუციური წყობისათვის სახიფათო მოქმედებებზე დაკვირვება და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების ინფორმირება...

- ვის პასუხისმგებლობას ხედავთ გოგაშვილის საქმეში? უნდა აგოს თუ არა პასუხი იმან, ვინც გოგაშვილი ამ თანამდებობაზე დანიშნა?

- როგორც არაერთხელ აღინიშნა, გოგაშვილი არ იყო სპეცსამსახურების წიაღში წარმოშობილი მოვლენა. ის იყო სპეცსამსახურზე პარტიული კონტროლის მექანიზმი და პოლიტიკური გუნდის წევრი, ამიტომ ამ მძიმე შედეგზე პასუხისმგებლობა სწორედ პოლიტიკურმა გუნდმა უნდა აიღოს. რა სახის იქნება ეს პასუხისმგებლობა, ამას ამომრჩეველთან პარტიის ანგარიშვალდებულება განსაზღვრავს. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, სავარაუდოდ, სპეცსამსახურში არსებობს სამსახურში მიღების, სამსახურის გავლისა თუ დაწინაურების, ასევე - სიგნალებზე რეაგირების მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურები, რომელთა შეუსრულებლობა სს დანაშაულია და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.