რატომ ვერ ამცირებს ინფლაციას ლარის კურსის გამყარება - კვირის პალიტრა

რატომ ვერ ამცირებს ინფლაციას ლარის კურსის გამყარება

ლარი უცხოური ვალუტების მიმართ ბოლო დროს მკვეთრად გამყარდა. მიუხედავად ამისა, ინფლაცია მაინც მაღალია, რაც საზოგადოების უკმაყოფილებას კვლავაც ზრდის. რა ფაქტორები განაპირობებს ლარის გამყარებას დოლარისა და ევროს მიმართ, რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება თუნდაც უახლოესი პერიოდის განმავლობაში ლარის კურსის სიმყარის შესახებ და რა გავლენას ახდენს ის ეკონომიკასა და ინფლაციაზე, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ფინანსისტ ზვიად ხორგუაშვილს ესაუბრა.

- ლარის კურსზე საუბრისას უნდა გამოვყოთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზეზები. ახლა რაც ხდება, ამას მოკლევადიანი მიზეზი განაპირობებს და შეუძლებელია ვინმემ გასცეს კომპეტენტური პასუხი, სანამ არ დაიდება მონაცემები დოლარის შემოსვლისა და გასვლის შესახებ. გრძელვადიანი თვალსაზრისით, ლარის კურსს განსაზღვრავს სწორედ ქვეყანაში გასული და შემოსული დოლარის ოდენობა, ასევე ეროვნული ვალუტის მასის ცვალებადობა. მოკლევადიან პროგნოზთან დაკავშირებით შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ. მაგალითად, ასეთი ვარაუდია, რომ ბოლო თვეებში რუსეთისთვის გამოცხადებული სანქციების გამო ბევრი რუსი ჩამოვიდა საქართველოში და მკვეთრად იმატა რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა. ამის სტატისტიკა გვაქვს - თითოეულ თვეში რუსეთიდან შემოსული ფულის მასა გასამმაგებული და გაოთხმაგებულია და ამიტომ ვარაუდია, რომ ლარის გამყარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი შეიძლება ეს იყოს. თუმცა ზუსტი პასუხი, გავიმეორებ, გვეცოდინება დაახლოებით ორ თვეში, როდესაც ყოველკვარტალურ ინფორმაციას გამოაქვეყნებენ "საქსტატი" და ეროვნული ბანკი.

ამას გარდა, უკვე მეორე წელია, ინფლაციის მაღალი ტემპი გვაქვს და რამდენიმე თვეა ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. სამწუხაროდ, გამკაცრება არ არის ისეთი დიდი მასშტაბის, რომ ინფლაციაზე მკვეთრი გავლენა იქონიოს, მაგრამ გავლენა აქვს ლარის კურსზე, რადგან როცა ფულის მასა ადრინდელივით არ იზრდება, ეს დადებითად მოქმედებს.

მესამე, რაც ასევე მნიშვნელოვანია - შესუსტებულია დოლარის ინდექსი (სხვა ვალუტების მიმართ მისი გაცვლითი კურსის საფუძველზე დადგენილი შეწონილი კურსი), რადგან ამერიკამაც და ევროპამაც დიდი რაოდენობით "ბეჭდეს" ფული. რა თქმა უნდა, ამან მათი მსყიდველობითი უნარი შეასუსტა - ამერიკაში ინფლაცია 9%-ია, ევროს ინფლაცია კი 7-8%. ამიტომაც ლარის გამყარების ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი შესაძლოა ესეც იყოს.

ზუსტი პასუხისთვის უნდა ვიცოდეთ, როგორია ყოველკვარტალური ექსპორტ-იმპორტი, ინვესტიციების შემოდინება-გადინება, რაც ჯერ არ ვიცით; უნდა ვიცოდეთ, როგორია ფულადი გზავნილები და ეს ვიცით და სწორედ ამის მიხედვითაც ვვარაუდობთ; უნდა ვიცოდეთ, როგორია ყოველკვარტალური ფულის მასის ზრდა ქვეყანაში და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ზუსტად თქმა, ამ პერიოდში რა ხდებოდა.

- სეზონური ფაქტორი ამ შემთხვევაში ახდენს გავლენას?

- მართლაც არსებობს მოსაზრება, რომ ზაფხულობით ლარი მყარდება და საახალწლოდ უფასურდება. ბოლო ოცი წლის მონაცემებს თუ გადავხედავთ, ხან ასეა და ხან ისე - გვქონია ზაფხულები ლარის გაუფასურებით და ახალი წლები - ლარის გამყარებით. ამიტომ გამყარება-გაუფასურების ერთმნიშვნელოვნად სეზონურობისთვის მიკუთვნება არ იქნება სწორი და დასაბუთებული. რიცხვები სხვა რამეს გვეუბნება. თუმცა აქაც შეიძლება ის ლოგიკა ჩაირთოს, რომ ტურისტული სეზონის გამო შესაძლოა მეტი დოლარი შემოდიოდეს. ეს გასაგებია, მაგრამ რადგან ლარის კურსზე ტურიზმიდან შემოსული ფულადი ნაკადების გარდა კიდევ უამრავი რამ ახდენს გავლენას და პირველ რიგში, ინვესტიციები, ვაჭრობა და გადმორიცხვები, ამიტომ შეუძლებელია თქმა, რომ აუცილებლად სეზონის გამო გამყარდა და მომავალშიც ამის გამო გამყარდება.

- ეკონომიკას ეტყობა ლარის გამყარება?

- აქ რამდენიმე კომპონენტია. თუ ავიღებთ მშპ-ს, 2022 წლის პირველ სამ თვეს კარგი ზრდა გვქონდა, რაც ორი მიზეზით იყო განპირობებული: პირველი - 2020-ში მშპ მკვეთრად შემცირდა და 2019 წლის დონის დასაწევად მკვეთრი ზრდა იყო საჭირო, რაც 2021 წელს მოხერხდა და გადავიდა 2022-ის დასაწყისშიც; მეორე - მთავრობამ 2020-2021 წელს ბევრი ვალი აიღო და ეკონომიკაში ჩაასხა, რამაც მოკლევადიანი ზრდა აჩვენა.

ეკონომიკის სიძლიერის სხვა კრიტერიუმები რომ ავიღოთ, სამწუხაროდ, ამ მხრივ კარგი მდგომარეობა არა გვაქვს. ვალი მშპ-ის 60%-ს არის აცდენილი. უმუშევრობის მხრივაც კვლავ სერიოზული პრობლემები გვაქვს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების რაოდენობა ერთი შეხედვით შემცირდა, მაგრამ სინამდვილეში კატასტროფულად გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მთავრობას შემწეობისთვის მიმართა და შემწეობა რომ აიღეს, მერე გაჭირვებულებად აღარ ჩაითვალნენ. ამიტომ კონკრეტულ რიცხვებს თუ ვნახავთ, საქართველოს ეკონომიკა გაუმჯობესებისკენ არათუ არ მიდის ისე, როგორც ჩვენ გვინდა, არამედ ზოგადადაც არა გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა.

- დღეს ლარის კურსი რა გავლენას ახდენს ინფლაციაზე, რომელიც ძალიან მაღალია?

- ლარის გაუფასურება იმპორტირებულ პროდუქციას აძვირებს და საქართველოში მოხმარების 60%-ზე მეტი იმპორტზე მოდის. ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში ძვირდება პროდუქტები, რომლებსაც მოსახლეობის გაჭირვებული ნაწილი მოიხმარს - ეს ეხება სურსათსა და მედიკამენტებს, ტრანსპორტს, იქიდან გამომდინარე, რომ საწვავი იმპორტირებულია. ამიტომ ლარის კურსის დაცემით, პირველ რიგში, გაჭირვებული მოქალაქეები ზარალდებიან. ახლა კი რა ხდება?ლარის გამყარებით იმპორტირებული პროდუქცია, ერთი შეხედვით, უფრო იაფად უნდა შემოდიოდეს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის და ამის ორი მიზეზია - მსოფლიოში ტრანსპორტირება მკვეთრად არის გაძვირებული ბოლო სამი წლის მოვლენების გამო და მეორე, სამწუხაროდ, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია, კრემლის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო კი რუსეთთან ვაჭრობა შემცირებულია და უფრო შემცირდება, რაც ზრდის პროდუქციაზე მოთხოვნას და შესაბამისად, ფასები გაზრდილია. იგივე ითქმის იმ პროდუქტებზე, რომლებიც უკრაინიდან შემოდიოდა და ომის გამო ვეღარ შემოდის. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სხვა ბაზრების მოძიება უწევს, რაც ფასებს ზრდის. ამიტომაც პროდუქცია, ლარის გამყარების მიუხედავად, უფრო იაფად, დიდი ალბათობით, ვერ შემოვა. ცხადია, ახლა ლარის კურსი რომ მყარი არ იყოს, ინფლაცია გაცილებით მაღალი იქნებოდა და ეს რეალურად დადებით გავლენას ახდენს ინფლაციაზე. სხვა საკითხია, რომ მოსახლეობა ამას მაინც ვერ გრძნობს. გარდა ამისა, ჩვენ გაცილებით უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკა გვჭირდება.

- რას გულისხმობთ?

- ეროვნული ბანკი უფრო მეტად უნდა შეეცადოს, რომ ფულის მასა ხელოვნურად არ გაზარდოს, რასაც აქამდე აკეთებდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება სულ უფრო მეტ შიდა ვალს იღებს - ვალს იღებს კომერციული ბანკებისგან, ისინი კი ფულს ეროვნული ბანკიდან იღებენ, ანუ ბაზარს ახალი ფულის მასა ემატება და ემატება. ინფლაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ესეც არის. საჭიროა ეროვნულმა ბანკმა ნაკლები სესხი გასცეს და ჯობს მთავრობამ შიდა ვალი კი არა, საგარეო ვალი აიღოს. თუმცა, ცხადია, აჯობებს, ვალი საერთოდ არ აიღოს ან ძალიან ცოტა. საერთოდაც, სებ-ი უნდა ყველა ინსტრუმენტს იყენებდეს, რომ ფულის მასა არ გაიზარდოს ინფლაციის მოსათოკად. ფასების ზრდას ეს სრულად ვერ შეაჩერებს, საუბარია ტემპის დაწევაზე. ამიტომ, სამწუხაროდ, გაიაფების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან პოლიტიკა არა გვაქვს გაიაფებისკენ მიმართული. ეს არის მთავარი. ეროვნული ბანკის გარდა, ამ საქმეში მთავრობასაც მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეჰქონდეს - მაგალითად, გადასახადები შეამციროს, რათა მოქალაქეებს მეტი ფული დარჩეთ და მეორე მხრივ, ისეთი გადასახადები შეამციროს, რაც ფასზე ახდენს გავლენას, მაგალითად, აქციზი და დღგ.

- ეროვნული ვალუტის გამყარება უცხოურ ინვესტიციებს გარკვეულწილად ხომ უშლის ხელს და ლარის გამყარება მათ მოზიდვაზე რა გავლენას მოახდენს?

- ასეა გრძელვადიან პერიოდში, თუმცა ინვესტორი არ უყურებს, ბოლო კვირაში ლარი გამყარდა თუ გაუფასურდა. ის უყურებს ლარის კურსის მერყეობას წლების განმავლობაში. ამ მხრივ ისეთი ვითარება გვაქვს, ერთ თვეში დოლარი სულ რომ 2 ლარზე ჩამოვიდეს, არაფერს ნიშნავს. ნებისმიერი ინვესტორი უყურებს გრძელვადიან პერიოდს და გრძელვადიან პერიოდში ლარი სუსტი ვალუტაა. ყველაზე მნიშვნელოვანია, ინვესტორმა საიმედოობა და სანდოობა დაინახოს. ერთ-ერთი გამოსავალი, რომ ინვესტორს საქართველოში ფულის ჩადება ვალუტის გამო მოუნდეს ან ფულის წაღება გადაიფიქროს, ის არის, რომ ლართან ერთად საქართველოში დავუშვათ ევრო და დოლარი, რადგან მრავალი წლის განმავლობაში ამ ვალუტებისადმი მყარი ნდობაა. ეს იქნება კარგი სიგნალი ინვესტორებისთვის.

- დოლარისა და ევროს ვაჭრობაში დაშვებისთვის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების თანხმობა არ არის საჭირო?

- არა, არ არის საჭირო. მაგალითად, მონტენეგრო და კოსოვო არ არიან ევროზონის წევრები, მაგრამ დე ფაქტო აქვთ ევრო. ისევე, როგორც, მაგალითად, მსოფლიოში არის 9 ქვეყანა, რომელთაც ევრო და დოლარი აქვთ აღებული, და არის 20-ზე მეტი ქვეყანა, რომელთაც პირდაპირ დოლარზე აქვთ თავიანთი ვალუტა მიბმული. არის ძალიან ბევრი ქვეყანაც, რომელთაც პარალელურად დაშვებული აქვთ სხვადასხვა ვალუტა, მაგალითად, შვეიცარია. თურქეთში ბოლო პერიოდამდე შეგეძლოთ დოლარითაც გეყიდათ და ევროთიც, საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიაზე ლარითაც კი ვაჭრობდნენ. ასე რომ, ამის გაკეთება ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია. ამისთვის მთავარია საბანკო რეზერვები, რაც საქართველოს აქვს.

- ეს ლარის სიმყარეზე არ მოახდენს გავლენას და როგორი აისახება ეკონომიკაზე?

- რა თქმა უნდა, მოახდენს და ლარზე მოთხოვნას მკვეთრად შეამცირებს. წარმოიდგინეთ, ნებისმიერ ადამიანს არჩევანი რომ ჰქონდეს ხელფასი ლარში აიღოს თუ ევროში, რომელს აირჩევდა? რა თქმა უნდა, ევროს, რადგან მისთვის უკეთესია. თუმცა ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ლარი მსყიდველობით უნარს დაკარგავს და ეს მთლიანად ხელისუფლების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. ეროვნული ბანკი ლარის გამყარებას რაიმე ინსტრუმენტით დაიწყებს თუ არა, ბევრ რამეზეა დამოკიდებული. სავსებით შესაძლებელია ხელისუფლებამ ისე გააკეთოს, რომ ლარმაც არ დაკარგოს მსყიდველობითი უნარი და ამავე დროს, დაშვებული იყოს ევროს გამოყენება. რაც მთავარია, ეს ინფლაციას მკვეთრად დააგდებს, რადგან ევროს ინფლაცია, მიუხედავად იმისა, რომ ევროს მასა მკვეთრად გაიზარდა, თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ლარის. ეს მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში.

- რამდენ ხანს შეიძლება შენარჩუნდეს ლარის გამყარება ან დარჩეს თუნდაც დღევანდელ ნიშნულზე?

- ლარს რა მოუვა მოკლევადიან ან გრძელვადიან პერიოდში, ზღაპარია ამაზე საუბარი. რუსეთ-უკრაინის ომამდე ლარი არ მყარდებოდა, რადგან არ იცვლებოდა ხელისუფლების პოლიტიკა და ასეთ ვითარებაში კურსი მერყევია, არ არის სტაბილური. ხელისუფლებას პოლიტიკა კვლავაც არ შეუცვლია, მაგრამ ლარი გამყარდა გარე მიზეზების გამო. ეს გარე მიზეზები კი იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ ვერავინ იტყვის, ვალუტის კურსს რა მოუვა. ვინმე თუ იტყვის და დაემთხვევა, ეს უბრალოდ გარტყმა იქნება და არაფერ კავშირში არ არის აკადემიურ მსჯელობასთან.

რუსა მაჩაიძე