"კარგა ხანს აპარატზე ვიყავი შეერთებული. მხოლოდ 21-ე დღეს აღმოუჩენიათ ექიმებს, რომ მარჯვენა ფეხი მქონდა მოტეხილი..." - კვირის პალიტრა

"კარგა ხანს აპარატზე ვიყავი შეერთებული. მხოლოდ 21-ე დღეს აღმოუჩენიათ ექიმებს, რომ მარჯვენა ფეხი მქონდა მოტეხილი..."

"ჩემი ცხოვრება ორად შეიძლება გავყო: შავად და თეთრად, ავარიამდე და ავარიის შემდეგ", - ამბობს ჟურნალისტი ვასილ სილაგაძე და დასძენს, რომ უკვე 19 წელია, ცხოვრებას ავადმყოფობასა და სიძნელეებთან ჭიდილში ატარებს. ავარიამ, რომელიც 2003 წლის 31 ოქტომბერს მოხდა, მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად მარჯვენა ხელ-ფეხი გაშეშებული ჰქონდა, უჭირდა მეტყველება. დიდი ხნის განმავლობაში ეტლს იყო მიჯაჭვული, ავარიიდან შვიდი წლის შემდეგ გადადგა პირველი ნაბიჯები, ისიც - სხვების დახმარებით.

- ბედნიერი ცხოვრება მქონდა, ხალისიანი და მხიარული. მეექვსე კლასამდე თეატრალურში მინდოდა ჩაბარება, შემდეგ აზრი შემეცვალა და პოლიტექნიკური ინსტიტუტისკენ გამიწია გულმა. მაინცდამაინც მეტალურგობა მხიბლავდა, მაგრამ სკოლა რომ დავამთავრე, თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობაზე ჩავირიცხე. ერთ დღესაც ნატო ონიანს შევხვდი და ვთხოვე, ტელევიზიაში სამუშაოდ წავეყვანე. საცდელად მიმიღო და აქედან დაიწყო ჩემი ყველაზე ბედნიერი წლების ათვლა, მერე კი გათენდა ის საბედისწერო დღე - 2003 წლის 31 ოქტომბერი...

- რა მოხდა ამ დღეს?

- სასტუმრო "აჭარასთან"” შუქნიშანზე გადავდიოდი და, როგორც თვითმხილველები იხსენებენ, შავი უნომრო "ოპელ-ვექტრა" დამეჯახა და გაუჩინარდა. ეს შემთხვევა ღამის 3 საათზე მოხდა. გონდაკარგული რამდენიმე საათის შემდეგ გამვლელმა მიცნო - ჩემი დეიდაშვილის მეგობარი აღმოჩნდა. მასვე წავუყვანივარ რესპუბლიკურ საავადმყოფოში... კარგა ხანს აპარატზე ვიყავი შეერთებული. მხოლოდ 21-ე დღეს აღმოუჩენიათ ექიმებს, რომ მარჯვენა ფეხი მქონდა მოტეხილი... აპარატზე მიერთებულს მილი მედგა ყელში, შეხორცება დაიწყო და სამი თვის შემდეგ, როცა გონზე მოვედი, მილის ამოღებისას ხორხიც დამიზიანდა. კარგა ხანს ვერ ვლაპარაკობდი... პირველად ფეხზე 2009 წელს დავდექი. ამ დროს ბევრს უკვე ცოცხალი აღარც ვეგონე... დღეს ასე თუ ისე რომ ვლაპარაკობ, სამი რთული ოპერაციის შედეგია. ფეხზეც სამი ოპერაცია გავიკეთე და ახლა უკვე ხელჯოხით ვახერხებ სიარულს. საზღვარგარეთის არაერთ კლინიკაში გავგზავნე მონაცემები. მეუბნებიან, რომ განკურნების შანსი მაქვს, თუმცა საამისო სახსრები არ გამაჩნია... რამდენიმე წლის წინ ახლო მეგობარმა გადამირიცხა თანხა ვილნიუსში აბრომიშკეს რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც რამდენიმე კურსი ჩავიტარე... დროდადრო საშინელი ტკივილი მაწუხებს. მეგობარმა რენტგენოლოგმა მირჩია ურეკში, ქვიშაში, სპეციალური სარეაბილიტაციო კურსები ჩამეტარებინა. მანვე გაუწია რეკომენდაცია ერთ ღვთისნიერ ცოლ-ქმარს, რომლებიც ამ საქმეს აკეთებდნენ. შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ მას შემდეგ უკვე ლამის რვა წელია, ურეკის მაგნიტით ,,ვსაზრდოობ". წლიდან წლამდე თავი ამით გამაქვს, ტკივილისგან რომ არ დავიტანჯო. ურეკის ქვიშაში უჯოხოდ გავლა შემიძლია. ბუნებრივია, ვერ განვიკურნები, მაგრამ ერთი კურსის მერე რამდენიმე თვე ტკივილისგან ვისვენებ.

- წელსაც აპირებთ წასვლას?

- თუ კეთილი ადამიანები დამეხმარებიან, უსათუოდ - 22 დღე 850 ლარი გახდა, თუმცა ერთი შეღავათი მაქვს - როგორც დიდი ხნის პაციენტს, ჩემი მკურნალები მმასპინძლობენ. ბევრი უბედურება გადავიტანე, ბევრი გულისტკენა, მაგრამ მომავლის რწმენა არ დამიკარგავს. ძალიან მინდა ხვალინდელი დღის იმედი მქონდეს, არ ვიყო სხვაზე დამოკიდებული. დავიჯერო, ოცნებები ხდება?..

საქართველოს ბანკი:

GE80BG0000000125594000

მიმღები:

ვასილ სილაგაძე