"ბოლო ერთი თვის განმავლობაში რესპირაციული ინფექციების წილი ძირითადად კორონავირუსზე მოდის“ - კვირის პალიტრა

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში რესპირაციული ინფექციების წილი ძირითადად კორონავირუსზე მოდის“

ბოლო 2-3 კვირაში მკვეთრად გაუარესებულია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ათჯერ არის მომატებული ახალი შემთხვევების რაოდენობა. ეპიდსიტუაციისა და მოლოდინის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ინფექციონისტი ალექსანდრე­ გოგინავა ისაუბრებს.

- ბატონო ალექსანდრე, ბოლო დროს ავადობა გახშირდა. ეს კოვიდშემთხვევებია თუ სხვა ვირუსები ცირკულირებს?

- გაზაფხულის პერიოდში ბევრი სხვა ვირუსი, მათ შორის - რესპირაციული ინფექციაც აქტიურდება. იყო გრიპი,­ ადენოვირუსული ინფექციები, ენტეროვირუსული ინფექციები, თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში რესპირაციული ინფექციების წილი, ძირითადად, მოდის კორონავირუსზე, კერძოდ, "ომიკრონის" ახალ ქვეშტამებზე - BA.4-სა და BA.5-ზე. ადამიანებს თუ აღენიშნებათ ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირის გაჭედვა, ტემპერატურის მატება, ზაფხულის პერიოდში ამის გამომწვევი არის ახალი კორონავირუსული ინფექცია. ბოლო თვე-ნახევარია, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მთელ მსოფლიოში გაუარესდა, თუმცა დამაიმედებელი არის ის, რომ ახალ ქვეშტამებს­ მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. ჰოსპიტალიზაცია ძირითადად სჭირდებათ ქრონიკული დაავადების მქონე ინფიცირებულებს და მათ, ვისაც იმუნოდეფიციტი აქვთ, ასე რომ, ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთული არ არის. ამავე დროს, ქვეყანაში არის ანტივირუსული პრეპარატი, რომელსაც რისკჯგუფებში საწყის ეტაპზე თუ გამოვიყენებთ, ჰოსპიტალიზაციის რისკი მცირდება. ბერკეტი იმისა, რომ შევამსუბუქოთ ეპიდსიტუაცია და არ გაიზარდოს ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილიანობა, არის ვაქცინაცია და ბუსტერდოზები. ასაკოვანი ადამიანების, მათ შორის - მედპერსონალისთვის დაშვებულია მეოთხე ბუსტერდოზა. ეს ის კონტინგენტია, ვისთანაც მძიმე მიმდინარეობის რისკი მაღალია და რეკომენდებულია მათი მეოთხედ ვაქცინაცია.

- ძირითადად რა სახის გართულებებია და ჰოსპიტალიზაცია რა დროს ხდება საჭირო?

- გახანგრძლივებული ცხელება, სასუნქი სისტემის პრობლემები, სუნთქვის უკმარისობა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება არის ძირითადი გართულებები, რის გამოც ადამიანებს სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია.

- ამ ბოლო ხანებში ბევრს ჰგონია, რომ ჩვეულებრივი ვირუსი ჰქონდა. მეც მეგონა, რომ სხვა ვირუსი მქონდა, ავადმყოფობიდან დაახლოებით 10 დღეში კი აღმოვაჩინე, რომ ყნოსვა დავკარგე...

- ბევრს ჰქონდა ასე. თუ ადამიანს ყელის ტკივილი, ხველა, დაბალი ტემპერატურა აღენიშნება, დიდი ალბათობით, მას აქვს კორონავირუსი, თუმცა უმრავლესობას ის მსუბუქად გადააქვს, ამიტომ დიაგნოსტირება არ ხდება და ამ ადამიანებს არც დამატებით კვლევა სჭირდებათ. ერთადერთი, რაც მინდა ვურჩიო ასეთ ადამიანებს, დავრჩეთ სახლში და არ მივიღოთ მონაწილეობა ხალხმრავალ ღონისძიებებში, ან, თუ შინ დარჩენას ვერ ვახერხებთ, გამოვიყენოთ პირბადე. ბოლო ორი კვირის მონაცემებს­ თუ შევადარებთ, წინა კვირაში იყო 5 000 დადასტურებული შემთხვევა, ამ კვირაში - 7 000-მდე, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არ არის საგანგაშო. ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია კი არის გაუარესებული, მაგრამ შორს ვართ იმისგან, რაც ხდებოდა ჩვენთან ზამთარში და გაზაფხულზე, როდესაც ჰოსპიტალები იყო გადავსებული.

კვლევები აჩვენებს, რომ მეოთხე ბუსტერდოზა, რომელიც მნიშვნელოვანია ასაკოვნებისა და ქრონიკულად დაავადებული პირებისთვის, ამცირებს დაავადების მძიმედ მიმდინარეობის რისკს, ამიტომ ყველა ასეთ ადამიანს მოვუწოდებ, აიცრას მეოთხე დოზით, ხოლო ვისაც მხოლოდ ორჯერ აქვს ვაქცინა გაკეთებული, გაიკეთოს მესამე ბუსტერდოზა.

- და ეს ბუსტერი რამდენჯერ უნდა გავიკეთოთ?

- გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად კეთდება. კოვიდის ვაქცინაც, როდესაც ეს ვირუსი ენდემიაში გადავა, ყოველწლიურად იქნება საჭირო.

- ბუსტერი რამდენ ხანში ერთხელ კეთდება?

- ამ ეტაპზე მეოთხე დოზა დაშვებულია ასაკოვანი და ქრონიკულად დაავადებული პაციენტებისთვის და კეთდება მესამე დოზიდან მინიმუმ ოთხი თვის შემდეგ.

- ექსპერტები შემოდგომისთვის კოვიდის ახალ ტალღას წინასწარმეტყველებენ...

- სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური გათვლითა და კვლევით ეს საფრთხე არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით რთულია თქმა, როგორი იქნება ეს ტალღა...

- რეგულაციების გამკაცრება იგეგმება?

- ამ ეტაპზე, როგორც ექიმი, არ ვთვლი, რომ აუცილებელია რომელიმე რეგულაცია გამკაცრდეს. ერთადერთი, რაც შეიძლება განვიხილოთ, არის პირბადის გამოყენება ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში. ამ ეტაპზე ვიცით, რომ ეს რეგულაცია მოხსნილია, თუმცა თუ არ გვექნება ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ნიშნები, შესაძლოა, ის ისევ დაწესდეს.

- BA.4-სა და BA.5-ს სამშობლო აქვთ?

- აქვთ. ისინი სამხრეთ აფრიკაში გამოჩნდა დაახლოებით ზამთრის პერიოდში, თუმცა სწრაფი გავრცელება დაიწყო ბოლო ორი თვის განმავლობაში და ახალი შემთხვევების რაოდენობამაც მკვეთრად მოიმატა როგორც ევროპის რეგიონში, ასევე - აშშ-ში.