"ჩინეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა კავკასიაზე გამავალმა დერეფანმა“ - კვირის პალიტრა

"ჩინეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა კავკასიაზე გამავალმა დერეფანმა“

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გაჩნდა მოსაზრება, რომ ჩინეთისთვის რუსეთის უმნიშვნელო შესუსტება კარგია, რადგან ეს საშუალებას მისცემს გააფართოოს გაყიდვების ბაზარი, გაზარდოს გავლენა მოსკოვზე, შესაძლოა შეიძინოს რუსული საწარმოები და გაზარდოს რუსეთის დამოკიდებულების ხარისხი აზიაზე დასავლური იზოლაციის პირობებში. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთისა და რუსეთის "ალიანსი" თავიდანვე ძირითადად გლობალურად ითვლებოდა და არა რეგიონულად, ან თავის დროზე, იდეოლოგიურად, არის მოლოდინი, რომ ჩინეთისა და დასავლეთის დაპირისპირება უფრო გამწვავდება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თავის მხრივ აშშ-სთვის ჩინეთი კვლავ ნომერ პირველი პრიორიტეტია და მათთვის მნიშვნელოვანია ახლა ისარგებლონ უკრაინის ომით, რათა ჩინეთი ანტირუსულ სანქციებში მოექცეს. ასე რომ, ჩინეთისთვის ომის გაჭიანურება არ არის გამოსავალი, რადგან რაც დრო გადის, მით უფრო მაღალია პუტინის სისტემის დაშლის ალბათობა, რაც უკვე ჩინეთს არ აწყობს - მას დასუსტებული რუსეთი აწყობს და არა განადგურებული. ასეთ შემთხვევაში გაუარესდება ჩინეთის გეოპოლიტიკური პოზიცია და აღარ ექნება საშუალება რუსეთი კვლავ გამოიყენოს დასავლეთის წინააღმდეგ ბერკეტად ან უკიდურეს შემთხვევაში, ბუფერულ ზონად, რომელიც მუდმივ პრობლემებს უქმნის აშშ-ს. ამიტომ ეს, გარდა ეკონომიკური­ ფაქტორისა, რაც უმთავრესია ჩინეთისთვის, არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩინეთი არ შეუერთდება სანქციებს, რითაც ის დააჩქარებდა რუსეთის დამარცხებას და ბევრ პრობლემას შეუქმნიდა მის უსაფრთხოებას, საგარეო ვაჭრობასა და ფინანსებს. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის ომი და რუსეთის დასავლეთისგან იზოლაცია ჩინეთს რუსეთზე ეკონომიკური და ფინანსური გავლენის ბერკეტს აძლევს და გრძელვადიან პერსპექტივაში პეკინის გავლენა რუსეთის ფედერაციაზე გაძლიერდება. ჩინეთს არ სჭირდება ძლიერი რუსეთი, რომელიც ომს იგებს, მას სჭირდება მორჩილი უმცროსი პარტნიორი. ამიტომ ომში რუსეთის გამარჯვება ჩინეთის ინტერესში არ შედის. ამის პარალელურად მიიჩნევა, რომ ჩინეთისთვის აშშ-ის გლობალური დასუსტება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინის ომის შედეგი.

საერთო ჯამში კი ჩინეთისთვის უკრაინის ომი გრძელი პროცესის ნაწილია ძალთა გლობალური ბალანსის შესაცვლელად. როგორც ცნობილია, რუსეთთან ერთად ჩინეთიც "ცივი ომის" შედეგების გადახედვისა და საერთაშორისო ურთიერთობების უფრო პრაგმატულ მრავალპოლარულ სისტემაზე გადასვლის მომხრეა, სადაც დაიკავებს ძალაუფლების გარკვეულ ცენტრს, თუნდაც ეკონომიკაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეს ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ის შემდეგ მეორე, ექსპორტის მიხედვით კი პირველია მსოფლიოში. ჩინეთს გლობალურ სავაჭრო ბრუნვაში­ ექსპორტის 13%-იანი, ხოლო იმპორტის 11%-იანი წილები უჭირავს. მისი ყველაზე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. იუანი საერთაშორისო სარეზერვო-სავალუტო სისტემაში მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად პირველ სამეულში შედის. მეტიც, მაშინ, როცა 2020 წელს პანდემიის გამო მწარმოებლურობა მსოფლიოში 3,3%-ით, ხოლო ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არიან აშშ - 3,5%-ით, დიდი ბრიტანეთი - 9,9%-ით, იტალია - 8,9%-ით შემცირდა, ჩინეთის ეკონომიკა 2,3%-ით გაიზარდა.

რა შანსები აქვს ჩინეთს, რომ გახდეს გეოპოლიტიკის მთავარი მოთამაშე, რა ფაქტორები უწყობს და რა უშლის ხელს, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ანალიტიკოს ალექსი ნონიაძეს ესაუბრა:

- ჩინეთს სურდა და სურს უფრო აქტიურ როლს თამაშობდეს პოლიტიკურ რუკაზე და რუსეთ-უკრაინის ომი მისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. დასავლეთი დათმობებზე არ მიდის­ და ჩინეთიც "სასტიკად" გააფრთხილა, რომ თუ ხელს შეუწყობს აგრესორ რუსეთს, აუცილებლად მოხვდება სანქციებში, სანქციების დაწესება კი ჩინეთისთვის დამღუპველი იქნება, რადგან მის პოლიტიკას ეკონომიკა განსაზღვრავს და შესაბამისად, მისი ინტერესი არ მიდის იქით, რომ დასავლეთს დაუპირისპირდეს. ჩინეთი ბოლომდე ვერც რუსეთის წინააღმდეგ წავა, მაგრამ არც ბოლომდე დაუდგა­ გვერდით, პირდაპირი დახმარება არ აღმო­უჩენია - ანუ დღეს ჩინეთს აქვს "არც იქით და არც აქეთ" პოლიტიკა.

- რეალურად ჩინეთისთვის რუსეთი კონკურენტია და გარკვეულწილად აწყობს, რომ რუსეთი დასუსტდეს. თუმცა მისი განადგურებაც არ აძლევს ხელს. სად გადის ჩინეთის რუსეთში ინტერესების წითელი ხაზი?

- ჩინეთის მთავარი ინტერესია იაფი ნედლეული, რომლის ქვეყანაში იმპორტირება რუსეთიდან ხდება. ამიტომ ჩინეთი დაინტერესებულია, რომ საფრთხე არ შეექმნას ნავთობპროდუქტების იმპორტს. გარდა ამისა, დაინტერესებულია, რომ გასაღების ბაზრები მოძებნოს მთელ მსოფლიოში. მისი ინტერესის სფეროში ის ქვეყნები შედიან, რომლებიც ამ სატრანზიტო დერეფანში არიან. ბუნებრივია, ამერიკა და ევროპა ჩინეთის ინტერესის უპირველესი საგანია, მაგრამ მის ინტერესში ცენტრალური აზიის ქვეყნებიც არის მოქცეული, საქართველოც და სხვებიც, სწორედ იმიტომ, რომ გასაღების მთავარ ბაზრამდე მისასვლელი სატრანზიტო დერეფანი მისთვის მუდმივად უსაფრთხო იყოს და პრობლემებს არ უქმნიდეს. ერთია, რომ საზღვაო გზით მიაწოდოს პროდუქცია მთელ მსოფლიოს, მაგრამ ჩინეთი ყოველთვის ცდილობს ა-ვარიანტიც ჰქონდეს და ბ-ვარიანტიც. ბ-ვარიანტია სწორედ სახმელეთო გზა და ძველი აბრეშუმის გზის აღდგენას სწორედ ამიტომ ცდილობს. ევროპაში პროდუქციის სახმელეთო გზა რუსეთის გავლით ჰქონდა, მაგრამ რუსეთი ამ შემთხვევაში მისთვის არასტაბილური პარტნიორია, რადგან რუსეთი ამას თავისი ინტერესებისთვის იყენებს - როცა მოუნდება, შეუძლია გადაუკეტოს ჩინეთს დერეფანი და მერე პოლიტიკურად ევაჭროს. ამიტომ ახლა ჩინეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა კავკასიაზე გამავალმა დერეფანმა. სხვათა შორის, ეს არ არის ახალი და წლებია, რაც ჩინეთმა "ერთი გზა - ერთი სარტყელის" პროექტი გაააქტიურა.

- საქართველო რას აკეთებს იმისთვის, რომ ამ პროექტით ვისარგებლოთ? განსაკუთრებით ახლა, როცა რუსეთის ქმედებების გამო ამ დერეფნის მრავალმხრივი საჭიროება მკვეთრად გამოჩნდა?

- ვერ ვიტყვით, რომ არაფერი კეთდება, მაგრამ, ვერც იმას ვიტყვით, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა, მაქსიმალურად არ გავაღიზიანოთ რუსეთი. იქამდე მივედით, რომ არ ვაფიქსირებთ საქართველოში რუსეთის ინტერესები რა არის, რატომ ცდილობს მუდმივად ღია კონფლიქტები იყოს კავკასიის რეგიონში. ამაზე პასუხი ძალიან მარტივია - იმიტომ, რომ სადაც კონფლიქტებია, ღია თუ გაყინული, ვერ განვიხილავთ რუსეთის ალტერნატიულ რეგიონად. მაგალითად, ენერგომატარებლებისთვის აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ორი გზაა და ერთი რუსეთზე გადის, მეორე კი - კავკასიაში. შესაბამისად, თუ კავკასიაში იქნება მუდმივი დაძაბულობა და კონფლიქტები, პროდუქციის გამტანები ამ გზას გვერდს აუვლიან და ამჯობინებენ რუსეთს. ამას ემატება ისიც, რომ საკუთარი პროდუქციის გატანის გამო ცენტრალური აზიის ნავთობპროდუქტებს უქმნის დაბრკოლებას, რათა მხოლოდ თვითონ მიაწოდოს და არ იყოს ალტერნატიული წყარო. მეორე საკითხია, რომ ამას პოლიტიკური მიზნებისთვისაც იყენებს. ხომ ვნახეთ, რომ ტოკაევის განცხადების შემდეგ ყაზახეთს მილსადენი გადაუკეტა. ამიტომ ცდილობს რუსეთი, რომ საქართველოში დაძაბულობა იყოს, რათა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია არ შეასრულოს.

- გამოდის, დასავლეთსა და ჩინეთს ინტერესთა თანხვედრა აქვთ. მიუხედავად ამისა,­ ხშირად ჩანს მათ შორის წინააღმდეგობაც.­ ცოტა ხნის წინ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა­ ვანგ იმ განაცხადა, რომ დღეს არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ბევრ აზიურ ქვეყანაზე ზეწოლაა, რომელიმე მხარე­ აირჩიონ და დასძინა, რომ აზიის რეგიონის ქვეყნებმა დიდ ძალებს მათი ჭადრაკის ფიგურებად გამოყენების საშუალება არ უნდა მისცენ: "ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ რეგიონის გეოპოლიტიკური კალკულაციებისგან იზოლირება დიდი ძალების მეტოქეობასა და შეკავების პოლიტიკაში საჭადრაკო ფიგურებად გამოყენებისგან. ჩვენი რეგიონის მომავალი ჩვენს ხელში უნდა იყოს"... დღეს ჩინეთს აქვს იმის რესურსი, რომ გახდეს საერთაშორისო პოლიტიკის პირველი განმსაზღვრელი?

- ჩინეთს აქვს არათუ ლიდერობის, არამედ დღის წესრიგის განმსაზღვრელის სურვილი და ამ მიზნის მიღწევას ძალიან დიპლომატიურად ცდილობს. ბოლო პერიოდში ამერიკას "გამოეპარა" ჩინეთის გავლენები აფრიკის კონტინენტზე, რაც დღეს ჩინეთს კარგ უპირატესობას აძლევს - გამოვიდა, რომ ჩინეთი აფრიკის ქვეყნებს ეკონომიკურად აკონტროლებს, ჩინეთის პოლიტიკა კი ეკონომიკაზე გადის. რაც მთავარია, ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებმა ამ ტერიტორიაზე პორტები ააშენეს, ხოლო პორტს, ეკონომიკურთან ერთად, დიდი პოლიტიკური და უსაფრთხოების მნიშვნელობა აქვს. ამასთან, მსოფლიოს 10 ყველაზე დატვირთული პორტიდან 7 ჩინურია, მაშინ როცა 2006 წელს მხოლოდ 3 იყო. ესაა ჩინეთის მთავარი ბერკეტი - მუშაობს ჩუმად და თანამიმდევრულად, ისე, რომ არ გააღიზიანოს აშშ და განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში, რომ აღარაფერი ვთქვათ ბოლო 30 წელზე, მნიშვნელოვნად გაიძლიერა პოზიციები. ფაქტობრივად, რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი, აშშ ნომერ პირველ მოწინააღმდეგედ განიხილავდა ჩინეთს. იმედია, ომი მალე დასრულდება უკრაინის გამარჯვებით და მსოფლიო ძველ დღის წესრიგს დაუბრუნდება. მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსეთი ვეღარ იქნება ისეთი მოთამაშე, როგორც იყო და დასავლეთის პირველ მოწინააღმდეგედ დარჩება. ეკონომიკურად ასპარეზზე აშშ და ჩინეთი დარჩებიან. ამიტომ ჩინეთი ცდილობს ამ მომენტს უფრო მომზადებული შეხვდეს. რეალურად ეს ომი აწყობს კიდეც იმ მხრივ, რომ მსოფლიოს ყურადღება მასზე არ არის მიმართული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მსოფლიოს გეოპოლიტიკური ყურადღება ჩინეთზე რომ გადავა, ჩინეთი რა მდგომარეობაში იქნება და შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ძალიან მომზადებული იქნება...

ჩინეთის ამოცანაა მის ეკონომიკას ჰქონდეს კვლავ­წარმოების საშუალება, ამისთვის კი მთავარი გასაღების ბაზრების მოძიებაა. მისი მიზანია ქვეყანაში იაფი ნედლეულის შეტანა,­ რაც წარმოების გაზრდის საშუალებას მისცემს.

- თავისი ეკონომიკის წყალობით დღეს ჩინეთს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დასავლეთს უკარნახოს საკუთარი დღის წესრიგი?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ჩუმად მოქმედებს, ამბიციებს მაინც ამჟღავნებს და ეს ჩანს მისი ლიდერების განცხადებებში. რუსეთ-უკრაინის ომმა ამაში განსაკუთრებით შეუწყო ხელი და როდესაც რუსეთი დამარცხდება, ეს კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება. თუმცა, ვფიქრობ, ჩინეთი დღეს ჯერ კიდევ არ არის მზად, დასავლეთს დღის წესრიგი უკარნახოს. ოდესმე, ალბათ, არცთუ დიდი ხნის შემდეგ, დადგება დრო, რომ განაცხადებს, მე ვარ პირველი და არ ვაპირებ მეორე ვიყოო.

ბოლო დროს გაჩნდა მოსაზრებებიც, რომ ჩინეთის ლიდერს პრობლემები შეექმნა, რომ ეკონომიკური ზრდა 5-დან 3%-ზე ჩამოვიდა. პრობლემები გარე პროცესებმა გამოიწვია და საუბარიც კი იყო, რომ შესაძლოა მისი იმპიჩმენტის საკითხი დამდგარიყო. ყოველივე ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჩინეთი გეოპოლიტიკური პირველობისთვის მზად არ არის, მაგრამ ადრე თუ გვიან აშშ-სა და ჩინეთს ერთმანეთში პირველობის გარკვევა მოუწევთ, რადგან თუ ასე არ მოხდა, ის, რაც ამ წლების განმავლობაში ჩინეთმა გააკეთა, რეგრესისკენ წავა.

რუსა მაჩაიძე