ოდესის პორტი დებლოკირებულია კალინინგრადისკენ ტრანზიტის გახსნის სანაცვლოდ - კვირის პალიტრა

ოდესის პორტი დებლოკირებულია კალინინგრადისკენ ტრანზიტის გახსნის სანაცვლოდ

თურქეთისა და გაეროს უშუალო შუამავლობით რუსეთი უკრაინის პორტებიდან ხორბლითა და სიმინდით დატვირთული სავაჭრო გემების ბოსფორისკენ ცურვას დასთანხმდა.

ხუთი თვეა, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და მისი საზღვაო პორტების ბლოკირება დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში უკრაინის პორტებში უცხო ქვეყნების დროშით მოცურავე 70-ზე მეტი სავაჭრო გემი და მათი ეკიპაჟები იძულებით იყვნენ გამოკეტილნი, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ღია ზღვაში გასვლისას რუსული სამხედრო ხომალდებიდან გარდაუვალი თავდასხმა ელოდათ, მეორეც - რუსული საზღვაო დესანტის შიშით უკრაინელებმა თავიანთ პორტებთან და სანაპირო ზოლთან საზღვაო ნაღმები დაამონტაჟეს, რომლებსაც სავაჭრო გემების კაპიტნები გვერდს ვერ აუვლიდნენ.

და, აი, ახლა ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, შემდგომი 120 დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შავი ზღვის სამი სავაჭრო პორტიდან - ოდესიდან, იუჟნიდან და ჩერნომორსკიდან ხორბლით დატვირთული გემები სპეციალური, უხიფათო ფარვატერით გავლენ ღია ზღვაში (ამით უკრაინამ თავიდან აიცილა რუსეთის დაჟინებული მოთხოვნა ამ პორტების საზღვაო ნაღმებისგან გაწმენდის შესახებ) და სამხედრო კონვოის გარეშე გაემართებიან ბოსფორის სრუტისკენ. უკრაინის პორტებისკენ მცურავ ცარიელ სავაჭრო გემებს, თურქი დამკვირვებლების გარდა, რუსი სამხედროებიც შეამოწმებენ, რათა ამ გემებით უკრაინაში იარაღი და საბრძოლო ტექნიკა არ შეიტანონ. ხელშეკრულების სწორედ ამ პუნქტს ეწინააღმდეგებოდა უკრაინული მხარე. არა იმიტომ, რომ მაინცდამაინც სავაჭრო გემებით სურთ საზღვარგარეთიდან იარაღის მიღება (ამისთვის რამდენიმე სახმელეთო გზა არსებობს მოლდოვიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან თუ პოლონეთიდან), არამედ პრინციპულად არ უნდოდათ, რუს სამხედროებს ხელი ეფათურებინათ იმ გემების ტრიუმებში, რომლებმაც შემდეგ უკრაინული ხორბალი მთელ მსოფლიოში უნდა გაიტანონ.

ეს შეთანხმება კარგი გამოსავალია, რომ მსოფლიოში ხორბლის დეფიციტი არ შეიქმნეს და მისი ფასიც შემცირდეს.

ამასთან, უკრაინულ მხარეს გაუჩნდა შანსი, 22 მლნ ტონამდე შარშანდელი ხორბლის მოსავალი გაყიდოს და ამით მიღებული მოგებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გააძლიეროს.

მაგრამ ამ ხელშეკრულებით მთლად წაგებული არც რუსეთია - მოსკოვმა ამ პოლიტიკურ ვაჭრობაში მიაღწია იმას, რომ ევროკავშირმა თავისი წევრი ლიეტუვა დატუქსა და აიძულა, რუსეთიდან კალინინგრადის ანკლავამდე სარკინიგზო და საავტომობილო ტრანზიტზე დაწესებული ნაწილობრივი სანქციები მოეხსნა. მოკლედ, ომი ომად, მაგრამ პოლიტიკური ვაჭრობა არასოდეს წყდება - ოდესის პორტის დებლოკირების სანაცვლოდ კალინინგრადისკენ ტრანზიტზე სანქციები მოიხსნა.

P.S. არ არის გამორიცხული, რუსეთმა რომელიმე სავაჭრო გემი, რომელიც უკრაინის პორტებიდან ხორბალს ეზიდება, თავის ჩადებულ საზღვაო ნაღმზე ააფეთქოს, მერე კი ეს უკრაინულ მხარეს დააბრალოს.