დნესტრისპირელი სეპარატისტები რუსეთთან შეერთებას ითხოვენ, უკრაინა კი მათ განადგურებასა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარებას სთავაზობს - კვირის პალიტრა

დნესტრისპირელი სეპარატისტები რუსეთთან შეერთებას ითხოვენ, უკრაინა კი მათ განადგურებასა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარებას სთავაზობს

უკრაინა, რომლის ტერიტორიის 20 % რუსეთის მიერ დროებით არის ოკუპირებული და რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება, მეზობელ მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში სამხედრო დახმარებას სთავაზობს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა: „მე მხარს ვუჭერ მოლდოვის სწრაფვას, თავისი ტერიტორიიდან განდევნოს საოკუპაციო ჯარები. ჩვენ - როგორც სახელმწიფო, ისე სპეცსამსახური - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოძმე სახელმწიფოს დავეხმაროთ თავისი მიწიდან ოკუპანტების განდევნაში.

უკრაინის ამ არცთუ მეორეხარისხოვანი სამხედრო ჩინოვნიკის (რომელიც უკრაინის პრეზიდენტის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს) ეს მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც შეიძლება აღემატება კიდეც მის კომპეტენციას, შემთხვევითი არ ყოფილა - მას წინ უსწრებდა ორი მოვლენა:

პირველი - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მოლდოველმა მესაზღვრეებმა ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს კიშინიოვის აეროპორტში ჩაფრენილი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ის ოფიცრები, რომლებიც „დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკაში“ დისლოცირებულ რუსეთის ჯარების ოპერატიულ ჯგუფში როტაციისთვის მიემგზავრებოდნენ.

მეორე - სეპარატისტული „დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მის „რესპუბლიკას“ რუსეთის ფედერაციასთან შეერთება სურს.

სქემა ძალიან მარტივი და მრავალჯერ ნაცადია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, აფხაზეთის, ყირიმის, დონბასისა თუ ლუგანსკის მაგალითებზე, მაგრამ შეძლებს კი უკრაინასთან უკვე გაჭიანურებული ომის ჭაობში ჩაფლული კრემლი მოლდოვის „აფეთქებასაც?

თუმცა სეპარატისტული დნესტრისპირეთის ვითარება მნიშვნელოვნად განსხვავდება პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნილი მსგავსი სიტუაციებისგან.

თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთსა თუ დონბასში მოძალადე რუსეთი უშუალოდ ესაზღვრებოდა საქართველოსა და უკრაინის ამ რეგიონებს და სახმელეთო და საჰაერო დერეფნები (აფხაზეთისა და ყირიმის შემთხვევაში - საზღვაოც) კარგად გამოიყენა წარმატებული ოკუპაციისთვის (არადა სახმელეთო დერეფნის ჩაკეტვა გაცილებით ადვილი იყო ცხინვალის რეგიონისკენ მიმავალ როკის გვირაბში ან გვირაბთან მიმავალი გზის სერპანტინებზე, ვიდრე - დონბასის სტეპებში).

რაც შეეხება სეპარატისტულ დნესტრისპირეთს, მისგან რუსეთის ფედერაციის უახლოესი სახმელეთო საზღვარი ბრიანსკის ოლქში მდებარეობს და მათ 595 კმ სიგანის უკრაინის ტერიტორია ყოფს.

მართალია, ოკუპირებული და ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან სეპარატისტულ ტირასპოლამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 275 კმ-ია, მაგრამ ეს გზა შავ ზღვასა და უკრაინის ტერიტორიაზე გადის.

რუსეთს იმიტომაც სურდა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ აკვატორიაში კუნძულ ზმეინიზე გამაგრება და სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნა, რომ ამ კუნძულიდან მოლდოვის ეს სეპარატისტული ნაწილი მხოლოდ 170 კმ-ით არის დაშორებული და ტაქტიკური საშვეულმფრენო დესანტის გადასხმა გაცილებით იოლია, ისევე, როგორც მდინარე დნესტრის ლიმანში საზღვაო დესანტის გადასხმა სწრაფმავალი მცირეგაბარიტიანი სადესანტო კატარღებით, რომლებიც მდინარე დნესტრს ტირასპოლამდე აღმაც აუყვებოდნენ, მაგრამ კუნძულ ზმეინიდან გამოქცევა, ისევე, როგორც მიკოლაევთან უკანდახევა და ოდესასთან საზღვაო დესანტირების გეგმის ჩაშლა რუსეთს თითქმის აღარ უტოვებს შანსს, სახმელეთო და საზღვაო მხარდაჭერა აღმოუჩინოს მოლდოვასა და უკრაინას შორის „ჩაჭედილ“ თავის საოკუპაციო ძალებს.

კრემლისთვის ერთგვარ გამოსავლად საჰაერო გზის გამოყენება რჩება: ტირასპოლის აეროდრომზე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის ჩამოტვირთვა ან პარაშუტებით დესანტირება, თუმცა ეს რუსული თვითმფრინავები, დიდი ალბათობით, უკრაინის საჰაერო სივრცეზე გადაფრენისას უკრაინელი მეზენიტეების ლუკმად იქცევიან.

ყველაზე რეალური, ალბათ, ისევ ის მეთოდია, რომელსაც რუსეთი, მეხუთე თვეა, დაუნდობლად იყენებს უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ: სარაკეტო დარტყმები სამხედრო ხომალდებიდან და სტრატეგიული ბომბდამშენებიდან სტარტაღებული შორს მფრენი ფრთოსანი რაკეტებით.

მართალია, ამ რაკეტებით რუს გენერლებს, უკრაინის გარდა, მოლდოვის მშვიდობიანი მცხოვრებლების წინააღმდეგაც კიდევ ბევრი ცოდვის ჩადენა შეუძლიათ, მაგრამ რუსეთს ვერც ეს შეუნარჩუნებს სეპარატისტულ დნესტრისპირეთს, თუკი მოლდოვამ მართლაც გადადგა გაბედული ნაბიჯი და უკრაინის დახმარებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ წამოიწყო.

უკრაინას ისედაც ყელში აქვს გაჩხერილი „ზურგში“ დარჩენილი სეპარატისტული დნესტრისპირეთის „არმია“ თავის რუსულ სამხედრო კონტინგენტთან ერთად, რის გამოც იძულებულია, უკრაინა-მოლდოვის სახელმწიფო საზღვრის დნესტრისპირეთის მონაკვეთზე ორ ბრიგადაზე მეტი ცოცხალი ძალა ჰყავდეს და რამდენიმე ათეული საბრძოლო ტექნიკა ჰქონდეს, არადა ეს ძალა უკრაინის გენშტაბს დონბასის ფრონტზე ჰაერივით სჭირდება.

დნესტრისპირელი სეპარატისტებისა და იქ მყოფი რუსი სამხედროების საერთო რაოდენობამ შეიძლება 15 ათასს მიაღწიოს. ამ ძალასთან წარმატებით გამკლავება მოლდოვის არმიას არ შეუძლია, მაგრამ ბრძოლებში უკვე გამობრძმედილ უკრაინელებთან ერთად მათ ამ დიდი პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მართლაც შეუძლიათ.არ უნდა გამოვრიცხოთ მოლდოვის მოძმე მეზობელი რუმინეთის ფაქტორიც, რომელიც, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა, ბუნებრივია, აშკარად არ ჩაერევა, მაგრამ მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას გაუწევს ოფიციალურ კიშინიოვს, თუკი მან უკრაინელებთან ერთად მართლაც გადაწყვიტა ბოლო მოუღოს რუსი ოკუპანტებისა და მათი მხარდამჭერი ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების 30-წლიან ბოგინს სუვერენული მოლდოვის ტერიტორიაზე.