ხიდი, რომლის აფეთქება რუსებს ხერსონთან ალყაში მოაქცევს... - კვირის პალიტრა

ხიდი, რომლის აფეთქება რუსებს ხერსონთან ალყაში მოაქცევს...

როდესაც ხიდის აფეთქებაზე ლაპარაკობენ, ძალაუნებურად ჩნდება ყირიმის ხიდის ასოციაცია, რომელიც რუსეთის ტერიტორიას ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან აერთებს, მაგრამ ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ ხიდზე, რომელიც მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირს ქალაქ ხერსონთან აკავშირებს. ეს ანტონოვის ხიდია, რომელიც თავის დროზე უკრაინელებმა არ ააფეთქეს, რამაც ისინი მძიმე მდგომარეობაში ჩაყარა - რუსი ოკუპანტები მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე გადავიდნენ და ქალაქი ხერსონი დაიპყრეს.

ანტონოვის საავტომობილო ხიდის უდიდეს მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ მის სიახლოვეს, 80 კმ-ის რადიუსში, სხვა ხიდი არ არის. მის აღმოსავლეთით სწორედ ამ მანძილზეა განთავსებული კახოვკის უდიდესი ჰიდროელექტროსადგური მის დამბაზე მოწყობილი საავტომობილო და სარკინიგზო გადასასვლელებით, ამიტომაც რუსმა ოკუპანტებმა უკრაინასთან ომის დაწყების მეორე დღესვე ანტონოვის ხიდს ანექსირებული ყირიმიდან შეუტიეს და დაბომბეს, მისი დაპყრობის შემდეგ კი ხერსონში შეიჭრნენ და შეტევის გაგრძელებას მიკოლაევისა და ოდესის მიმართულებით ცდილობდნენ სეპარატისტულ დნესტრისპირეთში სახმელეთო დერეფნის გაჭრის იმედით, თუმცა უკრაინის არმიამ მოახერხა რუსი ოკუპანტების მიკოლაევთან შეჩერება, რასაც ხელი იმ გარემოებამაც შეუწყო, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ვერ შეძლო ოჩაკოვი-ოდესის სანაპირო ზოლზე ფართომასშტაბიანი საზღვაო დესანტირების ოპერაციის განხორციელება. მას შემდეგ რუსები წინ ვერ მიიწევენ, სამაგიეროდ, ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთზე საბრძოლო ინიციატივა უკრაინელების ხელშია და ნელ-ნელა ათავისუფლებენ ოკუპირებულ სოფლებს.

უკრაინის საარმიო შენაერთები, ფაქტობრივად, მიადგნენ ხერსონს, რომლის უკან 450-700 მ სიგანის მდინარე დნეპრი მიედინება, რომელზეც ერთადერთი გადასასვლელი ანტონოვის ხიდია.

უკრაინის არმიის შემდგომი წარმატებული კონტრიერიშების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, რუსეთის საოკუპაციო არმიის შენაერთებს უკან დახევა და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა-გამაგრება მოუწევთ, მაგრამ ამისთვის ანტონოვის ხიდი აუცილებლად მწყობრში უნდა იყოს.

როდესაც ხუთი თვის წინ რუსი ოკუპანტები ხერსონი-მიკოლაევის მიმართულებით უტევდნენ, მათ დნეპრის მარცხენა სანაპიროდან მარჯვენაზე გადასვლა იოლად შეძლეს, რადგან უკრაინელებმა ანტონოვის ხიდი რატომღაც არ ააფეთქეს.

1985 წელს გახსნილი ანტონოვის ხიდის საერთო სიგრძე 1 366 მ-ია, სიგანე - 25 მ. ამ ხიდზე მძიმე საბრძოლო ტექნიკის, მათ შორის - ტანკების კოლონის გადასვლა ადვილად შეიძლება და ხერსონში გამაგრებული რუსი ოკუპანტები დამხმარე საბრძოლო ტექნიკას სწორედ ასე იღებდნენ, მაგრამ 19 და 20 ივლისს უკრაინელმა არტილერისტებმა ეს ხიდი დაუჯერებელი სიზუსტით დაბომბეს - მის სავალ ნაწილზე, 20 მ-ის დიამეტრში, არანაკლებ რვაჯერ შეძლეს მიზანში მოხვედრა. დღეს ხიდი ზემოდან ისე ჩანს, თითქოს ვიღაცამ სნაიპერული შაშხანით ქაღალდის სამიზნეში ნახვრეტები გააკეთაო. ასეთი ფანტასტიკური სიზუსტე შეიძლება "ჰაიმარსის"“ მართავადი რაკეტების ნამუშევარიც იყოს, თუმცა ეჭვი ჩნდება „ექსკალიბურის“ 155 მმ კალიბრის მართვად საარტილერიო ჭურვებზეც. მართალია, ამ უზუსტესმა დარტყმებმა ანტონოვის ხიდი მთლიანად ვერ დაანგრია, მაგრამ მასზე მძიმე ტექნიკის, უპირველესად კი - ტანკების გადასვლა სათუო გახადა.

ანალოგიური წერტილოვანი დარტყმების გაგრძელების შემთხვევაში ანტონოვის ხიდი საბოლოოდ ჩაინგრევა და ასეთ შემთხვევაში ხერსონში ჩარჩენილ რუს ოკუპანტებს ან კახოვკის ჰიდროელექტროსადგურისკენ არანაკლებ 80 კმ-ის ბრძოლებით გაჭრა მოუწევთ (უკრაინის არტილერია ამ ჰიდროელექტროსადგურის დამბაზე გადასასვლელსაც უკვე ბომბავს), ან - პონტონის ხიდის (ხიდების) აგება, ან სულაც - კატარღებით, ბარჟებითა თუ ჩვეულებრივი ნავებით დნეპრის გადაცურვა და თავის შველა, მაგრამ თუკი უკრაინელებს უკვე შეუძლიათ რამდენიმე ათეული კმ-ის სიშორიდან 25 მ სიგანის ანტონოვის ხიდზე ერთმანეთის გვერდით რაკეტებისა თუ ჭურვების "ჩასხმა", მაშინ მათ რამდენიმე გასროლით არც პონტონის ხიდების აფეთქება-ჩაძირვა გაუჭირდებათ.ლუგანსკისა და დონეცკის მიმართულებებისგან განსხვავებით, სადაც რუსეთის საოკუპაციო არმია უმნიშვნელო უპირატესობას აღწევს, ფრონტის ხაზის მიკოლაევ-ხერსონის მონაკვეთზე უკრაინის არმიას დიდი შანსი აქვს, ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწიოს და მტერი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე განდევნოს.