ქართველის მოიერიშეები უკრაინაში რუსულ ტანკებზე დაიწყებენ ნადირობას? - კვირის პალიტრა

ქართველის მოიერიშეები უკრაინაში რუსულ ტანკებზე დაიწყებენ ნადირობას?

ახალი „ლენდ-ლიზით“ აშშ-მა რუსული ტანკების გასანადგურებლად უკრაინას შეიძლება საბრძოლო თვითმფრინავებიც მიაწოდოს, მათ შორის - ალექსანდრე ქართველიშვილის მრისხანე მოიერიშე „ტანდერბოლტები“...

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ხუთი თვე გავიდა და ამ ომს ისეთი პირი უჩანს, მალე არ დამთავრდება, შესაბამისად, გაგრძელდება უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური დახმარება, რომელიც უკვე შეიარაღების ახალ სახეობებს გულისხმობს, მათ შორის, სავარაუდოდ, პილოტირებულ საბრძოლო ავიაციასაც, რათა უკრაინელებმა უკეთ დაიცვან თავი რუსი ოკუპანტების მიერ მათი ქალაქებისკენ გაშვებული ფრთოსანი რაკეტებისა და ბომბდამშენებისგან.

თვეების განმავლობაში პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ყველანაირად არიდებდა თავს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების თემას. თეთრმა სახლმა განვითარების საშუალება არ მისცა უკრაინელებისთვის პოლონელების "მიგ-29" ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემისა და ვარშავისთვის საკომპენსაციოდ ამერიკული F-16 -ების მიწოდების იდეას. არა იმიტომ, რომ პოლონეთისთვის F-16-ები ენანება (თანაც ვარშავა მათ ყიდვას აპირებდა), არამედ იმიტომ, რომ პუტინის ზედმეტად გაღიზიანებასა და რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვას ერიდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამერიკელების მიცემული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, "ჰაიმარსებიდან" გაშვებული მართვადი რაკეტებით უკრაინელები რუს დამპყრობლებს წარმატებით უფეთქებენ იარაღის საწყობებსა და მართვის პუნქტებს, რითაც არათუ აღიზიანებენ, არამედ აცოფებენ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თვითმფრინავების გადაცემა რაღას "დააშავებდა"?!

გასაგებია, რომ საბრძოლო ავიაციის ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, მით უმეტეს - ნატოს სტანდარტის თვითმფრინავებისა და საავიაციო შეიარაღების, უკრაინელებს ძალიან გაუჭირდებათ იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ რუსული ფრთოსანი "კალიბრები" უკრაინის ყველა აეროდრომს სწვდება, მაგრამ როდისმე ხომ მაინც უნდა დაიძრას ეს პროცესი? და აი, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტში უკრაინელი მფრინავების ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავებზე გადამზადებისთვის 100 მლნ დოლარის გამოყოფას. მართალია, ეს ახლო პერსპექტივა არ არის, მაგრამ ყინული დაიძრა, ე.ი. ამერიკაში სჯერათ, რომ უკრაინა რუსეთთან ომს არ წააგებს.

sam3-1658679501.jpg
A-10A Thunderbolt II-იდან გაშვებული AGM-65 Maverick -ის ტიპის რაკეტით აფეთქებული სადამ ჰუსეინის არმიის საბჭოთა წარმოების Т-72 ტიპის ტანკიდან ესღა დარჩა

თავად უკრაინელი სამხედრო მფრინავებიც უკვე მსჯელობენ, რომელ ამერიკულ თუ ევროპულ გამანადგურებელზე ჯობს სწავლის დაწყება - F-16-ზე, F-15-ზე, F/A-18-ზე თუ "გრიპენზე", "რაფალზე" ან "ტაიფუნზე"? თუმცა ურიცხვ რუსულ ტანკთან საბრძოლველად ყველაზე კარგი საშუალება ნატომ პირველი ცივი ომის დროს გამოძებნა - შეჯავშნული რეაქტიული მოიერიშე თვითმფრინავი A-10A Thunderbolt II, რომელსაც თავისი მძლავრი, სწრაფსმსროლელი ავტომატური ქვემეხით, უმართავი და მართვადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით საბჭოთა ჯავშანსატანკო "არმადები" უნდა გაენადგურებინა, თუკი კომუნისტები მათ დასავლეთ ევროპისკენ, ლა მანშისკენ დაძრავდნენ.

საბედნიეროდ, მაშინ მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყო, მაგრამ მოიერიშე "ტანდერბოლტებმა", იგივე "ჭექა-ქუხილებმა", ქუვეითში შეჭრილი სადამ ჰუსეინის საბჭოთა წარმოების აფეთქებული ტანკების გროვები დააყენეს, ახლა კი ამერიკულ "ჭექა-ქუხილებს" უჩნდებათ შანსი, შეასრულონ ის პირველადი დანიშნულება, რაც მათმა შემქმნელმა ჩაიფიქრა "ტანდერბოლტების" კონსტრუირებისას - კრემლის ტანკების განადგურება პლანეტის ნებისმიერ კუთხეში, იმ კრემლის, რომელმაც მისი სამშობლო დაიპყრო და თავად აიძულა, ემიგრაციაში წასულიყო.

დიახ, სწორედ ალექსანდრე ქართველიშვილი, ამერიკული საბრძოლო ავიაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლავთ A-10A Thunderbolt II. მეორე მსოფლიო ომის დროსაც ალექსანდრე ქართველიშვილის P-47 Thunderbolt -ის ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენებმა გაითქვეს სახელი.

ნახევარი საუკუნეა, მსოფლიოს საბრძოლო ავიაციის ისტორიაში მხოლოდ ორი სპეციალიზებული შეჯავშნული რეაქტიული მოიერიშე თვითმფრინავი: ამერიკული A-10A Thunderbolt II და საბჭოთა Су-25 თუ მოიძებნება. პირველის კონსტრუქტორი ქართველი გახლდათ, მეორეს კი საქართველოში, თბილისში აწყობდნენ.ქართველის "ტანდერბოლტების" უკრაინისთვის გადაცემის შემთხვევაში უკრაინელ მფრინავებს მისი პილოტირებისა და საბრძოლო გამოყენების მეთოდების ათვისება უფრო უნდა გაუადვილდეთ, ვიდრე ამერიკული ზებგერითი გამანადგურებლების, მით უმეტეს, თუკი ეს უკრაინელი პილოტები მანამდე ანალოგიური დანიშნულების საბჭოთა მოიერიშე Су-25 -ებით დაფრინავდნენ.

ჩვენი დოსიე:

ამერიკული შეჯავშნული რეაქტიული მოიერიშე თვითმფრინავის, A-10A Thunderbolt II-ის, მაქსიმალური ასაფრენი მასა 21 ტ-ს აღწევს, საიდანაც 7 ტ-ზე მეტი შეიარაღებაზე მოდის. მოიერიშის არსენალშია 30 მმ კალიბრის 1 350 ცალი საქვემეხე ჭურვი, 227 კგ კალიბრის 24 უმართავი მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბი ან "ჰაერი-ხმელეთის" კლასის მართვადი რაკეტები, მათ შორის - ტანკსაწინააღმდეგო დანიშნულების AGM-65 Maverick -ის ტიპისა, რომელსაც 30 კმ-მდე ფრენა (მოიერიშე თვითმფრინავის მოწინააღმდეგე მხარის საჯარისო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების მოქმედების ზონაში შეუსვლელად) და ნებისმიერი რუსული ტანკის განადგურება შეუძლია.