"სახლში როდესაც მივიდოდი და საფულეს გავხსნიდი, ვხედავდი, რომ ფული მედო. მიკვირდა..." - კვირის პალიტრა

"სახლში როდესაც მივიდოდი და საფულეს გავხსნიდი, ვხედავდი, რომ ფული მედო. მიკვირდა..."

პირველად ტელეეკრანზე თერთმეტი წლის წინ ვნახე. მახსოვს, როგორ გაფაციცებით ვუყურებდი ეკრანს და როგორ მომწონდა. მის პერსონაჟთან, როგორც თვითონ ამბობს, ძალიან ბევრი აქვს საერთო და სწორედ ამიტომაც არ გაუჭირდა როლის მორგება. ბევრისათვის საყვარელ ბებოსა და არაჩვეულებრივ მსახიობს - მედეა ლორთქიფანიძეს არაერთ საინტერესო თემაზე ვესაუბრე. მიუხედავად რთული განვლილი წლებისა და გაჭირვებისა, ცხოვრების ხალისი არასდროს დაუკარგავს. როდესაც დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, ძალიან გაუხარდა, მეტიც - მადლობა გადამიხადა იმისათვის, რომ ჟურნალისტები არ ვივიწყებთ და გვახსოვს. მე კი წამიერად გავიფიქრე, როგორ შეიძლება ასეთი მსახიობი დაივიწყოს საზოგადოებამ? შეხვედრა მის სახლში შედგა. იმდენად ყურადღებიანი ადამიანია, რომ ეზოში თავადვე დამხვდა. შინაც ისეთივე მზრუნველი, სტუმართმოყვარე და "ქოთქოთა" აღმოჩნდა, როგორიც სერიალშია. სწორადაა ნათქვამი, ლამაზი ადამიანები ლამაზად ბერდებიანო. ფოტოალბომი, რომ დავათვალიერე, მისმა სილამაზემ შავ-თეთრი სურათებიდანაც კი თვალი მომჭრა. ახალგაზრდობის წლებს ძალიან კარგად და ლაღად იხსენებს. ამბობს, რომ ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი იყო...

- მედიკო ბებო, გვიამბეთ თქვენ შესახებ.

- დავიბადე და ვცხოვრობდი ფოთში. იქ, დაახლოებით, თერთმეტი წელი გავატარე. პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი და, პარალელურად, მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი. მამა რეჟისორი გახლდათ, ხოლო დედა - მსახიობი. გარკვეული ხნის შემდეგ მამა ქუთაისში გადაიყვანეს და მე იქ დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა. მამის გარდაცვალების მერე დავრჩით მხოლოდ მე, დედა, ჩემი ძმა და ბებია. სწორედ იმ წელს მოვეწყვე ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, პედაგოგიკის ინსტიტუტში.

- როგორც თავად აღნიშნეთ, მამა გახლდათ რეჟისორი, დედა - მსახიობი. თქვენს პროფესიაზე ამ ყველაფერმა იქონია გავლენა?

- სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ მსახიობობაზე არასოდეს მიფიქრია. მობეზრებული მქონდა თეატრიც და რეპეტიციებიც. ძალიან ბევრი ფილმია ქუთაისში გადაღებული და მინდა გითხრათ, რომ ყველა ის მსახიობი, რომელიც ამ ფილმებში მონაწილეობდა, ჩვენთან ცხოვრობდა.

ერთ ამბავს მოგიყვები: ფოთში ჩამოვიდა კომპოზიტორი, რომელმაც დაწერა ეს სიმღერა: „ქალო გნახე ფეხშიშველი...“, „მიპასუხე მითხარი“ - იან ჩუბინიშვილი. სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, რომ დღეს არავინ არაფერი იცის ამ დიდებული კომპოზიტორის შესახებ და მთელი მისი ნაწარმოებები ჩემს სახლშია შექმნილი.

მაშინ პიანინო ყველას არ ჰქონდა და მამამ მოიტანა ფისჰარმონია. ეს ინსტრუმენტი კი მხოლოდ მაშინ მუშაობს და მხოლოდ მაშინ გამოსცემს ხმას, თუ ფეხით დაბერავ. ამ ფეხის "დამბერი" კი ყოველთვის მე ვიყავი. ყოველთვის ვტიროდი ხოლმე და ვნატრულობდი ამ ადამიანის წასვლას, რათა დამესვენა და მეთამაშა. ყოველ საღამოს შინ მუსიკალური საღამოები იმართებოდა. საუკეთესო და ლეგენდარული მსახიობების წრეში გავიზარდე, როგორებიც არიან: აკაკი კვანტალიანი, სანდრო ჟორჟოლიანი და სხვა მრავალი.

- სტუდენტობის წლებს როგორ გაიხსენებთ?

- ძალიან კარგად. როდესაც ჩავირიცხე ინსტიტუტში, ასეთი წესი იყო, რომ სპორტის რომელიმე სახეობის წრეზე უნდა შესულიყავი. ვინაიდან და რადგანაც ძალიან გამხდარი გოგო ვიყავი, კალათბურთი ავირჩიე. მომიწია საფაკულტეტო შეჯიბრზე თამაში. გავიდა ათი წუთი, მე დავრბივარ, მაგრამ ბურთს არავინ მაძლევს. გავიდა ოცი წუთი, კვლავ არავინ მაძლევს ბურთს და ასე გაგრძელდა. ამასობაში ძალიან დავიღალე და ვეხვეწები მსაჯს, რომ მალე დაამთავროს. მსაჯი მეუბნება, რომ არ შეიძლება. ბოლოს მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე და დავანებე თავი.

mediko-lortqipanidze-1658821206.jpg

ამის შემდეგ თეატრალურ დასში ჩავეწერე. ვიფიქრე, რომ არ გამიჭირდებოდა, რადგან თეატრში ვიყავი გაზრდილი. მახსოვს ჩემი პირველი სპექტაკლი - „ქრისტინა“. რეჟისორს თამამად განვუცხადე, რომ მთავარი როლი მე უნდა მეთამაშა. მეორეხარისხოვანს, ხომ არ ვიკადრებდი აბა (იცინის)?! ამის შემდეგ ძალიან ბევრ სპექტაკლში ვითამაშე.

ინსტიტუტის დამთავრების პერიოდში, სამწუხაროდ, დედაც და ბებიაც გარდამეცვალა. მე და ჩემი ძმა სრულიად მარტო დავრჩით...

- მშობლების გარდაცვალების შემდეგ არ გაგიჭირდათ ცხოვრება?

- როგორ არა, ძალიან გამიჭირდა. მახსოვს, ჩემმა ერთმა ახლობელმა ბაღში შემომთავაზა სამსახური. მეც დავთანხმდი, რადგან შემოსავალი და ლუკმა-პურის საშოვნი ფული მჭირდებოდა. როდესაც ბაღში მივედი, დირექტორმა მხოლოდ ჭურჭლის მრეცხავის ადგილი მაქვსო, გვითხრა. ძალიან ერიდებოდა ამ პოზიციაზე სამსახურის შემოთავაზება, რადგან ჩემს მშობლებს ყველა იცნობდა. მე ვუთხარი, რომ პრობლემა არ იყო, შევძლებდი მუშაობას და ასე დავიწყე ბაღში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობა. ზუსტად ერთი წელი ვიმუშავე ჭურჭლის მრეცხავად. იმის გამო, რომ ბავშვები ძალიან მიყვარს, შევეჩვიე და ბავშვებიც ძალიან მომეჩვივნენ.

სწორედ ამიტომ, დამაწინაურეს და გადამიყვანეს მასწავლებლად.

იცით, რამდენჯერ მიფიქრია მაშინ, ნეტავ რომელიმე ბავშვი რამეს დატოვებდეს, რომ მერე სახლში წავიღო და ჩემს ძმას ვაჭამო-მეთქი. ძალიან დიდი გაჭირვება გამოვიარე. ძალიან ძნელი ყოფილა მშობლების გარეშე ცხოვრება. თან პატარა გოგო ვიყავი, 21 წლის.

ამის შემდეგ, ბებიაჩემის დამ მომწერა და მითხრა, რომ თბილისში ჩამოვსულიყავი. დავუჯერე და ჩამოვედი. რატომღაც მეგონა, რომ თბილისი ხელგაშლილად დამხვდებოდა, მაგრამ სადაც მივედი სამსახურის თაობაზე, ყველგან უარს მეუბნებოდნენ.

გარკვეული დროის შემდეგ შემთხვევით შემხვდა მამაჩემის ყოფილი მსახიობი ჯონი ჭავჭანიძე. გამიხარდა მისი ნახვა. როდესაც გაიგო ჩემი ამბავი, მასთან სამსახურში მისვლა შემომთავაზა. მაშინ ჯონი "სასოფლოში" მუშაობდა. მითხრა, რომ ახლა საბჭოთა კავშირში ლომონოსოვის სახელობის მხოლოდ ერთი თეატრია და ჩვენ ვხსნით მეორესო, სპექტაკლებს ვდგამთ და მოწვეული გვყავს ხალხი, რომლებმაც უნდა მოგვანიჭოს სახელწოდება - სტუდენტთა სახალხო თეატრიო.

ჰოდა, მეც წავედი.

მახსოვს, კუკური მჟავანაძემ ისე კარგად მიმიღო. მას მერე კუკური მჟავანაძე მამობას მიწევდა და როგორც მამა ამოუდგება საკუთარ ქალიშვილს გვერდში, ისე მედგა ბოლომდე. სახლში როდესაც მივიდოდი და საფულეს გავხსნიდი, ვხედავდი, რომ ფული მედო. მიკვირდა, რადგან ბებიაჩემის დას არაფერი ჰქონდა, მეც - არანაირი შემოსავალი... თეატრში მისული, ავტეხდი ერთ ამბავს, ბავშვებო, საფულე ხომ არ შეგეშალათ? ფული ვინ ჩადეთ-მეთქი?.... თურმე, ჩემი ბიჭები, ეს სტუდენტები დებდნენ მალულად ფულს, რომ მე ჩემი ჯიბის ფული მქონოდა.

მაშინ დირექტორი გახლდათ ვანო სარიშვილი, რომელიც უკეთილშობილესი პიროვნება იყო და მისი ოჯახი მინდა, დიდი სიყვარულით მოვიკითხო... სწორედ მან გამომიყო სტუდქალაქში ოთახი და ყველანაირად მომიწყო. გათხოვებამდე იქ ვცხოვრობდი და მერე უკვე იქ ეწყობოდა ყოველ საღამოს შეკრებები. კარგი წლები იყო, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა.

ამასობაში გავთხოვდი კიდეც.

- მეუღლე სად გაიცანით?

- ჩემმა მეზობელმა გამაცნო. მეზობელი გოგო გახდა ცუდად და ექიმთან გაყოლა მთხოვა. სწორედ იქ გავიცანი ჩემი მეუღლე. მეოთხე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი იყო, კარდიოლოგიის დარგში. როგორც კი დამინახა, მას შემდეგ თვალი არ მოუშორებია.

მესამე დღეს, ვითომ, მეზობელი გოგოს სანახავად მოვიდა და, რა თქმა უნდა, ჩემთან შემოვიდნენ. ვილაპარაკეთ, ძალიან განათლებული კაცი იყო. შევუყვარდი. მახსოვს, პირველად, რომ დავინახე, გავგიჟდი, რას ჰგავს, ამას როგორ გავყვე-მეთქი, ვიძახდი. დაბალი იყო და თმა არ ჰქონდა. კინაღამ მოვკალი ნათელა, რას მიბედავ-მეთქი (იცინის)?!

ერთ დღესაც მოდის და მეუბნება, რომ სოხუმის საგზურები მივიღეთ, მე ვერ მივდივარ, ჩემი მეგობრის ცოლსაც უნდა წასვლა და შენ წადიო. მე, რა თქმა უნდა, გამიხარდა - უფასო საგზური, თანაც ზღვაზე, სოხუმში, და დავთანხმდი.

დილას მომადგა სახლში და მითხრა, გადავიფიქრე და მეც მოვდივარო. არ მესიამოვნა, გულში ვფიქრობდი, აუ, ახლა ამას იქ რა აიტანს-მეთქი? მაგრამ ისე იქცეოდა და ისე მომხიბლა, რომ მეც შემიყვარდა.

ჩამოსვლის შემდეგ, სახლში დიდი ტორტით მომადგა. ამაზე მთლად გადავირიე, კაცმა ტორტი მომიტანა-მეთქი. მაგრამ თვითონაც არ იცოდა, რა მოეტანა (იცინის).

ბოლოს ისე მოხდა, რომ ერთი თვე მის აგარაკზე ვისვენებდი.

ცოლად გავყევი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. არაჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა. ხელისგულზე მატარებდა და ჩიტის რძე არ მაკლდა. მერე კი შორენა - ჩვენი ქალიშვილი გაჩნდა.

- სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?

- მაკა ძაგანიას დედა მუშაობდა სტუდიაში, სადაც მსახიობებს არჩევდნენ სერიალისთვის. სწორედ მან გაგზავნა ჩემი ფოტოები, რომლის ნახვის შემდეგ ფარაჯანოვმა შემომითვალა, რომ არც თმა შემეღება და არც წონაში დამეკლო. დამიბარა და მკითხა, რუსული თუ ვიცოდი. ვუთხარი, რომ ძალიან კარგად ვიცოდი რუსული. რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ და, კარგითო, - მითხრა, - ახლა წაბრძანდით და დაგირეკავთ დადებითი პასუხის შემთხვევაშიო. ნამდვილად ოდნავი იმედიც კი არ მქონია, რომ დამირეკავდნენ, რადგან იმდენად დიდი და კარგი მსახიობები იყვნენ...

წამოვედი სახლში.

გზად, რუსული ეკლესია რომაა მარჯანიშვილზე, იქ გავჩერდი. დიდად ეკლესიური არ ვიყავი. შიგნით, ტაძარში არ შევსულვარ, მაგრამ ეზოში დავინახე ძალიან ლამაზი და მოვლილი საფლავი.

ეს ყოფილა მამა ვიტალის საფლავი.

როდესაც მივუახლოვდი მას, ერთი ქალი რუსულად მეუბნება, - სთხოვე რაც გინდა და აგისრულდებაო.

იცი, დავუჯერე და ასეთი რამ ვთხოვე, - მამა ვიტალი, მეყო ამდენი გაჭირვება, ტანჯვა და ძალიან გთხოვ, რაღაც გზა მაჩვენე, ყოველთვის სულ თავიდან რატომ მაქვს დასაწყები ცხოვრება-მეთქი?! ხომ ამბობენ, რომ ცხოვრება კიბეა და მე ეს კიბე ყოველთვის შუა გზაზე რატომ მიტყდება-მეთქი?!.. გთხოვ, მომეცი საშუალება, რომ ამ კიბეზე ცოტა ზევით ავიდე-მეთქი...

წამოვედი. მთელი გზა ვტიროდი. ვფიქრობდი, რა ცხოვრება გავიარე, რა კარგი ცხოვრება მქონდა გათხოვების შემდეგ და ახლა რატომ ვიყავი ასე დაჩაგრული...

მეორე დილით მირეკავენ და მეუბნებიან - ხვალ გადაღებაა და აუცილებლად უნდა მოხვიდეთო.

წავედი და წავედი...

ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში „ჩემი ცოლის დაქალები“.

ქეთი დევდარიანს მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა და ვთხოვო, რომ ნუ დაგვტანჯავს და სხვა რამე ახალი დაწეროს.

- გადაღების პროცესები რთული არ იყო?

- როგორ არა, რთული იყო. სცენა უფრო ადვილია.

- სერიალში თქვენს პარტნიორს - ლეო ანთაძეს როგორ შეეწყვეთ?

- ლეო ანთაძე არის არაჩვეულებრივი მსახიობი. მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ ასე ახლოს - არა. ერთად თამაში არ გაგვჭირვებია. ადვილად გავითავისეთ ცოლ-ქმრის როლი. რაც მთავარია, მაყურებელმა ძალიან შეიყვარა ჩვენი პერსონაჟები.

- სერიალში ძალიან მზრუნველი, მოსიყვარულე და ქოთქოთა ბებია ხართ. რეალურადაც ასეთი ხართ?

- ვაიმე, ცხოვრებაში უარესი ვარ. ყველაზე მეტად ჩემს შვილიშვილებს ვთხოვ სწავლას, კითხვას. ჩემი შვილიც ასე გავზარდე. გამიმართლა, შვილიშვილებიც ძალიან მოსიყვარულეები არიან. ჩემს შვილიშვილ გოგონას ახლა "ოსურის" ცეკვას ვასწავლი. მე კარგად ვცეკვავდი ბავშვობაში. ისე მიყვარს ჩემი შვილიშვილები, ვერ გადმოგცემთ.

- როგორც სერიალშია, შვილისა და სიძის ცხოვრებაში თუ ერევით ხოლმე?

- ცხოვრებაშიც ზუსტად ისეა, როგორც სერიალში. როცა ვიცი, თუ რა არის გაჭირვება და შიმშილი, სწორედ ამიტომ, სულ ვეკითხები, ისადილეს თუ არა, ხომ არ შიათ? ახლა ცოტა პირიქითაა, რადგან ჩემი შვილი მეკითხება მე ამ ყველაფერს.

სხვა საკითხებში არ ვერევი, არანაირად.

- მანანა ბებო, როგორც სერიალში ჩანს, არის არაჩვეულებრივი კულინარი. მედეა ბებო როგორი კულინარია?

- ძალიან მიყვარს იმერული სამზარეულო. მართალია, როგორც ჩემი შვილი, ისეთი კარგი კულინარი არ ვარ, მაგრამ ვიცი საჭმელების კეთება. ცომი არ მიყვარს და არც არასდროს „ჩამიყვია“ ცომში ხელები. ნამცხვრის ცხობაც არ ვიცი. აი, კერძები - კი მიყვარს, სოუზის, აჯაფსანდლის კეთებაც მიყვარს.

მინდა ვთქვა, რომ მურაბების ნამდვილი სპეციალისტი ვარ. მე რომ მანდარინის მურაბას ვაკეთებ, ტყუილად არ შემედაროს არავინ.

იმერულ სამზარეულოს ვფლობ კარგად.

- ადამიანებისგან ყველაზე მეტად რა გწყინთ?

- უნამუსობა. განსაკუთრებით არ მიყვარს, როცა მხოლოდ იმის გამო გიახლოვდებიან, რომ გამოგიყენონ.

- წყენას ადვილად ივიწყებთ?

- ვაიმე, კი, ძალიან ადვილად. იცით რა, გამყოლი გული არ მაქვს.

როცა ვიცი, რომ მატყუებენ, ავყვები ხოლმე და არ ვიმჩნევ, რომ სიმართლე ვიცი.

ცუდი ტყუილი არასდროს მითქვამს. კარგი ტყუილით კი ძალიან ბევრი ადამიანი შემირიგებია. არ შემიძლია ადამიანებზე გაბრაზება. ყველა მიყვარს და ყველასთვის კარგი მინდა.

- და ბოლოს, დღევანდელ, ახალგაზრდა მსახიობებს რას ურჩევთ?

- უყვარდეთ, ძალიან უყვარდეთ თავიანთი პროფესია, საქმე, მაყურებელი და თეატრი. თუ თავიანთი საქმე არ უყვართ და არ იმუშავებენ საკუთარ თავზე, არაფერი გამოვა.

იცით, სერგო ზაქარიაძე რას აკეთებდა, სანამ სცენაზე გამოვიდოდა? სარკის წინ იდგა და ლაპარაკობდა, საკუთარ თავზე მუშაობდა. სწორედ ასე, დაუღალავად უნდა იმუშაონ და დღითიდღე დახვეწონ საკუთარი თავი.

მარიამ ჭანტურია (სპეციალურად საიტისთვის)