"ჩემმა ქმარმა ჩემს დაქალთან გააბა რომანი" - კვირის პალიტრა

"ჩემმა ქმარმა ჩემს დაქალთან გააბა რომანი"

"ჩემი თვალით ვნახე ჩემი ქმრის მანქანიდან როგორ გადმოვიდა ორივე და როგორ შევიდა ნაქირავებ ბინაში. იმ დღეს ვეღარ მოვითმინე, ნერვებმა მიმტყუნა..."

ახალგაზრდა ქალი თავისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ წლებზე გულწრფელად მიამბობს და ვხედავ, ამდენი წლის შემდეგაც როგორ ღელავს. ამბობს, რომ სიყვარულით შექმნილი ოჯახი ღალატის გამო დაანგრია. ორი შვილის დედას ბევრი არ უფიქრია, როცა ქმრის ღალატი გაიგო, მაშინვე განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო. მისთვის ყველაზე დიდი შოკი ქმრის საყვარლის ვინაობის დადგენა იყო. ამბობს, რომ ბავშვობის მეგობარმა, დაქალმა ცხოვრება დაუნგრია და რომანი მის ქმართან გააბა.

37 წლის ნანა:

- ბევრი უცნაური ამბავი მსმენია და წამიკითხავს. სიმართლე გითხრათ, როცა ასეთ ამბებს ვეცნობოდი, ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი. სულ ვფიქრობდი, რომ სიმართლისგან შორს იყო და ქალები ძალიან აზვიადებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ძალიან ვცდებოდი. რას ვიფიქრებდი, რომ საშინელი რეალობის წინაშე შეიძლებოდა, მეც აღმოვჩენილიყავი. ისეთი რამ დამემართა, რომლის მოყოლაც კი მრცხვენია. ფაქტის წინაშე დავდექი, არადა, გულწრფელად ვამბობ, ამას მართლა ვერასოდეს წარმოვიდგენდი.

ყოველთვის ვოცნებობდი ნორმალურ ოჯახზე, რადგან ბავშვობიდან განვიცდიდი უმამობას. ჩემი მშობლები გაცილებულები იყვნენ, დედამ და ბებიამ გამზარდეს, მართლაც არაფერს მაკლებდნენ, თუმცა სულ მინდოდა, მამა მყოლოდა გვერდით. განსაკუთრებით პატარა ასაკში განვიცდიდი ამას. ჩემს მეგობრებს მამები ჰყავდათ და ისინი ანებივრებდნენ. დედისთვის არასოდეს მიკითხავს, მათი დაშორების მიზეზი რა იყო, თუმცა ხშირად ვეკითხებოდი - მამა რატომ არ მნახულობს-მეთქი? ამაზე პასუხი არ ჰქონდა...

მეხუთე კლასში ვიყავი, როცა ბებო სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა. იქიდან არაფერს მაკლებდა, ხშირად მიგზავნიდა სათამაშოებს, ტანსაცმელს, ძალიან მანებივრებდა, მაგრამ უზომოდ მენატრებოდა. მისი გაზრდილი ვიყავი. მერვე კლასში გადავდიოდი, როცა დედაჩემმა ხელახლა შექმნა ოჯახი, ამ ფაქტს ვერაფრით შევეგუე. მართალია, ჩემი მამინაცვალი კარგი ადამიანია, მაგრამ მისი შეყვარება ვერ შევძელი. ორი შვილის დედა ვარ, მაგრამ რატომღაც ის ვერ მივიღე, როგორც დედაჩემის ქმარი.

- საკუთარი მამა საერთოდ არ გნახულობდათ?

- ამ ასაკამდე მოვედი და სულ 2-ჯერ მყავს ნანახი. მისგან სითბო არ მახსოვს. მას სხვა ოჯახი ჰყავს, შვილები ჰყავს და ჩემი ბედით არასოდეს დაინტერესებულა. სამწუხაროდ, მისგან ერთი თავზე ხელის გადასმაც კი არ გამახსენდება. ძალიან ცივი ადამიანია. ერთხელ შემთხვევით ვნახეთ მე და ბებომ. რომ დაგვინახა, არც კი შემოუხედავს ჩვენთვის, ისე წავიდა. ძალიან მტკივნეული იყო ეს ჩემთვის და ამიტომ სულ ვოცნებობდი, რომ ნორმალური ოჯახი შემექმნა. ბევრს ვფიქრობდი ამაზე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ოჯახი არ დამენგრეს-მეთქი. მინდოდა, სიყვარულით გვეცხოვრა, სადაც ურთიერთგაგება და დიდი გრძნობა იქნებოდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა.

- ოჯახი სიყვარულით არ შეგიქმნიათ?

- კი, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ჩემი ყოფილი ქმარი ჩემზე 2 წლით უფროსია და ეს მართლაც წრფელი გრძნობა იყო. თავს ბედნიერად ვგრძნობდი და ფიქრშიც ვერ დავუშვებდი, რომ შეიძლებოდა, ჩვენი ურთიერთობა დასრულებულიყო. ბუნებით ეჭვიანი არ ვარ, არც არასოდეს მიეჭვიანია. ქალ-ვაჟი გვყავს და ძალიან ბედნიერები ვიყავით. მე ბავშვებზე ზრუნვით ვიყავი დაკავებული, როცა წამოიზარდნენ და სკოლაში წავიდნენ, უკვე სკოლაში ერთად დავდიოდით. პედაგოგი ვარ და სულ ვმუშაობდი. დათოც მუშაობდა. არ მინდა მისი სახელის ხსენებაც კი...

მწარე რეალობის წინაშე აღმოვჩნდი, ქმარმა ჩემს დაქალთან გააბა რომანი, ამის გაგება ჩემთვის ძალიან დიდი შოკი იყო. საშინელი გრძნობაა, რომლის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. ახლა ვხვდები, რომ დიდი სიყვარულიდან ადამიანის შეძულებამდე ერთი ნაბიჯია, თურმე. არაფერი დარჩა იმ გრძნობიდან. როცა ღალატის ამბავი გავიგე, მაშინვე მივიღე მასთან განქორწინების გადაწყვეტილება და ოფიციალურად დავშორდით ერთმანეთს.

- ეჭვებით ხომ არ საუბრობთ?

- არა, ეს მწარე სიმართლეა, ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ის ქალი, ვისთანაც მიღალატა, ჩემი ბავშვობის მეგობარია, რომელთანაც დამალული არაფერი მქონდა. ის ჩვენი სიყვარულის შემსწრე იყო, ხშირად მოდიოდა ჩემთან და არასოდეს ეჭვი არ შემიტანია. 17 წლის გათხოვდა და ქმარს მალე გასცილდა. ხშირად ჩვენთან, სახლშიც რჩებოდა, მაგრამ ამ ფაქტის გახმაურებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩვენთან აღარ მოდიოდა და ეს ძალიან მიკვირდა, ვურეკავდი და ვეკითხებოდი, რატომ არ მოდიხარ, გამოდი და დარჩი-მეთქი. სამსახურს იმიზეზებდა, ამბობდა, ძალიან ვიღლებიო. მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა და მეც დავიჯერე მისი ტყუილები.

ერთ დღეს ჩემმა ძალიან ახლობელმა გოგომ მითხრა, რომ ქმარი მღალატობდა და ისინი საყვარლები არიანო. ის ამ გოგოსაც იცნობდა. ამაზე საშინელი რეაქცია მქონდა, ძალიან გამიკვირდა და ეს ნათესავი გამოვლანძღე, ამას როგორ ამბობ-მეთქი. რას წარმოვიდგენდი, მას ჩემს ქმართან ურთიერთობა თუ ექნებოდა, მაგრამ მალე ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი. მათ ბინა ნაქირავები ჰქონდათ იმ კორპუსში, სადაც ჩემი ახლობელი ცხოვრობდა. ამ გოგოსაც იმავე კორპუსში ჰქონდა ბინა დაქირავებული, ის რაიონიდან არის, ქმარი მუშაობს და ნაქირავებში არიან. თურმე, იქ დაინახა, ჩემი ქმარი და ეს გოგო ბინაში რომ შევიდნენ. მან იცნო ისინი. ბინის პატრონს იცნობდა, თურმე, რომელიც იმავე კორპუსში, სხვა ბინაში ცხოვრობს და მისთვის უკითხავს, ბინა ვისზე გაქვს მიქირავებულიო. მას უპასუხია, ახალგაზრდა ცოლ-ქმარიაო. მიმტკიცებდა, რომ ისინი იმ ბინაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და კონკრეტულ დღეებს და შეხვედრის დროებსაც მისახელებდა. ამის შემდეგ მეც დავეჭვდი, რადგან დაემთხვა, იმ დროს სახლში არ იყო ჩემი ქმარი.

გადავწყვიტე, გადამემოწმებინა ეს ამბავი და იქ წავედი. ჩემი თვალით ვნახე, ჩემი ქმრის მანქანიდან როგორ გადმოვიდა ორივე და როგორ შევიდა იმ ნაქირავებ ბინაში. იმ დღეს ვეღარ მოვითმინე, ნერვებმა მიმტყუნა. ბინაში ახალი შესულები იყვნენ კარზე რომ დავაკაკუნე და უცებ კარი ჩემმა ქმარმა გააღო. რომ დამინახა, სახე შეეცვალა, მე ტირილი დავიწყე და მერე აღარაფერი მახსოვს. იქვე ჩავიკეცე, გონებაც კი დავკარგე, ისე განვიცადე ეს ამბავი.

- ქმარმა რა გითხრათ?

- არავის მოსმენა არ მინდოდა. არ მახსოვს, იქიდან იმ ახლობელმა სახლში როგორ მომიყვანა. ეს საშინელი ამბავი შოკი იყო ჩემთვის და საშინელი ტკივილი, რომელსაც ვერ მოვიშუშებ. იმ დღესვე დავრეკე დედაჩემთან, მისი მშობლები და ძმა დავიბარე და ყველაფერი მათ წინ ვუთხარი. მერე სახლიდან წამოვედი, კარგა ხანს ბებოსთან ვიყავით მე და ჩემი შვილები. ის მოდიოდა და პატიებას მთხოვდა, მაგრამ ახლოს არ გავიკარე, ამის პატიება არ შემეძლო. მიხსნიდა, რომ ეს არ განმეორდებოდა, მაგრამ რა უნდა დამეჯერებინა მისთვის?

ვერ აგიხსნით, ეს როგორ მოხდა, მაგრამ ვხვდები, იმ სიყვარულისგან მართლა არაფერი დარჩა. დღეს მხოლოდ მათი სიძულვილი მამოძრავებს. ერთ ჭერქვეშ ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელი იყო და ამიტომ განქორწინებაზე დავწერე განცხადება. ოფიციალურად დავშორდით ერთმანეთს. ერთადერთი, იმას განვიცდიდი, რომ ჩემი შვილები უმამოდ გაიზრდებოდნენ. ვიცი, ეს რას ნიშნავს და ამას განვიცდი, მართლა არ მინდოდა, ჩემს შვილებსაც ეს ტკივილი ეგრძნოთ, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო. მას ვერ ვაპატიებდი და ასეთი კაცის გვერდით ვერ ვიცხოვრებდი.

- შვილებთან ურთიერთობა აქვს?

- ვერ ვიტყვი, რომ შვილები არ უყვარს, ის სულ ცდილობდა, მათ გვერდით ყოფილიყო. თავიდან ბავშვების ნახვის საშუალებასაც არ ვაძლევდი, კატეგორიულად უარს ვეუბნებოდი. განქორწინების შემდეგ მისი ბინა გაყიდა და ბავშვებმა თავიანთი წილი მიიღეს, ცოტა დაგროვილი თანხა ჰქონდა ბებოსაც, მანაც დამიმატა და ბინა ვიყიდეთ. მე და ჩემი შვილები იქ ვცხოვრობთ. ბებიაჩემი ისევ წასულია ქვეყნიდან და ფინანსურად იქიდან მეხმარება. მეც სკოლის შემდეგ ბავშვებს ვამზადებ და ვცდილობ, ჩემს შვილებს არაფერი მოვაკლო. უფროსი შვილი ხვდება ყველაფერს და მამშვიდებს. მამამისი მათ ნახვას ცდილობს და სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს არ ვუშლი შვილებთან შეხვედრებს, რადგან ვხედავ, ბავშვებსაც ენატრებათ და ის მაინც მათი მამაა. შაბათ-კვირას ზოგჯერ მიჰყავს შვილები. ჩემს დედამთილთან და მაზლთან კარგი ურთიერთობა მაქვს შენარჩუნებული, ჩვენი განქორწინების მიუხედავად. იციან ყველაფერი და დედამთილი ძალიან მიდგას გვერდით, ძალიან უყვარს ჩემი შვილები.

- თქვენმა დაქალმა რა გითხრათ?

- მასთან შეხვედრა და საუბარი არ მიცდია. რაზე უნდა ველაპარაკო ან როგორ უნდა იმართლოს თავი? ეს ფაქტია და არა ეჭვები, რომ თავის მართლება შეძლოს. მისი აზრი არ მაინტერესებს. ჩემმა ქმარმა აღიარა, რომ მასთან ჰქონდა ურთიერთობა და მან რა უნდა მითხრას? ჩემთვის ეს ორი ადამიანი არ არსებობს. იმ გამწარებულ გულზე რომ შემხვედროდა, შეიძლება მომეკლა კიდეც, მან ოჯახი დამინგრია და ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, ალბათ, ეს შურის გამოც გააკეთა. სულ ამბობდა, თქვენი ცოლ-ქმრობა სამაგალითოაო. ასე მომექცა ორივე.

არ ვიცი, ასე რამ დამიბრმავა თვალები და ამას რატომ არ მივხვდი მანამ, სანამ ჩემ ირგვლივ ყველა არ ალაპარაკდა. მერე გავარკვიე, რომ ის ბინა დიდი ხნის დაქირავებული ჰქონდათ და ცოლ-ქმრად ასაღებდნენ თავს. როგორ შემეძლო თვალთმაქცობა მეპატიებინა ქმრისთვის? ის სახლში იქცეოდა, როგორც მოსიყვარულე ქმარი და, თურმე, ამ დროს ჩემი დაქალისგან მოდიოდა. არ ვიცი, ასეთი თამაში ადამიანს როგორ შეუძლია. ბევრმა ისიც მითხრა, ქალმა, ალბათ, რამე გაუკეთა და ქმარს აპატიეო, მაგრამ ამის პატიება წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება ეს ადამიანს აპატიო?

რომ გამეგო, საყვარელი ჰყავდა და ეს არ ყოფილიყო ჩემი დაქალი, არ ვიცი, მაშინ დათმობაზე შვილების ხათრით წავიდოდი თუ - არა, მაგრამ ამის პატიება წარმოუდგენელია. ბავშვები გაიზრდებიან, მათ სიმართლეს აუცილებლად ვეტყვი და დარწმუნებული ვარ, ისინი გამიგებენ. მე მათი ბედნიერებისთვის მართლა ყველაფერს გავაკეთებ, მამასთან ექნებათ ურთიერთობა. ის გოგო კი იტალიაში წავიდა უკვე სამი წელია და დატოვა მარტო ჩემი ყოფილი ქმარი. ალბათ, ახლა ნანობს ყველაფერს, მაგრამ უკვე გვიანია. მან უდიდესი შეცდომა დაუშვა და დიდი სიყვარული გააცამტვერა.

(სპეციალურად საიტისთვის)