"რომ მცოდნოდა, ექიმებს როგორი მტაცებლური სქემა ჰქონდათ მაშინ, აუცილებლად მოვიკრებდი ძალას, მაგრამ ასეთ რამეს ვინ წარმოიდგენდა?" - კვირის პალიტრა

"რომ მცოდნოდა, ექიმებს როგორი მტაცებლური სქემა ჰქონდათ მაშინ, აუცილებლად მოვიკრებდი ძალას, მაგრამ ასეთ რამეს ვინ წარმოიდგენდა?"

"1981 წელი, 21 ივლისი, სამშაბათი. დღეს შენი დაბადების დღეა, დედი. 41 წელი შეგისრულდა და ამ ხნის მანძილზე სულ გეძებ. ქუთაისის მეორე სამშობიარო სახლის ექიმი ნ... იყო მორიგე იმ ღამეს. ძალიან მძიმე მშობიარობა მქონდა. დაიბადე, შეგხედე, ხმა გავიგონე. ვარდისფერი სახე და გრძელი მუქი ფერის თმა გქონდა. ღამის სამ საათზე გაგაჩინე და მერე აღარ მინახავხარ.

ორი დღე სიკვდილს ვებრძოდი. მე კი გადავრჩი, მაგრამ შენ დამეკარგე. დაიღუპა ბავშვიო, უგულოდ მითხრეს და ცა თავზე ჩამომექცა... ვერ დავიჯერე, მაგრამ... ახლაც არ მჯერა.

ვგრძნობ, რომ არსებობ.

მეც ვერ გადავურჩი სამშობიაროს ცივსისხლიან, სულგაყიდულ ჯალათებს. ისარგებლეს ჩემი ცუდად ყოფნით და შენი თავი მომპარეს. გეძებე... ვერ გიპოვე.

შენი გაჩენა არსად მიფიქსირდება...

დედი, დღეს შენი დაბადების დღეა. სანამ ცოცხალი ვიქნები, სულ მოგილოცავ და დაგლოცავ, ჩემო პირველო სიხარულო. წლები სწრაფად გადის, დედი, მე ვბერდები და ჩემი ოცნება შენი პოვნაა. გამოჩნდი დედი, მოდი ჩემთან, არ შეგრცხვეს, არ მოგერიდოს. იცოდე, არც დამიტოვებიხარ და არც გამიყიდიხარ. მომატყუეს და წამართმევს შენი თავი...

დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ვაჟკაცო... შენი ჯავრი საფლავში არ ჩამატანო. მოდი, შვილო, ჩემთან, მოდი", - ცარო კოღუაშვილის ეს მიმართვა ეკუთვნის ვაჟს, რომელიც დაბადების წუთებს თუ არ ჩავთვლით, აღარასდროს უნახავს...

ძნელია მშობლისთვის იმ მძიმე დღეების გახსენება, როცა მას უთხრეს, რომ მისი ნანატრი შვილი გარდაიცვალა....

- ყოველ დაბადების დღეს ასე ვლოცავ: "იქ გაგიმარჯოს, სადაც ხარ, შვილო..." მაგრამ სად არის? ეს მხოლოდ უფალმა იცის და იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა მას გვერდით ჰყავს... მართლა მთელი გულით მჯერა, რომ ცოცხალია, გამიყიდეს... შინაგანი ხმა მის ამქვეყნად არსებობას მკარნახობს...

- შეგიძლიათ მისი დაბადების წუთები გაიხსენოთ?

- ამას რა დამავიწყებს! 1981 წლის 21 ივლისს, ქუთაისის მეორე სამშობიარო სახლში დაიბადა. ზოგადად, რთული ფეხმძიმობა მქონდა, ამიტომ ხშირად მიწევდა საავადმყოფოში მისვლა. როგორც ამიხსნეს, ჩემი ორგანიზმი ვერ ინარჩუნებდა ნაყოფს. ეს პირველი შვილი იყო. მერე როგორღაც "გავიმარჯვეთ", უკვე არაფერი ემუქრებოდა მუცლადმყოფს და მეც ცოტა ამოვისუნთქე. მაშინ სად იყო ექოსკოპია, მაგრამ ექიმი ყურსასმენით მსინჯავდა და მეუბნებოდა, რომ ჩემი პატარა ჯანმრთელი დაიბადებოდა... 20 ივლისს, ჩვეულებრივად, თავს კარგად ვგრძნობდი, მშობიარობა ჯერ ადრე იყო. დედასთან გახლდით. ასე, ღამის 12 საათის მერე, მუცლის ტკივილი დამეწყო. დედამ, - არიქა, მშობიარობა ეწყებაო და მაშინვე ქუთაისის მეორე სამშობიაროში წამიყვანეს. ცოტა გამიჭირა, 2 საათი ვიწვალე და გავაჩინე ბავშვი, რომელმაც დაბადებისთანავე იტირა. შევხედე და ახლაც თვალწინ მიდგას მისი ვარდისფერი სახე. მერე ცუდად გავხდი, სისხლდენას ვერ მიჩერებდნენ...

მიუხედავად იმისა, რომ შეუძლოდ ვიყავი, ცხადია, შვილს ვკითხულობდი და ყოველ ჯერზე ასე მპასუხობდნენ: ნუ ნერვიულობ, კარგადაა, ჩვენ ვაჭმევთო და რძეც მიჰქონდათ. იმდენი ძალა, რომ ავმდგარიყავი და მასთან მივსულიყავი, არ მქონდა, მაგრამ რომ მცოდნოდა, მაშინ როგორი მტაცებლური სქემა ჰქონდათ ექიმებს, აუცილებლად ძალას მოვიკრებდი, მაგრამ ასეთ რამეს ვინ წარმოიდგენდა? ჩემს თავს რას დავეძებდი, ბავშვს მივხედავდი.

- რაც დაიბადა, მას მერე ერთხელაც არ შემოუყვანიათ და თვალიც არ მოგიკრავთ?

- არა. მეუბნებოდნენ, რადგან ცუდად ხარ, ამიტომ არ შემოგვყავს, ცოტაც გაუძელიო... ის წყეული მესამე დღე... სახელი არ მახსოვს, მაგრამ იმ დღეს ვიღაც მაღალი ექთანი შემოვიდა და, ვინაიდან უკეთ ვგრძნობდი თავს, უკვე მოვთხოვე, მომიყვანეთ-მეთქი. - როგორ მოგიყვანო, ბავშვი დაიღუპაო.

- გარდაცვალების მიზეზად რა დაასახელეს?

- ძალიან სუსტი იყო, ვერ გაძლოო. არადა, რომ დაიბადა, მაშინვე იტირა. კილო და 900 გრამი გახლდათ, მაგრამ მცირე წონის გამო ვინ კვდება? ან თუ მომაკვდავი იყო, რატომ მაშინვე არ თქვეს? თანაც, ჩემთან ერთად იმშობიარა ქალმა და 900-გრამიანი ბავშვი დაბადა, ის პატარა გადარჩა, გაიზარდა და დღეს ვაჟკაცია...

- ოჯახის წევრებმა თუ შეძლეს თქვენი შვილის ნახვა?

- მამამისმა ნახა, კი. ხელშიც აუყვანია და თუ ისეთი უსუსური იყო, რომ მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იდგა, მამას მისი ხელში აყვანის ნება როგორ დართეს?.. მესამე დღეს მასაც შეატყობინეს, გარდაიცვალაო და როცა ჩემებს ცხედარი მოუთხოვიათ, უთქვამთ: ვერ გაგატანთ, აქ ჩვენ ჩვილებისთვის სასაფლაო გვაქვს და თავად დავასაფლავებთო.

- ალბათ, თქვენც მოინდომეთ ცხედრის ნახვა...

- ცხადია, მოვინდომე, თვითონ დავასაფლავებ-მეთქი, მაგრამ კატეგორიული უარი მივიღე, მიცვალებულს არავის ვატანთო. არადა, თურმე, ვაჭრობდნენ ბავშვებით და საიდან მომიტანდნენ ჩვილის ცხედარს? რომ მოვიკითხე, სასაფლაო სადაა-მეთქი? ეზოში გვაქვს მოწყობილიო. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ამ ბავშვზე მშობიარობა არსად მიფიქსირდება. გარდაცვლილი რომ იყოს, იუსტიციის სახლში ხომ იქნება ამის დამადასტურებელი დოკუმენტი? მაგრამ იქ არაფერი იძებნება და მეც არაფერზე მომიწერია ხელი, არც რამე საბუთი მოუციათ.

- როდის დაეჭვდით, რომ შეიძლება ცოცხალი იყოს?

- მაშინ ჩავთვალე, ეტყობა მართლა დაიღუპა და დაასაფლავეს-მეთქი. წლების მერე გავიგე, რომ სამშობიაროებში ცუდი რაღაცები ხდებოდა. ერთხელ დაიჭირეს პიროვნება ბრალდებით, - ბავშვებს ყიდდაო და მაშინ ვთქვი, ვაიმე, ჩემი შვილი რომ არც ცოცხალი მანახეს და არც მკვდარი, იქნებ ისიც გაყიდეს-მეთქი. მას მერე მოსვენება დავკარგე და დღემდე ამ დარდით მოვდივარ. ვეძებ და ვერ ვიპოვე...

- რამდენი შვილი გყავთ?

- ერთი მყავს, ვაჟი, რომელსაც მხოლოდ გაუხარდება, მისი ძმა თუ გამოჩნდება... იცით, ჩემი შვილი და მათი მამაც მემარცხენეა, ასე რომ, არაა გამორიცხული, უფროსი ვაჟიც ცაცია იყოს. ძაან მუქი შავი თმა არ ექნება, უფრო - მუქი წაბლისფერი... მას მერე, რაც ვეძებ, ბევრი შემომეხმიანა. შარშან ლამის დავრწმუნდი, რომ ვიპოვე, მაგრამ ჯერ ვერაფერი გავარკვიე...

- ამაზეც მომიყევით, რა...

- ერთმა ბიჭმა უკრაინიდან მომწერა. რაღაცნაირად, თითქოს მსგავსება ვნახე ჩვენ შორის და ჩემს გულთან ახლოს მოვიდა, მაგრამ ნაწილობრივ იმედი იმან გამიქარწყლა, რომ ამტკიცებს, ზუსტად ვიცი, 1982 წელს დავიბადეო.

- დნმ-ტესტი არ გაგიკეთებიათ?

- ჯერ არა. მოვილაპარაკეთ, რომ მე მასთან, უკრაინაში უნდა ჩავსულიყავი და ერთად გაგვეკეთებინა ტესტი, მაგრამ მალე ომი დაიწყო და ვერ მოხერხდა... დღემდე მეხმიანება. ისევ უკრაინაშია.

იცით, დედის გული უცნაური რამაა და მეც ვგრძნობ, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ ცოცხალია. უბრალოდ, ჯერ ვერ შევხვდით, მაგრამ იმედიც ხომ ბოლოს კვდება... ამიტომ, გელოდები, შვილო...

P.S. თუ ვინმეს გეცნობათ ეს ამბავი და შეგიძლიათ ქალბატონი ცაროს მდგომარეობაში შეხვიდეთ, ასაკში შესული ქალბატონი უსაზღვროდ გაახაროთ, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 558 25.60.81 ან მოგვწერეთ მეილზე: lika.qajaia@gmail.com ჩვენ ანონიმურობის დაცვის სრულ გარანტიას გაძლევთ.

ლიკა ქაჯაია

(სპეციალურად საიტისთვის)