"ჩვენი ომში ჩართვა უკრაინისთვის სურათს ვერ შეცვლის - სამწუხაროდ, ჩვენი პოტენციალი არ არის იმხელა..." - კვირის პალიტრა

"ჩვენი ომში ჩართვა უკრაინისთვის სურათს ვერ შეცვლის - სამწუხაროდ, ჩვენი პოტენციალი არ არის იმხელა..."

გაზეთ "კვირის პალიტრის" ინტერვიუდან

- ვინაიდან ხელისუფლება ომის თემაზე ლაპარაკს არ წყვეტს, უფრო კონკრეტულად განვუმარტოთ ჩვენს მკითხველს, რატომ არ აძლევს ხელს დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს, რუსეთისთვის დაწესებული უმძიმესი სანქციების ფონზე, მსოფლიო ტვირთების გადასაზიდავად ახალ მარშრუტებს ეძებს და აქ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ე.წ. შუა დერეფნის თვალსაზრისით. ამას ემატება საქართველოზე გამავალი ენერგოდერეფნის მნიშვნელობაც. მოგეხსენებათ, გასულ კვირას აზერბაიჯანში იყო ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც პრეზიდენტ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმად, აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ტრანზიტის გაორმაგება იგეგმება, ამ გაზმა კი სწორედ საქართველოს გავლით უნდა მიაღწიოს ევროპამდე... მხოლოდ ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შეუძლებელია დასავლეთს აქ არეულობა და ომი სურდეს.

ვახტანგ ძაბირაძე:

- მართალი ბრძანდებით, მაგრამ ნება მომეცით, ცოტა შორიდან დავიწყო... თქვენი ნახსენები ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორებიც რომ არ იყოს, დასავლეთს აქ არასტაბილური გარემო მაინც არ აწყობს. ჯერ ერთი, ჩვენი ომში ჩართვა უკრაინისთვის სურათს ვერ შეცვლის - სამწუხაროდ, ჩვენი პოტენციალი არ არის იმხელა, რუსულ სამხედრო ძალებს შევუქმნათ ისეთი პრობლემები, რაც მის უკრაინაში შეჭრას შეუმსუბუქებს. 2008 წლის ამბებს თუ გავიხსენებთ, ლამის ხუთ დღეში მოახერხა ოკუპანტმა მთელი ქვეყნის პარალიზება, რუსული სამხედრო დანაყოფები შევიდნენ სენაკსა და ფოთში, აღმოსავლეთით კი, ფაქტობრივად, თბილისამდე მოვიდნენ... რომ არა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევა, არავინ იცის, კიდევ რა მოხდებოდა... ძალიან საეჭვოა, 2008 წლის შემდეგ ჩვენი სამხედრო პოტენციალი ისე გაძლიერებულიყო, რომ დღეს ჩვენმა ომში ჩართვამ როგორმე იმოქმედოს უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე... ეს ხელისგულზე დევს და ყველამ მშვენივრად იცის. ამის გარდა, დასავლეთს, რომლის მთელი ყურადღება და შესაძლებლობები მიმართულია უკრაინისკენ, რაში სჭირდება კიდევ ერთი სამხედრო კონფლიქტის კერა?

ეს ომი, კაცმა არ იცის, როდემდე გაგრძელდება. თქვენ სწორად ახსენეთ ტვირთების მოძრაობის მარშრუტები - მთელი შუა აზიისა და ჩინეთის საგზაო მარშრუტი ევროპისკენ ჩვენზე გადის, ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია თქვენი ნახსენები ენერგოდერეფანი, რომელშიც, აზერბაიჯანის გარდა, შესაძლოა, ჩაერთოს ყაზახეთი და მთელი შუა აზია - მე ვლაპარაკობ არა მხოლოდ გაზზე, არამედ ნავთობზეც, ასე რომ, დღეს არათუ საომარ მოქმედებებში ჩვენი ჩართვა, არამედ დესტაბილიზაციაც კი არ აძლევს ხელს დასავლეთს.

თუ ვინმეს აძლევს ეს ხელს, ისევ და ისევ რუსეთია, მაგრამ რუსეთსაც პრობლემები აქვს იმ თვალსაზრისით, რომ მან კი შეიძლება არასტაბილურობა გამოიწვიოს, მაგრამ მერე მისი მართვა ექცეს დიდ გასაჭირად. ასეთი არაპროგნოზირებადი ნაბიჯის გადადგმას, მით უფრო - დღეს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რუსეთიც მოერიდება, რადგან ის ქმედებას იწყებს მაშინ, როცა აქვს გარკვეული გარანტია, რომ პროცესს ნაწილობრივ მაინც გააკონტროლებს. წაიკითხე სტატია სრულად