"იტალია ევროკავშირისთვის, რუსეთთან დაპირისპირებაში, "აქილევსის ქუსლი" ან "ტროას ცხენი" გახდება" - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

"იტალია ევროკავშირისთვის, რუსეთთან დაპირისპირებაში, "აქილევსის ქუსლი" ან "ტროას ცხენი" გახდება" - რას წერს უცხოური გამოცემა

ესპანურ გაზეთ "ელ პაისში" (El Pais) დაბეჭდილია სტატია სათაურით - "ბრიუსელი შიშობს, რომ იტალია ევროკავშირისთვის, რუსეთთან დაპირისპირებაში, "აქილევსის ქუსლი" ან "ტროას ცხენი" გახდება" (ავტორი - ბერნარდო დე მიგელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იტალიაში მთავრობის გადადგომა იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ მას ყურადღებას არავინ აქცევს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიის ყოველი მთავრობა, საშუალოდ, 13 თვის განმავლობაში თუ მუშაობდა, მაგრამ ახლა პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადაყენება, რომლის ინიცირება მისივე კოალიციურმა მოკავშირეებმა განახორციელეს, საგანგებო გეოსტრატეგიული დაძაბულობის მომენტში ხდება. ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში შიშობენ, რომ იტალია, რომლის ეკონომიკის მოცულობა მესამე ადგილზეა ევროზონაში, უკეთეს შემთხვევაში, სუსტი რგოლი გახდება მოსკოვთან დაპირისპირების საერთო სტრატეგიაში, უარეს შემთხვევაში კი - ევროკავშირში "ტროას ცხენის" როლს შეასრულებს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიზნების განსახორციელებლად.

ვინ გაწირა მარიო დრაგი

ევროპარლამენტის წევრ სოციალისტთა გასაკვირად, მარიო დრაგის მთავრობა სახალხო პარტიის დეპუტატთა ჯგუფმა დაამხო - ანუ იმ პარტიის წევრებმა, რომლის წარმომადგენლები ევროკომისიისა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეები არიან. "ეს კატასტროფაა არა მარტო იტალიისათვის, არამედ - მთელი ევროპისთვისაც... და ეს ყველაფერი ხდება ევროპის სახალხო პარტიის ხელშეწყობით", - გაცხარებული ამბობს ირაჩე გარსია, სოციალისტების ლიდერი ევროპარლამენტში.

დეპუტატი ბრალს სდებს ევროპის სახალხო პარტიას, რომლის ლიდერს გერმანელი ევროდეპუტატი მანფრედ ვებერი წარმოადგენს, იმაში, რომ "სახალხოელები" სილვიო ბერლუსკონის მარიო დრაგის მთავრობის დამხობაში აქეზებდნენ. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ბერლუსკონის პარტიამ ("წინ, იტალია") შეასრულა საკვანძო მადესტაბილიზებელი როლი, რომლის შედეგად, მატეო სალვინიმ და ჯუზეპე კონტემ (რომლებიც პარტია "ლიგის" და "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის" ლიდერები არიან) თავიანთი გეგმის განხორციელება და მარიო დრაგის მოშორება შეძლეს.

ევროპის კომისიის ხელმძღვანელობა, კერძოდ, ურსულა ფონ დერ ლაიენი, იტალიაში მიმდინარე კრიზისის შეფასებისაგან თავს იკავებს: "კომისია არასდროს აკეთებს კომენტარებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებზე", - აცხადებს ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი, - "ურსულა ფონ დერ ლაიენი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მხარს უჭერდა მჭიდრო და კონსტრუქციულ თანამშრომლობას პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მთავრობასთან და ახლაც სურს, იგივე პოლიტიკა გააგრძელოს იტალიის ხელისუფლებასთან - ევროკავშირის ყველა პრობლემისა და საკითხების გათვალისწინებით".

მარიო დრაგიმ იტალიის პარლამენტს თხოვნა გადადგომის თაობაზე სამი დღის წინ, ხუთშაბათს წარუდგინა. ბრიუსელისთვის ეს ადამიანი ევროპული პოლიტიკური და ეკონომიკური ტრადიციების ერთგულ მცველს წარმოადგენდა. ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი თავმჯდომარე მარიო დრაგი ბერლინისა და პარიზის ნდობით სარგებლობდა, რომლებიც, ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტისას, მის აზრს ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდნენ. იტალიის მთავრობაში მარიო დრაგის პრემიერობა იმის ერთგვარ გარანტიას წარმოადგენდა, რომ ქვეყანა [კოვიდის შემდგომ] ეკონომიკური აღდგენის პროცესს გააგრძელებდა და რეფორმებს განახორციელებდა, 191 მილიარდი ევროს სუბსიდიის მისაღებად.

იტალიამ მარიო დრაგის პრემიერობის პერიოდში უკვე მიიღო 21 მილიარდი ევროს ტრანში, ხოლო გასულ თვეში იმავე რაოდენობის თანხაზე კიდევ ერთი განაცხადი გააკეთა. მაგრამ არავინ იცის, მთავრობის დაცემის ფონზე, შეასრულებს თუ არა იტალია აღებულ ვალდებულებებს. არადა, ქვეყანას კოლოსალური მუშაობა მოუწევს. ჯერჯერობით რომმა ბრიუსელის წინაშე მხოლოდ ვალდებულების 10% შეასრულა.

იტალიელი პოლიტიკოსები რუსეთის სამსახურში?!

ევროკავშირი არა მარტო იტალიის ეკონომიკური სტაბილურობით არის შეშფოთებული. კიდევ ერთი მიზეზი შეშფოთებისათვის ისაა, რომ იტალიელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვან ნაწილს კრემლთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. "ლიგა" და "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა" სწორედ ის პოლიტიკური პარტიებია, რომლებმაც მარიო დრაგის მთავრობიდან წასვლის ინიცირება მოახდინეს და რომლებიც, ტრადიციულად, ვლადიმერ პუტინის მიმართ სიმპათიებს ამჟღავნებდნენ.

"ლიგის" ლიდერ მატეო სალვინის მოსკოვში ჩასვლა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაც კი უნდოდა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მაგრამ ვერ მოახერხა. "ხუთვარსკვლავიანები" კი უკრაინის დასახმარებლად იარაღის გაგზავნის წინააღმდეგ გამოდიან. მათი ლიდერი - ლუიჯი დე მაიო, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, ამის გამო თანაპარტიელებს დაუპირისპირდა და თანამდებობიდან გადადგა.

ევროპის დიპლომატიური წყაროები უკვე რამდენიმე კვირაა, ლაპარაკობენ იმას, რომ იტალია იმ ე.წ. ნეიტრალური თეორეიების მიზიდულობის ადგილი ხდება, რომლებიც საეჭვოს ხდიან ევროკავშირის პოზიციას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ. მოსაზრებები, რომლებსაც იტალიური მასმედიის ზოგიერთი წარმომადგენელი ავრცელებს, იმ თეორიებს კვებავს, რომელთა თანახმად, კრემლის წინააღმდეგ მიმართული ევროპული სანქციები მხოლოდ ევროკვშირს აყენებს ზიანს და რუსეთის სამხედრო ძლიერებაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.

იტალია - ევროკავშირის "აქილევსის ქუსლი"

ბრიუსელი იტალიას ვლადიმერ პუტინთან დაპირისპირების დროს "აქილევსის ქუსლად" მიიჩნევს. აპენინის ნახევარკუნძულზე მდებარე ამ ქვეყანას არც ატომური ელექტროსადგურები აქვს და არც ქვანახშირის თბოელექტროსადგურები, ამიტომაც მისი ელექტროუზრუნველყოფა 70%-ით არის დამოკიდებული საზღვარგარეთიდან მიწოდებაზე. გარდა ამისა, ბუნებრივ გაზზე იტალიის ენერგომოთხოვნის ერთი მეხუთედი რუსული ცისფერი საწვავით კმაყოფილდება. იტალიაში მოხმარებული გაზის თითქმის 95% იმპორტირებულია, ანუ უფრო მეტი, გერმანიასთან შედარებით. იმ ელექტროენერგიის 45%, რომლებსაც იტალიის თბოელექტროსდგურები გამოიმუშავებენ, სწორედ გაზით ხდება.

ევროკავშირი შიშობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთ-უკრაინის ომი გაჭიანურდება და მოსკოვი გაზს გადაკეტავს, იტალიისა და უნგრეთის საზოგადოება, სავარაუდოდ, ანტირუსული სანქციების წინააღმდეგ გამოვა. ევროპის კომისიამ ყველა ქვეყანას შესთავაზა ნებაყოფლობით შეზღუდოს გაზის მოხმარება 15%-ით და, თუ ნებაყოფლობით არ მოისურვებენ, ზეწოლა განახორციელოს და იძულებით შეამცირებინოს.

ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკური ცენტრის (ECFR) მიერ ივნისში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უკრაინას მხარს ყველაზე ნაკლებად იტალია უჭერს. კვლევის შედეგების მიხედვით, იტალიელების მხოლოდ 56% თვლის, რომ ომში დამნაშავე რუსეთია, თუმცა, ევროპის მასშტაბით, ასეთი აზრი გამოკითხულთა 80%-ს აქვს. იტალიელთა მხოლოდ 39% ფიქრობს, რომ სწორედ მოსკოვი წარმოადგენს მთავარ დაბრკოლებას მშვიდობის მისაღწევად იმ დროს, როცა ასე მიიჩნევს ევროპელთა 64%. იტალიის მოსახლეობის 28% რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მთავარ დამნაშავედ ამერიკას მიიჩნევს, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში კი ასე მხოლოდ გამოკითხულთა 9% უპასუხა.

იტალიის საზოგადოების აზრის მიუხედავად, მარიო დრაგი იმ ინიციატივებს ახორციელებდა, რომლებიც კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ მხრივ მან წინ გაუსწრო გერმანიას, საფრანგეთს და ესპანეთს. მარიო დრაგი გახდა ევროკავშირის იმ მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერი, რომელმაც უსიტყვოდ დაუჭირა მხარი ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატად უკრაინის აღიარების თაობაზე. მისი გადადგომით ევროკავშირი საყრდენის გარეშე, კიევი კი - მნიშვნელოვანი მოკავშირის გარეშე რჩება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ