რუსეთის გენშტაბი დილემის წინაშე - გააგრძელოს შეტევა კრამატორსკისკენ თუ დაიცვას ოკუპირებული ხერსონი უკრაინელების კონტრიერიშებისგან... - კვირის პალიტრა

რუსეთის გენშტაბი დილემის წინაშე - გააგრძელოს შეტევა კრამატორსკისკენ თუ დაიცვას ოკუპირებული ხერსონი უკრაინელების კონტრიერიშებისგან...

ომის დაწყებიდან მეხუთე თვის თავზე ნათლად გამოიკვეთა, რომ უკრაინელების კონტრიერიშების დაწყება მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, ნიკოლაევიდან, ოკუპირებილი ხერსონის გასანთავისუფლებად, გარდაუვალია...

ამაზე ბევრი ფაქტორი მეტყველებს, უპირველეს რიგში კი, უკრაინელი არტილერისტების მიერ რუსების ოკუპირებული სამი მნიშვნელოვანი ხიდის დაზიანება, "ჰაიმარსებიდან" გაშვებული მართვადი რაკეტების გამოყენებით.

საერთოდ, მდინარე დნეპრის ქვედა წელში, ხერსონის ოლქში, სულ სამი ხიდია, რომელიც ამ მდინარის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს ერთმანეთთან აკავშირებს.

2-1658735643.jpg
ხერსონთან გამავალი ანტონოვის ხიდი ომამდე

ეს არის სამანქანო და ქვეთად მოსიარულეთა ანტონოვის ხიდი, რომელიც ქალაქ ხერსონის სიახლოვეს გადადის, მისგან აღმოსავლეთით, ექვსიოდე კმ-ით დაშორებული სარკინიგზო ხიდი და კიდევ ხუთ ათეულ კმ-ში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დამბაზე გამავალი ვიწრო სამანქანო ხიდი.

უკრაინელებმა "ჰაიმარსების" რაკეტებით უკვე "გახვრიტეს" (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ანტონოვისა და კახოვკის დამბის ხიდები, ისე, რომ მათზე მძიმე საბრძოლო ტექნიკის, მაგალითად, 46-ტონიანი რუსული ტანკების გადასვლა ძალზე სათუო ხდება - დაზიანებული ხიდის საფარი ვეღარ გაუძლებს ამხელა დატვირთვას.

დნეპრზე გამავალ სარკინიგზო ხიდს უკრაინელი არტილერისტები ჯერ არ შეხებიან, სამაგიეროდ, ასევე "ჰაიმარსის" რაკეტებით, ზუსტად დააზიანეს მდინარე ინგულეცზე გამავალი ხიდი, რომელზეც ხერსონი-კახოვკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადის...

3-1658735667.png
უკრაინელმა არტილერისტებმა „ჰაიმარსებით“ ანტონოვის ხიდი ბევრ ადგილას ისე „გახვრიტეს“, რომ მასზე რუსული ტანკების გადასვლა სათუო გახდა...

დიდი სამხედრო სტრატეგობა არ უნდა იმის მიხვედრას, რომ უკრაინის არმია ფართომასტაბიანი კონტრიერიშის წამოსაწყებად ემზადება ხერსონის რაიონში, რათა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე გამაგრებული რუსი ოკუპანტები (თუ რატომ მოახერხეს რუსულმა საბატალიონე-ტაქტიკურმა ჯგუფებმა ომის დასაწყის პერიოდში ასე იოლად გადასვლა მდინარის მარჯვენა ნაპირზე და ქალაქ ხერსონის დროებითი ოკუპაცია, სხვა თემაა) დნეპრის ნაპირთან მიიმწყვდიოს და ხიდების საბოლოო აფეთქებით მათ მარცხენა ნაპირზე გაქცევისა და გადარჩენის მცირე შანსიც არ დაუტოვოს...

ფაქტობრივად, ახლა უკრაინის არმია ემზადება რუსი ოკუპანტების ხერსონის "ქვაბში" "მოსახარშად", არადა, ასეთივე "ქვაბებში" მოქცევის დიდი საშიშროება თავად უკრაინელ სამხედროებს ემუქრებოდათ (ეს საფრთხე ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მოხსნილი) დონბასში, ჯერ - სევეროდონეცკთან, შემდეგ - ლისიჩანსკთან...

მაშინ, ორგანიზებული უკანდახევისას, უკრაინელებს მოუწიათ ლუგანსკის ოლქის ამ ქალაქების დათმობა, მაგრამ მხოლოდ მძაფრი ბრძოლების შემდეგ, რამაც მნიშვნელოვნად გამოფიტა რუსი ოკუპანტებისა და ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების ძალები და, ამასთან, უკრაინას მოაგებინა ასე მნიშვნელოვანი დრო ამერიკული "ჰაიმარსების" მისაღებად.

დღეს რუსეთის გენშტაბი დიდი დილემის წინაშე დგას - მთელი ძალები გადაისროლოს დონბასში ფართომასშტაბიანი შეტევების გასაგრძელებლად, სლავინსკისა და კრამატორსკის ასაღებად თუ ხერსონში მნიშვნელოვნად გააძლიეროს თავდაცვითი ზღუდეები, რომ უკრაინელების მძლავრი კონტრიერიშების შედეგად მართლაც არ აღმოჩნდეს მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროსთან მიმწყვდეული და აფეთქებული ხიდების გამო, 500-700 მ სიგანის მდინარის გადაცურვა პანიკაში მყოფ მის ჯარისკაცებს ნავებით არ მოუწიოს...

ორივე საბრძოლო ოპერაციისთვის - თან დიდი ძალებით გააგრძელოს შეტევა კრამატორსკისკენ და თანაც ხერსონი დაიცვას - რუსეთის არმიას დღევანდელი რეალური შესაძლებლობები, რაც უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში აქვს ამ მომენტისთვის მობილიზირებული, არ ეყოფა, ერთ-ერთი უნდა აირჩიოს...

პ.ს. გუშინ ღამით, რუსმა სამხედროებმა საპონტონე ხიდის აწყობა დაიწყეს, რომელსაც, სავარაუდოდ, მდინარე დნეპრზე გამავალი სარკინიგზო ხიდის გვერდით გაშლიან, რათა სარკინიგზო ხიდის მაღალმა ფერმებმა მათი საპონტონე ხიდი როგორმე "გადაფარონ" და თავიდან აირიდონ "ჰაიმარსების" მართვადი რაკეტების ზუსტი "სტუმრობა", მაგრამ უშველით კი ეს რუს ოკუპანტებს?