"გულწრფელად გეტყვით, ჩემი ოცნება ჰოლივუდი იყო..." - კვირის პალიტრა

"გულწრფელად გეტყვით, ჩემი ოცნება ჰოლივუდი იყო..."

"...გულწრფელად გეტყვით, ჩემი ოცნება ჰოლივუდი იყო, მაგრამ ამისთვის ძალიან დიდ ასაკში ჩამოვედი. როცა ასეთ სერიოზულ ნაბიჯზე ფიქრობ, ინგლისურს ძალიან კარგად უნდა ფლობდე, ყველაფერი თავიდან რომ დაიწყო... ამიტომაც ჩემთვის გვიანი იყო გარკვეული საფეხურების გავლა..." - ამ და სხვა გულისტკივილზე ყველასათვის საყვარელი - ცუცა კაპანაძე ნიუ-იორკიდან გვესაუბრა...

- საქართველოში წლებია, არ ვყოფილვარ, ისიც, ბოლოს სულ ოთხი-ხუთი დღით ვიყავი, როდესაც ლევან კოღუაშვილის ფილმში - "მეოთხე ბრაიტონი" გადამიღეს... ახლაც ოთხი დღით მიწევს ჩამოსვლა. ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია "მოდი -ნახეს" - 70 წლის იუბილეა... ამ თეატრში გაიარა მთელმა ჩემმა ახალგაზრდობამ და საზეიმო ღონისძიებაზე აუცილებლად ჩამოვალ!

- საქართველოში ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

- საჩხერეში, სადაც გავიზარდე, დაახლოებით, ექვსი წელია, არ ვყოფილვარ. ეს ძალიან დიდი დროა, მაგრამ ახლა რომ ჩამოვალ, აუცილებლად წავალ! ძალიან მენატრება ჩემი მშვენიერი იმერეთი - ლამაზი, კოპწია, მოსიყვარულე ხალხით... მენატრება ჩემი თბილისი, სახლი, სოლოლაკი, თეატრი, მეგობრები... ჩემი მეგობრების უმეტესობა საქართველოშია.

3 სექტემბერს 16 წელი გახდება, რაც ამერიკაში ვიმყოფები... ვერ ვიტყვი, რომ თავიდან ამდენი ხნის გეგმებით წამოვედი... საქართველოში ისეთი პერიოდი დაემთხვა, როდესაც ყველანაირი უბედურება იყო... ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ვიყავი, სერიალში "კექსი დიდ ქალაქში" მიღებდნენ... თითქმის 90 სერია გადაიღეს, რომლის რეჟისორიც გახლდათ გია ცინცაძე. აგრეთვე, გადამიღეს სერიალში - "ყავა და ლუდი". მალე ისე მოხდა, რომ ეს სერიალები, ფინანსების არქონის გამო, შეჩერდა... "პა-სეანსი" უკვე დახურული იყო და ისიც - ფინანსების უქონლობის გამო. თეატრშიც კატასტროფული ხელფასი მქონდა - 80 ლარი.

ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, კარგი საბუთები გაქვს, ადვილად შეგიძლია "ექსტრა ორდინარი" გააკეთო, შანსი გამოიყენე, ამერიკაში წამოდი და აქ თუ აღარ მოგინდება, მერე საქართველოში დაბრუნდიო... მაინც არ მივდიოდი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე. მე და ხათუნა იოსელიანი ერთად წავედით... მალევე ამერიკის მოქალაქეობა მივიღე და თექვსმეტმა წელმა ისე სწრაფად გაიფრინა, ასე მგონია, ორი დღის წინ თუ ჩამოვედი.

- ამერიკაში თავს კარგად გრძნობთ? რით არის ეს ქვეყანა ყველაზე მეტად მიმზიდველი?

- ამერიკა ოცნებების ახდენის ქვეყანაა. აქ მართლაც შეგიძლია ოცნებები ნებისმიერ ასაკში აიხდინო, თუ არ იზარმაცებ! მე მაინც ვფიქრობ, რომ ამერიკა უფრო ახალგაზრდა ჩამომსვლელებისთვის არის... გულწრფელად გეტყვით, ჩემი ოცნება ჰოლივუდი იყო, მაგრამ ამისთვის ძალიან დიდ ასაკში ჩამოვედი. როცა ასეთ სერიოზულ ნაბიჯზე ფიქრობ, ინგლისურს ძალიან კარგად უნდა ფლობდე, ყველაფერი თავიდან რომ დაიწყო... ამიტომაც ჩემთვის ძალიან გვიანი იყო გარკვეული საფეხურების გავლა.

მადლობა ღმერთს, ამერიკაში ქართული კულტურის ცენტრში მოვხვდი. ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურები და ჩემი აქ ჩამოსვლა ჩემთვის იღბლიანი გამოდგა... ქართული კულტურის ცენტრი 26 წლის წინ დააარსა ვიქტორ სირელსონმა და მისმა მეუღლემ - ლიკა ბახტურიძე-სირელსონმა.

მე რომ ჩამოვედი, ჩვენ, სამნი დავსხედით და გადავწყვიტეთ, ქართული თეატრი დაგვეარსებინა, რადგან ამერიკაში ქართველი ხელოვანები იყვნენ... მართლაც დავაარსეთ, რამაზ ზურაბიშვილმა დადგა პირველი სპექტაკლი - "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"... პრემიერამ არაჩვეულებრივად ჩაიარა... თუმცა პრემიერა ჩვენთვის უმძიმეს დროს, 2008 წელს შედგა. ამიტომაც მხოლოდ სპექტაკლი კი არა, ქართველების საოცარი ერთიანობა იყო, ემიგრაცია ერთ მუშტად შეიკრა...

წარმატებული პრემიერის შემდეგ დღემდე არ გავჩერებულვართ და უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ... პანდემიის პერიოდში, სამი წელი თეატრი, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო. იმედს ვიტოვებ, რომ ნელ-ნელა ისევ ავმუშავდებით და გავცოცხლდებით. მე და ხათუნა იოსელიანი პირველად პრემიერაზე რომ გავედით, სცენაზე დავდექით თუ არა, მაშინვე დავიყვირეთ - ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!

დიდი ბედნიერებაა, როდესაც სხვა ქვეყანაში ქართულ კულტურას პოპულარიზაციას უწევ და შენს საყვარელ საქმეს აკეთებ... მე ვიტყოდი, რომ ამ ქართულმა ცენტრმა მეც და ძალიან ბევრი ხელოვანიც გადაგვარჩინა. ჩვენი თავის რეალიზებას აქ ვახდენთ... ძალიან გაზრდილია დღეს ქართული ემიგრაცია და ქართული კულტურის მიმართ მოთხოვნაც მეტია.

- ამერიკელ პუბლიკაზე რას იტყვით?

- მე ვერ ვიტყვი, ვარსკვლავი ვარ-მეთქი, მაგრამ პირად ცხოვრებაზე ინტერესი, კითხვები აქაც არსებობს... მსოფლიოში ყვითელი პრესა მაგიტომაცაა. ყვითელი პრესის მეშვეობით თითქმის ყველა ხელოვანი საკუთარი თავის რეკლამას ეწევა. უარყოფითი რეკლამაც თავისებური რეკლამაა... ზოგიერთი ძალიან უცნაურ, შოკისმომგვრელ ხერხს მიმართავს, ოღონდაც პოპულარული გახდეს და ინტერნეტ-სივრცე დაიპყროს!

ვერ ვიტყოდი, რომ ჩემთვის მისაღებია, ყველაფერზე წავიდე, ოღონდ პოპულარული გავხდე და ჩემს თავს ვარსკვლავი ვუწოდო... ვარსკვლავები ძალიან ცოტანი არიან! თუმცა საქართველოში იმდენი ვარსკვლავია, მგონი, ცაზეც აღარ არის ამდენი.

- ურთულეს წლებში - პა-სეანსელები მართლაც იყავით ვარსკვლავები...

- ხმამაღალი განაცხადია, არ მიყვარს თავს ვარსკვლავი ვუწოდო, მაგრამ იმ წლებში ნამდვილად ძალიან პოპულარული იყო და "პა-სეანსმა" ტელევიზიაში, იუმორისტულ სივრცეში თავისი კვალი დატოვა.

მე ვიტყოდი, პიონერები ვიყავით, ასეც დარჩება და "პა-სეანსი" თავის დევიზს ამართლებს, რადგან დროს გაუძლო... დღესაც რომ სრული გადაცემები გაუშვა, დღევანდელობას აბსოლუტურად შეეფერება. დღევანდელობიდან ძალიან ბევრს დაინახავთ, 1990-იანი წლების გადაცემებში ოცდამეერთე საუკუნეს აღმოაჩენთ...

საქართველოში ბევრი რამ კარგისკენ შეიცვალა, რაც ძალიან მახარებს, მაგრამ ტელესივრცეში არასახარბიელო მდგომარეობაა... ვერ ვიტყვი, აქტიური მაყურებელი ვარ-მეთქი, მაგრამ თვალს ვადევნებ. სამწუხაროდ, აღფრთოვანებული არ ვარ, რადგან მდაბიო, უკბილო იუმორია... არ არის ადვილი იუმორისტული სცენარი შექმნა და ყოველდღე იუმორისტულ გადაცემას ვერც გააკეთებ! იმიტომაც, "პა-სეანსი" ორ კვირაში ერთხელ გადიოდა.

იუმორი არ არის, როცა ადამიანს პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებ, ეს არც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება! თავისუფალი ვარო და ყველაფრის უფლება თავს არ უნდა მისცე! ყველაფერი იმდენად პოლიტიზებულია, რომელიმე პარტია ან პოლიტიკური ფიგურა თუ არ მოგწონს, გლანძღავენ, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია!

როცა ტელევიზიაში მუშაობ, არ აქვს მნიშვნელობა, რა გადაცემას აკეთებ, ყველაფერს ჩარჩო და დრო სჭირდება! აღარაფერს ვამბობ, ხარისხიანი გადაცემა რომ უნდა იყოს! საზოგადოება, ყველა ასაკის ადამიანი გიყურებს და მორალური ვალდებულება გაქვს, მოწოდების სიმაღლეზე იყო!

მაგალითად, მე არ ვარ საქართველოს პოლიტიკაში კარგად ჩახედული, ამიტომაც ვერავის გავაკრიტიკებ, მართალი არ ვიქნები... ნუ ავიღებთ ჩვენს თავზე, ვინმე განვსაჯოთ. ჯერ კრიტიკა საკუთარი თავებიდან დავიწყოთ და სხვაზე მერე გადავიდეთ, სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ.

როცა ტელევიზიით პატარა ასაკის ბავშვებს ასეთ მდარე ხარისხის გადაცემებს აწვდი, მერე ახალგაზრდობას ზრდილობას ნუღარ მოვთხოვთ... რატომ არ იციან უფროსების პატივისცემა, ადგილს უფროსს რატომ არ უთმობენ და, საერთოდაც, რატომ დაიკარგა ის ურთიერთობები, რაც ურთულეს, 1990-იან წლებში იყო? თბილისი იყო ურთიერთობა, ახლა აღარ არის!

რა საკვებსაც ვაძლევთ ახალგაზრდობას და მომავალ თაობას, იმას ვიმკით! მე მაინც კარგის იმედი მაქვს. ძალიან ბევრი განათლებული ახალგაზრდა მოდის. ამერიკაში საოცარი ბავშვები ჩამოდიან, ნასაშიც იყვნენ მიწვეულნი. ძალიან მნიშვნელოვანი გამოგონებები აქვთ... კარგი და ცუდი ყველგან არის, მაგრამ ჩვენ ძალიან პატარა ერი ვართ და კარგიც და ცუდიც ძალიან ჩანს! მადლობა უფალს, უფრო მეტი კარგი გვყავს. არ თაკილობენ რესტორნებში მიმტანად, მეეზოვედ მუშაობას, რაც ჩვენს დროს წარმოუდგენელი იყო, რას ჰქვია ჩემმა შვილმა ფიზიკურად იმუშაოსო?!

ყველაზე მეტად რასაც ვერ ვეგუები, საკუთარი დედის გინებაა... დედა ყველაზე წმინდაა, განსაკუთრებით - ქართველისთვის და გინებას ქართველი ვერასოდეს გაბედავდა! ეს ყველაფერი ისევ ტელევიზიებიდან მოდის. ცენზურა აღარ არსებობს და როცა ტელევიზიას ცენზურა ჰქონდა, ყველაფერი ნორმაში იყო.

ჩემი კრიტიკა ყველა ტელევიზიას არ ეხება. ზოგი იცავს წესებს, იქიდან სიძულვილი და ცუდი ენერგეტიკა არ მოდის, მადლობა ღმერთს! ჩვენს გადაცემას ცენზურა არასოდეს შეხებია, რადგან არ სჭირდებოდა. გადაცემა თავის სათქმელს ისე ამბობდა, პიროვნულ შეურაცხყოფას არავის აყენებდა. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, ვისზედაც იყო საუბარი და ვისაც ეძღვნებოდა, ისიც თავის შეცდომას ხედავდა, ასწორებდა. სწორედ ეს არის იუმორისტული გადაცემის აზრი და იმედია, ისევ ასე იქნება!

(სპეციალურად საიტისთვის)