რა ფარულ მიზნებს ისახავდა აშშ-სა და რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელების საიდუმლო ვიზიტები ერევანში? - კვირის პალიტრა

რა ფარულ მიზნებს ისახავდა აშშ-სა და რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელების საიდუმლო ვიზიტები ერევანში?

ნებისმიერი ქვეყნის დაზვერვის ხელმძღვანელის უცხოური ვიზიტები, როგორც წესი, არ არის აფიშირებული და წინასწარ დაანონსებული, თუ ის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური წევრი არ არის. "ფარული დიპლომატიის" წარმომადგენლების გადაადგილება, მით უფრო ქვეყნის გარეთ, მაქსიმალური საიდუმლოების ატმოსფეროში მიმდინარეობს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სპეცსამსახურის ხელმძღვანელი აგერ "თბილისის ზღვაზეც" რომ ადიოდეს სარბენად და სავარჯიშოდ, მაინც ათასი ვერსია გაჩნდება, ათასი თვალი და ყური "გამოებმება" მის გადაადგილებას. სპეცსამსახურის თანამშრომელი, მით უფრო - ხელმძღვანელი, ყოველთვის ფარულ საქმიანობასთან ასოცირდება.

ახლა წარმოიდგინეთ: ორი, ერთმანეთთან დაპირისპირებული ბირთვული სახელმწიფოს დაზვერვის ხელმძღვანელები მოულოდნელად ერთ ქალაქში რომ აღმოჩნდნენ ვინ დაიჯერებს რომ ეს შემთხვევით მოხდა? არავინ და მართლებიც იქნებიან!

წლევანდელი ცხელი ივლისი დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენებითაც იყო გამორჩეული, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში.

13 ივლისის აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო შორეული მოგზაურობების მოყვარული ნამდვილად არა არის, ისრაელში ჩავიდა და ახლო აღმოსავლეთში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. პრეზიდენტს თეთრი სახლის 50-მდე ოფიციალური პირისგან შემდგარი ამალა ახლდა , მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი; მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი; ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი და სხვ.

13 და 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ძალზე რთული შეხვედრები და მოლაპარაკებები ჰქონდა: ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდთან, პრეზიდენტ იცჰაკ ჰერცოგთან და ისრაელის საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. 15 ივლისს ჯო ბაიდენი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა, რის შემდეგაც საუდის არაბეთში გაემგზავრა.

ისტორიულად აღმოსავლეთში საჯაროზე მეტად "ფარული დიპლომატიაა" დომინანტური, ეს პროცესი სპეცსამსახურების ხელმძღვანელების გარეშე კი ისევეა, როგორც "უპატარძლო ქორწილი". ამიტომაც პრეზიდენტ ბაიდენის დელეგაციაში განსაკუთრებული ფუნქცია ცსს დირექტორ უილიამ ბერნსს ჰქონდა.

ზოგადად საგარეო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში სპეცსამსახურების ფარული ჩართულობა ახალი ხილი არ არის. რის თქმასაც ქვეყნის მეთაურები და დიპლომატები სხვადასხვა მიზეზის გამო ერიდებიან, "მსტოვრობის ოსტატები" დაუფარავად ეუბნებიან (ხშირად შანტაჟის ენითაც) მეგობარი, თუ მოწინააღმდეგე ქვეყნის კოლეგებს. ეს "მესიჯი" სახელმწიფოს ხელმძღვანელი პირებისთვისაა განკუთვნილი ანუ: "მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეო".

ამგვარი "ფარული არხები" ფაქტიურად "პარალელური დიპლომატიაა", რაც სასტიკად არ მოსწონთ თავად დიპლომატებს, თუმცა იძულებულნი არიან "თამაშის" ეს წესები მიიღონ.

დასამალი არ არის, რომ ყველაზე დელიკატურ მისიებს ისრაელის საგარეო პოლიტიკაში ისრაელის დაზვერვა "მოსადი" ახორციელებს. ისევე, როგორც ცსს - ამერიკის საგარეო ურთიერთობებში. სწორედ 15 ივლისს მოხდა საინტერესო ფაქტი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი (რომელიც დიდი დიპლომატიური გამოცდილებითა და ახლო აღმოსავლეთის პრობლემების ზედმიწვნით ცოდნით გამოირჩევა) პრეზიდენტთან ერთად საუდის არაბეთში იმყოფებოდა, რამდენიმე საათში კი, ყველასგან მოულოდნელად...

b1-1658816273.jpg
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდი

ერევანში აღმოჩნდა. შესაძლოა ეს ვერავის შეეტყო, რომ არა რუსეთის საგარეო დაზვერვა: ერევანში რუსეთის საელჩოს საფარქვეშ მოქმედმა ეს-ვე-ერის რეზიდენტურამ "სპუტნიკ არმენიას" მიაწოდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი სომხეთის დედაქალაქში იმყოფებოდა.

ამ დროს კი არც ცსს-ს და არც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს არ გაუკეთებიათ კომენტარი ცსს-ს დირექტორის პირველ ოფიციალურ ვიზიტზე სომხეთში . თავდაპირველად არც სომხეთის ოფიციალური პირები ადასტურებდნენ ამერიკის "პირველი მზვერავის" ვიზიტს ერევანში. მხოლოდ 15 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება , რომ მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების, ტერორიზმთან ბრძოლის და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის საკითხები. ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსი არმენ აბაზიანი.

საინტერესოა, რომ ხანმოკლე სტუმრობის მიუხედავად ბერნსმა მოასწრო სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანთან შეხვედრაც. გამოქვეყნდა შესაბამისი კომუნიკე, სადაც აღნიშნული იყო, რომ შეხვედრისას გრიგორიანმა ცსს-ს დირექტორს წარუდგინა რეგიონული უსაფრთხოებისა და არსებული გამოწვევების სურათი, ასევე რეგიონში მშვიდობის დამყარების მიმართ სომხეთის ხედვა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სომხეთ-აზერბაიჯანისა და სომხეთ-თურქეთის საგზაო ინფრასტრუქტურის შესახებ მოლაპარაკების პროცესებზე. ამის შემდეგ უილიამ ბერნსმა სასწრაფოდ დატოვა ერევანი. რა მიზნით ეწვია ასე მოულოდნელად და წინასწარ დაუგეგმავად "ამერიკის პირველი მზვერავი" ერევანს?

ზოგადად დიდ პოლიტიკაში უმიზნოდ და ფარული გეგმების გარეშე არაფერი ხდება. ამ შემთხვევაშიც ასეა და ვერსიები საკმაოზე მეტია.

უილიამ ბერნსის მოულოდნელი ვიზიტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების პროცესთან, ასევე თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზებასთან. თუმცა ამ შემთხვევაში ლოგიკური იქნებოდა ბერნსი ბაქოშიც ჩასულიყო ილჰამ ალიევთან შესახვედრად. ასევე ეს ვიზიტი შეიძლება იყოს აშშ-ის მორიგი მცდელობა როგორმე "ამოაგდოს" სომხეთი რუსეთის ორბიტიდან და ამით შეზღუდოს "კრემლის" პოლიტიკური გავლენა სამხრეთ კავკასიაში. ამ შემთხვევაში ამგვარი "ელვისებური" და ხანმოკლე ვიზიტები ნაკლებ შედეგიანი იქნება: აქ აშშ-ის ადმინისტრაციას ხანგრძლივი და გააზრებული სტრატეგია აქვს შესამუშავებელი და გასატარებელი.

შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის აშშ-რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებების ჩასატარებელ ადგილად არჩეული იყო ერევანი. ისიც გავიხსენოთ, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის "რუსოფობიური კურსის" საპასუხოდ რუსეთმა მანამდე დააწესა სანქციები ცსს-ს დირექტორის მიმართ. არსებობს ამგვარი ვერსიაც: ბერნსის მოულოდნელი ვიზიტი ხომ არ იყო რამენაირად დაკავშირებული სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების 16 ივლისს თბილისში დანიშნულ შეხვედრასთან? ამ შემთხვევაში უპრიანი იქნებოდა ცსს-ს დირექტორს კონტაქტები ჰქონოდა ორივე ქვეყნის ხელმძღვანელთან.

ასევე შესაძლებელია უილიამ ბერნსის ერევანში მოულოდნელი ვიზიტი 18 ივლისს ირანში დაგეგმილ რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრასთანაც იყო დაკავშირებული.

b2-1658816362.jpg
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თეირანში გამართულ შეხვედრებზე მათ განიხილეს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი გაზის, ასევე უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის საკითხები, აგრეთვე სირიასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. ყველა ეს საკითხები აშშ-ის სასიცოცხლი ინტერესების სფეროა.

ცსს-ს დირექტორის სომხეთში პირველი ვიზიტის გამო მოსკოვი სერიოზულად, რომ შეშფოთდა, ამის დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს 18 ივლისს ერევანში რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორი სერგეი ნარიშკინის ასევე მოულოდნელი ვიზიტი. ალბათ გაიხსენეთ: ეს სწორედ ის ნარიშკინია პუტინმა 22 თებერვალს საქვეყნოდ, რომ "მიაჩმორა".

b3-1658816403.jpg
სერგეი ნარიშკინი და ნიკოლ ფაშინიანი

ოფიციალური ინფორმაციით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინმა განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. საუბარი იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ბატონი ნარიშკინის ვიზიტი კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა სომხეთ-რუსეთის მოკავშირე ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხების განსახილველადო. ბუნებრივია ჟურნალისტებმა ნარიშიკინს უილიამ ბერნსის ვიზიტთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა. რუსეთის "პირველმა მზვერავმა", ცოტა არ იყოს არალოგიკური პასუხი გასცა: ჩემი ვიზიტი ერევანში ნამდვილად არ არის დაკავშირებული ჩემი ამერიკელი კოლეგის ჩამოსვლასთან, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მისი ვიზიტი, პირიქით, ჩემთან იყოს დაკავშირებულიო.

ბერნსი სამი დღით ადრე იყო ერევანში ჩასული და ნაკლებად სავარაუდოა საერთოდ ჰქონოდა ინფორმაცია ნარიშკინის მომავალ ვიზიტზე.

ნარიშკინმა დაპირებებით "თაბრუ დაახვია" სომხებს: რუსეთსა და სომხეთს ბევრი საერთო ამოცანა აქვთ, რომლებიც უნდა გადაიჭრას და რუსეთს აქვს საკმარისი ძალა და რესურსი, რათა დაიცვას მოკავშირეები და მეგობრები რთულ დროსო. ამ ბაქი-ბუქმა გამახსენა, თუ როგორ ეხვეწებოდა ამაოდ სომხეთ-აზერბაიჯანის უკანასკნელი ომის დროს ფაშინიანი პუტინს: ჩვენ ხომ მოკავშირეები ვართ, დაგვეხმარეთო.

ჩემი აზრით უილიამ ბერნსმა აშშ-ის პრეზიდენტის დანაბარები ჩაიტანა ერევანში, რომელიც რუსეთის (უკრაინასთან ომის საკითხები) და ირანის (ატომური პროექტის საკითხები) პრეზიდენტებისთვის გადასაცემად იყო განკუთვნილი. ჯო ბაიდენმა ამერიკის ორ მთავარი მეტოქის ( რუსეთის და ირანის) პრეზიდენტებთან კონფიდენციალური კონტაქტებისთვის შესაფერის დროდ 15 ივლისი, ხოლო "საუკეთესო ფოსტალიონად" უილიამ ბერნსი მიიჩნია. დიდ პოლიტიკაში პროგნოზი უმადური საქმეა. ცსს-ს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტის "რებუსის" ამოხსნა ისევ დროის საქმეა: მომხდარი ფაქტებისა და მოვლენების ღრმა ანალიზი გასცემს ზუსტ პასუხს ყველა კითხვას.