"პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა - „ნაცმოძრაობის“ აქტივისტობა "პავლიკა მოროზოვობას" ნიშნავს" - ირაკლი კობახიძე „მთავარის“ ჟურნალისტზე - კვირის პალიტრა

"პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა - „ნაცმოძრაობის“ აქტივისტობა "პავლიკა მოროზოვობას" ნიშნავს" - ირაკლი კობახიძე „მთავარის“ ჟურნალისტზე

”ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტთან გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, “მთავარის”ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა, რომ ამას “მთავარიდანაც” კი ბევრი არ იკადრებდა“.

„თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა. ამის შემხედვარეს "რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა" იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა. ახალგაზრდა ადამიანი ამ მდგომარეობამდე რომ მივა, „ნაცმოძრაობის“ ბოროტებას რა ძალა აქვს, უკვე აბსოლუტურად ცხადია. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტობა უპირობოდ პავლიკა მოროზოვობას ნიშნავს. ვინც გუშინ „მთავარის“ ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული "პავლიკა მოროზოვები" არიან. ინგა გრიგოლიასგან, გიორგი თარგამაძისგან, ნიკანორ მელიასგან, ლევან ხაბეიშვილისგან და სხვა ცნობილი ვაჭრებისგან (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), პატარა კაცებისგან და პატარა ქალებისგან ეს არავის გაკვირვებია. "მოროზოვებში" სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი. დეპოლარიზაცია "ბოლშევიკებთან" და "პავლიკა მოროზოვებთან" მორიგებით ვერ მიიღწევა. ეს გაკვეთილი საქართველომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ მიიღო. დეპოლარიზაცია მხოლოდ დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც 2024 წლამდე მთელ ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ“, - წერს ირაკლი კობახიძე.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტ შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების კონტექსტში დასმულ შემდეგ კითხვას მოჰყვა: „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“.

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია“, - მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

IPN