"მოულოდნელი გამოწვევა ვლადიმერ პუტინისათვის: შუააზიელი მოკავშირეები კრემლის ინტერესებს უგულვებელყოფენ" - კვირის პალიტრა

"მოულოდნელი გამოწვევა ვლადიმერ პუტინისათვის: შუააზიელი მოკავშირეები კრემლის ინტერესებს უგულვებელყოფენ"

ამერიკულმა "უოლ-სთრით ჯორნელმა" (The Wall Street Journal) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "მოულოდნელი გამოწვევა ვლადიმერ პუტინისათვის: შუააზიელი მოკავშირეები კრემლის ინტერესებს უგულვებელყოფენ" (ავტორები - უილიამ მოლდიონი და ჯარედ მალსინი), რომელშიც, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, განხილულია მოსკოვის თანამედროვე პოლიტიკა ცენტრალური (შუა) აზიის სახელმწიფოების მიმართ, ვაშინგტონის მცდელობა რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობის აღდგენის მიზნით და სხვა საკითხები.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთმა თავის მოკავშირე ყაზახეთში ჯარები შეიყვანა და პრეზიდენტ ყასიმჟომართ თოყაევს ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობაში დაეხმარა. ამ ამბებიდან ექვსი კვირის შემდეგ, როცა რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ, ყაზახეთს გაუჩნდა იმის კარგი შესაძლებლობა, რომ რუსეთისათვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა. მაგრამ ასე არ მოხდა: ყაზახეთმა და ცენტრალური (შუა) აზიის სხვა ქვეყნებმა ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეს. ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც რუსეთს ომში მხარი დაუჭირა, ბელარუსი აღმოჩნდა.

ყაზახეთმა განაცხადა, რომ დაიცავდა დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს, დაიწყო გზების ძიება თავისი ნავთობის ექსპორტისათვის, რუსეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის გარეშე, გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი და მიიღო ამერიკის დელეგაცია აშშ-ის ორბიტაზე გადასვლის პერსპექტივით.

მზარდი ნაპრალი მოსკოვსა და მის უდიდეს შუააზიურ მოკავშირეს შორის ვლადიმერ პუტინისათვის მოულოდნელ გამოწვევას წარმოადგენს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ყაზახეთზე ათეული წლების განმავლობაში გარკვეულ გავლენას ინარჩუნებდა, სამხედრო და ეკონომიკური კავშირების მეშვეობით. ორ მეზობელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საზღვარი აქვთ ერთმანეთთან (აშშ-კანადის შემდეგ).

რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც ბევრად ჰგავს ყაზახეთს, მოსკოვისა და ნურსულთანის დამოკიდებულება შეცვალა. ყახაზეთი ცდილობს, რუსეთთან ინტეგრაციული პროცესები შეაჩეროს და, შესაბამისად, კრემლთან დამოკიდებულებაში დისტანცია დაიკავოს, ეძებს მეტი შეხების წერტილებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, თურქეთი და ჩინეთი. საჩვენებელი მომენტი დადგა ივნისში, როცა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტში მონაწილეობის დროს პრეზიდენტმა ყასიმჟომართ თოყაევმა, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გვერდით იჯდა, განაცხადა, რომ ყახაზეთი არ აღიარებს დონბასის ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, რომლებსაც თითქოსდა რუსეთი უკრაინისგან ათავისუფლებს. მან ასევე განაცხადა, რომ ყაზახეთი დაიცავს დასავლეთის მიერ გამოცხადებულ სანქციებს და რუსეთს მათ გვერდის ავლაში არ დაეხმარება, თუმცა რუსეთი მისთვის კვლავ საკვანძო მოკავშირედ დარჩება. იმავდროულად ყახაზეთში აკრძალულია უკრაინის ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ჩატარება, რათა მოსკოვი არ გაღიზიანდეს, თუმცა, ასევე, ნებადართული არაა Z-ის ნიშნის ტარება, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტულ სიმბოლოს წარმოადგენს. ეს საკმაოდ მყიფე ბალანსია.

ყახაზეთის ასეთი პოზიციის გამო რუსეთში ბევრი აღშფოთდა: "ძმებო ყაზახებო, ჩვენ დაგეხმარეთ, როცა გიჭირდათ, ახლა კი მადლობას ასე გვიხდით? სერიოზულად იფიქრეთ და ისე იმოქმედეთ. თუ გგონიათ, რომ ყველაფერს დავივიწყებთ, ძალიან ცდებით", - ასეთი ხმები გაისმის რუსულ სამთავრობო მასმედიაში.

საერთოდ, ყაზახები ასეთ გამონათქვამებს უკვე მიჩვეულები არიან. ეთნიკური რუსების ქვეყნის მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ. რუსი ნაციონალისტები ჩრდილოეთ ყაზახეთისა და აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქებს (ცენტრები - პეტროპავლოვსკი და უსტ-კამენოგორსკი) რუსულ მიწა-წყლად თვლიან. 2014 წელს, როცა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ყირიმი წაართვა, განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ყახაზეთს სახელმწიფოებრიობა არ ჰქონდაო და ამით მიანიშნა - მისი ტერიტორია რუსული მიწებისგან შედგებოდა.

იმ ფონზე, როცა უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში რუსეთს მხარი არც ერთმა შუააზიურმა რესპუბლიკამ არ დაუჭირა, ამერიკის შეერთებულ შტატებს შანსი გაუჩნდა თავისი ყოფილი გავლენის აღსადგენად.

მიმდინარე წლის აპრილიდან დაწყებული, შუა აზიის რეგიონში აშშ-ის დელეგაციები რამდენჯერმე ჩავიდნენ, რომლებსაც თეთრი სახლის და პენტაგონის მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობდნენ: უზრა ზეია - პრეზიდენტ ბაიდენის თანაშემწე ადამიანის უფლებების საკითხში, დონალდ ლიუ - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე და გენერალი ერიკ კურილი, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის უფროსი.

ამერიკამ ცენტრალური აზიის ქვეყნებს თხოვნით მიმართა, რომ მათ უკრაინასთან დაკავშირებით დასავლური პოზიცია გაიზიარებინათ, თუმცა აშკარა ზეწოლისაგან თავს იკავებს.

რასაკვირველია, ამერიკელების ცენტრალური აზიით დაინტერესებამ მოსკოვის ყურადღება მიიპყრო. "მართალია, კრემლი ჯერ შეშფოთებას არ ამჟღავნებს, მაგრამ თუ ყაზახეთი ანტირუსული პოლიტიკის გატარებას დაიწყებს, მაშინ მოსკოვს კიდევ ერთი დიდი მტერი გაუჩნდება", - ამბობს ანდრეი გროზინი, რომელიც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში ცენტრალური აზიის პრობლემებს იკვლევს, - თუმცა, ჩემი აზრით, ომამდე საქმე არ მივა, რადგან ყაზახური ელიტის წარმომადგენლებს თვითგადარჩენის ინსტინქტი შედარებით უფრო ძლიერი აქვთ, ვიდრე მათ უკრაინელ კოლეგებს".

რამდენიმე საინტერესო მომენტი: 28 ივნისს, რეგიონში ამერიკელების ვიზიტის შემდეგ, ცენტრალურ აზიას ვლადიმერ პუტინი ეწვია (ეს მისი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი იყო უკრაინის ომის დაწყების შემდეგ) და ადგილობრივ ლიდერებს ესაუბრა. მოგვიანებით ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსლან კაზაკბაევმა, რომელიც, ვლადიმერ პუტინის ჩასვლის წინ ამერიკელებს ორმხრივი შეთანხმების გაფორმებას დაჰპირდა, მოულოდნელად გადადგომა გამოაცხადა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ეს მოსკოვის ზეწოლის შედეგად მოხდა. ამჟამად ყოფილი მინისტრი კომენტარებზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

რუსეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის არსებულ კულტურულ, ეკონომიკურ და ისტორიულ კავშირებს ძალიან ღრმა ხასიათი აქვს. გარდა ამისა, მოსკოვს რამდენიმე სამხედრო ბაზა აქვს ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, აგრეთვე - ანტირაკეტული საცდელი პოლიგონი ყაზახეთში.

რუსულენოვანი მოსახლეობა რეგიონში აქტიურობს: მაისის დასაწყისში, გერმანიასთან ომში გამარჯვების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით, ათასობით ეროვნებით რუსი მოქალაქე მონაწილეობდა ალმათიში გამართულ დემონსტრაციაში, რომლის დროსაც რუსულ და საბჭოთა დროშებს აფრიალებდნენ, მიჰქონდათ საბჭოთა დიქტატორის - იოსებ სტალინის სურათები და რუსულ სიმღერებს მღეროდნენ.

რუსეთი ცენტრალური აზიის რეგიონის მთავარი სავაჭრო პარტნიორია და მილიონობით მიგრანტებს - ყაზახებს, ყირგიზებს, უზბეკებს და ტაჯიკებს სამუშაოთი უზრუნველყოფს. შუააზიელი მიგრანტების მიერ სამშობლოში გადარიცხული ფული, მაგალითად, ყირგიზეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითქმის 33%-ს შეადგენს, ტაჯიკეთის - დაახლოებით 25%-ს და უზბეკეთის - 10%-ს. გადარიცხულ ფულში ლომის წილი რუსეთში დასაქმებულ შუააზიელებს ეკუთვნით.

დასავლეთის სანქციების შემდეგ ყახაზეთის ტრადიციული სავაჭრო მარშრუტები, რუსეთის ტერიტორიის გავლით, თითქმის მთლიანად გაჩერდა - ტვირთების დამზღვევი კომპანიები და იმპორტიორები რუსული ტრანზიტის მქონე ტვირთებს ეჭვის თვალით უყურებენ. ბუნებრივია, ყაზახი ჩინოვნიკები მთელი ძალით ცდილობენ ვაჭრობის დივერსიფიცირებას. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ყაზახეთის დელეგაცია საქართველოსა და აზერბაიჯანში გაემგზავრა ე.წ. შუალედური დერეფნის - ძველი სავაჭრო მარშრუტის აღსადგენად, რომელიც ჩინეთიდან, შუა აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით, ევროპისაკენ მიდის. "არადა, წინა წლებში ამ გზას სერიოზულად არც ცენტრალურ აზიაში, არც ჩინეთში და არც თურქეთში მაინცდამაინც სერიოზულად არ უყურებდნენ. ნაწილობრივ, ალბათ, იმიტომ, რომ რუსეთის გაღიზიანება არ სურდათ", - ამბობს სელჯუკ ჩოლაკოღლუ, აზია-წყნარი ოკეანის კვლევების თურქული ცენტრის დირექტორი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მრჩეველი, რომელიც ახლა ჩინეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. მისი თქმით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს გამბედაობა შემატა. მათ ჩინეთისა და თურქეთის მხარდაჭერაც იგრძნეს და კრემლი გამოიწვიეს.

იმის გამო, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ყაზახური ნავთობისა და სხვა ტვირთების ტრანზიტს პრობლემები გაუჩნდა, ყახაზეთმა თავისი სახმელეთო ტვირთები კასპიის ზღვის ნავსადგურებისაკენ - აქთაუსკენ და ყურიკისკენ მიმართა. ამჟამად იქ აქტიური მუშაობა მიდის - კონტეინერული გადაზიდვების მოცულობა იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამჯერ გაიზარდა.

ყაზახეთისათვის ვაჭრობის დივერსიფიცირება, როგორც იტყვიან, თავის გადარჩენის ტოლფასია. ბოლო თვეებში რუსეთმა ორჯერ გააჩერა კასპიის მილსადენი, რომლის მეშვეობით, ყაზახეთის ნავთობის 80% ნოვოროსიისკის ტერმინალში მიდის. ასევე, მარტში გაჩერდა ორი ტერმინალი, თითქოსდა, შტორმის დროს მომხდარი დაზიანების გამო და მანამ არ ამუშავდა, სანამ ყაზახეთის დელეგაცია მოსკოვში არ გაემგზავრა მოსალაპარაკებლად... ამ და სხვა მსგავსი ფაქტების შემდეგ პრეზიდენტმა ყასიმჟომართ თოყაევმა ნავთობის კომპანიებს დაავალა ახალი საზღვაო მარშრუტები გამოეძებნათ.

მრავალი წლის განმავლობაში რუსეთსა და ჩინეთს შორის ცენტრალურ აზიაში გავლენები და საქმეები არაოფიციალურად ასე იყო გადანაწილებული: რუსეთი რეგიონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, ჩინეთი კი მის ეკონომიკას ავითარებდა. ახლა ეს ტრადიციაც იცვლება: აპრილის ბოლოს ჩინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ვენ ფენჰე ყახაზეთს ეწვია და პრეზიდენტ თოყაევს შეხვდა. მხარეებმა მოილაპარაკეს სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაზე. გარდა ამისა, ყაზახეთი აღრმავებს ურთიერთობას თურქეთთანაც - ნატოს წევრ სახელმწიფოსთან, რომელსაც დიდი რეგიონული ამბიციებიც აქვს. მაისის დასაწყისში ყასიმჟომართ თოყაევი ანკარას ეწვია, სადაც ხელი მოაწერა შეთანხმებას, საბრძოლო დრონების წარმოების შესახებ. და ბოლოს, ყაზახეთმა თავისი სამხედრო ბიუჯეტი მკვეთრად - თითქმის, ერთი მილარდი დოლარით გაზარდა.

"ყახაზეთმა დასკვნები გააკეთა რუსეთ-უკრაინის ომის დროს კიევის თავგანწირული წინააღმდეგობიდან", - ამბობს ერთ-ერთი ყაზახი ჩინოვნიკი, - "ამიტომაც ჩვენ ისეთი არმია უნდა შევქმნათ, რომელიც მობილური გახდება და წინ აღუდგება ჰიბრიდულ ომს, რომელიც საბრძოლო მოქმედებებისა და სხვადასხვა მეთოდის ერთობლიობას წარმოადგენს, მათ შორის კიბერთავდასხმების მოწყობის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და არჩევნებში ჩარევის ჩათვლით.

დასავლეთში ბევრმა რუსეთის არმია "ქაღალდის ვეფხვად" ჩათვალა, მაგრამ, როგორც ერთ-ერთმა შუააზიელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რუსეთის არმიის მიმართ შიში დღეს უკვე რეალურია: "ვინ იცის, იქნებ უკრაინის შემდეგ მომდევნო [მსხვერპლი] ჩვენ ვიყოთ?". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ