"სპეცოპერაცია ორმაგ „ოპერატიულ თამაშად“ იქცა" - ვინ ცდილობდა რუსული სამხედრო თვითმფრინავების უკრაინაში გატაცებას - კვირის პალიტრა

"სპეცოპერაცია ორმაგ „ოპერატიულ თამაშად“ იქცა" - ვინ ცდილობდა რუსული სამხედრო თვითმფრინავების უკრაინაში გატაცებას

რუსული დაზვერვის ინფორმაციით, მათ ჩაშალეს უკრაინული მხარის სპეცოპერაცია, რომელიც რუსული სამხედრო თვითმფრინავების გატაცებას ისახავდა მიზნად. Bellingcat-ის გამომძიებელმა ხრისტო გროზევმა, რომელიც რუსულმა ეფ-ეს-ბემ კიევის დახმარებაში დაადანაშაულა, განაცხადა, რომ ამ სპეცოპერაციის შესახებ ნამდვილად აქვს ინფორმაცია. მისი თქმით, ეფ-ეს-ბემ დიდი შეცდომა დაუშვა და კონტრდაზვერვის ოფიცერთა ვინაობა გაასაჯაროვა.

ФСБ-ს ვერსია

გასულ ორშაბათს ФСБ-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ მოიპოვეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინული მხარე რუსული სამხედრო თვითმფრინავები: Су-24-ს, Су-34-სა და Ту-22М3-ს საბრძოლო ველიდან გატაცებას გეგმავდა.

ФСБ-ს ცნობით, უკრაინელებმა რუს მფრინავებს 2 მილიონ დოლარს, ხოლო მათ ცოლებს - ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებას შეჰპირდნენ.

ФСБ-ს ცნობით, მათ მოიპოვეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მფრინავებს დანომრილი ფურცლები აქვთ ხელში, რითაც მათ უკრაინის მხარისათვის თვითმფრინავის გატაცების მზადყოფნა უნდა დაედასტურებიათ.

ФСБ-ს ცნობით, მათ მოახერხეს და უკრაინელი სამხედროებისგან მოიპოვეს ინფორმაცია, თუ სად მდებარეობდა უკრაინის სამხრეთ - აღმოსავლეთ ნაწილში აეროდრომები.

მათი თქმით, „უკრაინა სპეცოპერაციას დასავლელი პარტნიორების, მათ შორის - ბრიტანეთის მხარდაჭერით ახორციელებდა“.

რუსული მხარის ცნობით, ამ საქმეში მონაწილეობდა საგამოძიებო მედიის, Bellingcat-ის გამომძიებელი ხრისტო გროზევი, რომელიც ბრიტანეთის დაზვერვასთან - "მი-6-თან" თანამშრომლობდა.

ხრისტო გროზევის ვერსია

ხრისტო გროზევმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ უკრაინული მხარე მართლაც გეგმავდა მსგავს სპეცოპერაციას, თუმცა მას ამ საქმესთან საერთო არაფერი აქვს.

როგორც ცნობილია, 2022 წლის აპრილში უკრაინის რადამ მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, დაჯილდოვდებიან ის სამხედროები, რომლებიც უკრაინის მხარეს რუსულ საბრძოლო ტექნიკას გადასცემენ. რუსული ტანკის გადაცემისთვის ისინი 100 ათას დოლარს მიიღებენ, თვითმფრინავისთვის კი - მილიონს.

სწორედ ამის შემდეგ უკრაინულმა მხარემ მიმართა რუს მფრინავებს, გაიტაცონ ის თვითმფრინავები, რომლებსაც მართავენ. გამოცემა Bellingcat-მა მოიპოვა ინფორმაცია და დოკუმენტური ფილმის გადაღებაც დაიწყო.

„ჩვენ გადავიღეთ „მოლაპარაკებები“, რომელსაც უკრაინელი „ვერბოვშიკები“ რუს მფრინავებთან აწარმოებდნენ, თუმცა მათი ტონი მალე შეიცვალა, რამაც გვაფიქრებინა, რომ მფრინავები ФСБ-ს ოფიცერთა დავალებით მოქმედებდნენ“.

უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებებში მას შემდეგ შეიტანა ეჭვი, როცა ერთ-ერთმა მფრინავმა ქვეყნიდან არა მეუღლის, არამედ - საყვარლის გაყვანა მოითხოვა.

ინფორმაციის მოძიების შემდეგ გამომძიებელმა ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ ეს ქალი, რომლის გაყვანასაც მფრინავი ითხოვდა, შესაძლოა ФСБ-სთან თანამშრომლობდა.

„ჩემთვის ნათელი გახდა, რომ სპეცოპერაცია უეცრად ორმაგ „ოპერატიულ თამაშად“ იქცა, სადაც ორივე მხარე ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა“.

გამომძიებლის ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუს მფრინავებს სპეციალურად დისლოკაციის არასწორი ადგილი გადაუგზავნა, თავის მხრივ, მფრინავებმაც არასწორი ინფორმაცია გაგზავნეს კიევში, ასე მცირე დეზინფორმაციებით ცდილობდნენ ცნობების მოპოვებას.

გროზევის თქმით, სპეცსამსახურების თამაში მაშინ დასრულდა, როცა ერთ-ერთი მფრინავის მეუღლე ФСБ-ს ჯგუფთან ერთად მინსკში, უკრაინელ კურიერებთან შეხვედრაზე გაემგზავრა, თუმცა შეხვედრაზე არავინ მისულა...

როგორც ცნობილია, აქამდე უკრაინულ მხარეს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ტელეგრამ-არხ Fighterbomber-ის ცნობით, რომელიც რუს სამხედროებში დიდი სანდოობით სარგებლობს, რუს მფრინავებს და მათი ოჯახის წევრებს მართლაც ეკონტაქტებიან.

მუქარების გარდა, მათ წერენ, რომ შეუძლიათ თვითმფრინავის გადაცემის სანაცვლოდ მილიონი მიიღონ...

გამოცემა Bellingcat-ის ცნობით, უკრაინულ მხარეს კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩაეშალა. ისინი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 30 მებრძოლის რუსეთიდან მოტყუებით გაყვანას და დაკავებას აპირებდნენ.

მებრძოლები დარწმუნებული იყვნენ, რომ ისინი ვენესუელაში მიემგზავრებოდნენ, მათი ვერტმფრენი მოსკოვიდან მინსკში, შემდეგ კი - სტამბოლში უნდა გაფრენილიყო.

სპეცოპერაცია ჩაიშალა, რადგან „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსმა ძალოვნებმა დააკავეს. მინსკში მხოლოდ 1 კვირის შემდეგ მიხვდნენ, რომ საქმე კიევის დაგეგმილ ოპერაციასთან ჰქონდათ. (წყარო)