რით შეიძლება დაეხმარონ ამერიკული "ფ-16"-ები უკრაინელებს? - კვირის პალიტრა

რით შეიძლება დაეხმარონ ამერიკული "ფ-16"-ები უკრაინელებს?

დასავლეთის მიერ უკრაინის არმიისთვის ომის ხუთი თვის განმავლობაში პორცია-პორციად მიწოდებულ შეიარაღების ჩამონათვალში, მალე, შეიძლება საბრძოლო თვითმფრინავებიც აღმოჩნდნენ, ოღონდ, არა მარტო საბჭოთა წარმოების მოიერიშე "სუ-25"-ები და "მიგ-29" გამანადგურებლები, არამედ... ამერიკული "ფ-16"-ებიც კი...

მართალია, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბოლომდე თავს იკავებს საბრძოლო თვითმფრინავებით უკრაინის დახმარებაზე, რათა ეს არ გადაიზარდოს რუსეთ-აშშ-ის კიდევ უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში, მაგრამ ამერიკელი კონგრესმენები კატეგორიულები არიან და უკვე შეიმუშავეს კანონპროექტი მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტში 100 მლნ დოლარის გამოსაყოფად, რომელიც უკრაინელი სამხედრო პილოტების ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავებზე გადასამზადებლად დაიხარჯება.

ისე, ცოტა გაუგებარია, რაღას უფრთხის პრეზიდენტი ბაიდენი მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიას ასეთი ეფექტიანი "ჰაიმარსები" გადასცა, რომლებითაც უკრაინელმა არტილერისტებმა ტაქტიკურ სიღრმეში, მაქსიმალურ 84 კმ მანზილზე, რუს ოკუპანტებს ისეთის უზუსტესი გამანადგურებელი დარტყმები მიაყენეს, რომელსაც ბევრი საბრძოლო თვითმფრინავის პილოტიც კი ვერ შესძლებდა.

ამერიკული "ჰაიმარსების" მართვადი რაკეტების წერტილოვანი დარტყმები ფაქტობრივად დიდწილად ცვლის უკრაინის არმიის "მი-24" დამრტყმელი შვეულმფრენებისა და "სუ-25" მოირიშე თვითმფრინავების ეკიპაჟების სახიფათო საბრძოლო დავალების შესრულებას - მოწინააღმდეგე ვერც ძვირადღირებულ შვეულმფრენსა და მოიერიშეს ჩამოაგდებს და რაც უფრო მნიშვნელოვანია ეკიპაჟის წევრებსაც არაფერი დაემუქრებათ.

თითქმის იგივეს თქმა შეიძლება გამანადგურებელი თვითმფრინავების შესახებ - უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის "ნასამსის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით გაძლიერების შემდეგ (რაც უახლოეს დღეებში უნდა განხორციელდეს), რუსული ფრთოსანი "კალიბრების" ჩამოგდება წესით უნდა გაიოლდეს, ხოლო პილოტირებულ რუსულ საბრძოლო ავიაციაზე აღარაფერს ვიტყვით, ისინი ბოლო თვეა ისედაც ძალიან უფრთხიან უკრაინული საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონასთან მიახლოებას და რაკეტებს შორი მანძილიდან უშვებენ, მათ შორი კაბრირების საჰაერო მანევრის შესრულებით, როდესაც ზუსტ მორტყმაზე ლაპარაკიც კი არ ღირს...

2-1658855192.jpg
„ფ-16“-ი უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ფერებში და ატრიბუტიკით-ჯერ-ჯერობით მხოლოდ დიზაინერის ფანტაზიაში...

მაგრამ რაკეტები მაინც ბოლომდე ვერ შეცვლიან პილოტირებად საბრძოლო ავიაციას, ვერც მოირიშე და ვერც გამანადგურებელ თვითმფრინავებს.

ბოლო დღეებში უფრო და უფრო აქტუალური ხდება საუბარი რომელიმე კონკრეტული ტიპის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავის მცირე პარტიის გადაცემაზე უკრაინელი სამხედროებისთვის და ამ საუბრბში იკვეთება "ფ-16"-ის სახელი.

ამერიკული F-16 Fighting Falcon -ი, რომლის სახელი ქართულად პირდაპირად შეიძლება ითარგმნოს, როგორც "მებრძოლი შევარდენი", პირველად ჰაერში ჯერ კიდევ შორეულ 1974 წელს აფრინდა და განვლილ 48 წელში მსოფლიოს სამხედრო ავიაციის ლეგენდად გადაიქცა.

4 600-ზე მეტი ასეთი გამანადგურებლის მრავალი მოდიფიკაცია მსოფლიოს 28 ქვეყნის არმიის შეიარაღებაში დღესაც იმყოფება და მათ ჩამოწერას ჯერჯერობით არავინ უპირებს, რადგან ეს, ნახევარსაუკუნოვან ასაკს მიტანებული საბრძოლო თვითმფრინავი, დღესაც მშვენივრად ართმევს თავს ყველაზე რთული საბრძოლო ამოცანების შესრულებას.

3-1658855215.png
„ფ-16“-ები მასიური აფრენის წინ...

F-16E/F Block 60 არის ამ გამანადგურებლის ერთ-ერთი ბოლო სერიული მოდიფიკაცია, რომელიც საჰაერო ბრძოლების გარდა სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების განადგურებაზეც არის ორიენტირებული და ფაქტობრივად თანამედროვე მრავალფუნქციურ საბრძოლო თვითმფრინავს წარმოადგენს და მეხუთე თაობის "ფ-35"-ს შეიძლება იმით ჩამოუვარდბეს, რომ არ აქვს "სტელსის" თვისებები.

თუ მართლაც გადაწყდა "ფ-16"-ების უკრაინელებისთვის გადაცემა, მაშინ აუცილებელი იქნება ახალი სახმელეთო ინფრასტრუქტურის შექმნა ამ ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების აეროდრომზე მოსამსახურებლად, რადგან უკრაინელების საბჭოთადროინდელი სააეროდრომო მოწყობილობები ნაკლებად გამოდგება.

"ფ-16"-ებზე უკრაინელი პილოტებისა და სახმელეთო საინჟინრო პერსონალის გადამზადება გარკვეულ დროს მოითხოვს, მაგრამ შეუძლებელი სულაც არ არის - ბევრს ეგონა, რომ უკრაინელი არტილერისტებიც "ჰაიმარსებს" ვერ აითვისებდნენ, მაგრამ მწარედ შესცდნენ...

ამერიკულ "მებრძოლ შევარდენს" მაქსიმალური, 5 ტონა საერთო მასის უმართავი და მართვადი ბომბებისა და რაკეტების წაღება შეუძლია, მათ შორი "ჰაერი-ჰაერი", "ჰაერი-ხმელეთი","ჰაერი-რადიოლოკატორი" და "ჰაერი-ხომალდი" კლასის, რითაც უნივერსალურს ხდის მის საბრძოლო გამოყენებას ანუ უკრანის სამხედრო-საჰაერო ძალებს თუკი არსენალში მართლაც გამოუჩნდათ "ფ-16"-ები, მაშინ მათ მოწინააღმდეგის თვითმფრინავებთან ჰაერში ორთაბრძოლის გარდა შეეძლებათ რუსი ოკუპანტების ტანკების, საარტილერიო დანადგარებისა თუ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ზუსტი დარტყმებით განადგურება, ისევე როგორც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდებზე ზებგერითი სიჩქარით სარაკეტო დარტყმის მიყენება...

პ.ს. სხვადასხვა ქვეყნის "ფ-16"-ებს არაერთხელ გადაუფრენიათ ქართულ ცაში ტრანზიტით. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ორი წლის წინ იყო, როდესაც ერთობლივი საჰაერო სწავლების ფარგლებში თურქული "ფ-16"-ები საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით აზერბაიჯანის აეროდრომზე ჩაფრინდნენ და ყარაბაღის ბოლო ომის განმავლობაში არანაკლებ ხუთი თურქული "ფ-16" იქ დისლოცირებდა, შეიძლება გადამწყვეტ მომენტში აზერბაიჯანის არმიის დასახმარებლად, თუმცა ბაქომ სამხედრო წარმატებას მათ გარეშეც მიაღწია...