"ქართული ოცნების" წარმომადგენლები არავისთან თანაშრომლობენ გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც კომფორტს უქმნიან და კითხვებს არ უსვამენ" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები არავისთან თანაშრომლობენ გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც კომფორტს უქმნიან და კითხვებს არ უსვამენ"

ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის, თინა ხიდაშელის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არავისთან თანაშრომლობენ გარდა იმ ადამიანებისა, „რომლებიც კომფორტს უქმნიან და კითხვებს არ უსვამენ“.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება არ ესწრება შეხვედრას, სადაც სამოქალაქო საზოგადოებამ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის ხედვა უნდა წარადგინოს.

„არც გუშინდელ შეხვედრაზე მოვიდნენ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა იყო. ეს არ არის მოულოდნელი. მანამდეც გვქონდა კონფერენცია და იქაც არ მოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიდასტურეს. ბოლო წუთამდე მქონდა არჩილ თალაკვაძის დასტური და შეხვედრაზე მაინც არ მოვიდა. სამწუხაროდ, ისინი არავისთან თანაშრომლობენ გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც კომფორტს უქმნიან, კითხვებს არ უსვამენ და იმავე ხაზზე არიან.

ეს არის გეგმა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ წარმოადგინა, სადაც გაწერილია ყველა პრიორიტეტი ევროკავშირისკენ 12 ნაბიჯის შესასრულებლად. დღევანდელი შეხვედრის ამოცანა არის იმ გეგმაზე საუბარი, თუ როგორ უნდა მივიდეთ ამ გზაზე სასურველ შედეგამდე. რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლების გარეშე ვერ მოხდება, მაგრამ ყველა მექანიზმი უნდა ჩავრთოთ იმისთვის, რომ ამ პროცესში წარმატებას მივაღწიოთ“,-განაცხადა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ხედვას წარადგენს. აღნიშნულ შეხვედრას ოპოზიციური პარტიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

IPN