"თურქეთს ჰეგემონობა სურს: დიდი ხნის განმავლობაში ანკარა ნატოს უსიტყვოდ ემორჩილებოდა, რეჯეფ ერდოღანის პრეზიდენტობის პერიოდში კი სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა“ - კვირის პალიტრა

"თურქეთს ჰეგემონობა სურს: დიდი ხნის განმავლობაში ანკარა ნატოს უსიტყვოდ ემორჩილებოდა, რეჯეფ ერდოღანის პრეზიდენტობის პერიოდში კი სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა“

გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ (FAZ - Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „თურქეთს ჰეგემონობა სურს: დიდი ხნის განმავლობაში ანკარა ნატოს უსიტყვოდ ემორჩილებოდა, რეჯეფ ერდოღანის პრეზიდენტობის პერიოდში კი სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა“ (ავტორი - ჰერმან რაინერი).

გთვაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ალბათ, ყველამ შეამჩნია, რომ თეირანში ვიზიტის დროს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები - რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს მიმნდობი ღიმილით და მტკიცე ხელის ჩამორთმევით შეხვდნენ. რეჯეფ ერდოღანი ნატოს წევრი ქვეყნებიდან პირველი ლიდერი აღმოჩნდა, რომელიც პირადად შეხვდა და რუსეთის ლიდერს ხელი ჩამოართვა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ“, - წერს სტატიის ავტორი.

„არადა, თუ თეირანულ სიტუაციას მადრიდულს შევადარებთ, ესპანეთის დედაქალაქში სულ სხვა სურათს დავინახავთ: ნატოს სამიტის დროს თურქეთის და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთთან ისე იდგნენ, რომ მნახველს ნამდვილად არ შეექმნებოდა შთაბეჭდილება, ეს ორი ადამიანი, ალიანსის ორი ყველაზე დიდი არმიის ხელმძღვანელი, ერთმანეთის მიმართ სიმპათით არის გამსჭვალულიო.

ისევე, როგორც აშშ, რეჯეფ ერდოღანის თურქეთიც, თავისი ინტერესების რეალიზების დროს არმიის ძლიერებას ეყრდნობა. ანკარას არანაირი პრობლემა არ აქვს თავისი არმიის დაფინანსების საკითხში: თავდაცვის ხარჯები ნატოს მიზნობრივ მაჩვენებელზე - 2%-ზე ბევრად მეტია - ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2,8% ხმარდება. მაგრამ ცივი ომის დროინდელი ათწლეულებისაგან განსხვავებით, როცა თურქეთი „ნატოს ხელქვეითი პაიკის“ როლში გამოდიოდა და მორჩილად ასრულებდა დასავლეთის სახელმწიფოების ბრძანებებს“, დღეს ის საერთაშორისო არენაზე სულ უფრო მტკიცედ წარმოაჩენს საკუთარ თავს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით.

რეჯეფ ერდოღანი შეიძლება ბევრისთვის „უსამოვნო მოსაუბრე“ გამოდგეს: მისი გაზვიადებული „ალტერ ეგო“ და „ცუდი მანერები“, რომელიც მან ჯერ კიდევ ყმაწვილობისას შეიძინა (როცა მომავალ პრეზიდენტს სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ რაიონში თავის დამკვიდრება უწევდა), არსად გამქრალა, თუმცა მან, იმავდროულად, ისე მოხდენილად და მოხერხებულად აითვისა „სახელისუფლებო თამაშების“ წესი, რომ ამაში ვერც ერთი სხვა თურქი პოლიტიკოსი ვერ შეედრება. გარდა ამისა, რეჯეფ ერდოღანი ყველა შესაძლებლობას იყენებს, რასაც მას სხვები „სთავაზობენ“:

ქვეყნის შიგნით ეს არის მისი კონკურენტების მიერ დაშვებული შეცდომები, ხოლო საზღვარგარეთ - ის, რომ იგი უცხოეთის ქვეყნებში პირველი გრძნობს ხელისუფლების ვაკუუმს და ცდილობს, სხვებზე სწრაფად შეავსოს.

მსოფლიოს რუკის ზედაპირული გადახედვაც კი შესაძლებლობას გვაძლევს, დავრწმუნდეთ თურქეთის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაში: ცივი ომის პერიოდიდან, როცა თურქეთი „სსრ კავშირის წინააღმდეგ ბრძოლის უცვლელ ბასტიონს“ წარმოადგენდა და წარმატებით იცავდა ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგს, მისი როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. რუსეთის მარადიული სწრაფვის გზა „სამხრეთის თბილი ზღვებისაკენ“ თურქეთის ორ სრუტეზე - ბოსფორ-დარდანელზე გადის, რომელიც შავ ზღვას ხმელთაშუა ზღვასთან და შემდეგ - ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებთან აკავშირებს, თურქეთი ესაზღვრება სირიას, ერაყს და ირანს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება დასავლეთისათვის საფრთხეებს წარმოადგენდნენ (რაც გარკვეულწილად ასეცაა).

გარდა ამისა, თურქეთი თავისი გაზსადენებით შუა აზიიდან, [კავკასიიდან] და ირანიდან დასავლეთისათვის შეუცვლელ ენერგეტიკულ ჰაბად ითვლება. აშკარაა, რომ „პოსტრუსული გაზის ეპოქაში“ თურქეთის მნიშვნელობა ევროპისათვის, „გაზის სამხრეთი დერეფნის“ სახით, სულ უფრო მეტად გაიზრდება. ბევრი ადანაშაულებს რეჯეფ ერდოღანს იმაში, რომ მას „ოსმალეთის იმპერიის აღდგენა სურს და საკუთარი თავი ისლამური სამყაროს ხალიფას სახით წარმოუდგენია“.

ოსმალეთის მრავალეროვნული იმპერიის დაცემიდან ასი წლის შემდეგ მსგავსი მტკიცებები შეიძლება „აბსურდულად“ გამოიყურება, მაგრამ მათში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის: თურქეთს, თავისი დიდი ისტორიით, სურს, ისევ გახდეს „სახელმწიფო-ჰეგემონი“ თავის რეგიონში და ისეთი წესრიგი დაამყაროს, როგორიც მის საკუთარ ინტერესებს შეესაბამება. იმის ფასადაც კი, რომ ის შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის დასავლურ ბლოკსაც კი აღარ მიაკუთვნონ.

ანკარის ასეთი ლტოლვის შედეგი იმ პოლიტიკის გატარებაა, რომელიც დასავლეთის თვალსაზრისით, „ორსახოვანს“ წარმოდგენს. ერთი მხრივ, ევროპა დაინტერესებულია იმით, რომ თურქეთმა თავის საზღვრებზე და შიდა ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლელი (სირიელი, ერაყელი, ავღანელი) ლტოლვილები შეაკავოს.

ნატოს ქვეყნებს ასევე სურთ, რომ თურქეთმა არ დაუშვას რუსული სამხედრო ხომალდების მიერ სრუტეებით სარგებლობა. ასევე, დასავლეთს და გაეროს უნდათ, რომ თურქეთმა თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეშვეობით, უკრაინული ხორბლის მომხმარებლამდე მიტანა უზრუნველყოს.

მეორე მხრივ, დასავლეთის სკეპტიციზმი თურქეთის მიმართ განუხრელად იზრდება. ასეთი დამოკიდებულების მიზეზი ბევრია: ბრიუსელისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო თურქეთის გაჯიუტება შვედეთისა და ფინეთის ალიანსში მიღების საკითხში, როცა ანკარამ „ფუნდამენტური სოლიდარობა“ არ გამოავლინა. გარდა ამისა, ანკარა რეგულარულად „აჟღარუნებს იარაღს“ ეგეოსის ზღვაში, თავისი ნატოელი პარტნიორის - საბერძნეთის წინაშე, ხოლო ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში - „კვიპროსის ზღვაში“ - ეჭვის ქვეშ აყენებს საზღვრებს, რომლებიც საზღვაო სამართლის პრინციპებით არის დადგენილი.

კიდევ ერთი მომენტი:

2016 წლიდან თურქეთი [ზოგჯერ სხვა სახელმწიფოებთან და ალიანსთან შეუთანხმებლად] რეგულარულად ახორციელებს სამხედრო ჩარევებს სირიაში, ერაყში, ლიბიასა და კავკასიაში. კაცმა რომ თქვას, რეჯეფ ერდოღანი დასავლეთს ყოველთვის არ ხვდებოდა „ცივად“. პირიქით, არც ერთ თურქ ლიდერს არ დაუახლოვებია თავისი ქვეყანა ევროკავშირთან ისე მჭიდროდ, როგორც ეს ერდოღანმა გააკეთა. მართალია, შემდეგ სწორედ მანვე დააშორა, მაგრამ ამას თავისი მრავალრიცხოვანი მიზეზი აქვს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ თურქეთი - და ეს მხოლოდ რეჯეფ ერდოღანს არ ეხება - დასავლეთს მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს.

თურქეთის პრეზიდენტის თვალსაზრისით, დასავლეთმა თავისი სამხედრო ჩარევით და, იმავდროულად, „თვალის არიდების“ პოლიტიკით ჯერ კარგად დაამსხვრია ავღანეთის, ერაყის, ლიბიისა და სირიის სახელმწიფო სტრუქტურები, შემდეგ კი „თავი არ შეუწუხებია მათი აღდგენით“. უფრო მეტიც - დასავლეთმა არ აღიარა თურქეთის კანონიერი მოთხოვნები უსაფრთხოების საკითხებში, რომლებიც, იმავე დასავლეთის ჩარევის გამო, მეზობლების დესტაბილიზაციის შედეგად გაჩნდა.

ბუნებრივია, ნატოს წევრები თურქეთის ინტერესებს უსაფრთხოების სფეროში სხვაგვარად უყურებენ, ვიდრე ეს თვით ანკარას აქვს წარმოდგენილი.

2015 წელს ალიანსმა, ანკარის დაბეჯითებული თხოვნების მიუხედავად, სირიის საზღვრებთან მდგარი Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მოხსნა და გაიტანა, რითაც თურქეთის მძაფრი უკმაყოფილება გამოიწვია. ეს ფაქტი დღესაც სალაპარაკო თემად აქვს თურქეთს და სულ ახლახან ერთგვარი შანტაჟის ხერხადაც გამოიყენა ნატოს ჩრდილოეთით გაფართოების საკითხში.

ცივი ომის დროს თურქეთს არ ჰქონდა არც „სამანევრე სივრცე“ (რეგიონში ჰეგემონიის პრეტენზიების გასავითარებლად) და არც ისეთი პოლიტიკოსები ჰყავდა, რომლებსაც ამის გაბედულება ექნებოდათ. ერდოღანის მმართველობის პერიოდში თურქეთს ერთიც გაუჩნდა და მეორეც. „ეპოქალურ 2011 წელს“, როცა არაბულ სამყაროში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო და რეგიონული წესრიგი დაირღვა, ამერიკამ რეგიონი ფაქტობრივად მიატოვა. ამან მეტ-ნაკლებად სტაბილურ ქვეყნებს, მათ შორის - თურქეთს, მეტი ტვირთი დააკისრა.შემდეგ დადგა „თურქეთისათვის საბედისწერო“ 2016 წელი: სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რომლის უკან, როგორც რეჯეფ ერდოღანი ეჭვობს, აშშ იდგა, თურქეთის პრეზიდენტმა „პოლიტიკური გადამრთველი შეატრიალა“ და თავისი ხელისუფლება გააფართოვა, უფრო კონსოლიდირებული გახადა. მან მკვეთრი ნაბიჯები გადადგა რუსეთისაკენ და ვლადიმერ პუტინს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 შეუკვეთა, რაც მისი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილება გახდა. იმ დროიდან რეჯეფ ერდოღანმა ფსონი მხოლოდ ძალის გამოყენებაზე დადო ანუ ქვეყნის შიგნით - რეპრესიებზე და ქვეყნის გარეთ - სამხედრო ძლიერებაზე.

თურქეთი ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა, რეჯეფ ერდოღანს რომ თურქული იარაღის წარმოება არ გაეფართოვებინა და მისი ხარისხი მნიშვნელოვნად არ აემაღლებინა. თურქულმა დრონებმა - „ბაირაქტრებმა“ შეაყოვნეს მოწინააღმდეგეები ან, სულაც, უკან დაახევინეს ლიბიასა და კავკასიაში.

თურქეთის არმიამ ქვეყნის გარეთ რვა სამხედრო ბაზა შექმნა. მათგან ორი - აფრიკაში მდებარეობს, ლიბიასა და სომალში. თურქეთს მხოლოდ აფრიკის ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობის უამრავი დოკუმენტი აქვს დადებული, მათ შორის - ნიგერიასთან, სენეგალთან, ტოგოსთან... თურქეთი თავის უპილოტო საფრენ აპარატებს „შავი კონტინენტის“ ოთხ ქვეყანაში ჰყიდის, ათზე მეტი კი დაინტერესებულია მათი შეძენით. აფრიკაში თურქეთი, ფაქტობრივად, საფრანგეთის „უკანა ეზოში“ იჭრება, რითაც ნაწილობრივ აიხსნება პარიზის ნეგატიური რეაქცია რეჯეფ ერდოღანის მიმართ.

"მესამე სამყაროს“ ბევრ ქვეყანაში, რომლებშიც რეჯეფ ერდოღანი უფრო ხშირად დადის, ვიდრე რომელიმე ევროპელი ლიდერი, იგი დიდ სიმპათიებს იწვევს თავისი პოსტულატით - „მსოფლიო ხუთზე უფრო დიდია“, რომლითაც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები ჰყავს მხედველობაში.

სხვათა შორის, პლაკატი ამ ლოზუნგით თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ანკარის შტაბ-ბინის ვესტიბიულშიც ჰკიდია. ევროპაში და აშშ-ში ბევრს აქვს იმედი, რომ რეჯეფ ერდოღანი მომავალი წლის ივნისში დანიშნულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს წააგებს. გადამწყვეტი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გახდება. „არც ერთ სავარაუდო მემკვიდრეს არ აქვს არც რეჯეფ ერდოღანის ქარიზმა, არც შეუპოვრობა და არც სახელისუფლებო ინსტიქტი. ვინც უნდა გახდეს თურქეთის შემდეგი პრეზიდენტი, ქალი თუ კაცი, ისინი შეიძლება ერდოღანზე უფრო კარგი და სასიამოვნო მოსაუბრეები იქნებიან, მაგრამ ჯინი ბოთლიდან უკვე ამოშვებულია - მათი მმართველობის დროსაც კი თურქეთი უკვე არავის აღარ მისცემს უფლებას, ისევ პაიკად გადაიქცეს და კვლავ სხვა სახელმწიფოების ინტერესების უტყვი გამტარებელი იყოს“, - ასე მთავრდება„ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ გამოქვეყნებული სტატია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო