"მგონია, რომ "ქართლ ოცნებას“ მტერიც შემოაკლდა. მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა, "ნაცმოძრაობა“ ვერაფერს შვება" - კვირის პალიტრა

"მგონია, რომ "ქართლ ოცნებას“ მტერიც შემოაკლდა. მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა, "ნაცმოძრაობა“ ვერაფერს შვება"

ამერიკელები გოიმები გვგონია? არ იციან, ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები? რა პრობლემაა, ივანიშვილს რომ შეხვედროდა ქალბატონი ელჩი, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ხვიჩიას აზრით, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს „რომ არ შეხვედროდა, ეს უფრო იქნებოდა პრობლემა“.

ამასთან, ხვიჩიას თქმით, მიმდინარე პროცესებს აუცილებლად მოჰყვება ივანიშვილისა და აშშ-ის მხრიდან გაგრძელება.

"ჩემთვის ეს რაღაცის დასაწყისია და გაგრძელებები აუცილებლად მოჰყვება, როგორც ერთი მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ასევე აშშ-ის მხრიდან. ჩემი აზრით საინტერესოა, იმ 3 - საათიან საუბარში , რაზე შეთანხმდნენ და რაზე, ვერ შეთანხმდნენ და რამდენად სერიოზულია შეთანხმება ან შეუთანხმებლობა“, - აცხადებს ხვიჩია.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის წერილის რიტორიკას, როგორც ხვიჩია ამბობს, აღნიშნული "ქართული ოცნების“ რიტორიკის გაგრძელებაა.

"ამით დაეთანხმა, "გააპრავა“ "ქართული ოცნების“ რიტორიკა, რასაც დიდი ხანია ვისმენთ, რომ ვიღაც ხალხი არსებობს, რომელსაც უნდა, ჩვენ ომი დაგვაწყებინოს და ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ომი არ მოხდეს. ეს მგონია, რომ ახალი ამბავი არ არის, დიდი ხანია ამ რიტორიკას ვისმენთ“,- დასძინა ხვიჩიამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ქართულ ოცნებას“ მტერიც შემოაკლდა და ახალ მტრებს ეძებს.

"მე მგონია, რომ "ქართლ ოცნებას“ მტერიც შემოაკლდა. მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა, "ნაცმოძრაობა“ ვერაფერს შვება - უკვე სათადარიგო მტერია საჭირო, ქვეყნის შიგნით "ნაცმოძრაობისნაირი“ მტერი ვეღარ იძებნება. მაგის იმედად ხომ ვერ იქნები, მითუმეტეს ასეთ კრიზისულ, ომის დროს. შეგიძლია მოძებნო ახალი მტერი და დაიწყო კამპანია ამ ახალი მტრისთვის“, - აცხადებს ხვიჩია.

ამასთან, ხვიჩია ფიქრობს, რომ „ბიძინა ივანიშვილი ღიად უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში“.

"ინტერპრესნიუსი"