"პუტინს არც უკრაინის და არც საქართველოს მიმართ არანაირი გეგმები არ აქვს" - კვირის პალიტრა

"პუტინს არც უკრაინის და არც საქართველოს მიმართ არანაირი გეგმები არ აქვს"

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანია "დოიჩე ველემ" (Deustche Welle) გამოაქვეყნა ინტერვიუ კანადის კვლევითი ცენტრის თანამშრომელთან, გერმანელ ისტორიკოსთან და სლავისტთან - ფილიპ ამონთან, სათაურით - "პუტინს არც უკრაინის და არც საქართველოს მიმართ არანაირი გეგმები არ აქვს".

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ქართველი საზოგადოება დიდ სოლიდარობას ავლენს უკრაინისა და უკრაინელების მიმართ, რომლებიც რუსეთის თავდასხმის მსხვეპლნი აღმოჩნდნენ. თუმცა, კიევისა და ბალტიისპირა ქვეყნების უკმაყოფილების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ მიუერთდა დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს. რა არის ამის მიზეზი და როგორია იმის ალბათობა, რომ საქართველო, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ უარი უთხრეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპისაგან საბოლოოდ ზურგით შებრუნდება?

ეს კითხვები "დოიჩე ველემ" დაუსვა ისტორიკოსსა და სლავისტს, კანადის უსაფრთხოების საკითხთა კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს ფილიპ ამონს, რომლის წიგნი 2020 წელს გამოვიდა სახელწოდებით - "საქართველო დამოუკიდებლობასა და რუსულ ოკუპაციას შორის: კონფლიქტის ფესვები მე-18 საუკუნიდან 1924 წლამდე".

ფილიპ ამონის თქმით, ის ფაქტი, რომ უკრაინამ [და მოლდოვამ] ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, იმავდროულად, საქართველოს, რომელმაც რეფორმები ბევრად უფრო წარმატებით გაატარა, სტატუსზე უარი განუცხადეს. ეს უფრო ერთგვარ საჩუქარს წარმოადგენს უკრაინისა და მოლდოვასათვის, ვიდრე რეალური მდგომარეობის აღიარებას. "ევროკავშირის გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო და მე დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს კარგი სიგნალია საქართველოსთვის. კრიტიკა გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოებრივი სისტემა ჯერ კიდევ ძლიერი არ არის, საზოგადოება - არასტაბილურია, ხშირია უთანხმოება და კონფლიქტები.

- შეიძლება თუ არა წარმოვიდგინოთ ისეთი სცენარი, რომლის დროსაც საქართველო, ევროპისაგან უარყოფილი, ისევ დაიწყებს რუსეთთან დაახლოებას? და როგორ უყურებენ ქართველები მოსკოვს, 2008 წლის მოვლენების გათვალისწინებით?

- პრობლემა ისაა, რომ რუსეთის არმია დღეს თბილისიდან 40 კილომეტრში დგას, რაც ქართველებისთვის სასიამოვნო არ არის. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თავშეკავებულად რეაგირებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე: თბილისი შიშობს, რომ ომი საქართველოს წინააღმდეგაც შეიძლება დაიწყოს.

2008 წლის გამოცდილებამ ქართველებს აჩვენა, რომ დასავლური მხარდაჭერა შეიძლება ძლიერი და გადამწყვეტი არ აღმოჩნდეს. 2008 წელს ქართული სამხედრო კონტინგენტი, რომელიც ერაყში იმყოფებოდა და კოალიციურ ძალებში მონაწილეობდა, აშშ-ის მეთაურობით, სამშობლოში დააბრუნეს, თუმცა მათ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არც მიუღიათ, ომის სწრაფად დასრულდა. ამიტომაც ქართველები ფრთხილად იქცევიან - აცნობიერებენ იმას, რომ რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, საქართველოს არც ერთი ქვეყანა დასახმარებლად თავის ჯარს არ გაუგზავნის. ასე რომ, სამანევრო სივრცე თბილისს ძალიან მცირე აქვს.

- აღიქვამენ თუ არა ქართველები რეალურ საფრთხედ რუსეთის შესაძლო თავდასხმას?

- თუ საქართველოს მთავრობა გაბედავს და რუსეთთან ღია კონფლიქტში ჩაებმება, მაშინ ძალთა თანაფარდობა, რასაკვირველია, თბილისის სასარგებლოდ არ იქნება. ისევ გავიმეორებ, რომ საომარ მოქმედებებში თბილისს, რეალურად, არავინ დაეხმარება და ჯარს არ გაუგზავნის. და, იმავდროულად, თუ საქართველო ფრთხილად და თავშეკავებულად მოიქცევა, მაშინ "მცოცავი ოკუპაცია" გაგრძელდება. ასე რომ, საქართველოს მთავრობა ცდილობს ლავირებას დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომ თავიდან აიცილოს უარესი სცენარი, ვთქვათ, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან მიერთება. პარალელურად, თბილისს სურს ევროკავშირთან ინტეგრაცია, რომ რუსეთის გავლენა გაანეიტრალოს, ურთიერთობა დააბალანსოს.

- ზოგიერთი ექსპერტის აზრით, საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ რეალური საფრთხის პირობების დროს ნატო დაეხმარებოდა, მაგრამ შეცდა...

- დიახ, 2008 წელს იგი ხაფანგში მოხვდა. 2005 წლამდე ისე ჩანდა, რომ საქართველო და რუსეთი როგორღაც მოილაპარაკებდნენ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლების გადაცემაში რუსეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი მონაწილეობდა, რომელსაც ბავშვობის წლები საქართველოში ჰქონდა გატარებული. პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია პოლიტიკას ძალიან უნარიანად და დაბალანსებულად ატარებდა, მიხეილ სააკაშვილს კი მძაფრი ტემპერამენტი ჰქონდა.

ზურაბ ჟვანიას უცნაური სიკვდილის შემდეგ თანაფარდობა და ბალანსი დაირღვა. 2007 წელს, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა, მოსკოვსა და თბილის შორის ურთიერთობა გამწვავდა. 2008 წლის დასაწყისში ჰაერში უკვე დაძაბულობა სუფევდა, დაიწყო რაღაც ინციდენტები, მათ შორის - "სამხრეთ ოსეთთან" გამმიჯნავ დროებით ხაზზე...

[საქართველოში] ეს ყველაფერი ისე იყო ინტერპრეტირებული, რომ რუსეთს რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. 2008 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო წრთვნები ჩაატარა. მიხეილ სააკაშვილმა იმ დროს მაინცდამაინც წინდახედულად ვერ იმოქმედა... როგორც ნათქვამია, "შეცდომაზე უფრო მძიმე დანაშაული არ არსებობს". თავისი ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ პუტინს და დიმიტრი მედვედევს ხელში კარტ-ბლანში მისცა. სწორედ ამიტომ იმ დროს დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ მიუღია. მადლობა ღმერთს, რომ ვლადიმერ ზელენსკი იმდენად სულელი არ აღმოჩნდა, რომ იმავენაირად მოქცეულიყო.

- და მაინც, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული მკაცრი სანქციების მიუხედავად, თბილისი არ ჩქარობს ემბარგოსადმი მიერთებას. რუსეთის სამხედრო ძლიერების წინაშე შიში - ერთადერთი ამით შეიძლება აიხსნას თბილისის პოზიცია?

- საქართველო ეკონომიკურად რუსეთზე ძალიან არის დამოკიდებული. ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა, იმავდროულად, სამხედრო ფაქტორს მაინც უპირველესი მნიშვნელობა აქვს. კაცმა რომ თქვას, ისრაელიც არ შეერთებია ანტირუსულ სანქციებს, არა მხოლოდ ეკონომიკური მოსაზრებით, არამედ - პოლიტიკურითაც - გოლანის მაღლობების სამომავლო ბედის გამო. როცა უცხო ქვეყნის ჯარები შენს საზღვრებთან და შენს ტერიტორიაზე დგას, მაშინ ძალაუნებურად სხვა პოლიტიკის გატარებას იწყებ...

პრობლემა ისაა, რომ რუსეთი მკაფიოდ არ აცხადებს, თუ რას ელოდება მოსკოვი საქართველოსაგან. ამჟამად ეს ნატოში გაწევრების დაუშვებლობაა. თუ გავიხსენებთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსის მიღებას ესწრაფვოდა, მოსკოვმა თბილისთან საერთო ენა ვერ გამონახა და, საბოლოო ჯამში, მხარი ედუარდ შევარდნაძეს დაუჭირა.

მე ვფიქრობ, რომ რუსეთს საქართველოს [და უკრაინის] მიმართ განსაზღვრული მიზნები და სტრატეგია არ გააჩნია და მხოლოდ სიტუაციის მიხედვით მოქმედებს. ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, მოსკოვს გაეცნობიერებინა, რომ მის ინტერესებშია, პერიფერიებში კონფლიქტები არ ჰქონდეს, თუმცა ამ მიმართულებით კრემლს ვერანაირ დიპლომატიურ ძალისხმევას ვერ ვამჩნევ. დღეს ბევრი ლაპარაკობს პუტინიზმის მიზანმიმართულ იდეოლოგიაზე, მაგრამ მე მგონია, რომ რუსეთის დიპლომატია რაღაც უმიზნო მოქმედებას წარმოადგენს.

ვლადიმერ პუტინის მიერ გატარებულ პოლიტიკას ბევრნაირ ინტერპრეტაციას აძლევენ, მაგრამ მისი გადაწყვეტილებების უმეტესობა ინტუიციურია. რა თქმა უნდა, არსებობს მიზანი-მაქსიმუმი - რუსეთის იმპერიის მეტ-ნაკლებად აღდგენა, მაგრამ თავისი არსით, ეს მხოლოდ ოცნებაა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა მიზნად ქვეყნის მოდერნიზება დაისახა, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს კრემლი უკუშედეგისაკენ მიჰყავს: ვლადიმერ პუტინის მოქმედების შედეგად რუსეთი ჩინეთისათვის სანედლეულო ბაზა ხდება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ