რამზან კადიროვს წმინდა ომი გამოუცხადეს - ემუქრება თუ არა ჩეჩნეთის ლიდერს რეალური საფრთხე? - კვირის პალიტრა

რამზან კადიროვს წმინდა ომი გამოუცხადეს - ემუქრება თუ არა ჩეჩნეთის ლიდერს რეალური საფრთხე?

გამოცემა "კავკაზ რეალიის" ცნობით, არაღიარებული იჩკერიის მებრძოლებმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს წმინდა ომი - ჯიჰადი გამოუცხადეს. მათ მოსახლეობაში იატაკქვეშა მოძრაობის შექმნა და აჯანყება დააანონსეს. რამდენად რეალურია მუქარა კადიროვის წინააღმდეგ, ამის შესახებ გამოცემასთან ექსპერტებმა ისაუბრეს.

ვიდეოში, რომელიც 20 ივლისს გამოქვეყნდა, ორი მამაკაცი, რომელსაც სახე დაფარული აქვს, თავს "იჩკერიის შვილებად" წარმოადგენს და რამზან კადიროვს ჯიჰადს უცხადებს. მამაკაცების თქმით, მათი მშობლები გასული ორი ომის (ჩეჩნეთის I და II ომი) დროს დაიღუპნენ და ამაში ბრალს ჩეჩნეთის ყოფილ ლიდერს - ახმად კადიროვს სდებენ. ვიდეოში ორი უცნობი პირი აცხადებს, რომ კადიროვის უახლოეს გარემოცვაშიც ჰყავს სანდო პირები.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოს გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის მხარეს მებრძოლმა ისლამ ბელოკიევმა, რომელიც შეიხ მანსურის ბატალიონის მებრძოლი და სპიკერია, იატაკქვეშა მოძრაობის არსებობის შესახებ განაცხადა. მან წარმოადგინა რუკა, სადაც ჩეჩნეთის ტერიტორია სამ ფრონტად და 16 სექტორადაა დაყოფილი.

ბელოკიევის თქმით, ყოველ სექტორში მოსახლეობასთან დაიწყეს მუშაობა, რათა მოიპოვონ ინფორმაცია კადიროვის მებრძოლებსა და მათ ადგილმდებარეობაზე.

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა ვიდეოში მოსაუბრე ორი პირი შეიხ მანსურის ბატალიონის წევრებად მიიჩნიეს, თუმცა გამოცემა "კავკაზ რეალიასთან" საუბრისას ბელოკიევმა ეს უარყო და განაცხადა, რომ ამ პირებს ბატალიონთან არაფერი აქვთ საერთო და არ იცის, ვინ არიან ისინი.

ბატალიონის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს - ბოგდან ჩეჩენსკის და არაღიარებული იჩკერიის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟს - ანზორ მასხადოვსაც არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ საუბრობს ვიდეომიმართვაში, თუმცა ორივემ აღნიშნა, რომ იატაკქვეშა მოძრაობა შექმნილია. მასხადოვმა ამას "მოსახლეობასთან მძლავრი მუშაობა", ხოლო ბოგდან ჩეჩენსკიმ - "იჩკერიის დეოკუპაციის მისია" უწოდა.

"ჩვენ რამდენიმე ეტაპის გავლას ვისახავთ მიზნად, პირველი სამი ეტაპი კი ყველაზე მთავარია: ესაა მიმდინარე ომში უკრაინის გამარჯვება, ჩეჩენი ხალხის მომზადება ცვლილებებისთვის, კარგი შეიარაღებითა და თანამედროვე საბრძოლო მეთოდებით ჩეჩნეთის გამათავისუფლებელი არმიის შექმნა", - განაცხადა ბატალიონის სპიკერმა.

მან აღნიშნა, რომ მოსახლეობის მომზადება დასრულდა, არმიის ფორმირება კი დასასრულს უახლოვდება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სპიკერის თქმით, კიდევ ერთი ომი ქვეყანაში არ იქნება.

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ იჩკერიაში კიდევ ერთ ომს წამოვიწყებთ და მოსახლეობას ამ საშინელ სიტუაციაში კიდევ ერთხელ ჩავაგდებთ, რომელიც ორჯერ გადაიტანა, ცდება. ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება აწონილი და გათვლილი, პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნობრივი", - განაცხადა ბატალიონის სპიკერმა ბოგდან ჩეჩენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში ერთა და რესპუბლიკათა გამოყოფა კანონით ისჯება, ეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას გულისხმობს, მაქსიმალური სასჯელი კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

რამდენად რეალურია საფრთხე?

როგორც ექსპერტები გამოცემასთან საუბრობენ, ჩეჩნეთში იატაკქვეშა მოძრაობა და ბრძოლა არასდროს შეწყვეტილა, ამიტომ ეს ვიდეომიმართვა უფრო ჩანაფიქრის გაჟღერებაა, ვიდრე - რეალური გეგმა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთში იატაკქვეშა ბრძოლები ამ დრომდე არსებობს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ახლა ან უახლოეს მომავალში რეგიონში მეორე ფრონტი გაიხსნება. ამის შესახებ გამოცემასთან უკრაინის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ნიკოლაი ზამიკულამ განაცხადა.

ის არ გამორიცხავს, რომ ვიდეომიმართვა შესაძლოა რუსული მხარის პროვოკაცია იყოს, რომელიც ამდენი წელია, ცდილობს, შექმნას შეხედულება, თითქოს ჩეჩნები რელიგიური ფანატიკოსები და რადიკალი ისლამისტები არიან.

"არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანებმა ეს აქცია მთელი გულით წამოიწყეს, თუმცა, შესაძლოა, ეს იყოს პროვოკაცია, რომელიც უახლოეს მომავალში ჭანჭიკების მოჭერას ისახავს მიზნად. შთაბეჭდილება მრჩება, რომ კადიროვსა და მის გარემოცვას უსაფრთხოების ზომები ისედაც უპრეცედენტოდ აქვთ დაცული", - აღნიშნავს ექსპერტი.

რუსი პოლიტოლოგის - აბას გალიამოვის თქმით, შესაძლოა მათი პროტესტი კადიროვის რეჟიმის შესუსტებამ გამოიწვია.

"შესაძლოა, ეს უბრალოდ სიტყვებია, მაგრამ შეიძლება ამ სიტყვებს რეალური ქმედებები მოჰყვეს. ახლა მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი: უკრაინაში არსებული ვითარების შემდეგ კადიროვის რეჟიმი შესუსტდა. კადიროველ მებრძოლთა სამხედრო წარმატების არარსებობამ უკმაყოფილო ჩეჩნები შთააგონა და შესაძლოა, მათ მართლაც დაიწყონ მოქმედება" - ამბობს ექსპერტი გამოცემასთან საუბრისას.

თემურ ბერიძის თქმით, რომელიც სევეროდონეცკის მუსლიმთა იმამია, კადიროვის რეჟიმის მსხვერპლ ადამიანებს მართლაც აქვთ საფუძვლიანი მიზეზი, ჯიჰადი გამოაცხადონ, თუმცა ამ ნაბიჯის მართლზომიერებაში მას ეჭვი შეაქვს.

"ეს ხალხი კრემლის პოლიტიკური რეჟიმისა და კადიროვთან უთანხმოების გამო განდევნეს საკუთარი მიწიდან. ისინი შორს არიან ოჯახებისა და ახლობლებისგან, არ შეუძლიათ მშობლიურ მიწაზე ჩასვლა. ეს საკმარისია, რეჟიმს ბრძოლა რომ გამოუცხადო. მაგრამ იმისთვის, რომ ამას ჯიჰადი ეწოდოს, ეს დამოუკიდებელმა ჩეჩენმა თეოლოგებმა უნდა შეაფასონ. განვმეორდები, ობიექტური შეფასებისთვის, ისინი დამოუკიდებელი უნდა იყვნენ როგორც "კადიროველების", ასევე - უკრაინაში მებრძოლი ჩეჩნული ბატალიონისგან", - განაცხადა იმამმა გამოცემასთან საუბრისას.

როგორც ისლამ ბელოკიევი გამოცემა Кавказ.Реалии-სთან აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ რეალური გეგმა და ქმედებები არ არსებობს, ჩეჩნეთის მთავრობამ ამ განცხადებაზე რეაგირება მოახდინა.

"ვიცით, რომ ჩვენმა განცხადებებმა კადიროვი აიძულა, სხვადასხვა ღონისძიება ჩაეტარებინა. მან მოითხოვა საჰაერო თავდაცვის დანაყოფის შექმნა".

ევროპაში ჩეჩნური კომიტეტის - "თოლამის" ხელმძღვანელის - ჯამბულატ სულეიმანოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რეალურია თუ არა მუქარა, ამ შემთხვევამ კადიროვი აიძულა გარკვეული ზომებისთვის მიემართა. ექსპერტის თქმით, ჩეჩნური ტრადიციის მიხედვით, შურისძიება შეიძლება რამდენიმე თაობის შემდეგ განხორციელდეს, ხოლო, თუ საქმე ეროვნულ ღირსებას ეხება, ღალატს არავინ გაპატიებს.

"კადიროვს და მის გარემოცვას ესმის, რომ ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. გავიმეორებ, რომ სისხლის აღების ტრადიცია შეიძლება ერთი, ან ათი წლის შემდეგ მოხდეს, თუმცა თავად ფაქტის აღიარება - ძალიან სერიოზული აქტია. დამნაშავე ყოველდღე საზღაურის მიღების შიშით იცხოვრებს", - განაცხადა შეფასებისას ჯამბულატ სულეიმანოვმა. (წყარო)