"ღმერთმა არ ქნას საჭირო გახდეს, თუ გახდება, ყველაფერს ვიტყვით " - კვირის პალიტრა

"ღმერთმა არ ქნას საჭირო გახდეს, თუ გახდება, ყველაფერს ვიტყვით "

ღმერთმა არ ქნას საჭირო გახდეს, თუ გახდება, ყველაფერს ვიტყვით - დეტალებში ვიცით იმ საუბრების შინაარსი, რომელიც სამთავრობო კაბინეტებში მაღალ დონეზე გამართულ შეხვედრებზე იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

კითხვაზე, ელჩის დონეზე შეხვედრებზე საუბრობს თუ არა, სუბარი აცხადებს, რომ ახლა მეტს არ იტყვის.

"ასეთ დროს, როცა ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები თუ რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე, ბუნებრივია, რომ კითხვები გვაქვს. არ გვინდა ამ წუთში ყველაფრის თქმა, ღმერთმა არ ქნას ამის თქმის საჭიროება დადგეს, მაგრამ თუ გახდა საჭირო, სწორედ იმიტომ დავტოვეთ მმართველი გუნდი, რომ ყველაფერს ვიტყვით. დეტალებში ვიცით შინაარსი საუბრების, რომელიც იყო სხვადასხვა სამთავრობო კაბინეტებში მაღალ დონეზე გამართულ შეხვედრებზე,"- განაცხადა სუბარმა.

მისი განცხადებით, სახალხო დამცველს, რიგ პოლიტიკოსებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, უკრაინელ პოლიტიკოსებს, არაერთხელ აქვთ განცხადება გაკეთებული, რომ საქართველო ომში უნდა ჩაერთოს. სუბარი აცხადებს, რომ გასაგებია რატომ აწყობს ეს უკრაინას, მაგრამ გაუგებარია რატომ უნდა აწყობდეთ ქართველ პოლიტიკოსებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებსაც "მერე მხარდაჭერას უცხადებენ პარტნიორი ქვეყნების ელჩები".

IPN