"300-ზე მეტი ევროპარლამენტარი სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას " - კვირის პალიტრა

"300-ზე მეტი ევროპარლამენტარი სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას "

300-ზე მეტი ევროპარლამენტარი სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას განაცხადა, სადაც აღნიშნავს, რომ „ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ კონცენტრირებული იყოს ევროკავშირის წევრობის მკაფიო გზამკვლევზე“.

როგორც კობახიძე განმარტავს, ძალიან დიდია იმ პირთა ჩამონათვალი, რომელიც სხვის ფულზე ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავს.

მისივე შეფასებით, აღნიშნულით არიან დაკავებულები "ენჯეოებიც“ და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც“.

"ძალიან საინტერესო მესიჯია. ამ დროს და ენერგიას ხარჯავდა და ახლაც ხარჯავს 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი, რომელიც სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას. ამ თემას რეზოლუციაც მიუძღვნეს. ესენი არიან "ენჯეოებიც“, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ძალიან დიდია იმ პირთა ჩამონათვალი, რომელიც სხვის ფულზე ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავს. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენც გვიწევს პასუხის გაცემა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მგონი, ამ მესიჯის ადრესატი სწორედ ეს 308 ევროპარლამენტარია, "ენჯეოები“...

როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება და ყველას ესმის ამ განცხადებების და ორკესტრირებული შტურმის პოლიტიკური დატვირთვა, მნიშვნელოვანია, ყველა, ვინც ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებით არის დაინტერესებული გაემიჯნოს შესაბამის ორკესტრირებულ შტურმს და განცხადებებს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ქართული საზოგადოებისთვის ელჩის პოზიციის მოსმენა“,- აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ კონცენტრირებული იყოს ევროკავშირის წევრობის მკაფიო გზამკვლევზე“. კელი დეგნანის შეფასებით, შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. მისი განმარტებით, როდესაც აშშ სანქციებს აწესებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ცნობილი ხდება, რადგან ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია.

"ინტერპრესნიუსი"