"მოკლული ახალგაზრდა ცნობილი ექიმის შვილია" - ვინ არის და რა დეტალები ხდება ცნობილი ცხვარიჭამიაში მოკლულ ბიჭზე? - კვირის პალიტრა

"მოკლული ახალგაზრდა ცნობილი ექიმის შვილია" - ვინ არის და რა დეტალები ხდება ცნობილი ცხვარიჭამიაში მოკლულ ბიჭზე?

ცხვარიჭამიაში ტრაგედია დატრიალდა. როგორც ამბობენ, აგარაკზე ახალგაზრდები გუშინ, 18 წლის გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ამ წვეულებაზე იყო 20 წლის მირიან კუკავა. როგორც ჩანს, კონფლიქტი სუფრაზე გვიან ღამით დაიწყო და დამნაშავემ მირიან კუკავას დაზიანებები გულმკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენა. სამწუხაროდ, სიცოცხლით სავსე ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დატოვება დამნაშავემ შეძლო. ამ დრომდე გრძელდება ცხვარიჭამიაში საგამოძიებო მოქმედებები. მცხეთის პოლიციაში მთელი დღის მანძილზე იკითხებოდნენ სუფრაზე მყოფი ახალგაზრდები.

როგორც ამბობენ, დამნაშავის ვინაობა ძალოვნებისთვის უკვე ცნობილია.

რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ვინ და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ ახალგაზრდა, ეს დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ირკვევა, ტრაგედია გამთენიას, 04 საათზე ცხვარიჭამიაში, სწორედ იუბილარის, 18 წლის გოგონას აგარაკზე მოხდა. მას მეგობრები ჰყავდა დაპატიჟებული და სუფრაზე დაწყებული კონფლიქტი სისხლისღვრით დასრულდა.

ჩვენ დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ ცხვარიჭამიაში. ბატონი ლევან ბეგლარიშვილი ამბობს, რომ მომხდარის დეტალები მისთვის უცნობია.

"არაფერი ვიცით, დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. მოკლული ბიჭი არ არის ჩვენი მაცხოვრებელი, სტუმრები არიან. კერძო სახლში მოხდა ეს ტრაგედია, თუმცა რაში იყო საქმე, ჯერჯერობით ვერავის ვერაფერს ვეუბნებით. გამოძიება მიდის და მალე გაირკვევა დეტალები. ჭორს ხომ ვერ გეტყვით.

დილას მოსახლეობა ჭორის დონეზე საუბრობდა მომხდარზე. ხალხმაც არ იცის, რა მოხდა. არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია.

ვიცი, რომ ერთ-ერთის კერძო სახლშია მომხდარი, ხომ იცით, ცხვარიჭამიაში არის აგარაკების სექტორი, საკურორტო ზონაა, ასეულობით აგარაკია, ამოდიან დასასვენებლად, მერე იკეტებიან იზოლირებულად, თავიანთვის და სოფლის მოსახლეობასთან არ აქვთ კონტაქტი. ასე რომ, დეტალებს ჯერ ვერ გეტყვით", - მითხრა მერის წარმომადგენელმა.

სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა მოკლულის ფოტოები და ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

"და მაინც, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, როდემდე უნდა კლავდნენ ამ ახალგაზრდებს და ართმევდნენ სიცოცხლეს? ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული", - წერს მოკლული ახალგაზრდის ახლობელი.

მირიან კუკავას ყველა დადებითად ახასიათებს, ამბობენ, რომ წესიერი და უკონფლიქტო ახალგაზრდა იყო, რა გახდა მიზეზი ამ ტრაგედიის, იმედია, მალე გაირკვევა. ალბათ დამნაშავეც საკადრისად დაისჯება, მაგრამ ეს ვერანაირი ნუგეშია შვილმკვდარი ოჯახისთვის.

სამწუხაროდ, უკვე მერამდენე ახალგაზრდის სიცოცხლე ეწირება კონფლიქტსა და გარჩევას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანაშაულის ერთ-ერთი ფიგურანტი 20 წლის ბიჭი დააკავეს. თუმცა ამაზე ჯერ უწყებას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მოკლული ახალგაზრდა ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის შვილია.

(სპეციალურად საიტისთვის)