"გაუგებარია, რატომ ცდილობს პოლიტიკოსების ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის განხეთქილების შექმნას" - კვირის პალიტრა

"გაუგებარია, რატომ ცდილობს პოლიტიკოსების ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის განხეთქილების შექმნას"

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველ ხალხს.

როგორც მან „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში აღნიშნა, გაუგებარია, რატომ ცდილობს პოლიტიკოსების ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის ასეთ კრიტიკულ დროს, განხეთქილებისა და დაპირისპირების შექმნას.

„როდესაც რევანშისტული რუსეთი თესავს ქაოსს და ნგრევას, საქართველომ და მისმა პარტნიორებმა ერთად იმაზე მეტად უნდა იმუშაონ, ვიდრე ოდესმე, რათა უზრუნველყონ მშვიდობა, უსაფრთხოება და დაუპირისპირდნენ რუსეთის აგრესიას“, - განაცხადა დეგნანმა.

მისი შეფასებით, საქართველოს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი არ ჰყავს.

„რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები, ასეთ დროს. საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი. ჩვენ, საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, ქართველ ხალხთან მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა დეგნანმა.

დიპლომატი ასევე აცხადებს, რომ ქართველ ხალხს აშშ-სთან უფრო მჭიდრო კავშირები სურთ.

„წელს მთელს ქვეყანაში ვიმოგზაურე და ყველგან, სადაც მივდივარ, ხალხს, ადგილობრივ ოფიციალურ პირებს, უფრო მჭიდრო კავშირები სურთ და შეერთებულ შტატებთან უფრო ღრმა თანამშრომლობა აქვთ“, - აცხადებს კელი დეგნანი.

ელჩის თქმით, ამერიკისა და საქართველოს ერთმანეთისგან დაშორება, საქართველოს უსაფრთხოების დასუსტებას და ვიწრო ინტერესების გაძლიერებას ემსახურება.

„საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეებისგან მისი დაშორების ნებისმიერი მცდელობა, მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ, დიდი სარგებელი მოუტანა საქართველოს და შეერთებულ შტატებსაც. ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და ჩვენ მოუთმენლად ველით, ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას“, - განაცხადა დეგნანმა.

„ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და როგორ არის შესაძლებელი, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ამ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეს, ელჩმა უპასუხა, რომ ყველა მხარე კონსენსუსის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მივიდეს.

„ჩვენ ვრჩებით ფოკუსირებული იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია - საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი. ყველა მხარე, რომელიც ამ მომავალში მონაწილეობს, უნდა მოვიდეს [მოლაპარაკების] მაგიდასთან კონსენსუსის მიღწევის მიზნით და საქართველოს სახელით, რათა მან დაიკავოს საკუთარი ადგილი ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

IPN