"ამერიკა უკრაინის ომისაგან იღლება" - რას წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ამერიკა უკრაინის ომისაგან იღლება" - რას წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა?

ბრიტანულ გაზეთ "თაიმსში" (The Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით - "ამერიკა უკრაინის ომისაგან იღლება: ეკონომიკური კრიზისი, მოახლოებული არჩევნები და ჩინეთთან მზარდი დაძაბულობა აშშ-ის რუსეთთან ბრძოლის უნარს ასუსტებს" (ავტორი - ჯერარდ ბეიკერი).

"არსებობს ძველი კლიშე, რომლის თანახმად, რუსეთის მთავარი და მკაცრი სამხედრო ლიდერები ყოველთვის გენერლები - იანვარი და თებერვალი იყვნენ: საუკუნეების განმავლობაში რუსული სტეპის მკაცრი ზამთარი მოწინააღმდეგეებს ყოველთვის ამარცხებდა. მაგრამ რადგანაც ვლადიმერ პუტინის ომი ზაფხულის განმავლობაშიც აქტიურად მიმდინარეობს, ისმება კითხვა: რამდენადაა შესაძლებელი, რომ მოსკოვის გადამწყვეტი სამხედრო უპირატესობა უფრო სხვა, მაგრამ ასევე ცნობილი ბუნებრივი მოვლენით გამოიხატოს - მოწინააღმდეგის თანდათანობით დაღლასა და გამოფიტვაში ანუ თუ გნებავთ - ფელდმარშლის აპათიაში?

ომის დაწყების დღიდან რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთს იარაღის გამოყენებასა და საბრძოლო მასალების ხარჯვაში ეჯიბრებიან. დასავლეთი უკრაინას პოლიტიკურ მხარდაჭერასაც უწევს. უკრაინელი ჯარისკაცების თავგანწივა უსაზღვროა და აღტაცებას იწვევს. იმავდროულად კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ განცდილი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგები ძალზე მაღალია, ვლადიმერ პუტინი ფსონებს არ ცვლის და პირიქით - ზრდის კიდეც. იმედები იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით მოწინააღმდეგეები გაუჩნდებოდა, რომლებიც მშვიდობისაკენ მოუწოდებდნენ, გაქრა.

ახლა საკითხი ასე დგას - რამდენად არის ნატოს ნება ასიმეტრიული? ანუ რამდენად არის მზად ნატო, კიევს მხარი ხანგრძლივად დაუჭიროს? სამწუხაროდ, ამის ნიშნები იმედისმომცემი არ არის.

ალბათ, ყველაზე საშიში საფრთხე ამ დროს ყველაზე მარტივ და ცნობილ მოვლენაშია: ომით დაღლაში და იმ მზარდ უყურადღებობა-მიჩვევაში, რაც ყოველ [გაჭიანურებულ] ომს, დროთა განმავლობაში თან ახლავს. პირველ დღეებში ამერიკელებისა და ევროპელების ყურადღება უკრაინისკენ იყო მიპყრობილი და საზოგადოება დაძაბულობაში იმყოფებოდა, ახლა კი, თითქმის ნახევარი წლის შემდეგ, როგორც ჩანს, ომი ჩიხში შედის, ვლადიმერ ზელენსკი კი, რომელმაც კარგად იცის მასმედიით სარგებლობა, სულ უფრო მეტი მონდომებით ცდილობს დასავლეთის საზოგადოების ყურადღების მიქცევას - იმ მოქალაქეებისა, რომლებიც უკვე საკმაოდ გაწამებულნი არინ საკუთარი პრობლემებით.

"პოლიტიკური ქარი" ვაშინგტონშიც მიმართულებას იცვლის - შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც: ამერიკას უკვე იმდენი პრობლემები აქვს, რომ პოლიტიკოსებისთვის ომის მნიშვნელობა იკლებს.

მეორე პრობლემა ისაა, რომ აშშ-ის ეკონომიკა კრიზისში ეფლობა: ახალი მონაცემების მიხედვით, 10%-იანი ინფლაცია ამერიკელებისათვის მიუღებელია, რადგან მათი ცხოვრების დონე ქვეითდება. ახლა იმაზე დავობენ, გამოცხადდება თუ არა ოფიციალურად რეცესია, თუმცა თეთრი სახლი ამისგან თავს იკავებს. მაგრამ აშკარაა, რომ ასეთ სიტუაციას აუცილებლად მოჰყვება იმ პოლიტიკოსების ხმამაღალი ლაპარაკი (თუმცა ისინი ჯერ უმცირესობაში არიან), რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამერიკამ არ უნდა გააგრძელოს უდიდესი რესურსების ხარჯვა იმ ომში, რომელიც მისგან 5 ათასი მილის დაშორებით მიმდინარეობს.

მესამე - არსებობს ჩინეთთან პირდაპირი კონფლიქტის საფრთხეც. გუშინ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პირველად რამდენიმე თვის შემდეგ, ხანგრძლივად ისაუბრა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან. ამ საუბრით გამოჩნდა, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა. პეკინმა მწვავე აღშფოთება გამოხატა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის - ნენსი პალოსის ტაივანზე სავარაუდო ვიზიტთან დაკავშირებით, ამერიკელ კონგრესმენთა თანხლებით. საერთოდ, ჩინელი კომუნისტები ყოველთვის სიძულვილით უყურებენ აშშ-ის ოფიციოზის მხარდაჭერას განდგომილი კუნძულის მიმართ, მაგრამ ამჯერად პეკინმა, სი ძინპინის პირით, მკვეთრად გაამწვავა რიტორიკა და ვაშინგტონს "კონტრზომების" მიღება აღუთქვა, თუ ნენსი პალოსი ტაივანზე ჩასვლას გაბედავს.

თეთრი სახლი დილემის წინაშე აღმოჩნდა: თუ ტაივანზე ნენსი პალოსის ვიზიტი არ შედგება, მაშინ ყველა იფიქრებს, რომ ვაშინგტონმა პეკინის ზეწოლას ვერ გაუძლო. აშშ-ში იზრდება შეშფოთება, რომ ტაივანის ირგვლივ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება და პეკინი რუსეთ-უკრაინის ომს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საკუთარი აგრესიული მიზნების მისაღწევად გამოიყენებს. ამ დროს კი ამერიკის შეერთებულ შტატებს იმდენი სტრატეგიული პოტენციალი აღარ ექნება, რომ სხვადასხვა კონტინენტზე მიმდინარე ორი უდიდესი კონფლიქტი დაარეგულიროს.

მეოთხე ფაქტორი - აშშ-ის საშინაო-პოლიტიკური სიტუაცია. კონგრესის შუალედური და, იმავდროულად გადამწყვეტ არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები დრო რჩება. დემოკრატები, ალბათ, წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს დაკარგავენ. ამ ფაქტს, სავარაუდოდ, შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდინოს უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე... რესპუბლიკელი დეპუტატები მეტ ყურადღებას დაუთმობენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის - ჰანტერ ბაიდენის ბნელ საქმიანობას, რომელიც მამამისის სახელით ბოროტად სარგებლობდა და მილიონობით დოლარს იხვეჭდა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი უკრაინაში. ვაშინგტონისთვის შემაწუხებელია, აგრეთვე, უკრაინაში კორუფციის დონეც, რომელიც დიდი ხანია, მძვინვარებს. არის იმის საფრთხე, რომ თუ გამოძიება დაიწყება, ბევრი სკანდალური ფაქტი გამომჟღავნდება, რომელიც აშშ-ის რეპუტაციას ჩრდილს მიაყენებს, უკრაინის მხარდაჭერის ფონზე. რესპუბლიკელთა უმრავლესობა, მართალია, მომხრეა უკრაინის დახმარებისა, მაგრამ მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც მატულობს.

მეხუთე - ზემოთ ჩამოთვლილებს ემატება ევროპაში შექმნილი ნეგატიური ეკონომიკური და ენერგეტიკული სიტუაცია. თუ გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გართულდება, ენერგომატარებლების გაძვირების კვალობაზე, მაშინ იმის მოლოდინში უნდა ვიყოთ, რომ ევროპელები ხმამაღლა დაიწყებენ უკმაყოფილების გამოხატვას - რატომ აფინანსებენ ამერიკელები ევროპაში მიმდინარე ომს მაშინ, როცა თვითონ ევროპელების მხარდაჭერა იკლებს?

მართალია, გენერალი ზამთარი ახლოვდება, მაგრამ ამის მიუხედავად, როცა რუსეთი თავისი მიზნების შესრულებას ცდილობს, უკრაინა კი რუსეთის შეტევებს გმირულად უძლებს, როგორც ჩანს, სწორედ დასავლეთის შესუსტებული ნება განსაზღვრავს იმას, თუ როგორ დასრულდება ეს ომი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ